Post
by Ketevan Guliashvili » 09 დეკ 2011, 20:35
გურული – ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია.. 2008 წელი
ეს წუთია, დავბრუნდით მთა-თუშეთიდან, სადაც 4 დაუვიწყარი დღე გავატარეთ. ამ ლაშქრობას ლომს ვუძღვნით, რომელის წინაშეც სინდისი მქენჯნის. გაისად თუ დააპირებს წასვლას, დიდი სიამოვნებით ვუმეგზურებ. მით უფრო, წლეულს თითქმის ყველაფერი ვნახე, რაც ადრე არ მენახა და ბერვრად მეტი გამოცდილება მივიღე.
ლაშქრობამ ძალიან კარგად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა, თუმცა ბოლო დღეს მოსულმა წვიმამ მარშრუტში კორექტივები მაინც შეგვატანინა - წოვათაში ვერ წავედით ანუ ვერც გომეწრის ხეობა ვნახეთ. ბოლო დღეს მხოლოდ მისი ნაწილი მოვიარეთ - დოჭუ ვინახულეთ. თუშეთში მეხუთედ, წლეულს კი მეორედ გახლდით, მაგრამ ვაღიარებ, რომ შემოდგომის თუშეთი სულ სხვაა. ეს იმდენად კარგი რამ იყო, რომ ვთქვი, ამიერიდან თუშეთის ნახვაზე ზაფხულში აღარ მოვცდები, სულ ასე შემოდგომაზე ვივლი-მეთქი.
არაჩვეულებრივი იყო იქაურობა თავისი მრავალფეროვნებით - მწვანე თუ ყვითელი ფერებით, წითლად მოღუზღუზე ცირცელებით, მოწითალო-მოყავისფროდ შეფერილი მოცვის ფერდობებით და დათოვლილი მთებით. ბუნებამ თითქოს საგანგებოდ იზრუნა ჩვენზე და ბოლო დღის წვიმამ, წოვათის გამოტოვების მიუხედავად, სხვა სიკეთეც მოიტანა - ცაზე ღრუბლები, როგორც დიდი ადმინი გვალვა იტყოდა, ფოტოგრაფების დაკვეთით ირეოდნენ, ხოლო დაღესტნის შორეული მთები დათოვა და ეს ყველაფერი დამატებით სიჭრელეს სძენდა ისედაც აჭრელებულ აქაურ მთებს. ეს ისეთი სანახაობა იყო, თვალს ვერ ვაშორებდით.
ბუნებამ ხომ საგანგებოდ იზრუნა და ულამაზესი ფერები დაგვახვედრა, მაგრამ ეს ლაშქრობა სახალისო ეპიზოდებითაც გამორჩეული გამოდგა. რამდენი კურიოზი იყო აქ პირველი დღიდან მოყოლებული: ადმინის ძილში ამოძახილი - "ვერ დავეტევით" და სრულიად სწორ გზაზე მის მიერვე გაკეთებული აკრობატული ნახტომები თემისთვის "კარაველები ნახტომში" ესენი არც მერე დაუკლია. განსაკუთრებით - კახეთში ჩამოსულს და ბოლო სულაც თბილისში, მოსკოვის გამზირზე შეასრულა; გზის დაბნევა უკუნეთ წყვდიადში, როცა ჭეშოს გადასახვევს გავცდით, მერე ვერც ფარსმისა შევამჩნიეთ და საბოლოოდ მწყემსების კარავს ისეთ ადგილას მივადექით, იქ მანქანამ ბოლოს როდის გაიარა, თავადაც არ იციან; მაგრამ მთავარი კურიოზი მაინც ლამას მიერ სამაშველო სამსახურის გამოძახება იყო. ლამა, ძმაო, ძმობაში და კარაველობაში უნდა მაპატიო - სხვა გზა არა გაქვს. ამ ეპიზოდზე უფრო დაწვრილებით მერე ვილაპარაკებ.
