კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 01 დეკ 2011, 12:17

Mrs. Robinson wrote:ქეთი ძალიან მიხარია, რომ ამ საქმეს შეეჭიდე, თან ძალიან ენერგიულად. აბა შენ იცი, კარველების გვერდში დგომას გისურვებ და წარმატებები!!!!!!!!! :)

კონკურსები, შეჯიბრებები, რა ვქნა, არ მიყვარს. მაგრამ იმდენი არდასაკარგი და ძვირფასი თემა დაგროვდა კარავზე, ორიოდ წლის წინ ამის დაბეჭდვაზეც ვფიქრობდით. მერე... მოკლედ ჩვენს ნაფიქრალს გაგიზიარებთ დიიიიდი სიხარულით....
სამწუხაროდ ბოლო დროს კარვულ ლაშქრობებს ვერ ვადევნებ თვალს და არ ვიცი ვინ სად დადის და რას წერს, მაგრამ ძველებიდან ჩემს ფავორიტ თემებს (ასეთი კი ბევრია) მოგაწვდით.

კოტე - თუშრური შთაბეჭდილებები
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=254

გობე - მოგონებანი გარდასულ დღეთა.
აქ სამი ჩანახატი მომწონს ნამეტნავად, ჭაუხი, ზესხო და ირმის ნახტომი
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=730

ბელა - სვანეთი
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=23 ... c&start=30

თორი - დაბაძველი - მოგზაურობა თოვლში - ტრული
აქ ერთად რამოდენიმე ადამიანის მონაყოლი კარგი იქნება
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2797

ტრული - საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2900

ლობო - ლიახვის ხეობა
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=972

ცირას ტობა ჩემს ფავორიტებშია ნამდვილად ლიდერობს და მიხარია რომ აქ აღმოვაჩინე...

კიდევ ბევრის დასახელება მინდა, ჯერ კი ესენი ნახეთ......... თუმცა მოგზაურის ჩანაწერები სხვაა და ლიტერატურული კონკურსი კიდევ სხვა და მშრალი კოპირება ნამდვილად არ იქნება საკმარისი.
დიდი მადლობა:) დღეს საღამოს რამდენი სამუშო მელის!:)
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 01 დეკ 2011, 12:19

ARCHILI

წავიკითხავ, იქნება მართლა კონკურსგარეშე ჯობდეს ამ თემის გაშვება. ცუდია რომ თქვენს გარდა არავინ გამოხატავს ამასთან დაკავშირებით აზრს.


Archil

მე ხომ ახალი ვარ, გურულის თუშეთი არ წამიკითხავს, სადაა რომელ წელს დაიწერა მიმიწერეთ რა.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Mrs. Robinson » 01 დეკ 2011, 17:59

ARCHILI wrote: ბელა კონკურსგარეშე ჯობია იყოს, რადგან ბელა პროფესიონალია და სპეციალისტი, მასთან შერკინება არათანაბარ საზომში ყოფნაა :) ბელას სვანეთი ხომ მითუმეტეს შედევრია :)
:)
გეთანხმები არჩილ! მასე იყოს. უბრალოდ ბელას სვანეთის არ ჩართვა, ვერ წარმომიდგენია..
და გამახსენდა, შენი "დისერტაციაც" მოსაძებნი მაქვს..... :)

ქეთი, იმდენი კარგი და ძვირფასი თემაა კარავზე, მგონი ძალიან ძალიან გაძნელდება მხოლოდ ერთი გამარჯვებულის გამოვლენა.
ხოდა.........
იქნებ ჯობია კონკურსი ჩავატაროთ კარვის "ოქროს ფონდისთვის"? და მერე ამას კიდევ სხვა კარგი ამბებიც შეიძლება მოყვეს........... :)

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 01 დეკ 2011, 20:22

Mrs. Robinson


უდავოდ უკეთესი აზრია. თანაც საპატიოა კარავის ოქროს ფონდში მოხვედრილი თემის ავტორობა. ჟიურისათვისაც მარტივი იქნება.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by QAQUCA » 01 დეკ 2011, 22:55

მართლაც საოცარი ნამუშევრებია, გულწრფელი და ემოციებით სავსე.... არცერთში არ მიმიღია მონაწილეობა მაგრამ ისეთი გადმოცემაა ნანახის და განცდილის რომ მეც ყველა ლაშქრობაში ვმონაწილეობდი მეგონა... მადლობა ყველას ამ კარგი საქმის წამომწყებსაც და კონკურსის მონაწილეებსაც!
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 02 დეკ 2011, 20:00

