დმანისის სიონი
დმანისის ნაქალაქარის მუზეუმ-ნაკრძალში 150-მდე ძეგლი შედის. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია:
ქ ა ლ ა ქ ი:
I. გალავანი
II. შიდა ციხე
ა)–გ) სამი კოშკი
დ) სასახლე აბანოთი
ე)–კ) ნაგებობები
III. დმანისის სიონი
ა) ტაძარი
ბ) სამრეკლო
IV. წმ. მარინეს ეკლესია
V. ორი ეკლესია
VI წყალსაზიდი საიდუმლო გვირაბი
ქალაქის გარეუბანი
ა) სასაფლაოები
ბ) თევდორეს ეკლესია
გ)აბანოები.
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილია: შუა საუკუნეების ნაქალაქარი, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები და დმანისის ადრეპალეოლითური ძეგლი.
დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო (ხელმძღვანელები: ლ. მუსხელიშვილი და ვ. ჯაფარიძე) და დღემდე გრძელდება. დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა, ხოლო 2006 წლიდან ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია. წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით.
1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა – უძველესი ადამიანების თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს. დღესდღეობით უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი. მსოფლიოს არცერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა. მათი თავის ქალები და ქვედა ყბა შემდეგში რეკონსტრუირებული იქნა და ჩვენ მათ ზეზვასა და მზიას სახელით ვიცნობთ. ისინი თბილისის ოკუპაციის მუზეუმშია დაცული. ამ შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რადგან შეცვალა მანამდე მტკიცედ დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომინიდების განსახლების შესახებ. ამერიკული ჟურნალის შიენცე-ის მიერ დასახელებულ 2000 წლის ათ საუკეთესო მეცნიერულ მიღწევათა შორის მსოფლიოში მეცნიერების ყველა დარგში დმანისური აღმოჩენა პირველ სამეულში მოხვდა.
მეცნიერების მიერ საბოლოოდ დადგინდა, რომ დმანისელი ადამიანი HOMO Eრეცტუს-ების ადრეულ ჯგუფს HOMO Eრგასტერ -ს განეკუთვნება და თარიღდება 1,8-1,7 მილიონი წლით. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანი დმანისში აღმოჩნდა. ჩამოყალიბდა გარკვეული აზრი, რომ დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა.
შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბს და გარეუბნის ნაგებობებს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით. ამ პერიოდში მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული დმანისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი იყო. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. აქ შემოდიოდნენ მთავარი საქარავნო გზები აღმოსავლეთიდან, წინა აზიიდან და დასავლეთიდან – ევროპიდან.
ადგილმდებარეობა
ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ პატარა დმანისის მახლობლად, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე.
ისტორიული მიმოხილვა
დმანისის რაიონი თავისი ისტორიული წარსულით ქვემო ქართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია. ეს ტერიტორია დასახლებულია ადრე ბრინჯაოს ხანიდან. ყველაზე საინტერესო ნაქალაქარია, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და წინარე ისტორიის ყველა პერიოდი გამოვლინდა: გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის ფენები, მდიდარი არქეოლოგიური მასალით. სახელწოდება „დმანისი“ ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, იგივე „დბანისი“ უნდა იყოს და მისი აზრით, იგი „დაბის“ ან „დაბებისგან“ უნდა წარმოქმნილიყო.
წერილობით წყაროებში დმანისი VI საუკუნეშია ცნობილი. VI-VII საუკუნეებში აქ მცირე ქალაქური ტიპის დასახლება და დმანისის საეპისკოპოსო კათედრალი (დმანისის ღვთისმშობლის სახელობის სიონი სწორედ ამ პერიოდშია აგებული) იყო. როგორც ქალაქი, პირველად იხსენიება IX საუკუნეში. ამ დროს მას არაბები ფლობდნენ: „დარიალით გადმოიყვანნა (ბუღა თურქმა) ოვსნი ვითარ სახლი ასი და დასხნა იგინი დმანისს“ – გვამცნობს მატიანე ქართლისაი. ამავე პერიოდში უნდა აგებულიყო ის ძირითადი ნაგებობები – შიდაციხე, ქალაქის გალავანი და სხვა, რაც ნანგრევების სახით დღეს ნაქალაქარის ზედა ფენაზეა წარმოდგენილი. XI საუკუნის 80-იანი წლებიდან დმანისი სელჩუკთა ხელშია. 1223 წელს დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა. შემდგომში მცირე ხნით კვლავ მტრის ხელში იყო. 1125 წელს დემეტრე I-მა აიღო და ამიერიდან იგი უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. განსაკუთრებით დაწინაურდა დმანისი XII-XIII საუკუნეებში. ეს ქალაქის ახალი აღმშენებლობისა და აყვავების ხანაა. გაჩაღდა ვაჭრობა და ხელოსნობა, აქ გადიოდა წინა აზიისკენ მიმავალი საქარავნო გზა. ქალაქში მოქმედებდა ზარაფხანა, ეწეოდნენ მეღვინეობას, ზეთისა და ქსოვილების წარმოებას, ამზადებდნენ კერამიკულ მოჭიქულ ჭურჭელს.
