IX დღე
გათენდა...
დავიწყეთ მოწესრიგება... რათქმაუნდა რომ მხიარულად დავიწყეთ დილა. ძალიიიიიიიიიიან ოდნავი მოწყენილობა იგრძნობოდა. არა იმიტომ რომ ისე ვერ მოვილხინეთ როგორც საჭირო იყო, ან რაიმე გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. მიზეზი მარტივია: თბილისში წასვლის დრო დადგა.
სად იყო და სად არა მოგრუხუნდა ჩვენი მინიბუსი. დავიწყეთ ნელ ნელა ჩალაგება ჩვენ ჩვენი სამოსის და სალაშქრო ეკიპირების. არავის არ უნდოდა წასვლა. მართალია ჩვენს გასვლაში უმეტესობას ვიცნობდი მაგრამ, იყო რათქმაუნდა ახალი სახეებიც. ისე დაუახლოვდით, ერთმანეთს რომ დიდი პუტკუნა ოჯახი გავხდით. დავცალეთ დაკავებული კოტეჯები. გადავეცით გასაღებები იქაურობის მოურავს, ბატონ გელას. დავტვირთეთ ჩვენი ბარგით მინიბუსი. გამოვემშვიდობეთ იქაურებს და დავიძარით თბილისისკენ.
ჰო კაი, ტირილი და მოწყენილობა არ დამანახოთ ახლა (შტო ზა ბეზაბრაზიე ჩორტ პო ბერი!!! მომიტევე გოგა). მთლად პირდაპირ თბილისისკენ კი არ წავსულვართ. უნდა გვენახა, ბარაკონის ეკლესია, საქართველოს ყველაზე ულამაზესი ნიკორწმინდის ტაძარი და შემდეგ გვეთამაშა დახჩობანა შაორზე. ამ ნორმატივებს რომ ჩავაბარებდით მერე შეგვეძლო უკვე წასვლა თბილისისკენ.
რათქმაუნდა პირველი გაჩერება იყო ბარაკონის ეკლესია. პირველად ვნახე ეს ძეგლი. მშვენიერ ადგილასაც არის. გზიდან ქვემოთ არის ჩასასვლელი დაახლოებით 20 მეტრი.
რამოდენიმე სამახსოვრო სურათი გადავიღეთ და გავსწიეთ შემდგომი ადგილისკენ.
რაჭაში ადრე ხშირად დავდიოდი, ოღონდ ქვემო რაჭაში, და სულ მიწევდა გვერდის ავლა ნიკორწმინდის. ერთხელ შევიარე და დაკეტილი დამხვდა (ბედი აქვს მოკლედ ნუ იტყვი, შავი კატაც გზას უთმობს). როგორც იქნა ავისრულე ოცნება და არა მარტო მე. რამდენადაც ვიცი და დიდი იმედი მაქვს რომ არ ვცდები ნიკორწმინდის ეკლესია არის ყველაზე ლამაზი ეკლესია ჩუქურთმების თვალსაზრისით. არ მეორდება, ერთნაირ ჩუქურთმას ვერ იპოვნით. თან როცა მივედით, ორი წყვილი იწერდა ჯვარს. მიუხედავად ამისა მაინც მოვახერხეთ ეკლესიაში შესვლა.
პირდაღებულები დავდიოდით გარკვეული პერიოდი. მართლაც რომ ულამაზესი იყო. ვინაიდან და რადგანაც დროში ცოტა ვერ ვიყავით (გამოსვლა დავაგვიანეთ, ტრადიციას ხომ არ უღალატებდით), მალევე მოგვიწია იქაურობის დატოვება.
შემდეგი გაჩერება შაორის წყალსაცავი (კარებს ნუ მიეყრდნობით... ჰმ). გაჩერება და გადახტომა ერთი იყო მინიბუსიდან, შეცვივდნენ მოკლედ ტბაში, დაიწყეს დახჩობანას თამაში. დაიღალნენ რა ქნან. მერე ამოვიდნენ ნაპირისკენ გაშრნენ და ცოტაც მზეს მიეფიცხნენ. ამასობაში მოვასწარი მესამე დღის რეპორტაჟის ატვირთვაც. გავივსეთ მინიბუსში და წავედით თბილისისკენ.
გზად ცოტა მოგვშივდა და გავჩერდით ერთ-ერთ საკვებ პუნქტთან (მემგონი რესტორანი იყო). ოსტრი (ქართულად ამ საჭმელს ბასრი ჰქვია?) დავაგემოვნეთ. სასმელი მოგვიტანეს “cora cola”. კოკა კოლას ვინ იყო არ ვიცი. ფაქტია ძუკუს სარდაფში ჩამოსხმული ნეშომპალის ლიმონათი იყო. ძალა მოგვემატა, გავსწიეთ თბილისისკენ. სიმღერები გაისმოდა ჩვენს მინიბუსში.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ კი მოუახლოვდით თბილისის მისადგომებს. და ბოლოს კი იმ ადგილზე გავჩერდით სადაც 21 აგვისტოს შევიყარენით. თქვენ წარმოიდგინეთ და სადაც გავჩერდით, უცებ ნაცნობი სახეები შევნიშნე. ქალბატონი ლია, და თამუნია გუდარეხი (ოქრო). გაგვიხარდა მარგამ რა გაგვიხარდა. დავიწყეთ ნელ-ნელა ჩამობარგება. გაუშვით მინიბუსი. მაგრამ ჩვენ არ ვიშლებით მაინც. სადამდე ვიქნებოდით, კარვებს ხომ არ გავშლიდით ბოლო-ბოლო. დავემშვიდობეთ ერთმანეთს და დავიშალეთ, ძალიან ახლო მომავალში შეკრების პერსპექტივით.
რეპორტაჟს რაც შეეხება, მაქსიმალურად მოვინდომეთ და მემგონი რომ ნორმალური გამოგვივიდა. ყოველ შემთხვევაში ერთადერთი რეპორტაჟია ჯერ-ჯერობით რომელიც პირდაპირ ლაშქრობიდან გაიხსნა. დიდი მადლობა ნინიას და ლიბრას დახმარებისთვის. ასევე უღრმესი მადლობა ამ ლაშქრობის ყველა მონაწილეს, რათა ასეთი ბედნიერი დღეები გავატარეთ ერთად.
ასე დამთავრდა ჩემო კარგებო ეს ჩვენი მხიარული გასვლა ზემო რაჭაში... გისურვებთ რომ აუცილებლად ეწვიოთ და ნახოთ იქაური ბუნება. არ ინანებთ.