კოტეტბელი - თუშური შთაბეჭდილებები


თუშეთიდან ჩამოვედი. სით ვიყავ, რაგვერ ვიყავი, ემანდ უსტარში გეტყვითა: გომეწრის ხეობაში გახლდით, სადაც მთები ფშავის მთებზე უფრო მაღალია და მოსახლეობა-ხევსურეთის მოსახლეობაზე უფრო მრავალი. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ადათ-წესები შედარებით კარგადაა შემონახული, კარგად შემონახულს კარგი დამთვალიერებელ-მნახველი უნდაო და მეც შემოვახტი ცხენს... შემოვახტი და ქედი ცას მივაბჯინე... ჩავიხედე ქვეშ და აწვერილი მთების შუაში მატყლივით ჩაფენილი ნისლი დავინახე... მერე თუშმა გოგომ შემომხედა და თავისი მზერით უსასრულო სივრცეში გამტყორცნა...
ჩემ თუშ მეგობართან ჩავედი ქვემო ალვანში, რომელიც შესანიშნავადაა დაპროექტებული თავისი ლარივით გაჭიმული და მართი კუთხეებით გადაბმული ქუჩებით. ქვემო ალვანიდან მეორე დღეს თუშეთისკენ ავიღეთ გეზი სამხიდიანი "კამაზით", რომლის საბარგულზეც 25-მდე მგზავრი ვისხედით, ოღონდ, როგორც მძღოლმა თქვა, 20 ტონა(!) სამშენებლო მასალისა და პროდუქტების ზემოდან... ის იყო, ალვანს გავცდით, რომ ჩემმა მეგობარმა მითხრა- აბა, იმ მთას შეხედეო (გზისკენ ზურგით ვიჯექი), შევხედე და გავვოცდი, ეს ის ლეგენდარული უღელტეხილი-"ცერი" იყო, რომლის იქითაც თუშეთის ჰაერი ქროდა. დიდ ნისლში უზარმაზარი მთის კონტურები გაურკვევლად ჩანდა. ვაა, რამხელაა-მეთქი და... ჩემმა მეგობარმა გაიცინა, რასაც ხედავ, ეგ ცერის ძირიაო... და მაშინ ვითხოვე პირველი ჭიქა არაყი... ბევრი რომ არ გავაგრძელო, კარგად შევთვერით, თან ორი ძალიან ლამაზი თბილისელი სტუმარი გოგოც მგზავრობდა ჩვენთან ერთად და, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მასეთი უსასიამოვნოესი სანახაობა დედამიწის ზურგზე, როგორიც ლამაზი გოგოა, ძალიან უწყობს ხელს მალე დათრობას... როდესაც სასიამოვნო "ტემპერატურას" მივაღწიე, სუფრას გამოვეთიშე და შუა საბარგულში მყუდროდ მოვთავსდი და ერთ-ერთ გოგოს ბიოლოგიაზე ვესაუბრებოდი(ცხოვრებაში პირველად ვსაუბრობდი ბიოლოგიაზე), რეზომ, ჩემმა მეგობარმა, აბა ეხლა ძირს გადაიხედეო. წამოვიწიე, გადავიხედე და... მაშინ მივუჯექი სუფრას მეორედ... ალბათ ცხოვრებაში ყველაზე თავმდაბალი გრძნობით მაშინ დავლიე ღმერთის სადიდებელი, ალბათ მაშინ მქონდა ყველაზე ჭეშმარიტი ცხოვრებისეული ფასეულობების შეგრძნება...
100 კილომეტრისა და 10 საათიანი მგზავრობისას გავიარეთ შემდეგი სოფლები: ლალისყური, ფშაველი, ლეჩური, ჭალა, ხისო, ომალო, ზემო ომალო, მირგველა, ბოჭორნა, დოჭუ, ბეღელა, ჯვარბოსელი, ალისგორი, ვერხოვანი და ყველაზე ბოლო და ლამაზ სოფელს, კოკლათას მივადექით, რომელიც მთის თავზეა შეფენილი. ისევე, როგორც ყველა სოფელში, აქაც სახლის კედლებიც და სახურავიც სხიპი ქვებით, ყოველგვარი დუღაბის გარეშეა აშენებული. დადგენილი წესით, კოკლათა ერთადერთი სოფელია, სადაც მხოლოდ ერთი გვარის ბიძაშვილები- ბაშინურიძეები ცხოვრობენ, რადგან სიძისთვის იკრძალება იმ ადგილას სახლის აშენება, თავისდროზე გადამხდარი მზაკვრული ისტორიის მქონე ძველი თქმულების გამო, რომლის მიხედვითაც, მოსულმა სიძემ სოფლის უხუცეს მკვიდრს მოკვლა დაუპირა.
არ მინდა ყველაფრის დაწვრილებით დაწერა, "თავს რომ ვხდი" თითქოს მოგონების გარკვეული ნაწილი "ქარვდებაო"...
7 აგვისტოს კოკლათის სალოცავის, მთავარანგელოზის დღეობა იყო. სოფლის ციხე-კოშკიდან დროშა და ზარი გამოიტანეს, შემდეგ კი ალუდით და არყით დავილოცეთ.
კოკლათის მთავარანგელოზის დღეობამდე, მე, ჩემი მეგობარი რეზო და რეზოს ბიძაშვილი ჯარჯი წოვათაში წავედით ცხენებით, ჯარჯის შეთქმული ხარი უნდა წამოგვეყვანა კოკლათაში. წოვათა რამდენიმე კილომეტრშია კოკლათიდან, თუმცა, ის "რამდენიმე" კილომეტრი უვიწროესი ბილიკია სავალი, რომლის ქვემოთ ხრამში წვრილად მოჩანს ალაზანი, ზემოდან კი, მთის ზედა ნახევარი დაგყურებს. როგორც კი ამ ბილიკს შევუდექით, დაახლოებით ისეთი ტონით, როგორითაც თბილისის რომელიმე კაფეში მყუდროდ მჯდომი ეტყვი ვინმეს- "ჩაიში შაქარს ნუ ჩაყრი, ისე ჯობია", ჩემმა მეგობარმა მითხრა: "უზანგებში ფეხს ნუ გაყოფ, ცხენს ფეხი თუ ჩაუვარდა უნდა გადმოხტე..." როდესაც ასეთი შემთხვევებით დაღუპული ადამიანების მოსახსენებლად დადგმულ ნიშასაც ჩაუვლი გვერდზე, სიკვდილი უკვე ძალიან ახლოსაა, თითქოს აგედევნა და ცხენით მოგყვება...
გზად გავიარეთ ლეგენდარული სოფელი, 400-მდე მეომრის გამომყვანი-"წარო", რომელსაც გადმოცემით ერთი მთლიანი სახურავი ჰქონდა მტრისგან დასაჯავშნად და საერთოდ უჩინარი იყო. თუშეთის ამ უძლიერეს სოფელში ეპიდემია გაჩენილა ერთ ზამთარს. ეპიდემია რომ არ გავრცელებულიყო, მთელი სოფელი ჩაკეტილა და თვითონვე ამოხოცილან ერთიანად...
გადავედით წოვათაში, ბილიკზე კონცენტრირებისაგან ფსიქოლოგიურად დავიღალე. მოკლედ, ხარი ვერ ვიპოვეთ და მის პოვნას მწყემსები შემდეგი დღისთვის შეგვპირდნენ, მაგრამ ჩემ ბედზე მთელი წოვათა მოვიარეთ მის ძებნაში. წოვათა არის ალაზანს გაყოლებული გრძელი და ვაკე ადგილი, რომელიც უზარმაზარი მთების შუაშია მოთავსებული.
შებინდდა. უკან იგივე გზა გველოდა... და მაშინ მივხვდი როგორი იყო ის უცნაური და უბადლო სიმამაცე, რომლის მეშვეობითაც თუშებმა სხვადასხვა დროის უძლიერესი და უამრავი მტერი დაძლიეს... იმაზე აღარ იყო ლაპარაკი, რომ შინ დაბრუნება გვეჩქარა დაღამებამდე. იქვე, ცხვრის ბინაში შევიარეთ ჯარჯის მეგობარ მეცხვარესთან, დავლიეთ შვიდიოდე ჭიქა არაყი და გავსინჯე გორდილა- მეცხვარეების პური, იგივე მოხარშული ცომი, წავუქეიფეთ... აი, იმ ქეიფის მერე იყო, რომ ზემოთ ნახსენებ "საშიშ" ბილიკზე შუაღამისას ცხენებს მივაჭენებდით ჩვენი სოფლისკენ... აქეთ გავიხედე, იქით გავიხედე და... ის ოხერი სიკვდილი სადღაც გამპარვიყო, აღარსად ჩანდა... ცხოვრებაში ყველაზე ნაკლებად მაშინ ვიყავი სიკვდილის შიშზე დამოკიდებული... თურმე, სიკვდილმა თუ ვერ შეგაშინა, მერე გიმეგობრდება. ეს სიმამაცე და გამბედაობა გააზრებულია და ამაშია მისი უბადლო სიძლიერე: თუ სუფთა გულით იტყვი ღმერთის სადიდებელს, შენ სიტყვაში ჩადებ ძალას და ღმერთისადმი მინდობას, შენ ზეადამიანური შესაძლებლობების ხარისხში ახვალ, საჭიროების შესაბამისად!.. ყველაზე ტკბილი სათქმელის დროც სწორედ ახლაა: თუშეთიდან გამომყვა ულამაზესი თუში გოგოს უკეთილშობილესი და უკეთილგონიერესი მზერა, როდესაც კოცონთან მარტო მდგომს ცხენით ჩამიქროლა და ფიჩხებს ლაწალუწი დააწყებინა... ეს გრძნობა რუსთაველისეულ რანგშია, სპეტაკია და ზარივით ძლიერი, უსასრულო სივრცის მომცველი...
მე თუშეთიდან ჩამოვედი!
Last edited by Ketevan Guliashvili on 04 ივნ 2012, 22:32, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 02 დეკ 2011, 20:23

გობე - ჭაუხი-2001


თბილისიდან გასვლის წინა დღეს კომპიუტერში მოვამზადე სპეციალური საშვები ბანაკის წევრებისთვის, სხვადასხვა ტიპის მენიუები (სასადილოსთვის, რომელზეც ქვემოთ იქნება საუბარი), ფულის ერთეულები, წარწერები: “დაიცავით სისუფთავე”, “პატივი ეცით დამლაგებლის შრომას” და ა.შ.

ჭაუხში ჩასვლის მეორე დღეს ბანაკის წევრებს (სულ ვიყავით დაახლოებით 12-ნი) დაურიგდათ საშვები.

სასადილოდ გამოყენებულ იქნა ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე ერთი-ერთი დიდი ქვის მიმდებარე ტერიტორია (ჯუთიდან რომ ავდივართ, საბანაკე ადგილას ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვა რომ ძევს). ქვაზე გაიკრა მენიუ.

შემდეგ, ბანაკელებს, პიროვნებების ზომა-წონის მიუხედავად, დაურიგდათ ერთნაირი ოდენობის თანხა.

და წავიდა.... და წავიდა.................. მერე თქვენ უნდა გენახათ, ჩემი ეკონომიკური გაუნათლებლობის გამო, დასახურდავებლად რომ დავრბოდით წინ და უკან.