XIV საუკუნის ბოლოს ქალაქი თემურ-ლენგის ჯარებმა დაარბიეს, 1486 წელს – იაყუბ ყაენის ჯარებმა. დმანისი ამ პერიოდიდან დაცემის გზაზეა. XVI საუკუნიდან ამ მხარის ცნობილი ფეოდალური საგვარეულოს ბარათაშვილების მიერ აღსდგა მხოლოდ მისი ციხე. ამავე საუკუნის ბოლოს ქალაქი ოსმალებმა დაიკავეს, XVII საუკუნის დასაწყისში – სპარსელებმა. XVIII საუკუნეში დმანისი საბოლოოდ გაპარტახდა, სიცოცხლე შეწყდა და ნაქალაქარად იქცა.
XIX საუკუნის პირველი მეოთხედიდან ხელახლა იწყება დმანისის ტერიტორიის ათვისება. ნაქალაქარის მიდამოებში – დღევანდელი დმანისის ტერიტორიაზე – პირველად დასახლდნენ ჯავახეთიდან ლტოლვილები და სხვადასხვა კუთხიდან მოსული ქართველები. ამ ტერიტორიაზე დასახლება დაიწყო უცხო ერის ხალხმაც, რომელთაც არასოდეს უცხოვრიათ აქ. ესენი იყვნენ ბერძნები, გერმანელები და რუსები. 1921- 47 წლებში მას (თანამედროვე დმანისს) ბაშკიჩეთი ეწოდებოდა. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს.
დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო (ხელმძღვანელები: ლ. მუსხელიშვილი და ვ. ჯაფარიძე) და დღემდე გრძელდება. დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა, ხოლო 2006 წლიდან ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია. წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით.
შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბს და გარეუბნის ნაგემობებს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით.
შუასაუკუნეების ნანგრევების ქვეშ განმარხებული ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთები აღმოაჩინეს. პალეონტოლოგმა პროფ. ა. ვეკუამ 1983 წელს ამოიცნო აწ გადაშენებული რინოსი Dicerorhinus etruscus etruscus. ცხოველის ეს სახეობა ადრეული პლეისტოცენური ეპოქის დამადასტურებელია. 1984 წელს პირველი ქვის იარაღები იპოვეს. 1991 წელს ქართველ მეცნიერებს შეუერთდნენ გერმანელი არქეოლოგები რომიშ–გერმანეშ– ცენტრალმუზეუმიდან. დმანისის სამუშაოები უფრო გაფართოვდა და საერთაშორისო კვლევის პროექტის ხასიათი მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობით, გერმანიის, აშშ-ს, საფრანგეთისა და ესპანეთის კოლეგების მონაწილეობით. 1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს. დღესდღეობით უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი. თავის ქალები და ქედა ყბა შემდეგში რეკონსტრუირებულ იქნა და ჩვენ მათ ზეზვასა და მზიას სახელით ვიცნობთ. ისინი თბილისის ოკუპაციის მუზეუმშია დაცული. მეცნიერების მიერ დადგინდა, რომ დმანისელი ადამიანი HOMO Erectus-ების ადრეულ ჯგუფს HOMO Ergaster -ს განეკუთვნება და თარიღდება 1,8-1,7 მილიონი წლით. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანი დმანისში აღმოჩნდა. ჩამოყალიბდა გარკვეული აზრი მთელ მსოფლიოში, რომ დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა.