ამ გასვლისას მოვიარეთ დიკლო, შენაქო, ომალო, კესელოები, დართლო, დანო, კვავლო, ჭეშო, ფარსმა, გირევი და დოჭუ, ომალოში კი ლამის 2-3 საათი ვუსმენდით ნუგზარ იდოიძის ლექციას. კარავში მხოლოდ პირველი ღამე გავათენეთ, თითო დღე კი ჭეშოსა და ომალოში სასტუმროებში გავჩერდით. ჭეშოში იმდენად გვიან მივედით, კარვების გაშლა კი არა, სოფელს ძლივს მივაგენით, ომალოში კი შევატყვეთ, წვიმას აპირებდა და მაინც ასე ვარჩიეთ. კიდევ კარგი, თორემ ღამე ისეთი თავსხმა იყო, წაგვლეკავდა და წაგვიღებდა ანდის-ყოისუ.
არ ვიცი, დროის ასეთ მცირე მონაკვეთში სხვა თუ შეძლებდა ამდენის მოვლას. სამწუხაროდ, გირევთან მდებარე ნასოფლარების - ჰეღოსა და დაქიურთის ნანგრევებში ვერ ვიბოდიალე, მაგრამ სამომავლოდაც ხომ უნდა დავიტოვო რაღაც. არც დიკლოს ძველ ნაციხარზე გავსულვართ, რადგან თანამგზავრებმა დიკლოს ულამაზეს ტყეში გასეირნება ამჯობინეს და ისე შორიდან გავხედეთ ლეკთა სოფლებს - შეროსა და ინცუხს.
გემრიელი ლუკმა ბოლოსთვისო, მაგრამ არ ვიცი, როგორ შევაქო ჩვენი მძღოლი - გირა და მისი ტანკი, რომლებმაც ჯერ საშინელი გზები უშიშრად გვატარეს, ბოლოს ზედ ლაროვანის ტბაზე მიგვიყვანეს. დროა, გირა ოფროუდერებმა თავიანთ უპირობო ლიდერად აღიარონ.
აქვე ის ხალხიც უნდა ვახსენო, ის თუშები, რომლებმაც ეს ლაშქრობა გაგვილამაზეს. იდოიძეზე არაფერს ვამბობ, რადგან ეს ისედაც იგულისხმება. ომალოში ნინო და თემურ არშაულიძეებმა გაგვიღეს სახლის კარი, რომლებსაც ისედაც კარგად ვიცნობდი, ჭეშოში კი ჩვენი სიმპათიები კატო აბალოიძე-მურთაზაშვილმა დაიმსახურა. მას არ ვიცნობდი და ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორც თუშების სახე ჩამომიყალიბდა - ხელგაშლილი და გულღია მასპინძელი, რომელიც ღამე გავაღვიძეთ, მაგრამ მაინც ისე სიცილი-ღიმილით შეგვხდა, თითქოს დიდი ხნის უნახავი ნათესავები ვესტუმრეთ. პრინციპში, ეს უკვე აღარ მიკვირს და არც სიურპრიზია, მაგრამ მაინც იმდენად კარგი რამეა, რაც ისევ მიბიძგებს თუშეთში წასვლის, იქაურობის და იქაურების ნახვის სურვილს. აი, ასეთი ბუნების და ასეთი ხალხის გამო მიყვარს თუშეთი.
ახლა, რაკი ადმინმა ნება დამრთო, მოვყვები პირველი ღამის ამბებს, რომელსაც ასეც შეიძლება დავარქვათ - პირველი ღამის ვნებანი.
...დავბანაკდით იმ მართლაც მშვენიერ ადგილას, თუმცა მე მაშინვე მეორე მხარეს, მეძროხეებისკენ წავედი, აქ სალოცავი ან ამგვარი რამე ხომ არაა, კარვების დადგმა და ქალების სიარული თუ შეიძლება-მეთქი. მანდ მხოლოდ სასაფლაოა და შეგიძლიათ დაბანაკებაო, დაგვრთეს ნება.
