კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 07 დეკ 2011, 21:49

teo- wrote:რა საშინელება ჩემი ისა..ა ქ რაუნდა? :lol:
ვინც წარადგინა იმასაც მოწონს და მეც. გამოვტყდები ჩემი მესამე ფავორიტი თემა ეს გახდა.

გრამატიკული შეცდომები ჩავასწორე, ვფქრთილობ ამ გრამატიკაზე გამოკიდებით ლაშქრობის სული და რიტმი არ დავარღვიო, ასე რომ გდაიკითხე და თუ რამე არ მოგეწონოს მომწერე;)
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by teo- » 07 დეკ 2011, 22:25

Ketevan Guliashvili wrote:
teo- wrote:რა საშინელება ჩემი ისა..ა ქ რაუნდა? :lol:
ვინც წარადგინა იმასაც მოწონს და მეც. გამოვტყდები ჩემი მესამე ფავორიტი თემა ეს გახდა.

გრამატიკული შეცდომები ჩავასწორე, ვფქრთილობ ამ გრამატიკაზე გამოკიდებით ლაშქრობის სული და რიტმი არ დავარღვიო, ასე რომ გდაიკითხე და თუ რამე არ მოგეწონოს მომწერე;)
მმაადლობა :D :roll:
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Naia » 07 დეკ 2011, 22:43

teo-
მეც ძალიან მომწონს, ისეთია რომ ცხადად განგაცდევინებს ყველაფერს

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 09 დეკ 2011, 20:35

გურული – ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია.. 2008 წელი


ეს წუთია, დავბრუნდით მთა-თუშეთიდან, სადაც 4 დაუვიწყარი დღე გავატარეთ. ამ ლაშქრობას ლომს ვუძღვნით, რომელის წინაშეც სინდისი მქენჯნის. გაისად თუ დააპირებს წასვლას, დიდი სიამოვნებით ვუმეგზურებ. მით უფრო, წლეულს თითქმის ყველაფერი ვნახე, რაც ადრე არ მენახა და ბერვრად მეტი გამოცდილება მივიღე.
ლაშქრობამ ძალიან კარგად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა, თუმცა ბოლო დღეს მოსულმა წვიმამ მარშრუტში კორექტივები მაინც შეგვატანინა - წოვათაში ვერ წავედით ანუ ვერც გომეწრის ხეობა ვნახეთ. ბოლო დღეს მხოლოდ მისი ნაწილი მოვიარეთ - დოჭუ ვინახულეთ. თუშეთში მეხუთედ, წლეულს კი მეორედ გახლდით, მაგრამ ვაღიარებ, რომ შემოდგომის თუშეთი სულ სხვაა. ეს იმდენად კარგი რამ იყო, რომ ვთქვი, ამიერიდან თუშეთის ნახვაზე ზაფხულში აღარ მოვცდები, სულ ასე შემოდგომაზე ვივლი-მეთქი.
არაჩვეულებრივი იყო იქაურობა თავისი მრავალფეროვნებით - მწვანე თუ ყვითელი ფერებით, წითლად მოღუზღუზე ცირცელებით, მოწითალო-მოყავისფროდ შეფერილი მოცვის ფერდობებით და დათოვლილი მთებით. ბუნებამ თითქოს საგანგებოდ იზრუნა ჩვენზე და ბოლო დღის წვიმამ, წოვათის გამოტოვების მიუხედავად, სხვა სიკეთეც მოიტანა - ცაზე ღრუბლები, როგორც დიდი ადმინი გვალვა იტყოდა, ფოტოგრაფების დაკვეთით ირეოდნენ, ხოლო დაღესტნის შორეული მთები დათოვა და ეს ყველაფერი დამატებით სიჭრელეს სძენდა ისედაც აჭრელებულ აქაურ მთებს. ეს ისეთი სანახაობა იყო, თვალს ვერ ვაშორებდით.
ბუნებამ ხომ საგანგებოდ იზრუნა და ულამაზესი ფერები დაგვახვედრა, მაგრამ ეს ლაშქრობა სახალისო ეპიზოდებითაც გამორჩეული გამოდგა. რამდენი კურიოზი იყო აქ პირველი დღიდან მოყოლებული: ადმინის ძილში ამოძახილი - "ვერ დავეტევით" და სრულიად სწორ გზაზე მის მიერვე გაკეთებული აკრობატული ნახტომები თემისთვის "კარაველები ნახტომში" ესენი არც მერე დაუკლია. განსაკუთრებით - კახეთში ჩამოსულს და ბოლო სულაც თბილისში, მოსკოვის გამზირზე შეასრულა; გზის დაბნევა უკუნეთ წყვდიადში, როცა ჭეშოს გადასახვევს გავცდით, მერე ვერც ფარსმისა შევამჩნიეთ და საბოლოოდ მწყემსების კარავს ისეთ ადგილას მივადექით, იქ მანქანამ ბოლოს როდის გაიარა, თავადაც არ იციან; მაგრამ მთავარი კურიოზი მაინც ლამას მიერ სამაშველო სამსახურის გამოძახება იყო. ლამა, ძმაო, ძმობაში და კარაველობაში უნდა მაპატიო - სხვა გზა არა გაქვს. ამ ეპიზოდზე უფრო დაწვრილებით მერე ვილაპარაკებ.
ამ გასვლისას მოვიარეთ დიკლო, შენაქო, ომალო, კესელოები, დართლო, დანო, კვავლო, ჭეშო, ფარსმა, გირევი და დოჭუ, ომალოში კი ლამის 2-3 საათი ვუსმენდით ნუგზარ იდოიძის ლექციას. კარავში მხოლოდ პირველი ღამე გავათენეთ, თითო დღე კი ჭეშოსა და ომალოში სასტუმროებში გავჩერდით. ჭეშოში იმდენად გვიან მივედით, კარვების გაშლა კი არა, სოფელს ძლივს მივაგენით, ომალოში კი შევატყვეთ, წვიმას აპირებდა და მაინც ასე ვარჩიეთ. კიდევ კარგი, თორემ ღამე ისეთი თავსხმა იყო, წაგვლეკავდა და წაგვიღებდა ანდის-ყოისუ.
არ ვიცი, დროის ასეთ მცირე მონაკვეთში სხვა თუ შეძლებდა ამდენის მოვლას. სამწუხაროდ, გირევთან მდებარე ნასოფლარების - ჰეღოსა და დაქიურთის ნანგრევებში ვერ ვიბოდიალე, მაგრამ სამომავლოდაც ხომ უნდა დავიტოვო რაღაც. არც დიკლოს ძველ ნაციხარზე გავსულვართ, რადგან თანამგზავრებმა დიკლოს ულამაზეს ტყეში გასეირნება ამჯობინეს და ისე შორიდან გავხედეთ ლეკთა სოფლებს - შეროსა და ინცუხს.
გემრიელი ლუკმა ბოლოსთვისო, მაგრამ არ ვიცი, როგორ შევაქო ჩვენი მძღოლი - გირა და მისი ტანკი, რომლებმაც ჯერ საშინელი გზები უშიშრად გვატარეს, ბოლოს ზედ ლაროვანის ტბაზე მიგვიყვანეს. დროა, გირა ოფროუდერებმა თავიანთ უპირობო ლიდერად აღიარონ.
აქვე ის ხალხიც უნდა ვახსენო, ის თუშები, რომლებმაც ეს ლაშქრობა გაგვილამაზეს. იდოიძეზე არაფერს ვამბობ, რადგან ეს ისედაც იგულისხმება. ომალოში ნინო და თემურ არშაულიძეებმა გაგვიღეს სახლის კარი, რომლებსაც ისედაც კარგად ვიცნობდი, ჭეშოში კი ჩვენი სიმპათიები კატო აბალოიძე-მურთაზაშვილმა დაიმსახურა. მას არ ვიცნობდი და ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორც თუშების სახე ჩამომიყალიბდა - ხელგაშლილი და გულღია მასპინძელი, რომელიც ღამე გავაღვიძეთ, მაგრამ მაინც ისე სიცილი-ღიმილით შეგვხდა, თითქოს დიდი ხნის უნახავი ნათესავები ვესტუმრეთ. პრინციპში, ეს უკვე აღარ მიკვირს და არც სიურპრიზია, მაგრამ მაინც იმდენად კარგი რამეა, რაც ისევ მიბიძგებს თუშეთში წასვლის, იქაურობის და იქაურების ნახვის სურვილს. აი, ასეთი ბუნების და ასეთი ხალხის გამო მიყვარს თუშეთი.