ლეგენდები, თქმულებები:
სოფელ ვანათში (დმანისის მახლობლად) გავრცელებულია ერთი გადმოცემა დმანისის ციხის ლეკების მიერ აღების შესახებ. გადმოცემის მიხედვით, ეს ციხე თამარის დროს აშენებულა, რათა მახლობელი სოფლების მოსახლეობას შიშიანობის დროს თავი შეეფარებინა. ერთხელ, საქართველოს ძნელბედობის ჟამს, ამ ციხეს ლეკები დასხმიან თავს. ბევრს ცდილან, მაგრამ ვერ შესულან. ბოლოს ერთ გარემოებას უშველია მათთვის: ციხიდან ერთი შეხიზნულთაგანის ცოლს თვალი მოუკრავს ლეკების ბელადისთვის და ძლიერ შეჰყვარებია. ქალს ძაფის გორგლის წვერისთვის წერილი მოუბამს და ძირს ჩამოუშვია. წერილში ეწერა, რომ ამ ძაფის სიგრძე კიბე გააკეთეთ და ამოდითო. ლეკები ასეც მოქცეულან. შუაღამისას შესულან ციხეში და იქ მყოფები დაუხოცავთ. ქალი ბელადს შეურთავს და ციხეში დაბინავებულა. მიმდებარე სოფლები აუოხრებიათ.
არქეოლოგიური აღწერა
დმანისის ნაქალაქარი ორი მკაფიოდ გარჩეული ნაწილისგან შედგება. ერთია ქალაქი, მოთავსებული კონცხზე, რომლის ფართობი 13 ჰა-ს უდრის და მეორე – მის სამხრეთით, მდ. ფინეზაურის ორივე ნაპირზე მდებარე გარეუბანი, რომლის ფართობი დაახლოებით 12 ჰა-ს მოიცავს.
ქალაქი
ქალაქის ზემო ნაწილში კულტურული ფენის სიღრმე ყველგან 2,50-3,0 მეტრს აღწევს. ქვევით, ნაპირებისკენ, ამ ფენის სისქე მცირდება. ასე რომ, კონცხის ბოლოში აწეული ზედაპირი მეტწილად მხოლოდ 0,40-0,5 მეტრით მაღლა მდებარეობს ძველ ზედაპირთან შედარებით. აქ შენობები პირდაპირ კლდეზეა დაფუძნებული. ნაშალი თხლად ფარავს ნანგრევს და ხშირად კარის ზღურბლი ისევ ისე გამოდის გარეთ, როგორც 7-8 საუკუნის წინათ გამოდიოდა. სამხრეთიდან ქალაქს ადგება ძველი გზა, რომელიც ჭიშკრის გავლით ქუჩის სახით გრძელდება შიგ ქალაქში. ქალაქის ქუჩების სიგანეა 2,50-4,70 მ. ქუჩა შემოფარგლულია დაბალი კედლებით. მსხვილი, ერთმანეთთან მორგებული ქვები შეადგენენ ქუჩის მკვრივ ქვაფენილს. სახლები ნაგებია ბაზალტით, არც ისე გულდასმით. ქვა გაუთლელია. შიგნიდან შენობები შელესილია, მდიდრულ სახლებში კი მოპირკეთებულია შორენკეცით. იატაკებში ჩაფლულია ქვევრები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია სამეთუნეო, ზეთსახდელი დაწესებულებები, სახელოსნოები, მინარეთიანი მეჩეთისა და მედრესის ნაშთები.
I. გალავანი, რომელიც ქალაქს 3 მხრიდან (გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთისა) აკრავს, ამავე დროს, ციხის გალავანსაც წარმოადგენს. მისი სიგრძე მთელ პერიმეტრზე 322 მ-ია. გალავნის კედლის სიგანე სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ზომისაა. ეს, ალბათ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მხრიდან იყო ციხეზე მოსალოდნელი მტრის შემოტევა და ასევე, ბუნებრივი თავდაცვითი გარემოს საიმედოობაზე. გალავნის სრული სიმაღლე არსად არის შემორჩენილი. მისი საძირკველი უშუალოდ კლდეზეა დასმული. რელიეფი ისეა გამოყენებული, რომ ძირის გამოთხრა და ამ ხერხით ციხეში შეღწევა შეუძლებელი ყოფილიყო. კედლები ნაგებია ქვიშაქვით და ბაზალტით, ასევე, სხვადასხვა უფორმო ქვებით კირის დუღაბზე. ბურჯებიც სხვადასხვა სიმაღლისა და დიამეტრისაა. უმრავლესი მათგანი ბაზალტით არის ნაგები, ზოგიერთი კი – მთლიანად ქვიშაქვით. გალავნის კედელს შიგნიდან საბრძოლო ბაქნები ჰქონია. მათი სიგანე 1 მეტრამდეა. ბაქნები კიბის საფეხურებითაც გვაქვს, რადგან რელიეფი დახრილია. გალავნის კედლები და ბაქნებიც რელიეფს მიუყვება. საფეხურების გარეშე გადაადგილება შეუძლებელია.
