
ძველი თბილისი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა: აბანოთუბანი, კალა და ისანი (იგივე ავლაბარი).
აბანოთუბანი, ქალაქის უძველესი ნაწილი - ახლენდელი აბანოებისა და ბალნეოლოგიური კურორტის რაიონი, XVII საუკუნეში სეიდაბადის სახელით იყო ცნობილი აქ ჩამოსახლებული სპარსული ტომების - სეიდების გამო.
კალა შემოსაზღვრული იყო კედლით, რომელიც ნარიყალადან იწყებოდა, მოჰყვებოდა სოლოლაკის ქედს, ეშვებოდა დაბლა, ჩრდილოეთით, და ახლანდელი დადიანისა და პუშკინის ქუჩების გავლით უხვევდა ბარათაშვილის მიმართულებით მტკვრის პირამდე. შარდენი სპეციალურად აღნიშნავს "ქალაქი გარდა მდინარის მხარისა, საუცხოო და მაგარი კედლითაა შემოზღუდული".
ისნის, ანუ ავლაბრის უბანი მეტეხის პლატოსა და მის გარეთ მდებარე ტერიტორიას შეიცავდა. მეტეხის პლატო გალავნით იყო შემოზღუდული, რომელიც მდინარეზე გადებული ხიდით უერთდებოდა ქალაქის ძირითად ციტადელს.
გარდა ამ სამი ძირითად უბნისა, თბილისის ტერიტორია ვრცელდებოდა გალავნიდან ჩრდილოეთით და დასავლეთითი. ქალაქის გალავანს გარეთ მოცეულ მიდამოს "გარეთუბანი" ერქვა.
თბილისის ძირითადი ტერიტორია "გარეთუბანს" გალავანში დატანებული რვა კარით უკავშირდებოდა. მათ შორის:
ჩახრუხაძის და ბარათაშვილის ქუჩების კუთხეში "მუხრანის კარი" გადიოდა. გალავნის ამ ტერიტორიაზე მუხრანბატონთა სასახლეები იდგა.
ბარათაშვილის და შავთელის ქუჩების კუთხეში იყო "მეიდნის კარი", ანუ "ტრიუმფალური კარი", ხიდით. დღემდე შემორჩენილია ამ კარის მატერიალური ნაშთი.
შემდეგი იყო "დიღმის კარი". ამ კარიდან იწყებოდა გზა დიღმისკენ. იგი ქალაქის გალავანს დღევანდელი პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩების შესაყარზე ჰქონდა დატანებული (ვერცხლის ქუჩის შესახვევთან).
"კოჯრის კარი" მდებარეობდა იქ, სადაც ლესელიძის ქუჩა თავისუფლების მოედანს უერთდება. ამ კარიდან იწყებოდა კოჯრისკენ მიმავალი გზა. ასევე, ქალაქის გალავანში დატანებული "განჯის კარი" განჯისკენ მიმავალ გზას კეტავდა. იგი მდებარეობდა 300 არაგველის ობელისკთან.
შემდეგი იყო "აბანოს კარი". აქ იწყებოდა გზა, რომელიც ჯერ ააბანოების, შემდეგ კი თბილისელთა ბაღების გავლით სეიდაბადს გადასჭრიდ. ამ კარით იწყებოდა სპარსეთისაკენ მიმავალი გზა. შარდენი ამბობს: "საქართველოს მთავარი, როდესაც ხელმწიფის წერილებისა და საჩუქრების მისაღებად... ქალაქის კარიბჭის გარეთ გადის ხოლმე, მან ციხის შუაგულში უნდა გაიაროს, რადგან სპარსეთიდან თბილისში შემოსვლა მხოლოდ და მხოლოდ ამ ციხის გავლით შეიძლება".
კალა თბილისის ტერიტორიის ცენტრალური ნაწილი იყო და მოიცავდა ნარიყალას, დადიანის, პუშკინის და ბარათაშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებს. ის ორ ძირითად უბნად იყოფოდა, "ქვემო უბანი" და "ზემო უბანი". "ზემო უბნის" ცენტრი იყო "ბატონის მოედანი" , ქვემოსი კი - თათრის მოედანი. ამ მოედანს ნარიყალასთან სიახლოვის გამო "ციხის მოედანსაც უწოდებდნენ". უბნების გამყოფი გზა - ლესელიძის ქუჩა - "შუა ბაზარად" იწოდებოდა.
ქვემო და ზემო უბნები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა მცხოვრებთა რელიგიური და ეთნიკური შემადგენლობით. ზემო უბანში თავმოყრილი იყო თბილისელი ქართველობა, ქვემო უბანში კი სპარსელები და სომხები. ამას მიუთითებს ამ უბნებში სალოცავების განლაგებაც. ზემო უბანში მდებარეობდა ქართული მართლმადიდებლური ტაძრები - სიონი, ანჩისხატი, წმ. გიორგის, კვირაცხოვლის. ერთადერთი იყო სომხური ეკლესია - სურბნიშანი.
ქვემო უბანში კი მხოლოდ სომხური ეკლესიები იყო - ნორაშენის, სააკაშენის, მოდნინის, კოზმა და დამიანეს სახელობის. ასევე იყო 2 ბერძნული ეკლესია - ჯვარის მამა (თუმცა იგი წარმოადგენდა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის "მეტოქს") და წმ. ეკატერინესი.
"ზემო უბნის" მთავარი ქუჩა ანჩისხატისა და "მეფის მოედნის" გავლით სიონამდე მიემართებოდა. აქ იყო ქალაქის უმნიშვნელოვანესი ნაგებობები. მას შემდეგ რაც XVIIს-ში როსტომმა რეზიდენცია აქ გადმოიტანა, ქალაქის არისტოკრატიაც ამ მიდამეობში დასახლდა. აქ სახლობდნენ მუხრანბატონები, ქსნის და არაგვის ერისთავები, აბაშიძეები, ორბელიანები.
სეიდაბადს XVIII საუკუდან ხარფუხი ეწოდებოდა, ძირითადად კი თაბორის მთის აღმოსავლეთ კალთას. სიტყვა "ხარფუხი" სომხური წარმოშობისაა და სურდოს ნიშნავს. ადგილმა კი აღნიშნული სახელი მიიღო მთის ძირში, თათრების სასაფლაოსთან ახლოს მდგარი საკულტო დანიშნულების ნიშის გამო, სადაც ხატი იყო დაბრძანებული და თბილისელ ქრისტიანებს თავიანთი სურდოიანი ბავშვები მოჰყავდათ განსაკურნებლად.
"გარეთუბანი" კალას გალავნის გარე ტერიტორია იყო და მოიცავდა ქაშუეთის ეკლესიას ციციშვილის სასახლით, მეფის საასპარეზოსა და ყაიბულას ბაღს (ალექსანდრეს ბაღი). დღევანდელი გართუბანი დაახლოებით ასე გამოიყურება: ბარათაშვილის და პუშკინის ქუჩები, მთაწმინდის კალთები და ელბაქიძის დაღმართი, აღმოსავლეთით მტკვარი. გარეთუბნის ვრცელ ტერიტორიაზე განთავსებული იყო აგურის ქარხნები.