რაც შეეხება მწვერვალებს, დროის სიმცირისა და სასმელის სიჭარბის გამო მხოლოდ 2 მწვერვალზე (თიკანაძე, რჩეულიშვილი) მოვახერხეთ ასვლა.

დანარჩენი დღეები კი დაეთმო გართობას, ბანაობას (ქვემოთ რომ არის ტაფობები, იქ) - სუფთა ქამელეონები ვიყავით, ჩავდიოდით ხორცისფერები, ამოვდიოდით ლურჯები, ..... პირადად ჩემი ჩახტომა და ამოხტომა ერთი იყო.

წამოსვლამდე ორიოდე დღით ადრე მე და ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა სახელდახელოდ ავაშენეთ ტელევიზიის შენობა დიდი ქვის ძირში. რაც ჩვენ იქ ქვები ვაგროვეთ, მოკლედ... ბანაკელებს სურდათ თავიანთი წვლილის შემოტანა მშენებლობაში, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან არც კი იცოდნენ რას ვაკეთებდით, მაგრამ ჩვენგან ცივი უარი მიიღეს (ხომ იცით ქართველების ამბავი, მერე ტელევიზიის წილში ჩაჯდომას მოისურვებდნენ). მოკლედ, როგორც იქნა, ისევ ჩვენ ორმა, ქვებით ავაშენეთ ტელევიზიის წინა ფასადი, რა თქმა უნდა ნაწილობრივ, სანამ ძალა გვეყო (ხომ იცით ქართველების ამბავი, უანგაროდ დასახმარებლად მოსულ ხალხს უარით ისტუმრებენ - არა, არა, ჩვენთითონაო - და თვითონ კი სიქა ძვრებათ და ოხრავენ - ვაი დედა, ვაი დედაო).

საღამოს ტელევიზიის გახსნა აღვნიშნეთ გადაცემა "სატელევიზიო ლოტოთი".
ყველა ბანაკელს უკვე ჰქონდა პირადი ნომერი (საშვის â„–) და საშვების რაოდენობიდან გამომდინარე დამზადდა პატარა ფურცლები პრიზების დასახელებებით. ლოტოს დოლურად გამოვიყენეთ 2 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი, რომლის მუცელზეც ოდნავ ამოვჭერით პატარა კარი, ჩავყარეთ ეს ფურცლები და წავიდა თამაში.

შუა თამაშში რომ ვიყავით, შემოგვიერთდნენ იტალიელი სტუმრები - ცოლ-ქმარი და მათი ქართველი ინსტრუქტორი, რომლებიც ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდნენ იქ - ჯავახიშვილზე გეგმავდნენ ასვლას. რომ დაგვინახეს, ეს ორი “ტელეწამყვანი” ჰალსტუხებში გამოწყობილები, კინაღამ გარეკეს. რაღა თქმა უნდა, ისინიც ჩავსვით მოთამაშეთა სიაში. ერთ-ერთმა, ზუსტად არ მახსოვს რომელმა, ცოლმა თუ ქმარმა, მოიგო ჭაუხის მიწა (დაფასოებული, 100 გრ.). ყველამ მაგრად ვიხალისეთ. მოკლედ, ზოგმა რა მოიგო და ზოგმა რა - დეკის სამი ფოთოლი, ჯუთის წყალი (ტარით, 130 მლ), “კილკის” კონსერვი (ექსტრა-ფუდი), ქართული ხალხური სიმღერა სამ ხმაში და ა.შ.

Last edited by Ketevan Guliashvili on 04 ივნ 2012, 22:33, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 02 დეკ 2011, 20:25

ზესხოს ალპინისტური ბანაკი, სვანეთი, 1997

გობე - ზესხოს ალპინისტური ბანაკი 1997 წელი

1. თბილისი

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 1997 წლის აგვისტოს დასაწყისში, ათ დღიან ჟურნალისტურ ალპინიადაზე წასვლის მსურველები სპორტის სასახლის წინ შევიკრიბეთ. ვიქნებოდით ასე ოცამდე. ერთმანეთს ყველა არც კი ვიცნობდით. ჩემს გარდა თითქმის ყველა ჟურნალისტი იყო, თუმცა დამპატიჟეს და აბა რა მექნა, არ წავსულიყავი?

დაბარებულ დროს მოვიდა ერთი ციცქნა ავტობუსი და ჩვენც შევუდექით ჩაბარგებას. დავიწყეთ სასმელებით - არყით, კონიაკითა და ლუდით. თანაც, მერე, რატომღაც გვიკვირდა ზურგჩანთებს რომ ვეღარ ვტევდით. ავტობუსში რომ შეეხედა ვინმეს, იფიქრებდა სასმელების დისტრიბუტორი კომპანიის ავტობუსი არისო.


2. თბილისი-ლენტეხი-ზესხო

დავიძარით. შეიძლება ითქვას, რომ გაცნობა-გაშინაურების პროცესი სასმელის წყალობით მეტ-ნაკლებად წარმატებით მიმდინარეობდა. ლენტეხში საღამოს 6-7 საათისთვის ჩავედით. ზესხოს ალპინისტური ბანაკის დირექტორმა, ცხონებულმა ჯოკია გუგავამ, კარგად მიგვიღო. დავისვენეთ, ვივახშმეთ და ზესხოსკენ მიმავალი სატვირთო მანქანებისკენ დავიძარით.

აი, სამიოდე დღის შემდეგ, როდესაც მცირე მანძილზე, ლენტეხის მიმართულებით, სატვირთო მანქანით მინი-ექსკურსია მოგვიწყვეს, სვანი მძღოლების პროფესიონალიზმში დავრწმუნდით - ისეთ ადგილებში იარეს, რომ ჯიხვი და არჩვიც კი ვერ გაივლიდნენ და გამავალი მანქანის დანახვისას სირცხვილისაგან გაწითლდებოდნენ.

დავბრუნდები ცოტა უკან. მოკლედ ვნაწილდებით სატვირთო მანქანებში, უფრო სწორად, ჩვენ ყველანი ერთ მანქანაშიც კი ვეტეოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სპორტულ შეკრებაზე ("სბორებზე") ზესხოში მიდიოდა სვან მოჭიდავეთა ჯგუფი, რომლისთვისაც გამოყოფილი იყო ერთ-ერთი სატვირთო მანქანა. ამავე დროს, უცბად საიდანღაც იქაურებმა, ლენტეხელებმა, მოიყვანეს სამი ახალგაზრდა უცხოელი მამაკაცი, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ სვანეთის დათვალიერება. უცხოელები მოჭიდავეების სატვირთო მანქანაში აღმოჩნდნენ. მეც მათთან გამამწესეს. მოკლედ ავძვერი ჩემი ბარგი-ბარხანიანად და დავიძარით ზესხოსკენ. უცხოელებიდან ორნი, ტომი და იანი, ინგლისელები იყვნენ, მესამე, სახელად ტენი, კი ავსტრალიელი. იგი ჯარიდან შვებულებაში იყო და გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს მონახულება.

კარგად მახსოვს გაცნობის სცენა (სასმელი უკვე შედარებით განელებული მქონდა). ჯერ მოჭიდავეები გავიცანი. ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ. მერე გადავედი უცხოელებზე. გაცნობა ავსტრალიელით დავიწყე. გავუწოდე ხელი, მაგრამ სახელის თქმა დამასწრო - ფხიზელი იყო:
- ტენ!
- სევენ - არ დავაყოვნე.
- იან! - შემდეგმა ჩამომართვა ხელი.
- გილან - ვუთხარი და მესამეზე გადავედი.
- ტომ!
- ჯერი! - იყო ჩემი პასუხი.
შევატყვე, რომ, დაიბნენ. ალბათ დიაგნოზიც დამისვეს ეგრევე... თუმცა, შემდეგ კი, ნელ-ნელა საუბარიც აეწყო, ოღონდ ვატყობდი, რომ მაინც ფრთხილობდნენ.