II. შიდაციხე იმყოფება გალავნის შიგნით, მის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, სადაც ნიადაგი უცებ 20-25 მეტრით მაღლდება. ქალაქიდან იგი გამოყოფილია სპეციალურად აგებული გალავნის კედლით, რომელშიც არის ქალაქიდან შესასვლელი ერთადერთი კ ა რ ი ბ ჭ ე. ციხეს, რომელსაც 3250 მ² უჭირავს, სამი საბრძოლო კ ო შ კ ი ჰქონდა. ყველა მათგანი სამხრეთის მხარეზეა (საიდანაც მტრის მიერ ციხეზე შეტევა ხდებოდა).
ა) პირველი კოშკი განსაკუთრებული ნაგებობაა მთელი ციხის ტერიტორიაზე. მისი კედლების მშენებლობა 2 სხვადასხვა პერიოდს გვიჩვენებს. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა სამი საცხოვრებელი დონე (ფენა). დღეს შემორჩენილი ციხის მშენებლობა (ზედა დონე) უშუალოდ IX-XII საუკუნეებით თარიღდება. კოშკს სამმაგი კედლები აქვს. პირველი – ბაზალტის, მეორე – ქვიშაქვით ნაგები და მესამე – ორი მეტრის სიგანის კედელი, ისიც ქვიშაქვით ნაგები. კოშკის მომეტებულ ნაწილში ორი სართული ყოფილა, რაზეც მეტყველებს ჩრდილოეთის მხრიდან აგებულ ბურჯებთან კედელში კოჭების ბუდეები. ჩრდილოეთი კედლისა და ბურჯების შემორჩენილი სიმაღლეა 6,10 მ, ხოლო კედლის სიგანე – 1,90 მ. კედელი ნაგებია დუღაბზე, ძირითადად ბაზალტის ქვით, თუმცა მასში შერეულია ქვიშაქვები. შესასვლელი კოშკის დასავლეთ ბურჯსა და ციხის გალავნის კედელს შორის მოუთავსებიათ. შემორჩენილია კარის ღიობის ფრაგმენტი. აღნიშნულ ბურჯში არის კარის ურდულის შესაყრელი ბუდე (0,15 X 0,2 მ). ღიობი თაღოვანი ყოფილა. მის წინ კიბის საფეხურებია. ბურჯსა და გალავნის კედელს შორის აღმართულია 2 მეტრი სიმაღლის კედელი, რომელზეც ადიოდნენ ხის მისადგმელი კიბით. ეს კიდევ ერთი ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობაა კოშკში შემსვლელი მტრისთვის. კოშკში შესასვლელ კართან მცველისთვის საგანგებოდ მოწყობილი პატარა ოთახია (2,0 X 1,8 მ). #1 კოშკი ყველა ძირითადი მონაცემით, ითვლება ქალაქის შიდაციხეში შიდაციხედ. მშენებლობის ქვედა – მეორე დონე 1,20 მ სიღრმეზე აღმოჩნდა. აქ მდგარა ძლიერი სასიმაგრო თუ საცხოვრებელი ნაგებობა. ის უფრო პატარა ყოფილა (6,0 X 6,60 მ). კედლები ბაზალტის ქვით, ჰორიზონტალური წყობით იყო ნაგები. საშენ მასალად გამოყენებული იყო ასევე ალიზი, ქვიშაქვა და მუხის ხის კონსტრუქციები. კოშკი ოთხკუთხედი, თითქმის კვადრატული ფორმის იყო. მისი კედლების სიგანე, გარდა ჩრდილოეთი კედლი ...