ახლა, რაკი ადმინმა ნება დამრთო, მოვყვები პირველი ღამის ამბებს, რომელსაც ასეც შეიძლება დავარქვათ - პირველი ღამის ვნებანი.
...დავბანაკდით იმ მართლაც მშვენიერ ადგილას, თუმცა მე მაშინვე მეორე მხარეს, მეძროხეებისკენ წავედი, აქ სალოცავი ან ამგვარი რამე ხომ არაა, კარვების დადგმა და ქალების სიარული თუ შეიძლება-მეთქი. მანდ მხოლოდ სასაფლაოა და შეგიძლიათ დაბანაკებაო, დაგვრთეს ნება.
ამასობაში ამათ მანქანის საბარგულიც გამოეცარიელებინათ და კარვების გაშლასაც შევუდექით. GIRA თავის ერთკაციანთან ჩალიჩობდა, მე GOGONA-ს სამკაციანის გაშლაში ვეხმარებოდი, სადაც ქალებს უნდა დაეძინათ, Gvalva და მაიკო კი ჩემთვის განკუთვნილ ადმინის 1-იანს შლიდნენ. შიგადაშიგ ქალები იმაზე ბჭობდნენ, დაეტეოდნენ თუ არა იმ დიდ კარავში. დაიმახსოვრეთ ეს მომენტი - მოგვიანებით ის ცარიელი თოფივით გაისვრის, როცა ადმინი კოცონთან პარალონს გაშლის და მიწვება. თუმცა Gvalva და მისი კარავი მანამდეც მოექცნენ ყურადღების ცენტრში, რადგან... კარავის გასაშლელი ჯოხი გატყდა. ერთი ჯოხი ისედაც დაწებებული იყო და მისი გატეხვა არ გაგვკვირვებია, მაგრამ მეორე, მთელიც რომ გატყდა!!! მოკლედ, გაჩნდა იმის საშიშროება, რომ უკარვოდ ვრჩებოდი - GIRA თავის კარავშიც ვერ ეტეოდა და საქმე იქამდეც მივიდა, ადმინმა ასწავლა, პერპენდიკულარულად დაწექიო, მეორეში კი ქალები იწვნენ. არადა, იქ ადგილი კი იყო და სწორედ მაშინ, როცა სამ ქალთან ერთად ძილის საშუალება დამემუქრა, ხუმრობის ხასიათზე დავდექი - გურული ვარ, ნუ გამამტყუნებთ, მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. ეს რომ არა, რა მაცინებდა, მაგრამ მაშინვე ლომს დავურეკე და ორივემ გულიანად ვიცინეთ ჩემს მოსალოდნელ "საფრთხეზე". ლომი აქედან მამხნევებდა, მშვენიერი პერსპექტივააო, ხოლო ვიდრე GIRA გატეხილ ჯოხებს როგორღაც შეაკოწიწებდა, მე ახალი იდეა წამოვაყენე - ამდენ წვალებას, დავრეკოთ კარავზე და ახალს მოგვაწვდიან-მეთქი... და აი, სწორედ მაშინ წამომიტივტივდა გონებაში ლამას სახე. იდეა სხვებსაც გავანდე, იმათაც მოეწონათ და სანამ დავრეკავდი, ბევრიც ვიცინეთ, მაგრამ წინააღმდეგობების გაჩნდა - რა უნდა უთხრა ასეთი, რით დააჯერებო... მე ვუთხარიმ პაატა ვარდანაული თუ შატილიდან ურეკავს, მე ომალოდან ვერ დავურეკო-მეთქი და ავკრიფე ნომერი. ოღონდ ცოტა მოშორებით მივდექი, ხეების უკან, ამათი სახეები რომ არ დამენახა, თორემ ვიცოდი, სიცილს ვერ შევიკავებდი. მით უფრო, სულს ისეც ძლივს ვითქვამდი. ბოლოს, როგორც იყო, სახე დავაწყვე, ხმა დავისერიოზულე და ლამას ნომერი ავკრიფე, რასაც ასეთი დიალოგი მოჰყვა:
- ლამა, გამარჯობა, გურული ვარ.
- ოოო, გურულს გაუმარჯოს. როგორ ხარ? - სიცილნარევი ხმით ომახიანად მომესალმა ლამა.
- ძალიან ცუდად ვართ. კარვის ჯოხები გაგვიტყდა ყველაზე დიდ - სამკაციან კარავზე. თან, სადღაც ტყეში ვართ, სოფლებიდან ძაან შორს, ვერც ჩასვლას ვასწრებთ. არადა, მთები დათოვლილია და საშინლად ყინავს. სამი კაცი უკარვოდ ვრჩებით.
- მე რით შემიძლია დახმარება - რა გაგიკეთოთ? - ლამას ზუსტად ისეთივე ხმა გაუხდა, როგორიც ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგვისას ჰქონდა.
- არ ვიცი, რით შეგიძლია დახმარება... იქნებ სამაშველო სამსახურში დარეკო და უთხრა, დაგვეხმარონ. ომალოს გადაღმა ვართ, მირგველაში.
- სადა ხართ?
- მირგველაში. უფრო ზევით, ტყეში.
- მირგვეში?
- მირგველაში, მაგრამ შეეშვი მაგას, ომალო უთხარი, იმის გადაღმა არიან-თქო...
ამ საუბრისას სამჯერ მაინც ამიტყდა სიცილი და მის დასაფარავად ხველა ავტეხე. თან, ვეუბნები, აუ, გავცივდი ამის დედაც, საშინლად ყინავს-მეთქი.
გავთიშე მობილური და მეც სხვებს შევუერთდი, რომლებიც უკვე ფართხალებენ სიცილისგან. 5 წუთიც არაა გასული და მირეკავს ტელეფონი. დავხედე - ქალაქის უცხო ნომერია, მაგრამ ავიღე და ქალი მეკითხება - ბატონი ირაკლი ბრძანდებით? ამაზე კიდევ უფრო დავიბენი - ვის გავახსენდი საბატონედ ამ შუა თუშეთში-მეთქი. ქალი მეუბნება, სამაშველო სამსახურიდან ვართ, თქვენმა მეგობარმა დაგვირეკა, სად ხართ და რა გიჭირთო... ჯერ ვერ გავიაზრე, რას მეუბნებოდა. სამაშველო სამსახური რომ ახსენა, ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი, მაგრამ დანარჩენიც რომ მიაყოლა, მერე კი ამიტყდა გიჟივით სიცილი. თან, ვუბოდიშებ იმ ქალს, მეგობარს ვეხუმრეთ, არ ვიცოდით, მართლა თუ დარეკავდა-თქო. იმ ქალმაც გვარიანად იცინა.
სანამ ჩვენც სიცილი-ხარხარში ვართ, უკვე ლამა მირეკავს. როგორ გინდა, აიღო მისი ტელეფონი - შანსი არაა, სერიოზული ხმით ველაპარაკო, მაინც გამეცინება, ან რა უნდა ვუთხრა... ამათ, მიდი, კიდევ გააგრძელე ხუმრობაო, მაგრამ ლამა ხომ კარავის 6-ზის იეტია და მთლად ასე ვერ გავიმეტე. ვუთხარი, მაშველებმა კი დამირეკეს, მაგრამ აღარ დაგვჭირდა, რადგან, შემთხვევით, ადგილობრივებმა გვნახეს და კარავიც იმათ გვიშოვეს-მეთქი.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ რაც მე მაშინ ვიცინე... სიცილი აღარ შემეძლო უკვე.
ამასობაში კარვებიც გაიშალა - მათ შორის, ჩემიც და კოცონი ავანთეთ. ადმინმა გაშალა პარალონი და საძილეთი მიწვა ზედ. ცოტა ხანში ჩაეძინა კიდეც და მოშორებით მდგარ გოგონას - ის გირას ელაპარაკებოდა, ვანიშნებ, სურათი გადაუღე-მეთქი. სანამ ამ მინიშნებებში ვარ, უცებ ადმინმა ძილში წამოიძახა - ვერ დავეტევით. ეტყობა, ძილშიც კარვებში მოთავსებაზე ფიქრობდა და ძაან ხმამაღალი ნაფიქრი გამოუვიდა. ამ სიტყვებზე სიცილი ამიტყდა და თუმცა კი გავერიდე იქაურობას, ჩემს ჩაცინებაზე მაინც გაეღვიძა და მაშინ თქვა ის სიტყვები, რითაც დღეს თავს იმართლებს - ნუ ხართ ბოროტები. ანუ, მძინარეს სურათს ნუ მიღებთო.
ასე დამთავრდა "პირველი ღამის ვნებანი" - დიდი სიცილით და მხიარულებით ჩვენს პატარა ბანაკში, რომლისთვის სურათის გადაღებაც მეორე დილას ყყველას დაგვავიწყდა.


მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 09 დეკ 2011, 20:55

გურული – იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007 წლის აგვისტო

თუშეთში წასვლა როგორ იგემებოდა, ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებ, რადგან შესაბამისი თემა არსებობს. არც რეპორტაჟს გთავაზობთ, რადგან ამას მოგვიანებით ფოტოების თანხლებით დათო შემოგთავაზებთ - ასე უფრო ეფექტურია. ამჯერად მცირე ექსკურსს გავაკეთებ ჩემეული შთაბეჭდილებებით - 5 დღე 5-მა კარაველმა დაუვიწყარ თუშურ ზღაპარში ვიცხოვრეთ! ჩემთვისაც კი უამრავი რამ აღმოჩნდა ახალი და ზღაპრული და დანარჩენი კარაველებისთვის მით უფრო დიდი ეფექტი იქნებოდა, რადგან ყველანი პირველდ იყვნენ. ეჰ-დათომ მეორე დღეს ასეთი რამ თქვა - ჯერ მხოლოდ მეორე დღეა, აქ ვარ, მაგრამ რაც ვნახე, იმითაც კი უკვე გავხდი თუშეთის ფანიო.
...მიკვირს, დიკლო-შენაქოსა და ომალო-დართლოს გვერდით რატომ არავინ ახსენებს დოჭუს... ეს სოფელი რამდენჯერმე შორიდან - შუამთის გორიდან დამითვალიერებია; მის სილამაზეზე ბევრი რამეც გამეგონა, მაგრამ ახლოდან ნანახი სულ სხვაა, დროში გადმოტანილი და რეალურ ცხოვრებაში განივთებული თუშური ლეგენდა თავისი პირველყოფილ-არქაული იერით, სიპით ნაგებ-ნახური სახლებით თუ მათ შორის გამავალი ვიწრო ბილიკებით. სოფელი საკმაოდ მაღალი მთის წვერზე, იმდენად ვიწრო ადგილზეა გაშენებული, სიარულისას ფეხს ძლივს უქცევ ერთმანეთს. სამაგიეროდ, ულამაზესია...
არანაკლებ ლამაზია და მომხიბლავი კვავლო, სოფელ-მუზეუმად გამოცხადებული დართლოს თავზე, მთის კალთაზე გადაფენილი ვეება ნასოფლარი. ერთ ხაზზე განლაგებული დართლოსა და კვავლოს კოშკები ერთ მთლიან კომპლექსს ქმნის. სამწუხაროდ, კვავლოში სახლების უმეტესობა დანგრეულია, მაგრამ "ნაშთი ძველი დიდებისა" დღესაც აშკარად ეტყობა. ცხადია, ულამაზესია კვავლოს განთქმული კოშკი, რომელიც დღეს დაზიანებულია, მაგრამ დრო-ჟამის მსახვრალ ხელთან საბრძოლველად დართლოში არქიტექტორები დაგვხვდნენ, მათ შორის ერთი კახას მეგობარი იყო, მეორე - ჩვენი გოგი-გობე-ვან გოგის და. ისინი დართლოსა და კვავლოში კოშკებისა და სახლების აზომვით სამუშაოებს იწყებენ - სახელმწიფოს ამ სოფლების რესტავრაცია განუზრახავს. ნეტამც!!! ეს პროცესი დროშიც გაიწელება, თანხებიც ბევრი დასჭირდება, მაგრამ ნამდვილად ღირს! მათი აღდგენის შემდეგ ისტორია დღევანდელ რეალობაში გაცოცხლდება.
4 აგვისტოს, დილის 7 საათზე კახას მანქანით მე, ეჰ-დათო, კახა, მისი მეუღლე - ელისო და ნატალია გავემგზავრეთ
"იქ, სადაც გაზაფხული ივნისში იწყებს,
იქ,სადაც საჯიხვეს თოვლი არ სცილდება,
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება,
იქ, სადაც თუში კაცის წარსული იწყება".
ცოტა ძნელია იმის განსაზღვრა, რამდენი ხანი სჭირდება თბილისიდან ომალოში ასვლას, რადგან გზაში ბევრგან შევჩერდით სურათების გადასაღებად. თანაც, წინა ღამის წვიმას გზებიც ჩამოეშალა, ძირითადად აბანოს უღელტეხილის მიდამოებში, და ბევრგან მანქანიდან გადმოვდიოდით. საღამოს 5 საათისთვის ომალოში ვიყავით და იმავე ღამეს კესელოს ციხეებიც მოვინახულეთ.
მთლიანობაში ვნახეთ...
1). ჩაღმა თუშეთში - ჭალა, ომალო თავის კესელოებით და მუზეუმით, დიკლო, შენაქო, ქუმელაურთა, უძიროს ტბა. გზიდან შევათვალიერეთ ხისო, შტროლთა, ჩიგლაურთა, ხახაბო, ჟველურთა. ცოკალთა.
2). გომეწარში - თუშის სოფელი ბოჭორნა (თუშები ბოჭორმასაც ეძახიან), დოჭუ, ბეღელა, ალისგორი, ჯვარბოსელი, ვერხოვანი... გზიდან დავინახეთ გოგრულთა, ბუხურთა, ილიურთა, კოკლათა, ვეძისხევი და ნაყაიჩოს მთა.
3). პირიქითში - დართლო, დანო - ლელა და ეთერ თათარაიძეების სოფელი, კვავლო.


თავისი სილამაზით კიდევ ერთხელ მომხიბლა ორეთის ტბამ. განსაკუთრებით -დეკიანებმა. მართლაც საოცარი სანახაობაა მწვანე ველზე გადაფენილი მოყვითალო დეკა... ჩაისთვის წამოვიღე კიდეც, მაგრამ დათოს ზურგჩანთაში დამრჩა. იმედია, გააშრობს, გაახმობს და მერე კარაველები ერთად დავლევთ დეკის ჩაის. დაუვიწყარი იყო ტბაში ბანაობაც. რაღაც უცნაური რამ ხდებოდა. ეტყობა, იმ მცირე ტბაშიც სხვადასხვა დინებებია და თბილი თუ ცივი წყლები ისე ენაცვლებოდა ერთმანეთს, როგორც ლორის ნაჭერზე - ქონი და ხორცი. ეგ კი არა, ერთგან რომ დავდექი, ზევით თბილი წყალი იყო, წვივებზე კი - ცივი. მაგ ტბაში თუშები არ ბანაობენ, მაგრამ ჩვენ ყველამ გავცურეთ, ხოლო ეჰ-დათო ვერ ამოვიყვანეთ წყლიდან. სათვალავიც აგვერია, იმდენჯერ გადაცურ-გადმოცურა ტბა. ნირვანაში იყო. მერე იქაურობა ნაგვის ნარჩენებისგანაც გავათავისუფლეთ და წამოვედით.
ბოჭორნაში მოგვხიბლა თუში-ს სახლმა და განსაკუთრებით - ვერანდამ. გაჩნდა იდეა, რომ ერთხელ ერთი ღამე იმ აივანზეც გავათიოთ იმის მიუხედავად, იქნება იქ თუში ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი თუ არა.
ისე, სიტყვამ მოიტანა და როგორც ომალოში გვითხრეს, თურმე ერთხელ თუში-ს მამა წამლისთვის ფეხით ჩამოსულა ალვანში და იმავე დღეს დაბრუნებულა სოფელში. ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ იქაურებისთვის ფეხით სიარული ბევრად უფრო იოლი ცნებაა, ვიდრე - ჩვენთვის - იმათთვის 1 საათის სავალი ჩვენთვის ლამის 3 საათისა იყო. დიკლოდან რომ მოვდიოდით, მესაზღვრეები დაგვემგზავრნენ სოფლამდე. მათ შორის ერთი ადგილობრივიც იყო - 15-16 წლის ბიჭი, შამილ ქორთოშიძის ძმისშვილი (აი, აფხაზეთში რომ ძმა დაეკარგა, იმის შვილი). წყალისთვის გააგზავნეს გზაში და იმხელა აღმართი ჯიხვივით სულ კუნტრუშით აირბინა შეუსვენებლად...

პირველი ორი დღე - დიკლო-შენაქო და გომეწარი მანქანით მოვიარეთ, მესამე დღეს კი პირიქითში ფეხით წავედით. ბედის ირონიაა - ყველაზე კარგი გზა იქ იყო და ჩვენ მაინცდამაინც იქ წავბლაყუნდით ფეხით. კიდევ კარგი, აქეთობას ომალოელმა ნაცნობმა ამოგვიყვანა დართლოდან, თორემ ზოგიერთები დარჩებოდნენ დართლოში. როგორც გითხარით, კახამ იქ თავისი მეგობარი და ნასტუდენტარი ნაცნობი არქეოლოგი ნახა, მერე გობე-ს დაც აღმოვაჩინეთ და ბინა ქე ქონდათ დასარჩენად.
აქედან ასულები ომალოში დავბანაკდით. სამწუხაროდ, სოფელში წყალი არ იყო, მაგრამ იქაური ნაცნობების დახმარებით, ამ პრობლემას მაინც იოლად გავიუკლავდით. შეიძლებოდა სხვა სოფელში დაბანაკებაც - მაგალითად, წყლითა და ტყით მდიდარ ქუმელაურთაში, მაგრამ იქიდან მოძრაობა ძნელია. თან, ომალოში ახლობლები დაგვპატრონდნენ (თუშური გამოთქმაა) და დარჩენა ამიტომ იქ ვარჩიეთ.
პირველი ღამე ზედა ანუ ძველ ომალოში გავათენეთ, კესელოების ძირში. იმ ღამითაც იწვიმა და ცოტა კი შეგვაწუხა, მაგრამ მეორე დღეს უმშვენიერესი დილა გათენდა და ხეობებიდან წამოსულ ნისლს ჩვენებმა ბლომად ფოტოებიც გადაუღეს მთის წვერიდან.
მე ყოველ დილას ადრე მეღვიძებოდა - 6-ზე უკვე ფეხზე ვიყავი. იმ დილითაც რომ ავდექი, მინდოდა, ნატალიას კარავი ერთი კარგად შემეჯანჯღარებინა და შემეშინებინა, მაგრამ 6-ს აკლდა 10 წუთი და შემეცოდა. არადა, საკარავედ გზის პირას შეარჩია ადგილი და ვეხუმრებოდი, ეზოს სიღრმეში დადგი, ღამით ცხენიანმა ჩერქეზმა არ ჩამოგიაროს და არ მოგიტაცოს-მეთქი.
მეორე ღამეს უკვე ბოსელ-ომალოში ჩამოვინაცვლეთ და ჩემი ახლობლების სახლთან დავბანაკდით, იქაური მეტყევეების უფროსის ეზოში. ჩვენდა ბედად, ის კაცი თბილისში დაებარებინათ, სახლში არავინ ცხოვრობდა და რაკი კარგი ეზო ჰქონდა, იქ დავეცით კარვები. ეს იმითაც იყო მოსახერხებელი, რომ იქ კარვებს გაშლილს დავტოვებდით და ყურადღებას მიაქცევდნენ, ბარგს კი მასპინძლებს მივაბარებდით. თან, აქედან კარგი ხედი იშლებოდა - შემაღლებულზე ვიყავით. ეზოს სიახლოვეს სამოკლეო გზა ადიოდა და რომ დავიძინეთ, იმ ბილიკზე რამდენიმე ცხენოსანი ამოჭენდა თქარა-თქურით. მე კი ვიცოდი, იქ გზა რომ იყო, მაგრამ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს ცხენებს პირდაპირ ჩვენსკენ მოაჭენებდნენ. ნატალიას შეეშინდა, არ გადაგვთელონო და უცებ მისი შეშფოთებული ხმა ისმის - ნეტა, კარვებს ხომ შეამჩნევენ? საბოლოოდ გადარჩა გადათელვას.
ნატალიას მესამე კურიოზი ორეთის ტბას უკავშირდება. მაგის ცხენი მე მიმყავდა აღვირით და გზაში ვეხუმრე, დედოფალივით ტახტრევანდით მიგაბრძანებთ-მეთქი. 5 წუთი არ იყო გასული და ნატალიას ფეხზე დიდი ბუზი დააჯდა, რომელიც მწარედ იკბინება. ნატალიამ ფეხის გაქნევით ბუზი ვერ მოიშორა. არადა, იმდენად იყო დაძაბული, ვერც უნაგირის კეხს გაუშვა ხელი და ვერც ის მოიფიქრა, ცხენისთვის გაესვა ფეხი და ასე მოეშორებინა. ჰოდა, ზის ცხენზე და ლამის კივის - მიშველეთ, მომაშორეთ, მიკბინა, ვაი, ვაი!!! აბა-მეთქი, შენ ახლა მართლა დედოფალი ნუ გგონია თავი, ბუზი მაინც მოიშორე შენით-მეთქი. მერე ვახელებდი, მარაოც ხომ არ დაგინიაოთ-მეთქი.
ორიდე კურიოზი თუშებსაც უკავშირდება. დართლოდან რომ ამოვდივართ, იქით მიმავალი ნივა შეგვხვდა. მძღოლები, წესისამებრ, მიესალმნენ ერთმანეთს და უცებ ის ეკითხება ჩვენსას - ნუგზარ, მიდიხარ თუ მოდიხარო. ვითომ ძნელი იყო ამის გამოცნობა.
ერთ საღამოს, როცა კოცონთან ვისხედით, "ჩვენს" ეზოში ნივა ჩამოვიდა. სახლის პატრონი გვეგონა, მაგრამ იმ ჩემი ახლობლების სტუმარი აღმოჩნდა. გადაბარგდნენ მანქანიდან და მძღოლმა გვკითხა, მანქანა აქ ხელს ხომ არ შეგიშლითო. არადა, მართლა არ გვიშლიდა, მაგრამ მძღოლმა რატომღაც ჩათვალა, რომ გვიშლიდა და გვერიდებოდა ამის თქმა. წამოიყვანა ეს მანქანა და ზედ იმ ადგილას დააყენა, სადაც გაზი გვედგა და საიდანაც სახლის აივანზე გავდიოდით. მოკლედ, ყველანაირად რომ გვიშლლიდა, ისეთ ადგილას გადმოაყენა.
დართლოდან მომავლებს ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ნუგზარ იდოიძის მანქანით წამოვედით. ეს კაცი თუშეთის ცოცხალი მემატიანეა და გზაში ბევრი საინტერესო რამეც გვაჩვენა (მანამ მუზეუმში უაღრესად საინტერესო ლექცია წაგვიკითხა თუშეთზე), მაგრამ ერთს გამოვარჩევ - თუშეთის პარლამენტს. ეს ადგილი გიმეწრისა და პირიქითის გამყოფ სერზეა, სადაც ადრეც გამივლია, მაგრამ ჩვეულებრივად. იქაურობა ჩემს ყურადღებას მხოლოდ მთებში ნადირობისას დაღუპულთა ნიშებით თუ იქცევდა, არადა, უმნიშვნელოვანესი ადგილი ყოფილა და თვით ერეკლე მეფეც კი ყოფილა ნამყოფი. თურმე იქ თუშეთის პარლამენტი იკრიბებოდა - 3-3 კაცი ოთხივე ხეობიდან, პირიქითიდან, წოვათიდან, გომეწრიდან და ჩაღმადან.
იმედია, შთაბეჭდილებებს სხვებიც დაწერენ, მე კი გამოცდილების გაზიარებაზე გადავალ.
გამოცდილებამ კი გვაჩვენა, რომ საკუთარი მანქანით წასვლა ბევრად იაფია. როგორც ადრე ვწერდი, ალვანიდან ომალოში ნივით ასვლა 150 ლარი ჯდება, ჩვენ კი ეს თანხა გვეყო თავიდან ბოლომდე. სულ დაგვჭირდა 100 ლიტრა ბენზინი, რამაც თბილისიდან ომალოში აგვიყვანა, ჩამოგვიყვანა და იქ კიდე ორი დღე გვატარა! სულ ეს 5-დღიანი ლაშქრობა თითოს 50 ლარი დაჯგვიჯდა - 30 ლარი ბენზინის ფული და 20 - საჭმელისა. მაგრამ საკვები ბევრი დაგვრჩა -პური და რაღაცები, რაც იმ პირობით მასპინძლებს დავუტოვეთ.
დავრწმუნდი, რომ პირიქითის ნახვა 1 დღეში სისულელეა - ერთი დღე მარტო დართლო-დანო-კვავლოს სჭირდება. ასევე გომეწარშიც ორი დღეა სასურველი, თუმცა შეიძლება ესეც არ გეყოს.
უძირო ტბაზე 3 საათში ავედით, მაგრამ კარგი სიარულით ნაკლები დასჭირდება. საქმე რაში იყო - ქუმელაურთელმა ნაცნობმა ცხენებიც გვათხოვა და თვითონაც გამოგვყვა (უკან დაბრუნებულებს ცხვრის მწვადიც გაგვასინჯა და თუშეთის თემაში ასე ნაქები კოტორიც). ცხენებზე ქალები და კახა შევსვით, რომელსაც წინა დღეს ცოტა ფეხი ეტკინა, მაგრამ იმდენად ციცაბო აღმართები იყო, მაინც დაქვეითდნენ და გარკვეული ნაწილი ფეხით იარეს. ბუნებრივია, ისინი ისე ჩქარა ვერ დადიოდნენ, თორემ ჩემნაირი ბევრად მალე ავიდოდა. საბოლოოდ, ქუმელაურთის აღმართი 1 საათში ავიარეთ, თუმცა ხისოდან თუ ახვალთ, იმ სერზე ასასვლელად ბევრად მოკლე აღმართია. თავად ტბაზე 3 საათში ვიყავით 3 დიდი და რამდენიმე პატარა შესვენებით.
რაც შეეხება უკან დაბრუნებას, ომალოდან უღელტეხილზე 2 საათში ამოვედით, იქიდან ალვანში კი 3 საათში ვიყავით. ცხადია, ესეც შესვენებებით და არა სირბილით.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by kotetbeli » 09 დეკ 2011, 22:10

ეს თემები ღვინოსავითაა: რაც უფრო დაძველდება, მეტად ძვირფასი გახდება, წაიკითხავ - კარგ ხასიათზე დაგაყენებს, ვინმესთან თუ გაიზიარებ - დაგაახლოვებს... :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by LiBrA » 10 დეკ 2011, 01:31

ქეთიი,ეს რა საინტერესო თემა გაგიხსნიაა.
მე მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე და დიდი სიამოვნებითაც ჩავუჯდებიი :)
Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 13 დეკ 2011, 19:38

კოტეტბელსა და ლიბრას დავეთანხმები. ზოგიერთი მონათხრობი სასიამოვნო ღვინოსავითაა.