ასე საუბარ-საუბარში ჩავედით ზესხოში (არა და, წესით ავედით). უკვე ძალიან გვიანი იყო, მაგრამ არ გვეძინებოდა.

რამოდენიმე ჭიქა კონიაკი, უფრო სწორად, ქართული ბრენდი დავლიეთ, ერთი-ორი სიმღერა ვიმღერეთ და სადღაც გავუჩინარდი... ჰო, პირდაპირი მნიშვნელობით დავიკარგე... თურმე, მთელი ღამე მეძებდნენ და საინტერესო ის არის, რომ იქვე, კოტეჯებს შორის მინდორში მიპოვეს - თურმე, მაისური მქონია გახდილი, რომელსაც ვიქნევდი და ვიქნევდი. ვის ვუხმობდი, დღესაც არ ვიცი...

დილიდან, ის მინდორი გოგიას მინდვრად მოინათლა.


3. ზესხო

ზესხოს ბანაკს მეთვალყურეობას უწევდა შესანიშნავი პიროვნება ვალოდია ქურასბედიანი. არაჩვეულებრივები იყვნენ ინსტრუქტორებიც და ბანაკის მომსახურე პერსონალიც.

ბანაკში დაგვხვდნენ მეკლდეურები, რომლებიც მოჭიდავეების მსგავსად სავარჯიშოდ იყვნენ ამოსულები.

ბანაკში შესანიშნავი პირობები იყო. იდგა მშვენიერი კოტეჯები, იყო სასადილო, აბანო, საბილიარდო ნაფრონტალი ბილიარდის მაგიდითა და ასევე ნაფრონტალი ბურთებით, თუმცა ბანაკის წევრები რაღაცნაირად მაინც ახერხებდნენ თამაშს.

ჩასვლიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, მასპინძლებმა უშგულის დასათვალიერებლად წაგვიყვანეს. გზად შესანიშნავი ხედები იშლებოდა.


აილამა

მალე უშგულიც გამოჩნდა. უცბად, ბანაკის ერთ-ერთი წევრი ბრუნდება ჩვენი ინსტრუქტორისკენ, ალიოშა გაზდელიანისკენ, და იწყებს ანეკდოტის მოყოლას სვანებზე: კლდის ქიმზე მცხოვრებმა სვანმა იყიდა BMW. ავტოფარეხის უქონლობის გამო სოფლის მჭედელს გამოაჭედინა მსხვილი ჯაჭვი, ჩააბა მანქანას და გადაკიდა კლდეზე. ჰოდა ერთხელაც გაწყდა ეს ჯაჭვი და მანქანა უფსკრულში გაუჩინარდა. მოიწვიეს სვანებმა კრება და გადაწყვიტეს მჭედლის სიკვდილით დასჯა, თუმცა ბევრი ფიქრისა და ჭოჭმანის მერე ასეთი რამ გადაწყვიტეს: მჭედელი ერთი გვყავს, პარიკმახერი კი ორიო. ჰოდა ერთ-ერთი პარიკმახერი მოვკლათო... მოკლედ, დაასრულა თხრობა და ისმის ალიოშას ხმა: ვალოდიაა, მოოოუწევს ამ ბიჭს უშგულში დარჩენაა-ო და ჩამოვარდა სიჩუმე... საბედნიეროდ, ალიოშას იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა...



უშგული


უშგული. უკანა პლანზე შხარა

ზესხოში ყოფნის პერიოდს დაემთხვა ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღე. უნდა გენახათ როგორი სუფრა გაშალეს სვანებმა. ყველანი ერთად მივუსხედით მაგიდებს - ბანაკის ხელმძღვანელობა, მომსახურე პერსონალი, მოჭიდავეები, მეკლდეურები და ჩვენი ჯგუფი. ვალოდია ქურასბედიანმა იუბილარს საჩუქრად წერაყინი გადასცა და გაჩაღდა ქეიფი სიმღერებითა და ცეკვა-თამაშით. მშვენიერი დრო გავატარეთ.

ბანაკის ხელმძღვანელობის მიერ გადაწდა ორ მწვერვალზე წასვლა. ერთი იყო მაჩხაპარა, რაც თურმე ცხრა ჩანჩქერს ნიშნავს სვანურად და მეორე მარჯანიშვილი. შერჩეულ იქნა შედარებით მარტივი მარშრუტები, რათა ყველა წევრს მიეღო ის სიამოვნება, რაც მწვერვალზე ასვლის პროცესს ახლავს თან. გზადაგზა გვხვდებოდა არაჩვეულებრივი მინდვრის ყვავილებით გაფერადებული ალპური ფერდობები, იშლებოდა ულამაზესი ხედები. თვით მწვერვალზე ასვლას დიდი ისტორია არ ჰქონია, რადგან ძირითადად ჩუმად მივდიოდით, ულაპარაკოდ, იშვიათად თუ ამოვიღებდით ხმას.

მაგრამ, მიუხედავად დაღლილობისა, რაოდენ საოცარი ენერგიით იმუხტები როგორც კი მწვერვალზე ფეხს შედგამ... ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ისეთი სიამოვნებაა, რომელსაც ალბათ ვერ აღწერ.


ქვემოთ ზის ვალოდია ქურასბედიანი. ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ: კახა, ტომი და იანი


ბანაკის წევრთა ნაწილი

ათი დღე უცბად მიილია და თბილისში გამომგზავრების დროც დადგა. დავიძარით თბილისისკენ. თუმცა, გზაში საკმაოდ შევფერხდით. ხანგრძლივი წვიმების გამო ერთ ადგილას გადასასვლელი ისე იყო დაზიანებული, რომ სატვირთო მანქანით გადასვლა შეუძლებელი გახდა - სამანქანო, გრუნტის გზაზე, ფერდობიდან მომავალი ნაკადული მდინარედ ქცეულიყო. სიცივესა და თავსხმა წვიმაში იძულებულნი გავხდით ჩამოვსულიყავით მანქანიდან, გოგონები გადაგვეყვანა და მორებითა და ლოდებით დროებით მაინც აღგვედგინა გადასასვლელი.

სხვათაშორის, მიუხედავად საშინელი ამინდისა და სიცივისა არც-ერთი ჩვენთაგანი ავად არ გამხდარა...
რადგანაც, ბანაკში მიღებული უდიდესი სითბო ჯერ კიდევ თან გვდევდა...
რადგანაც, ჩვენ, სულ რამოდენიმე დღის წინ ერთ თოკში ვიყავით ჩაბმულები, ერთ თოკში...
რადგანაც, მართლაც რომ წამლად აღმოგვაჩნდა ყოველი შემთხვევისათვის საგულდაგულოდ გადანახული ქართული ბრენდის ორად ორი ბოთლი...
რადგანაც, ...
რადგანაც, ...
რადგანაც, ...


თბილისში ღამით ჩამოვედით.


P.S. ისე კი, “შპროტის” ქვაზე გახსნის პროცესს პირველად სვანეთში ვეზიარე, მწვერვალიაკენ მიმავალნი შესასვენებლად რომ გავჩერდით მაშინ.
Last edited by Ketevan Guliashvili on 04 ივნ 2012, 22:34, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 02 დეკ 2011, 20:26

გობე - ამბავი ჩაქაფულისა, ირმის ნახტომისა და ბოტასისა


დაახლოებით შვიდიოდე წლის წინ მეგობრებმა ერთი დღით გადავწყვიტეთ თბილისის დატოვება და წავედით გუდარეხში. გზაში ბატკანი ვიყიდეთ, მეცხვარეს იქვე დავამუშავებინეთ და უკვე საკულინარიოდ გამზადებული მოვათავსეთ მანქანაში. მოხდა ისე, რომ რაღაც-რაღაც გაუთვალისწინებელმა მომენტებმა ხელი შეგვიშალა და სამწუხაროდ, გუდარეხში, დაგეგმილ დროსთან შედარებით, დაახლოებით 3 საათის დაგვიანებით ჩავედით, თანაც ისიც "ავტოსადგომამდე" (ნაწვიმარი იყო და ორ მანქანას გაუჭირდა ასვლა), გავაჩერეთ მანქანები და დავიძარით ფეხით. დროის სიმცირის გამო სამწუხაროდ საფუძვლიანად ვერ დავათვალიერეთ იქაურობა, რამოდენიმე ძეგლი მოვინახულეთ და სუფრისაკენ გავწიეთ.