ამასობაში ამათ მანქანის საბარგულიც გამოეცარიელებინათ და კარვების გაშლასაც შევუდექით. GIRA თავის ერთკაციანთან ჩალიჩობდა, მე GOGONA-ს სამკაციანის გაშლაში ვეხმარებოდი, სადაც ქალებს უნდა დაეძინათ, Gvalva და მაიკო კი ჩემთვის განკუთვნილ ადმინის 1-იანს შლიდნენ. შიგადაშიგ ქალები იმაზე ბჭობდნენ, დაეტეოდნენ თუ არა იმ დიდ კარავში. დაიმახსოვრეთ ეს მომენტი - მოგვიანებით ის ცარიელი თოფივით გაისვრის, როცა ადმინი კოცონთან პარალონს გაშლის და მიწვება. თუმცა Gvalva და მისი კარავი მანამდეც მოექცნენ ყურადღების ცენტრში, რადგან... კარავის გასაშლელი ჯოხი გატყდა. ერთი ჯოხი ისედაც დაწებებული იყო და მისი გატეხვა არ გაგვკვირვებია, მაგრამ მეორე, მთელიც რომ გატყდა!!! მოკლედ, გაჩნდა იმის საშიშროება, რომ უკარვოდ ვრჩებოდი - GIRA თავის კარავშიც ვერ ეტეოდა და საქმე იქამდეც მივიდა, ადმინმა ასწავლა, პერპენდიკულარულად დაწექიო, მეორეში კი ქალები იწვნენ. არადა, იქ ადგილი კი იყო და სწორედ მაშინ, როცა სამ ქალთან ერთად ძილის საშუალება დამემუქრა, ხუმრობის ხასიათზე დავდექი - გურული ვარ, ნუ გამამტყუნებთ, მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. ეს რომ არა, რა მაცინებდა, მაგრამ მაშინვე ლომს დავურეკე და ორივემ გულიანად ვიცინეთ ჩემს მოსალოდნელ "საფრთხეზე". ლომი აქედან მამხნევებდა, მშვენიერი პერსპექტივააო, ხოლო ვიდრე GIRA გატეხილ ჯოხებს როგორღაც შეაკოწიწებდა, მე ახალი იდეა წამოვაყენე - ამდენ წვალებას, დავრეკოთ კარავზე და ახალს მოგვაწვდიან-მეთქი... და აი, სწორედ მაშინ წამომიტივტივდა გონებაში ლამას სახე. იდეა სხვებსაც გავანდე, იმათაც მოეწონათ და სანამ დავრეკავდი, ბევრიც ვიცინეთ, მაგრამ წინააღმდეგობების გაჩნდა - რა უნდა უთხრა ასეთი, რით დააჯერებო... მე ვუთხარიმ პაატა ვარდანაული თუ შატილიდან ურეკავს, მე ომალოდან ვერ დავურეკო-მეთქი და ავკრიფე ნომერი. ოღონდ ცოტა მოშორებით მივდექი, ხეების უკან, ამათი სახეები რომ არ დამენახა, თორემ ვიცოდი, სიცილს ვერ შევიკავებდი. მით უფრო, სულს ისეც ძლივს ვითქვამდი. ბოლოს, როგორც იყო, სახე დავაწყვე, ხმა დავისერიოზულე და ლამას ნომერი ავკრიფე, რასაც ასეთი დიალოგი მოჰყვა:
- ლამა, გამარჯობა, გურული ვარ.
- ოოო, გურულს გაუმარჯოს. როგორ ხარ? - სიცილნარევი ხმით ომახიანად მომესალმა ლამა.
- ძალიან ცუდად ვართ. კარვის ჯოხები გაგვიტყდა ყველაზე დიდ - სამკაციან კარავზე. თან, სადღაც ტყეში ვართ, სოფლებიდან ძაან შორს, ვერც ჩასვლას ვასწრებთ. არადა, მთები დათოვლილია და საშინლად ყინავს. სამი კაცი უკარვოდ ვრჩებით.
- მე რით შემიძლია დახმარება - რა გაგიკეთოთ? - ლამას ზუსტად ისეთივე ხმა გაუხდა, როგორიც ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგვისას ჰქონდა.