ახლა რამოდენიმე სიახლეს გაგაცნობთ.

1. ჟიურის წევრთა ვინაობას გაგაცნობთ, თუმცა რამოდენიმე პასუხს კვლავ ველი. ესენი არიან:
ჭუნა
კოტეტბელი
გურული
ქეთი გულიაშვილი


ისე მოხდა, რამოდენიმე ჟიურის წევრის ამავდროულად წარმოდგენილი თემის ავტორიც აღმოჩნდა. ბუნებრივია საკუთარი თემის შესახებ ობიექტური აზრის თქმა გაჭირდებოდა. დიდხანს ვიფიქრეთ. იყო მოსაზრება ჟიურის წევრის ნამუშევარი კონკურსიდან ამოგვეღო, მაგრამ ეს ძალიან დასანანი იქნებოდა. ზოგიერთი კი ამჯობინებდა ჟიურის წევრობაზე ეთქვა უარი რათა მისი ნამუშევარი ყოფილიყო წარმოდგენილი. ეს საკითხი ასე გადაწყდა. ჟIურის წევრი საკუთარ თემას არ შეაფასებს, ასევე არის მოთხოვნა ჟიურის სხვა წევრბმა განსაკუთრებული სიმკაცრით შეაფასოს კოლეგა ჟIურის წევრის თემა.

პირადად პრობლემას ვერ ვხედავ თუკი წარდგენილი თემის ავტორი ჟიურიში იქნება. ჩატსკის სიტყვებით რომ ვთქვათ "მსაჯები ვინღა არიან?" სწორედ ასე თუ გამოჩნდება.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 13 დეკ 2011, 19:50

ასევე გამჭვირვალეობისათვის იმ შეფასების კრიტერიუმებს გაგცნობთრომლითაც ჟიურის წევრები თემების განხილვისას დაეყრდნობიან.


"პატივცემულო ჟიურის წევრებო, იმისათვის რომ მაქსიმალურად ობიექტურად ვიმსაჯულოთ, გთავაზობთ შეფასების კრიტერიუმებს, აქვე ვიტყვი, რომ თითოეული კრიტერიუმი 5 ბალიანი სისტემით უნდა შევაფასოთ:
• შეესაბამება ჟანრს, ანუ არის ლაშქრობის ა ღწერილობა.
• რამდენადაა გახსნილი თემა (მოხსენიებული დეტალები და ფაქტები ნათლად "იხსნება", ავტორი თემიდან თემაზე არ ხტის
• რამდენად ხატოვანია მონათხობი (ვიზუალურად რამდენად წარმოსადგენია რასაც აღწერს).
• რამდენად შიეცავ საჭირო ინფორმაციას რომელიც სხვა მოლაშქრეს გამოადგება ამ მარშრუტით წასვლის შემთხვევაში.
• რამდენად საინტერესოა წასაკითხად.
• შემოქმედებით მიდგომა.

საკონურსო თემა უნდა შეფასდეს როგორც ლიტერატურული კუთხით ასევე ლაშქრობის საინტერესოობისა და სირთულის მხრივაც.

თუ ლიტერეტურულად 2 თემა თანაბარია, მაშინ ლაშქრობის სირთულეს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.

ეს კრიტერიუმები რუსული კონკურსიდან ვისესხე და შემდეგ ერთი კარგი ადამიანი, რომლის აზრსაც ძალიან ვაფასებ, დამეხმარა მათ "გაკარვულებაში".
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 13 დეკ 2011, 19:58

კიდევ ერთი სიახლე

იმის გამო რომ კარავის ოქროს ფონდი იქნება, გადაწყდა მრავალდღიანი ლაშქრობების გარდა ერთღიანი ლაშქრობები, ჩანახატები და ფოტო მონათხრობებიც მივიღოთ საკონკურსოდ.

მოკლედ მიიღება ყვლეაფერი ის რაც ადამიანს ლაშქრობაში წასვლას და ჯანსაღი ცხოვრების წესის წარმართვას მოანდომებს!
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 13 დეკ 2011, 20:19

შეგახსენებთ, საკონკურსო ნაშქრომები მიიღება ამა წლის 31 დეკემბრამდე.

მათი განხილვა მოხდება 15 თებერვლამდე.


მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 15 დეკ 2011, 21:39

ლობო – ორეთზე გათუშმეცხვარებულნი : ) აგვ 30, 2008


მაშ ასე...

ჯერ კიდევ ომამდე მე და ნინ ენდორფინე კახეთის გზას გავუყევით თუშეთისაკენ.. მხიარული პაპუტკის მძღოლები გვყავდა. ალვანში საღამომდე ჩავედით.


აღარც არაფერი მიდიოდა ომალოსკენ. ალვანის ბოლოს რაღაც ფერმებს დავადგით თვალი, საბანაკოდ კარგი უნდა ყოფილიყო, თან წყალიც იქნებოდა და არც გამვლელ გამომვლელი შეგვაწუხებდა.

დავჯექით და დაველოდეთ ამ ფერმის პატრონს..
დავიმეგობრეთ ეს ჩვენი გამოჩენით აღფრთოვანებული ცუგაც.
მერე მოვიდა სხვა – მეზობელი ფერმის პატრონი, მოგვცა გასაღები და წავიდა.
ამ ოთახში უამრავი წიგნი იყო თუშეთზე, თუშურ ტრადიციებსა და მსოფლმხედველობაზეც კი! ჰოდა გავნათლდით!

დიდი ხნის ურყევი ჭეშმარიტებაა რომ მიმართლებს.
მეორე დღეს სოფელში დავბრუნდით. შუა სოფელში რომ მივედით, ჩვენგან ძალიან ახლოს ვერტმფრენის ხმა გავიგეთ. მაგრამ მაღლა არაფერი ჩანდა.. ჰოდა ბაც და შუა ქუჩაში შამილა გამოფრინდა.. ისე მოფრინავდა სახლებს ეფარებოდა.

კამაზიც ვიპოვეთ. დაიწყო პირველი დაძაბულობები და კამაზის თუშეთის სიპებზე დაფლეთილი საბურავების ეჭვისთვალით ათვალ–ჩათვალიერება. დილით ადრევე გავედით ომალოსკენ. ტყეში გავლის დროს ტოტების ასარიდებელი ილეტები დილის ტანვარჯიშად ჩაგვეთვალა.
ვინც ტვირთმზიდის ძარაზე ყოფილა მიხვდება რაზეა საუბარი და იმ ემოციის მუღამს დაუჭერს მანქანა პირველ მოსახვევში რომ შევა და თვითონ თუში მგზავრების დაძაბული შეძახილებს რომ გაიგონებს : კარგიი კაცოო გეყოფა! სადღა მიდის?! / თან კიდევ უფრო რომ ჭიმავს გადასახტომად მომზადებულ კუნთებს/.

მერე სერპანტინები გამოჩნდა ამაზე ლამაზი გზა არსად მინახავს!

მგზავრობისას იმაშიც გაგვიმართლა რომ ერთი თუში გზადაგზა სხვადასხვა სამკურნალო და საჭმელად გამოსადეგ მცენარეებს გვაჩვენებდა და ბოლოს იმ დასკვნამდე მიგვიყვანა რომ მთელი მთა საჭმელად ვარგისია. ცოტაც და მალე არწივებზე და ღრუბლებზე მაღლა აღმოვჩნდით.

კამაზის ძარაზე ჩვენი ტანსაცმელი და თმის ფერი ომალომდე მისვლისას თუშეთის გზის მტვერისგან ისე ერთ ფერზე დაიმტვერა რომ ქამელეონებივით ვიყავით გარემოს შეხამებულები.
თუ მოინდომებდი ჯანჯღარში, მტვერში და მზეში დაძინებაც შეიძლებოდა.
ჰოდა ჩავედით ომალოში.
რადგან ომალოში დარჩენა დიდად არ გვიზიდავდა ომალოს გავლით შენაქოსკენ გადავწყვიტეთ გადასვლა. თან შენაქოში 3 დღიანი დღეობის მეორე დღეს ჩავუსწრბდით საღამოს.

ამასობაში ომალოში აღმოვაჩინეთ რომ სოფელში წყალი დიდი ხანია აღარ მოდის. და მოსახლეობა მხოლოდ 2 მოშორებით მდებარე ჭიდან იღებს წყალს.

შევიარეთ ეკოს სახლში / შარშან სუპი გაგვიცხელეს აქ და/ ცოტა მოვწესრიგდით და შენაქოსაკენ წავედით.

ჰოდა შენაქოში არ ვიყავით ნამყოფები ჯერ. პაპუტკების იმედით საკმაოდ აღმართიან და გრზელ გზიან სერპანტინებს ავუყევით. სულ ტყუილად. მოკლედ საღამოს უკვე სოფელში ვიყავით. არავინ ჩანდა ყველა დღეობაზე იყო.

შესასვლელშივე გახარებულები მივვარდით წყაროს. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს მთაში და თუშეთში წყალი ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა... შენაქოშიც წყალი ცოტა მოდიოდა და ძალიან თბილი იყო.

შენაქოს ბოსლები... აქ ზამთარში ცხოვრობენ, არადა სოფლებზე არანაკლებ მომეწონა.

ერთერთი ასეთი სიპით ნაშენი, თუშური ავეჯითა და ფერადი ნაქარგებით მოწყობილი სახლი ერთი დღით ჩვენი აღმოჩნდა.

მოკლედ წყაროს პირას ვიჯეკით კულტურულად და ფეხებს ვიბანდით, რომ მოულოდნელად შარშანდელი ლაშქრობისას გზაში დამეგობრებული ხვიჩა ბუქვაიზე წამოგვადგა თავს.. ზუსტად ის ადამიანი ვისი ნახვაც თუშეთში ყველაზე მეტად გამიხარდებოდა! ხოდა გაოცებების და გახარებების მერე გვითხრა დღეობაზე რა უნდა მოხდეს ჩხუბისა და დალევის გარდაო და ამიტომ ახალგაზრდები ცალკე აღვნიშნავთ ტყეში და თქვენც იქ წამოდითო.

ხვიჩას მანქანის დანახვაზე კი გამახსენდა ნიკას სიტყვები ვიღაც მანიაკზე რომელიც თუშეთის გზებზე რავ 4ით მოძრაობდა ჯერ კიდევ გზები წესიერად გახსნილი რომ არ იყო მაშინ, მაგრამ საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი რომ ნიკა ხვიჩაზე საუბრობდა როცა საშინელი სისწრაფით რაღაც გორებს და ტყეებს გადავურბინეთ ყოველგვარი გზების და ბილიკების გარეშე და ახალგაზრდების ადგილამდეც მივედით.

მოკლედ იმ საღამოს იმდენი დავლიეთ ფოტოების გადასაღებად ვეღარ მოვიცალეთ მაგრამ სამაგიეროდ თავგადასავალი არ მოგვიკლია. ჯერ იყო და ჩემი გამოჩენით დათო და თამაზი, მერე კი თუშეთში ლაშქრობისას გაცნობილი შენაქოელები გადაირივნენ...

მერე ჩვენ გადავირიეთ დათოს თავგამოდებული მცდელობით დღეობაზე მოსული ერთერთი თუში გოგოს მოსახიბლად რომ სჩადიოდა. სადღაც გაქრებოდა 2 წუთით და უკან ხან უცნაური ტყის ყვავილებით, ხან ძაან გემრიელი მარწყვით, ხან რაღაც სხვა ნაყოფებით ბრუნდებოდა. მოკლედ ცოლად გამომყევიო/ ცოტა მეტი კონდა დალეული/!
ეტყობა განწყობა გადმოგვედო და კითხვა გაგვიჩნდა... აქ ეგრე მარტივად ხდებაო? კიო! მეც მინდა მეთქი! ჰოდა დღეობა გადაიქცა ქორწილისთვის მზადებად. ჩემი მასპინძელი ხვიჩა აქეთ ეცა იქით ეცა და გაიქცა მამაოსთან დასაზუსტებლად. მამაომ შემოგვიტვალა რათქმაუნდა შეიძლებაო, ოღონდ გამოფხიზლდები ჯერო. ხოდა შუალედში სოფელში კაბაც მოვიპოვეთ. ჩვენც ვცადეთ სწორ ხაზზე დგომა, მეჯვარეც მოგვიძებნეს ნინოსთვის. ნუ ჩემ მეჯვარედ ხვიჩა გადავწყვიტეთ. ხოდა ასე ზარ–ზეიმით, ხვიჩას მანქანით / რომელსაც უკან თამაზის ტრაქტორის კუზაოზე შემომსხდარი მაყარი მოყვებოდა/ შევიჭერით დღეობის მონაწილეებში. ეკლესიის ეზოსთან გავჩერდით. მამაოს მოსვლამდე ქალებმა მინდვრის ყვავილებისაგან ლამაზი გვირგვინებიც დაგვიწნეს.

და... მამაომ მშობლების თანხმობაო?! აშკარა იყო, შუაღამისას, ლაშქრობიდან მშობლებს მთვრალები რომ დავურეკავდით და ჯვრარს ვიწერთო ვიტყოდით თვალები შუბლზე აუვიდოდათ!

მოკლედ საბოლოოდ გამოფხიზლება და მესამე ცდაზე დაბორწინება გადავწყვიტეთ /პირველი სიღნაღში გვქონდა, მაგრამ გვითხრეს, რამოდენიმე დღით ადრე უნდა გაგვაფრთხილოთო!

ჩვენი ჯვრისწერა არ შედგა, მაგრამ მამაომ თქვა რადგან მოვემზადეო მაინც დავწერ ვინმეს ჯვარსო და შენაქოში მცხოვრებ 2 ოჯახს / უკვე ბავშვებიც რომ ყავდათ და ჯვარდაუწერლად ცხოვრობდნენ/ დასწერა ჯვარი.

ასე რომ რაღაც შედეგი მაინც გამოიღო ჩვენმა მცდელობამ.

მოკლედ ქორწილი არა, მაგრამ მხიარული ისტორია დარჩა და კიდევ აუცილებლად შენაქოში დავიწერთ ჯვარს მე და ნინო როგორც კი მომზადებულებს მოგვეცემა თუშეთში ასვლის შანსი.

ფქვილი აქა, ფქვილი იქა!

და მეორე დგეც დამთავრდა.

Last edited by Ketevan Guliashvili on 04 თებ 2012, 13:38, edited 2 times in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 15 დეკ 2011, 21:40

ლობო – ორეთზე გათუშმეცხვარებულნი : ) აგვ 30, 2008

ჰოდა გავაგრდელებ : ) კიარადა დილით ვიგრძენი რომ ლაშქრობისას ჩემი ოქროს წესი დავარღვიე და საშინელ პახმელიაზე ვიკავი. ზურგჩანთა რომ ტვირთად იქცევა ისეთზე.

ერთადერთი ეს გარემო – ძველი თუშური სახლი – მოქმედებდა დადებითად.. არადა წინ დიკლო და დართლო იყო გზად.

გზა დიკლოსკენ

სოფლამდე კი მოვაღწე მაგრამ თურმე კიდევ მელოდებოდა სიურპრიზი.
დიკლოს შესასვლელში ვიღაც წამოგვეწია ცხენით. აქ რა გინდათ დიკლოში სანახავი არაფერი არისო! ვუთხარით რომ გავლით ვიყავით. მეცო, ისე კი ჩეჩნეთიდან ვარო, ქართულად გვითხრა. ჩვენ ვიფიქრეთ ეუფ! და გადმოსასვლელი გზების გამოკითხვა დავიწყეთ. მოკლედ მაიცათო მაგდენი კართული არ ვიციო, ვიზა გავაკეთებინე და თვითმფრინავით ვარ ტურისტულად ჩამოფრენილიო. სავარაუდოდ დიკლოელ კისტებთან იყო სტუმრად. ჩავიდა სოფელში ცხენს წყალი დაალევინა და წავიდა.
წყლის დასალევად მეც ჩავედი და ვეღარ ამოვედი.

ბავშვები ცნობისმოყვარედ მიყურებდნენ როცა ვსვამდი, წყალი მეც ძალიან ჭუჭყიანი მომეჩვენა. იმედიანი სახით ვკითხე მაინც - ეს წყალი ისმევა? nonono მომლოდინე ღიმილით მითხრეს ბავშვებმა და ...

/ თუ ომალოში წყალი სულ არ იყო, შენაქოში ცოტა და თბილი იყო, დიკლოში მხოლოდ საქონლისათვის გამოსადეგი წყალი მოდიოდა. ჩემდა გასაოცად მთის სოფლებს წყაროები უჭირს თუშეთში!/

ხოდა ამ წამიდან ისე მოვიწამლე ჩემ სიარულს სიარული აღარ ერქვა. საცოდავად მივფოფხავდი წინ საკმაოდ მოზრდილ მთაზე... ჩიღოსკენ და მერე დართლოსკენ გადასვლა უნდა მოგვესწრო .

ჰოდა როგორც იქნა ჩიღოსაკენ მიმავალ ბილიკს ავუყევით. ასე მოწამლული და პაჰმელიაზე მყოფი ნახევარდღიანი ტანჯვის მერე ქედის თავზეც აღმოვჩნდი. ქედზე გზა სწორდებოდა და რაღაც მანძილი მწყემსის სახლამდე სწრაფად გავიარეთ.. სახლთან კი ცოტა რთული მონაკვეთი იწყება ბილიკზე..

მთავარი ბილიკი მწყემსის საცხოვრებლისაკენ მიდის. ძაღლების გამო შესვლა ცოტა სარისკოა. ჩიღოსკენ მიმავალი ბილიკი ამ ადგილზე იკარგება და სადღაც 100 მეტრიანი მონაკვეთი ბილიკის გარეშეა გასავლელი.

ნუ რადგან ეს მონაკვეტი არ ჩანს ბინაზე მისვლა მოგვიწია. მეცხვარემ დაგვაკვალიანა ჩიღოსკენ დაბლა ბილიკი რომ ჩანს იმას ჩაუყევითო... ბილიკი საეჭვოდ დაბლა ეშვებოდა. გაგვიკვირდა მაგრად, ძლივს ამოვედით დაბლა რატომ ჩავუყვეთო?! მაგრამ მეცხვარე დაჟინებით მიგვითითებდა. ჰოდა ვიფიკრეთ ალბათ გვერდით გადაუხვევს სადმე ქედზეო.. მწყემსს როგორ არ დავუჯერებდით.

მალე მივხვხვდით რომ ბილიკი ისევ იმავე ქედის ძირსჰი ჩაგვიყვანდა. სხვა რა გზა იყო თაივდან ქედზე ასვლის დაწყებას, მწყემსისგან "ალპინისტური ხუმრობით" გასულელებულები, უკან დიკლო შენაქოს გზაზე დავეშვით. გამახსენდა რომ კიდევ ერთი ოქროს წესი დავარღვიე – მწყემსებს არ ენდო!

დიკლო

ხოდა ისევ ხვიჩასთან დავბრუნდით. მწვადი ვჭამეთ და იმავე გზით დავეშვით ომალოსკენ.. უკვე ომალოს ვუახლოვდებოდით, რომ ერთი თუში ბიჭი შეგვხვდა ჭალადან. ზურგჩანთების ცხენით წამოგიღება შემოგვთავაზა. თავიდან ვიუარეთ, ცოტაღა რჩებოდა ომალომდე. იმან მკაცრად არ მიიღო ჩვენი უარი, ჩემი ადათი არაა სხვანაირად მოვიქცეო. ჩამოხტა დააწყო ზურგჩანთები ცხენზე და ერთად გავაგრძელეთ გზა. თან თუშურ ტრადიციებსაც გვიხსნიდა შულტასთან დაკავშირებით.

აქაც ვიტყვი რაც გავიგე. შულტა – დღეობაზე სოფლის მასპინდელი ოჯახი ან ოჯახებია. შეიძლება უბრალოდ კენჭისყრით აირჩიონ შეიძლება იყოს წესი რომ ყველაზე ახალდაქორწინებული წყვილია შულტა – ეს შედარებით ახალია და დართლოში აღმოჩნდა ასე. შეიძლება შულტა ის იყოს ვინც ყველაზე დიდი ხანია არ ყოფილა. მოკლედ სოფლების მიხედვით წესი განსხვავებულია, მაგრამ შულტა ყველგან ჰყავთ.

ჰოდა მივედით ომალოში და აქ უკვე ბიო ჰაზარდი და ინი ჩამოვიდნენ და ერთად აღმოვჩნდით ეკოს სახლში სუფრაზე. მოკლედ თუშური საჭმელის გასინჯვის იმედით არც ერთ მიპატიჟებაზე გვითქვამს უარი. ამის გამო მაძღრები ზოგჯერ კიდევ თავიდან ვჭამდით და ჩვენი საჭმელი დიდად არ გამოგვადგა. მაგრამ უშედეგოდ, თუშური განსაკუთრებული ვერაფერი გავსინჯეთ. საბოლოოდ ხვიჩას ნათესავის ეზოში მივბანაკდით.

დღე შემდეგი – დართლო

ზემო ომალო
წყალი არც აქ იყო. ამიტომ თუშეთობისათვის სოფლის მომამზადებლებს გამოვართვით ცოტა.

გზაზე სამი ადამაინი შეგვხვდა ომალოსათვის წყალს აკეთებდნენ.. მთელი თვე ომალო წყლის გარეშე იყო და ცოტაა დავიბენი რატომ ერჩივნა ხალხს სოფელში წვალება იქ ერთხელ მობილიზებას სადაც წყალი იყო დაზიანებული. მომეჩვენა რომ სამზე მეტი უფრო სწრაფად მოაგვარებდა ამ ყველაფერს.

ჰოდა გომეწრისა და პირიქითას გასაყარზე გზად მიმავალმა მანქანამ თითქმის დართლომდე გაგვიყოლა. გამოჩნდა ჩიღოც – სოფელი სადაც ვერ მოვახერხეთ გადასვლა. განსაკუთრებული არაფერია მგონი.

გზას ვაგრძელებთ. მთებზე შეფენილი ეს ნასოფლარები მომწონს ნამეტნავად. მდინარე ჩანს, თითქოს ერთი სკუპ და იქ ხარ, რაღა თითქოს.

დართლოს ფოტო გადავიღე იმ ადგილიდან სადაც ლეგენდის მიხედვით სოფლის განძია დამალული. განძი არ ვიცი და ადგილი უძვირფასესია!

თოვლი და ნაზვავარიც ჯერ კიდევ იყო დართლოში.

დართლოიც ჩავედით. ბავშვები ცხენებს დოღისათვის ამზადებდნენ. ცხენი ბავშვით უკეთ დარბისო, ჰოდა დოღზეც ბავშვები იქნებოდნენ.

სეირნობისას ერთი დართლოლი კაცი – ბესო შეგვხვდა. 56 წელია აქ არ ამოვსულვარ და წელს შვილიშვილებთან ერთად ამოვედი რამოდენიმე კვირითო.

გეშიებათო, ხოდა სახლში შეგვიპატიჟა. თუშური სახლის და საჭმლის მუღამით შევყევით. საჭმელი არა და ძველი ისტორიები კი მოვისმინეთ.

ადრე დართლოში ასეთი დაბალი შენობი ნაკლებად ყოფილა. ძირითადად კოშკები იყო თურმე, მერე დაუშლიათ და იმ ტიპის სახლები აუგიათ რაც ფოტოებზეა. კოშკების მსგავსად სახლებიც 2 ან 3 სართულიანი სცოდნიათ. მაგრამ მთის მეორე ფერდობიდან ზვავი რომ ჩამოვიდოდა ზვავის წინა ჰაერის ტალღა ხან სოფლამდეც ამოდიოდაო და ისე არტყამდა შენობებს რომ მაღალი სახლები იბზარებოდა ან ინგრეოდაო, ამიტომ მოუშლიათ ზედა სართულები.

ამის გარდა ტყეც მეტი ყოფილა და ისიც ზვავს ჩამოუტანია.

კილევ ლეკიანობა და მტრების შემოსევები გაიხსენა. ხოდა აწიოკებდნენ თუშებსო, დართლომდე იშვიათად ჩამოდიოდნენო, უფრო დიკლო შენაქოში და პირიქითშიო, ხეობის სიღრმეში კიდევ ჩეჩნებიო. თან ისიც გაიხსენა ამ სოფელს ამდენი მეომარი გამოჰყავდა იმას იმდნიო. მეც ვკითხე, კი მაგრამ თავს არ იცავდნენ მეთქი? ან თავდაცვის მიზნით ესენიც არ აწიოკებდნენ მეთქი? და არალ თუშები უფრო ფშავლებს და ხევსურებს აწიოკებდნენო. რაღაცით გამოჩნდა აქაც ქართული ბუნება.

კიდევ ის გვიამბო გასული საუკუნის დასაწყისში დართლოსთან დაბანაკებული რუსები როგორ ესროდნენ მაღლა მთაზე იადგარის ხატს ყუმბარებს და ვერც ერთი მოარტყეს.

კილევ ნეტაი თქვენო, დადიხართო რამდენს ნახულობთო მაგრამ რამდენს ვერაო.

მაგალითად მაღლა მთებზე რომ გადახვიდეთო ქვებზე ისეთი ლექსებია ამოკაწრული ჭკუიდან შეიშლებითო.

უბრალო მწყემსის დაწერილია, რომ არავინ ყავდა გვერდით ქვებზე კაწრავდა სიტყვებსო. ცუდია რომ თქვენით ვერ მიაგებთო და მე კიდევ მაგდენს ვეღარ ვივლიო. საუკთესო მწერლების დაწერილს თუ არ აჯობებს ეს ქვაზე ამოკაწრულები და არც ჩამოუვარდებაო.

მომინდა ამ ქვების მოძებნა.

ხო, ადრე დართლოში უცხო კაცს არ გაატარებდნენო. არათუ სხვა კუთხიდან, მეზობელი სოფელიდნ მოსულს დართლოს მიწაზ ფეხის დადგმა რომ ეკადრებინა სოფლისათვის ნამეტნავად სცემდნენ და ისე გაუშვებდნენო. მიტომ დართლოს ხიდზე არავინ გადმოდიოდაო. მეზობელი სოფლის მაცხოვრებლებს ხეობაში რომ შედიოდნენ მოშორებით საკმაოდ რთულ ადგილას სხვა ხდის გაკეთება მოუხდათ და ამით გადადიოდნენო.

ესეც ხასიათის კიდევ ერთი ნაწილი; )

ბესოსთან დავლიეთ ცოტა და ისევ დართლოს ქუჩებში გამოვედით, აქ ის ადგილობრივი სამართლის წესებზე მოგვიყვა, თან მეზობლის სახლიდან გარმონის ხმა და თუშური მელოდიები ისმოდა განუწყვეტლივ.

ბოდიალის დროს უცებ ვიღაც ბიჭი მოვიდა და მეუბნება, შენ შარშან ღამე აბანოსთან ხიდზე რომ შეგხვდი ის არ ხარო? მე ვეღარაფრით ვიცნობდი. აბანოსთან ბოდიალის შარშადელი მგზავრობისას ჩვენი პირველი შემხვედრების შიო პაპას შვილიშვილი ბადრი იყო. იმ ღამეს მე და ბიო ჰაზარდი ბედად მეცხვარის საჭმელბით რომ დაგვაპურეს.

ხოდა შეგვიპატიჟა ბადრიმაც და ისევ ისევ თუშური საჭმელების იმედით შევედით უკვე კარგად ნაჭამები.

ბადრი არანაკლებ საინტერესო ისტორიებს გვიყვებოდა.. დიდი ბაბუა ჯარჯი ყოფილა.. ჯარჯიმ ჩაჰედა ჯიხვებსაო აი, ეგ ჯარჯი.. მოხერხებული მატყუარა ყოფილა ლექსებს მიღმა.

წვერს მოუშვებდაო და ხევსურეთში გადადიოდა ვითომ მღვდელი ვარო.. რაგაცეებს ლოცულობდაო რიტუალებს ატარებდა ნათლობას თუ ზიარებასო . ერთ დღესაც ცენტრიდან ხევსურეთსჰი ნამდვილი მღვდელი გაუგზავნიათ.. ხოდა მისულა მაშინ როცა ჯარჯი სოფელში ლოცულობდა.. მიხვედრილა ჯარჯი რომ მიუხვდებოდა ის მღვდელი ტყუილს.. ჰოდა შეუთავაზებია 2 კილო ოქრო მაქვს არ გამცე და შუაზე გავიყოთო.. მღვდელი დათანხმდა მაგრამ ჯარჯის დრო მოუგია და გამოპარულა ხევსურეთიდან. ცოტა ხანში ხევსურებს თვითონ გაუგდიათ ის მღვდელი უკან და ისევ ჯარჯი მოუთხოვიათ იმიტომ რომ შენი მირონი ნაკლებ ხანს მოქმედებსო და ჯარჯი მღვდელის კიდევ დიდხანს ძლებდაო.. სად ქონდა ჯარჯის ნამდვილი ზეთები საცხებად და კუპრს თუ რაღაცას იყენებდა თურმე. შესაბამისად უფრო დიდხანს ძლებდა ჯარჯის მირონი.

წამოსვლისას ბიო ჰაზარდი და ინიც შემოგვიერთდნენ, თვალი გადაავლეს დართლოს და უკან ომალოსკენ წამოვედით. ამჯერად ნივებმა გამოგვიყოლეს.

კიდევ ერთი ისტორია იყო საინტერესო.. ბადრის დიდი ბაბუა (ოღონდ აღარ მახომს იგივე თუ სხვა) შამილის დატყვევებაშიც იღებდა მონაწილეობასო.. როდესაც დატყვევებული გამოყავდატ პირობის თანახმად ხელი არავის უნდა ეხლო მისთვის.. მოულოდნელად ფეხი დასცდენია კლდეზე და ბაბუამისს ხელი მიუშველებია.. შეურაწყოფილ შამილს სილა გაურტყამს..

მოგვიანებით შამილს უთხოვია ნება მომეცით ერთი ადამაინი დავაჯილდოვოო და ბადრის ბაბუისთვის ჯილდო მიუცია როგორც პირველ ქრისტიანს რომელიც მას ხელით შეეხო.


Last edited by Ketevan Guliashvili on 04 თებ 2012, 13:39, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 15 დეკ 2011, 21:40

ლობო – ორეთზე გათუშმეცხვარებულნი : ) აგვ 30, 2008

გვარების ისტორიაც საინტერესო იყო..

ბადრიმ ლეკაიძეები წარმოშობით ხევსურეთიდან ვართო.. ბესომაც ოდესღაც ბარიდან ამოვედიო.. ციხისთავები ყოფილან.. იქვე მცხოვრები სხვა გვარებიც სხვადასხვა კუთხეებიდან არიანო წარმოშობით. რამდენიმეზე გვითხეს.

თან ოდესღაც ჩემი თანამშრომლის მოყოლილი გამახსენდა რომელიც თუშურ ფოლკლორს და მითებს სწავლობდა თუშეთი ამგვარად გახდა დასახლებულიო დღევანდელი შემადგენლობით.. ძირითადად თემიდან განკვეთილი და გამოქცეული ადამაინები აფარებდნენ ამ მთებს თავს უმკაცრესი ბუნებრივი პირობების გამო.. აქ ისინი ყველაზე დაცულები იყვნენ საფრთხისგან რაც გადაადგილებას აიძულებდათ..

არვიცი რამდენად ზუსტია თუშეთის ჩამოყალიბების ისტორია განსხვავდება თუ არა რეალურად სხვა კუთხეებისგან მაგრამ ფაქტია ყველა ისტორია რაც გვარებთან დაკავშირებით მომიყვა ვინმე სხვა კუთხეებიდან გადმოსვლას უკავშირდებოდა.
ჰოდა ჩამოვედით ომალოსკენ..

კესელოებში გვინდოდა შესვლა თუმცა არანაირმა მარტო ერთი თვალით ვნახავთ ან მარტო თავს შემოვყოფთ და გავალთ.. ან ამ უცხოელებს შემოვყვებით და ვითომ აქ არ ვართმა არ გაჭრა. ბოლოს დაიკეტა მუზეუმი და დავეშვით ომალოში..

4ივე გავედით ერთად მაგრამ გზა არცერთმა ვიცოდით.. ომალოდან დაგვანახეს ბილიკი და ავუყევით ზევით
.
მოკლედ ორეთის ტბამ ყველანაირად გაგვიმართლა იმედები.. ჯერ იყო და საკმაოდ ლამაზ ტყში ვკრეფდიტ სიმაღლეს მერე არანაკლებ ლამაზ მდელოებზე და მეცჰჰერ ტყეებზე ამოვყავით თავი.. გზა ტყეში კარგად ჩანს და არსად იყოფა აი მერე კი ცოტა ყოყმანი გვიწევდა და ვარაუდით სიარული სად შეიძლება ტბისთვის უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო არსებობა. ნუ საბედნიეროდ არსად შევცდით.

გავიარეთ ერთი ბინა მეცხვარეების და საკმაოდ უცნაურ მინდორზე აღმოვჩნდით უამრავი ცაკლკეული ფიჭვით. ვერ მივხვდი მეცხვარეების ნახელავი იყო თუ მეხის.. ისე ლამაზი კი იყო.

გზადაგზა ულამაზესი ხედები იყო გახსნილი.. როცა დაბლა სოფლებში მოგზაურობ ან პირიქითის ხეობას მივუყვებოდით ნაკლებად ხედავ გარემოს მთელი თავისი სილამაზით მიუხედავად იმისა რომ ძაან ლამაზია!!! ორეთიდან მთელი თუშეთი იყო ჩვენს თვალწინ და არამარტო. ძაან ლამაზი სანახაობა იყო თან ამინდი იყო გამჭვირვალე და მზისჩასვლაც :wub:

ამ ადგილს რომ გავცდით ბილიკი ნაკლებად ეტყობოდა და მეცხვარეების 2 ბინისკენ მიდიოდა მარჯვნივ და მარცხნივ.. არადა ჩვენ მიგვასწავლეს მეცხვარეების ბინისკენო.

მოკლედ ინტუიცია გვეყო და მარცხნივ წავედით.

მარცხნივ კი წავედით მაგრამ ცხვარი შემოგვხვდა და ცოტა ხანი ამ ალმასასთან ვარკვევდით ურთიერთობას სანამ მწყემსმა არ გაიღვიძა და დინჯად არ ჩადგა ჩვენს შორის.

მერე სხვა მწყემსმა აგვიხსნა თუში მეცხვარეები ძაღლი ადამაინზე რომ იწევს სპეციალურად არ უბრაზდებიან რაც გინდა იყოსო.. ამბობენ ძაღლი გაავდესო. არადა რა გაავდეს გჭამსო.
Last edited by Ketevan Guliashvili on 04 თებ 2012, 13:44, edited 4 times in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 15 დეკ 2011, 21:41

ლობო – ორეთზე გათუშმეცხვარებულნი : ) აგვ 30, 2008
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]