ეჰ, რა იმედი გვქონდა, რომ ჩაქაფულს გეახლებოდით... მაგრამ, ნურას უკაცრავად... არც მანდ გაგვიმართლა - ჩვენმა "შეფ-მზარეულმა" ასე გამოგვიცხადა, ხო დამაგვიანეთ აქ ჩამოსვლა, ჰოდა ეხლა ყველაზე სწრაფად მხოლოდ სალათის გამზადება შეიძლება, აგერ ბატონო ყველი და პური, და კიდევ ვისაც გეძოვებათ - ა ბატონო თქვენ ტარხუნა და ვისაც გემჟავებათ - ა ბატონო ტყემალიო. ეჰ, ჩაქაფული, ჩაქაფული... ისე, თბილისში კი გეახელით მეორე დღეს ჩაქაფულს, თანაც უკვე კომბინირებული სახით და არა ცალცალკე

მოკლედ, სუფრას შემოვუსხედით და შევუბერეთ შეძლებისდაგვარად . ღვინომ თავისი ჰქმნა, სიმღერამაც და საბოლოო ჯამში ასე თუ ისე კმაყოფილებმა დავტოვეთ იქაურობა.

მოკლედ, დავიძარით "ავტოსადგომისკენ". მოვუყვებით ბილიკს და ვხედავ არც თუ ისე პატარა ზომის გუბეს. გავჩერდი, მეგობრებს გამოვუცხადე, ეხლა გაჩვენებთ ირმის ნახტომს-მეთქი. მოვემზადე, ირემივით მოვიღერე ყელი , ხელები გადავინაწილე სხეულზე, ერთი მკერდზე, მეორე ზურგზე, გავექანე და ჰოპ... არ ჩავხტი გუბეში? გუბე იყო?... გუბის უნახავს გაგხდიდა - წყლის მაგივრად ლამითა და ტალახით იყო სავსე, ბლანტი, ბლანტი, უბლანტესი რამე. ეგრევე ამოვხტი. ერთბაშად, ერთდროულად აგვიტყდა სიცილი ყველას... ვიცინით და ვაგრძელებთ გზას, გზას რა, უფრო სწორად სულ რაღაც ხუთიოდე ნაბიჯი მაქვს გადადგმული და ვაფიქსირებ, რომ ცალი ფეხით ვკოჭლკობ. დავიხედე ფეხებზე და რას ვხედავ, ცალ ფეხზე ბოტასი აღარ მაცვია... (1 თვის ნაყიდი მქონდა). აი მერე უნდა გენახათ, ჯიგრების ხარხარი... აბა, ვეცი იმ გუბურას და ვაფათურებ ხელებს, ვეძებ, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ვერ მივაგენი... მერე ორი-სამი მეგობარიც შემომიერთდა და გაჩაღდა სერიოზული საძიებო სამუშაოები, წამში დაარსდა კომპანია "ელიოზი". მოკლედ, ბოტასი ვერანაირად ვერ ვიპოვეთ. ერთ-ერთ მეგობარს ფეხის ზომა ჰქონდა 45 თუ 47 (მე 42) და შემომთავაზა ერთი ცალი ფეხსაცმელი, რომელსაც პერიოდულად ვუბრუნებდი და ასე მორიგეობით კოჭლობ-კოჭლობით მივუყვებოდით გზას.
ასეა თუ ისეა, გვიან ღამით დავბრუნდით თბილისში.

თენდება მეორე დღე. ვიღვიძებ, აზრზე მოვდივარ და ვუყურებ ჩემს ეულ ბოტასს. რა უნდა მექნა, ავდექი და ჩავაგდე კორპუსის კედელში განთავსებულ ბუნკერში.
...
გადის ორიოდე დღე, აივანზე ვდგევარ, სიგარეტს ვეწევი და ვიყურები ქვემოთ. ვხედავ, ნაგვის მანქანაა გაჩერებული ბუნკერთან. ერთ-ერთი მენაგვე ნიჩბით მისდგომია ბუნკერს და გამწარებული ნაგავს ქექავს და გაბრაზებული რაღაცას ყვირის. მეორე კი, ალბათ მძღოლი, მანქანის გვერდით მხრებაჩეჩილი დგას... ვაგრძელებ ქვემოთ ყურებას და რას ვხედავ ის ჩემი ეული ბოტასი წინ არ უდევს? აი, მაშინ კი მივხვდი ყველაფერს, შევვარდი სახლში და ჩემს ცოლს დავუძახე. აი, რაც ჩვენ მაშინ ვიხალისეთ... რა იცოდნენ იმ საწყალმა მენაგვეებმა, რომ მეორე გუდარეხში მქონდა დათესილი...

Last edited by Ketevan Guliashvili on 04 ივნ 2012, 22:35, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 02 დეკ 2011, 20:32

ბელა - სვანეთობა 2008


ჯნოსიმ თქვა, ეს ამბები დაწერეთ, წლების მერე რომ წავიკითხავთ, გაგვისწორდებაო. და ამას ისეთი შთაგონებული სახით იმეორებდა, შენ თვითონ რატომ არ გინდა დაწერო –მეთქი, ვეღარ ვკითხე. ფაქტობრივად, ჯნოსიმ სტატია შემიკვეთა სვანეთზე.
მე კი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, იცით რა მენატრება ხოლმე? სადმე ისე წავიდე, რომ რედაქტორმა დავალება არ მომაყოლოს ზურგში. ჰოდა, ამჯერად რედაქტორს კი გადავურჩი, მაგრამ ჯნოსი მექცა უზურპატორად და მჩაგვრელად და ჩემდა სამასრცხვიონდ ისიც უნდა გავამხილო, რომ უზურპატორებს სიტყვისშეუბრუნებლად ვემორჩილები. რა ვქნა, მე ხომ ფეხსახსრიანი, სუსტი მწერი ვარ...
ჰოდა, ვიწყებ: …
`ოუშენის 12 მეგობარი~ რესპუბლიკის მოედანზე დილის 5-ზე შეიკრიბა. რა უჭირს, მშვენიერი ფილმია, არა? მაგრამ ჩვენ უფრო დიდი თავგადასავალი _ სვანეთი გველოდა, ჰოდა, მისტერ ოუშენი სულ უშბის წვერზე არ გვეკიდა?