- არ ვიცი, რით შეგიძლია დახმარება... იქნებ სამაშველო სამსახურში დარეკო და უთხრა, დაგვეხმარონ. ომალოს გადაღმა ვართ, მირგველაში.
- სადა ხართ?
- მირგველაში. უფრო ზევით, ტყეში.
- მირგვეში?
- მირგველაში, მაგრამ შეეშვი მაგას, ომალო უთხარი, იმის გადაღმა არიან-თქო...
ამ საუბრისას სამჯერ მაინც ამიტყდა სიცილი და მის დასაფარავად ხველა ავტეხე. თან, ვეუბნები, აუ, გავცივდი ამის დედაც, საშინლად ყინავს-მეთქი.
გავთიშე მობილური და მეც სხვებს შევუერთდი, რომლებიც უკვე ფართხალებენ სიცილისგან. 5 წუთიც არაა გასული და მირეკავს ტელეფონი. დავხედე - ქალაქის უცხო ნომერია, მაგრამ ავიღე და ქალი მეკითხება - ბატონი ირაკლი ბრძანდებით? ამაზე კიდევ უფრო დავიბენი - ვის გავახსენდი საბატონედ ამ შუა თუშეთში-მეთქი. ქალი მეუბნება, სამაშველო სამსახურიდან ვართ, თქვენმა მეგობარმა დაგვირეკა, სად ხართ და რა გიჭირთო... ჯერ ვერ გავიაზრე, რას მეუბნებოდა. სამაშველო სამსახური რომ ახსენა, ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი, მაგრამ დანარჩენიც რომ მიაყოლა, მერე კი ამიტყდა გიჟივით სიცილი. თან, ვუბოდიშებ იმ ქალს, მეგობარს ვეხუმრეთ, არ ვიცოდით, მართლა თუ დარეკავდა-თქო. იმ ქალმაც გვარიანად იცინა.
სანამ ჩვენც სიცილი-ხარხარში ვართ, უკვე ლამა მირეკავს. როგორ გინდა, აიღო მისი ტელეფონი - შანსი არაა, სერიოზული ხმით ველაპარაკო, მაინც გამეცინება, ან რა უნდა ვუთხრა... ამათ, მიდი, კიდევ გააგრძელე ხუმრობაო, მაგრამ ლამა ხომ კარავის 6-ზის იეტია და მთლად ასე ვერ გავიმეტე. ვუთხარი, მაშველებმა კი დამირეკეს, მაგრამ აღარ დაგვჭირდა, რადგან, შემთხვევით, ადგილობრივებმა გვნახეს და კარავიც იმათ გვიშოვეს-მეთქი.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ რაც მე მაშინ ვიცინე... სიცილი აღარ შემეძლო უკვე.
ამასობაში კარვებიც გაიშალა - მათ შორის, ჩემიც და კოცონი ავანთეთ. ადმინმა გაშალა პარალონი და საძილეთი მიწვა ზედ. ცოტა ხანში ჩაეძინა კიდეც და მოშორებით მდგარ გოგონას - ის გირას ელაპარაკებოდა, ვანიშნებ, სურათი გადაუღე-მეთქი. სანამ ამ მინიშნებებში ვარ, უცებ ადმინმა ძილში წამოიძახა - ვერ დავეტევით. ეტყობა, ძილშიც კარვებში მოთავსებაზე ფიქრობდა და ძაან ხმამაღალი ნაფიქრი გამოუვიდა. ამ სიტყვებზე სიცილი ამიტყდა და თუმცა კი გავერიდე იქაურობას, ჩემს ჩაცინებაზე მაინც გაეღვიძა და მაშინ თქვა ის სიტყვები, რითაც დღეს თავს იმართლებს - ნუ ხართ ბოროტები. ანუ, მძინარეს სურათს ნუ მიღებთო.
ასე დამთავრდა "პირველი ღამის ვნებანი" - დიდი სიცილით და მხიარულებით ჩვენს პატარა ბანაკში, რომლისთვის სურათის გადაღებაც მეორე დილას ყყველას დაგვავიწყდა.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია