ხევსურ-სერიალი
===========
ნაწილი V " კარავთ-ქალაქი ანუ ბანაკს დავცემ ქანქარას..."
აბა... ვის უნახავს პოპინსის სახე მშვენიერ მთა-გორიან გზებზე სიარულისას?.. აი, ისეთ გზებზე, ფრანჯრიდან რომ სივრცეში იშლება თვალსაწიერი და გგონია თვით ღრუბელი მიგაქანებსო.. თან ჩვენი მარშუტკაც სწორედ რომ თეთრი იყო.. ოოო.. პოპინსი აქ მშვენიერია... ზემშვენიერიც კი... მრავალფეროვანი და ფერადიც კი.. პოპინსი ასეთ დროს ცისარტყელას ემსგავსება ხოლმე.. ჯერ თეთრი ფერი გადაუმდინარდება ხოლმე სახეზე, მერე ლურჯი.. შემდეგ მონაცრისფრო-მოსტაფილოსფროდ აუელვარდება თვალები.. ამ დროს ექსტრიმის მოყვარული თუ აღმოჩნდა მის გვერდით, სწორედ რომ ისიამოვნებს, თუმცა რეკომენდაციას გაგიწევდით, ამ დროისათვის პოპინსს ახლომახლოდან ბასრი და ბლაგვი ნივთები მოაშოროთ.. რამდენადაც ნებისმიერ წამში შესაძლებელია შეეწიროთ არა საკუთრივ საშიშ გზას, არამედ თავად პოპინსს.. მე მქონდა ბედნიერება თავად გამომეცადა ასეთი ექსტრიმი, რომლის ავტორი თავად მერი პოპინსი ბრძანდებოდა.. უფრო მეტიც, ამ მომენტიდან შემიძლია ნებისმიერს დავუმტკიცო, რომ მერი დეიდა ნამდვილად დაფრინავს.. ამის მტკიცებულებად ის ერთ მომენტიც გამოდგება, როდესაც პოეტურად აყირავებულმა, მზისაკენ ცხვირმიდრეკილმა მარშუტკამ.. ბაც-ო და წაიბორძიკა... და... ეჰეეეიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი........... სად იყო და სად არა, ჩვენი პოპინსი დეიდა სკამების ბოლო რიგიდან როგორც შევარდენი, ისე ნარნარად გადაევლო ზურგჩანთებითა და ნივთებით ჩახერგილ გზას და სადღაც წამის მეასედ ნაწილში უკვე არა თუ მიწაზე, არამედ თითქმის არდოტს იყო მიფრენილი..
ჩვენ, კარაველები, როგორც უბრალო ადამიანები, ამდენ შესაძლებლობას არ ვფლობთ და ფრენის მაგიერ ჩვეულებრივი საზოგადოებრივი მარშუტკით ვმგზავრობდით.. გზაში თეორიული მსჯელობა და საქმიანი დისკუსია გვქონდა ფითოხლართის ემპირიული გადაწყვეტის შესახებ, ფისკალურ-კოლოსალურ-სქოლასტიკურ-კოტეტბელისტურ დეკრუასანიზაციის შესახებ.. გამოითქვა ვარაუდები სინუსისებური და ფიგურალური პერსპექტივების შესახებადაც.. განსაკუთრებით აქტივობდა ბოჭო, რომელმაც გარკვეული მექანიკურ-დესტრუქციული რაკურსის თეორია გაგვაცნო და შედეგად, ჩვენში გარკვეული კორდინისტულ-სუბსტანციური ხედვა ჩამოყალიბდა საკითხის მიმართ... ამ ექსპერიმენტულ-ოფტოპიკისებურ-პაროდისტულ-იუმორისტული თეორიების დეპრაქტიკულირების და წაღმა-უკუღმა ხეტიალის შედეგად ჩვენ მოვიძიეთ ფრიად კონკრეტული ადგილი კარავთ-ქალაქის გასაშენებლად.. ჩვენს მიმდინარე საქმიანობის შემხედვარე იუშენკოც კი შურით გვიცქერდა სადღაც შორეული უკრაინიდან (როგორც დრუიდის სიზმარი), კარავთ-ქალაქის სოკოსებური სწრაფ ტემპებში გაშენების გამო.. მოდიოდა საღამო.. წვიმა შემოპატიჟებას ლამობდა... გზად კარავნაცნობი ფრანგები შეგვხვდნენ.. ვგრძნობდი, საღამოს ლამა შანზ-ელიზეს იმღერებდა...
კარავთ-ყვავილები საღამო სუფრას შლიდნენ.. ლუდი მდინარეში გრილდებოდა.. მე ანკესზე ვოცნებობდი.. მთვარე - უღრუბლო ცაზე.. ღრუბელი კი - ჩვენს მასპინძლობის უნარზე.. ჰოდა.. ცეცხლიც აგიზგიზდა, მდინარის ჩხრიალს კოცონის ტკაცა-ტკუცი და ჩვენი სიცილიც შეემატა... კარავთ-ქალაქი ხევსურ-ფართის ბოლო სამზადისში იყო.. ორი რამ აკლდა მხოლოდ კარავთ-ქალაქს: ადმინ-სასტავი და ბექა ფიცხელაური თავისი ბალალაიკით... ჩვენი მეგობრები ფიზიკურად არც თუ ისე ახლოს იყვნენ... თუმცა, როგორც იტყვიან ზურგის ქარს სწორედ ჩვენსკენ მოჰყავდა თითოეული მათგანი..
====== (არც იოცნებოთ ჯერ დასასრული) გაგრძელება იქნება
აბალდუი