თეთრი მინიბუსი

მინიბუსი თეთრი იყო და მძღოლიც გულადი ჰყავდა. სახელი ერქვა ასეთი, თორემ ჩვენ არც მისი გულადობა გამოგვიცდია და არც სიმამამცე. აი, გახეთქილ საბურავებს კი, მართლაც გმირულად ებრძოდა.
სვანეთისკენ მიმავალ მინიბუსების მძღოლებს რომ ჰკითხოთ, მესტიაში რამდენ ხანში ჩახვალო, გიპასუხებენ 9 საათშიო და თვალსაც არ დაახამხამებენ. თვალი არც გულადის დაუხამხამებია, როცა 15 საათიანი ტანჯვის მერე მესტიის ცენტრში ჩამოგვსხა.
მანამდე კი, თეთრ მინიბუსს პირველი საბურავი შორაპანთან გაუსკდა. 12-მა მეგობარმა, და მათთან ერთად ზუგდიდში მიმავალმა ერთმა გერმანელმა, ყიჟინით ღია სივრცეს მიაშურა. გერმანელი რესპუბლიკის მოედნიდან გამოგვყვა, კისერზე სამგზავრო ბალიში ეფინა და მთელი გზა ნეტარად თვლემდა.
`ახლავე გამოვცვლი~ - ამბობს ნებისმიერი მძღოლი ასეთ შემთხვევაში და გულადიმაც გულადად გაიღიმა. ღიმილი არც მაშინ შეუწყვეტია, როცა ბიზონის ქანჩი (კლუჩი, ანუ) ხელებში შემოემტვრა. ჰოდა, სანამ თამუსია პირდაპირ ქუჩაში გაფერნილ ქვეშაგებზე თვლემდა, ჩვენ იქვე გზისპირას გადაბარდულ მაყვლის ბუჩქებს შევესიეთ. ტრასაზე გასულ ჩვენს გულად მძღოლს და კიდევ უფრო გულად ლამას მანქანები შხულილით უვლიდნენ და გატეხილი ბიზონის ქანჩის ამბავი ნამდვილად არ ადარდებდათ. მერე უკვე აღარ დამინახავს, თბილისისკენ მიმავალმა ერთმა მინიბუსმა ჩვენსკენ რატომ გადმოუხვია და იქიდან გამომხტარი ბიჭი მისტერ აბალდუის გახარებული რატომ გადაეფსკვნა. ფაქტია, ბიჭს ნიკა ერქვა და ერთ დროს აბალდიუსთან ერთად სწავლობდა რომელიღაც ფაკულტეტზე. მაგრამ ნიკას ღირსება მხოლოდ ეს არ იყო! ნიკამ სიმღერა იცოდა, თანაც ბანს ამბობდა და ჩვენს `თამარიონსაც~ რაღა უნდოდა?
მერე ჯნოსი მეუბნებოდა, ის სიმღერები, შენ რომ ტაშს უკრავდი, `მრავალჟამიერი~, `იმერული მგზავრული~, და `აჭარული ვოისა~ იყოო.
ჰოდა, იმღერეს, იმღერეს და სოფელიც აშენდა!
ჩვენმა გულადმა მძღოლმა და მეორე მინიბუსელმა ბორბალი წარმატებით გამოცვალეს და ისევ დავიძარით. ისე, გზაში რომ სიმღერები არ მოგვაკლედებოდა, ხომ გჯერათ?
ჩვენთან ერთად სვანურ მისტერიაში ლამას პლიუსი, ვითიბი, იგივე ბელა მონაწილეობდა და თხა თხაზე ნაკლებიო, ხომ გაგიგონიათ, ვითიბისაც სიმღერის იმისთანა ნიჭი აღმოაჩნდა, საგალობლებსაც კი არაკრაკებდა!
ბელა `ვითიბით~ მოინათლა, აბა ორი ბელა ხომ არ ვიქნებოდით! მეორე ნათლობაც გზაშივე შედგა, ჩემი პლიუსი დაჩი ამეთვისტოდ იქცა. ეს `ნამიოკობანას~ რომ ვთამაშობდით, მაშინ მოხდა. დაჩიმ სერგიკუნას სიტყვა `ამეთვისტო~ ჩასჩურჩულა ყურში. სერგიკუნამ გაიაზრა რა პრობლემის სიმწვავე, ჯნოსს `დაუნამიოკა~ - ფირუზიო. ჯნოსი დაიბნა. მერე დაჩიმ უთხრა თავის მეწყვილე მონადირეს – ლონდრეო. ახლა მონადირე გადაირია, ფირუზთან ლონდრე რა შუაშიაო?! და ფილმის გახსენება დაიწყეს, მაგრამ ფირუზთან მაინც ვერ დააკავშირეს. მე კი მიგრძნო მაშინვე გულმა, ხომ იცით, დედის გული მაინც სხვაა, მაგრამ აბა რას ვიტყოდი. ჰოდა, დიდი თავისმტვრევის მიუხედავად სიტყვა `ამეთვისტო~ ვერავინ გაიხსენა, სამაგიეროდ, დაჩის შერჩა მეტსახელად, თუმცა კი, ჯნოსმა ბოლომდე ვერც ამეთვისტო გაითავისა და ბოლო დღეებში ქაიხოსროს ეძახდა. ეს, ისე, ცნობისათვის, მალე `კარავზე~ ახალი წევრი `ამეთვსიტო~ რომ გამოჩნდება, გოგო არავის გეგონოთ და სოლი არ მოსთხოვოთ...
სანამ მისტერ აბალდიუს ზუგდიდურ მისტერიებზე გადავიდოდე, საბურავისას დავასრულებ: ცოტა ხანში საბურავის აღსადგენად შევჩერდით, და `თამარიონი~ ახლა პროფილაქტიკასთან ამღერდა. ლახამურასთან, ხაიშს რომ გამოვცდით, იმიტომ გავჩერდით, რომ ჩვენს წინ მიმავალი მინიბუსისთვის გამსკდარ საბურავში თანაგვევგრძნო. აი, ეცერთან კი, შავღელეს რომ გამოვცდით, უკვე ჩვენი საბურავი გასკდა და აქ ოუშენის 12 მეგობარს მოთმინების ფიალა აევსო და ფეხით დაადგა მესტიისკენ მიმავალ გზას. გუნდი აშკარად დაიფანტა, ზოგმა ბუჩქებს მიაშურა, ზოგს ეგონა, სწრაფად თუ ივლიდა, იქნებ მესტიამდეც ჩაეღწია. მონადირემ კი აღმოაჩინა, რომ რაღაც ნამეტანი ვაჟკაცური ჩრდილი ჰქონდა და ფოტოების გადაღება დაუწყო. ამაში უკვე მეც ჩავეზიარე, რადგან საკუთარ ჩრდილს ნაკლი ვერც მე ვუპოვე და კიდევ კარგი მინიბუსი წამოგვეწია...

ზუგდიდის ბაზარი

მისტერ აბალდუი საკუთარ, არც თუ შორეულ წარსულს მუდამ ხალისით იხსენებს. განსაკუთრებით მონასტრის ეპიზოდები მოსწონს ხოლმე, როცა მეტრაპეზედ იყო გამწესებული. ჰოდა, როცა თეთრმა მინიბუსმა ზუგდიდის ბაზართან გააჩერა, სადაც მისტერიული მარაგი უნდა შეგვევსო, აბალდიუმ მეტრაპეზის სადავეები ხელში აიღო, მაგრამ აქ ჩემს ისტერიას წააწყდა, რის გამოც იძულებული გახდა, ბაზარში ორსაათიანი მსვლელობისას გვერდით ვყოლოდი. მეპრაპეზეობა დიდი მადლია, მაგრამ მომავალი გვიჩვენებს, რომ მისტერ აბალდიუ სულ მალე დაჰყრის ფარ-ხმალს, მანამდე კი ზუგდიდის ბაზარში გამწარებული დაეძებდა გოჭის ხორცს და გამუდმებით მიმეორებდა: `ნუ გავიწყდება, რომ კაცები ვართ და ჭამა გვინდაო~! არაფერიც არ მავიწყდებოდა და მისტერ აბალდიუს სამონასტრო მისტერიებს საკუთარ სამთო გამოცდლებას ვუპირისპირებდი! და კიდევ კარგი, მშრალი სუპები შევიძინე უხვად! გოჭის ხორცი მაინც ვერ ვიშოვეთ, ჭირმა გაწყვიტა სამეგრელოში ღორები, სამაგიეროდ, გიორგი მორჩაძემ წარმოთქვა ფრთიანი ფრაზა: ბორშში გოჭიც რომ ჩააგდო, მაინც არაფერი ეშველებაო. აქ უკვე ჯნოსიმ გაიკვირვა, ბორშში გოჭი რატომ უნდა ჩააგდოო? და ლამამ გამოსავალი მოძებნა, ხომ შეიძლება, ჩაგივარდესო?
ჰოდა, ის საღამო, მომღერალი `თამარიონი~ იმის დემონსტრირებას ახდენდა, როგორ იბრძვის გოჭი თავისი უფლებების დასაცავად და არაფრით არ უნდა ბორშში, ლამას კი უკანა ფეხებით უჭირავს მოფართხალე ცხოველი და თავით უპირებს ბორშიან ქვაბში ჩაყუდებას. იხვეწება გოჭი, ბორშში არ მინდაო, მაგრამ ლამას მაგრად უჭირავს და არ უშვებს და არის ერთი ძიგძიგი და ჭიდილი....
ზუგდიდის ბაზრის ამბავი სომბრეროების ყიდვით დასრულდა და ლამა, აააამირანი და გიორგი მორჩაძე კოლუმბიელი პრეფექტებივით დადიოდნენ სვანეთის მთებში. …

მესტიური მისტერია

ჯერ კიდევ შატილში ჯნოსის ვეუბნებოდი, მესტიაში რომ ჩახვალ, ბარგი იქვე ცენტრში უნდა დაყარო და პირდაპირ მუზეუმისკენ უნდა გაიქცე, ისე რომ არსად გაიხედო-მეთქი. მაგრამ მუზეუმისკენ იმიტომ კი არ უნდა გაიქცე, რომ მაანცდამაინც იქ გინდა შესვლა (თუმცა, ეგ მეორე სასწაულია!) იმიტომ რომ მუზეუმის ეზოდან ყველაზე მაგარი ხედი იშლება! მესტია თუ გინდა ნახო, სწორედ მუზეუმის ეზოდან უნდა გადმოხედო. გზაში პატარა ხიდი შეგხვდება, მის ქვეშ მესტიაჭალა ღმუის, ორი წუთით ამ ხიდზე უნდა დადგე და სურათი გადაიღო. ესეც მესტიის გაცნობის რიტუალის ნაწილია. აქედან მესტიის პატარა ნაგლეჯი ჩანს და მის ფონზე საკუთარ თავსაც თუ დააფიქსირებ, ეს ხიდიც და შენი თავიც მთელი ცხოვრება გეყვარება.
მესტიის ცენტრში ბარგი არავის დაუყრია, თუმცა კი, სახლი, სადაც ლამამ წაგვასხა, მთლად ცენტრში იდგა. ჩქარა, მუზეუმის ეზოში წავიდეთ-მეთქი, ვიძახდი, მაგრამ ბიჭებმა გადაწყვიტეს, ქართველებად დარჩენილიყვნენ და გულადისთან ერთად მესტიაში ჩვენი მშვიდობით ჩასვლა აღენიშნათ. ასეთია კაცთა მოდგმა!
გზისგან დაღლილები და გაწამებულიები ვიყავით, მაგრამ გოგოებს და ორ თინეიჯერ ბიჭუნას მაინც გვეყო სულისკვეთება და იმ მუზეუმისკენ გავიქეცით. მერე დიდხანს ვისხედით გალავანზე და კოშკებს ვითვლიდით. რომელთა რიცხვი 46-ია, მათი უმრავლესობა მე-11-12 საუკუნეშია აგებული და ყველაზე ლამაზი რატიანების კოშკია, თეთრი და წელში გამოყვანილი. ამ ყველაფერს კი, როცა ღრუბლები გაფანტულია, თავზე თეთნულდი დაჰქათქათებს და ბანგურიანის მწვერვალები გადმოჰყურებენ.
მესტია ის ადგილია, სადაც ბუნების სილამაზეს ადამიანის ხელით შექმნილი სილამაზე ერწყმის და უკვე აღარ იცი, რომელს სცე თაყვანი...
Last edited by Ketevan Guliashvili on 04 ივნ 2012, 22:37, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 02 დეკ 2011, 20:34

ბელა - სვანეთობა 2008 (გაგრძელება)

რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი

შუასაუკუნეების ერთი მოგზაური წერდა: ვისაც უნახავს საფრანგეთი და მისი სამეფო კარი და არ უნახავს მარგარიტა ვალუა, მას არც საფრანგეთი უნახავს და არც მისი სამეფო კარი გაუცვნიაო.
ჰოდა, ვინც მესტიის მუზეუმში არ ყოფილა, ჩათვალოს, რომ საკუთარი ქვეყნის კულტურას არ იცნობს! აქ ფოტოს გადაღება მხოლოდ დერეფნებშია ნებადართული, დარბაზებში კი, სადაც განძია გამოფენილი, სასტიკად გიკრძალავენ.
განძი კი...
მაკედონელის დროინდელი მონეტებიდან თუ დავიწყებთ, და კოლხური თეთრის პაწაწინა ვერცხლის მონეტებსაც თუ თვალს გადავავლებთ, მერე ანტიკური ხანის სამკაულებს მოვინახულებთ და იმ დარბაზში გადავალთ, სადაც სვანური
მაჩუბის ავეჯია და სვანური საბრძოლო იარაღი, ექსკურსიამძღოლი ერთი ხის შუბის წვერს დაადებს ხელს და გეტყვით, რომ ეს წმინდა გიორგის შუბის წვერია. და თქვენ გაიღიმებთ. და ასე გაღიმებული დარჩებით დიდხანს, იმიტომ რომ ხელნაწერთა დარბაზში ადიშის სახარების ხელნაწერის ნახვა გელით, მე-9 საუკუნეში რომ გადაწერეს შატბერდში გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა, მერე ოპიზრების მიერ მოჭედილი სახარების ყდაზე მიგითითებენ, მერე იმდენი ოთხთავი ჩაგიმწკრივდებათ თვალწინ, მე-10-11-12 საუკუნეების, შემდეგ დარბაზში კი მე-10 საუკუნის ხატები და ოქროცურვილი ჯვრები, რომ აღარ იცი, ეჭვი შეგეპაროს თუ არა, რომ ის ხის შუბის წვერი წმინდა გიორგის ეკუთვნოდა...

სვანური ხატწერის სკოლა გამორჩულია და თვითმყოფადი. ამ წმინდანებს სახეებიც კი სვანური აქვთ. მე-10 საუკუნის ხატზე ღვთისმშობელი და წმინდა ბარბარეა ერთად გამოსახული, რაც იკონოგრაფიაში იშვიათად გვხვდება, აღარაფერს ვიტყვი 40 მოწამის ხატზე, რომელიც სულ სამია მსოფლიოში, მათ შორის ერთი ბიზანტიურია და უიშვიათეს ქმნილებად მიიჩნევა. მესტიის მუზეუმის ხატი მხატვრული გააზრებით უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებს ხელოვნებთმცოდნეთა მხრიდან. აქ ინახება ბაგრატ მეოთხის მეუღლის ბორენა დედოფლისეული ღვთისმშობლის ხატი, რომლის უკანა მხარეს დედოფლისავე ხლით მიწერილია ლექსი:
`რომელმან ეგე, ევას მიუზღე ვალი,
ჰრქვი რაი გაბრიელს: `ვარ უფლისა მხევალი~.
მაშინ ისტუმრე ქვეყნად მოუვალი,_
დაემხო ძალი, პირველვე სისხლდამთვრალი,
ქალწულო, მიხსენ, ბორენა ჭირმრავალი~.

სვანურ იკონოგრაფიაში წმინდა მხედრების თემა განსაკუთრებით აქტუალურია, წმ. გიორგის გვერდით ხშირად გვხვდება წმ. თევდორე და წმ. დიმიტრი. აქ ბევრია ფეხოსანი წმინდა გიორგის ვერცხლით ნაჭედი ხატები, ასევე ადგილობრივი ავტორების ნამუშვერები. მთავარანგელოზთა ხატები, ნათლისმცემელი, და კიდევ ჯვრები, ჯვრები, ჯვრები...
და კიდევ დროშა_ ლემი, აბრეშუმის ოქროსფერი დროშა, რომელიც ქარში იბერება და ლომის ფიზიკურ ფორმას იღებს. თავის დროზე ასეთი დროშა თამარმა შეუკერა სვანებს და გამოუგზავნა.
და კიდევ ვერცხლის სამკაულები, საყოფაცხოვრებო ნივთები, სატევრები, თოფები...
სვანები საკუთარ განძს არავის ანდობენ, მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფრი სვანეთში უნდა ინახებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ არათუ მესტიაში, თბილისის მუზეუმებშიც კი არა არის ექსპონატების შენახვის ოპტიმალური პირობები.
მე-19 საუკუნის ბოლოს სვანეთში იტალიელმა ფოტოგრაფმა და ალპინისტმა ვიტორიო სელამ იმოგზაურა. ის, თუ როგორია მთები მთებიდან, კაცობრიობამ ვიტორიო სელას ფოტოებით დაინახა. სელამ ფირზე აღბეჭდა მე-19 საუკუნის სვანეთი და მესტიის მუზეუმში შეგიზლიათ ეს ექსპოზიციაც იხილოთ.
და კიდევ, სანამ ფხოტრერის მთავარანგელოზის ეკლესიაში მე-11 საუკუნის ხეში ნაკვეთ კარს ნახავდეთ, მისი ასლი, მხატვარ ბატკა ნავერიანის მიერ ასევე ხეში გამოკვეთილი მესტიის მუზეუმიდან გაგაცელებთ...
გაცილება ასეთი არ უნდაო და `თამარიონმა~ მუზეუმის ფოიეში `წმინდაო ღმერთო~ იგალობა.
იმ დღეს აბალდიუმ და თამუსიამ სიურპრიზი მოგვიწყეს და მუზეუმიდან დაბრუნებულებს წითელი ბორში (უგოჭოდ) და ქათმის ჩახოხბილი დაგვახვედრეს.
აბალდიუმ იცოდა, რა მსხვერპლზეც მიდიოდა, მესტიაში მეორედ იყო, თამუსია კი მართლა უნებლიე სიკეთისათვის დაისაჯა იმ დღეს.

ნამცეცუნა

იმ დღეს ოუშენის მე-13 მეგობარი, ნამცეცუნა შემოგვიერთდა. ის 15 საათიანი გზა მარტომ გამოირა, ოღონდ მის მძღოლს გულადი კი არა, ჯოჯო ერქვა. მაგრამ ნამცეცა მარტოობას რას დაგიდევდათ, რაკი ჯოჯომ ჯოჯოხეთში არ წაიყვენა და მესტიამდე მშვიდობით ამგზავრა.
ნამცეცა ხომ ყველას ზღაპარში ეპატიჟება და ის 10 დღე, რაც ჩვენ სვანეთში გავატარეთ, მისთვის მართლა ზღაპრად იქცა. ჩვენთვისაც ზღაპარი იყო, მაგრამ ნამცეცამ ახალი, პირადი ზღაპრის წერა დაიწყო სვანეთში და ბოლოში რომ გავა, ალბათ ყველას წაგაკითხებთ. მანამდე კი, ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოოოს...

ხერგიანები

მესტიაში ჩასულმა მიხეილ ხერგიანის მუზეუმი რომ არ ნახოს, აბა როგორ იქნება! ჰოდა, ჩვენც, ნამცეციანად, იმ მუზეუმისკენ დავიძარით. გზაში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა რომ ვნახეთ, `თამარიონმა~ რომ უმღერა მესტიელებს, ამაზე აღარაფერს ვიტყვი, მუზეუმში მისვლამდე, ალპინისტის დასთან, ნაზო ხერგიანთან უნდა გაგვევლო, აბალდიუს განათლების სამინისტროდან რაღაც პაკეტი უნდა გადაეცა მისთვის და ინტერვიუც ჩაეწერა.
ნაზო ხერგიანი ქორულდის მთიდან ერტი საათის ჩამოსული დაგვხვდა. ქუთაისელი მოსწავლეები წავიყვანეთ მე და აფი გიგანმაო, გვიხსნიდა. მყინვარზეც მინდა წელს ასვლა, შარშან ვერ მოვახერხე და წელს აუცილებლად უნდა წავიდეო, წლები მემატება, მალე ვეღარ შევძლებო, ამბობდა და იცინოდა, 58 წლის ვარ, განა ცოტა წლები მაქვსო?
ჰოდა, თუ რომელიმე თქვენგანი თავმომწონედ იტყვით, მყინვარწვერზე ვიყავიო, ანდა წასვლა მინდაო და შეყოყმანდებით, შევძლებ თუ ვერა ასვლასო, ნაზო ხერგიანი და მისი 58 წელი გაიხსენეთ, რა...
მიხეილ ხერგიანს ოჯახში ჩხვიმლიანს ეძახდნენ. მიხეილი რუსებმა დაარქვესო, მისმა ალპინისტმა დისშვილმა, გიორგი ნიგურიანმა მითხრა, ერთხელ. ჩხვიმლიანის მუზეუმი დაკეტილი იყო, მისი დირექტორი არ იყო სახლში და ნაზომ პირადად მოგვიბოდიშა. ამასობაში გაწვიმდა და გამოვიქეცით. ვიღაცეები სახლში, ვიღაცეები კი მაღაზიისკენ.


მომეცი, ნასოსი!
მესტიის ცენტრში რამდენიმე მაღაზიაა, ერთ მათგანს კი სახელიც ჰქვია: `ტანია~. რა უნდა მესტიაში ტანიას, ეს აბა, რა ჩვენი გადასატანია, სამაგიეროდ, იმ მაღაზიაში ბურთები იყიდებოდა. მონადირემ და სერგიკუნამ ეს რომ აღმოაჩინეს, სიხარულის ყიჟინა დასცხეს, მაგრამ ბურთი აშკარად ჩაფუშული იყო და გაბერვას საჭიროებდა. გარეთ გამოსულებმა აღმოაჩინეს, რომ ბურთები გვერდით მარაზიაშიც იყიდებოდა, თანაც კარგად გაბერილები. მიუბრუნეს ჩაფუშული ბურთი ტანიას და სანამ ამ პორცედურას ასრულებდნენ, მეორე მაღაზია არ დაიკეტა? `ტანია~ იმითაც იყო გამორჩეული, რომ გვიანობამდე მუშაობდა. მონადირე ისევ `ტანიაში~ შევარდა და ბებერ ტანიას ყელი გამოუწია, შემეშალა, ის ჩაფუშული ბურთი სულაც არ არის ჩაფუშული და უკან დამიბრუნეო. ტანია გულკეთილი იყო და მონადირემაც მისგან ჩუპა-ჩუპსის კანფეტები იყიდა. არა, ბავშვობის ნოსტალგია კი არ ჰქონდა, იქნებ ჩხირებით გავბეროო, იფიქრა. ამ ფიქრებში ლოკა და ლოკა გაურკვეველი წარმოშობის კანფეტები და ენა და ტუჩები ერთიანდ გაულურჯდა. ჩხირები მსხვილი იყო, ბურთი ვერ გაიბერა, სამაგიეროდ, მისმა გალურჯებულმა ტუჩ-პირმა ოუშენის 12-ვე მეგობრის აღტაცება დაიმსახურა, რასაც ჩვენთან ვახშმად მყოფი ტელმან ჯაფარიძეც აჰყვა და მონადირეს ყველა გულწრფელად ურჩევდა, აჰა, ეს არყის ჭიქა და შმუთე, თორემ მოიწამლებიო. მონადირეს თავისი შიში არ ეყოფოდა? თან არც არაყი უნდოდა, მაგრამ ვინ შეარჩინდა რომატიულ სილურჯეს!
ბურთი კი ისევ გასაბერი იყო! მონადირე მაღაზიიდან მაღაზიაში გადარბოდა და ნასოსი მომეცითო იძახდა. სვანები ალმაცერად უყურებდნენ და შენ ვისი სტუმარი ხარო? _ ეკითხებოდნენ. ოთახში შემოვარდნილმა ტელმან ჯაფარიძესაც, გამარჯობის ნაცვლად, ნასოსი მომეციო, უთხრა. ტელმანს აშკარად იუმორის ნიჭი ჰქონდა, თანაც აქეთ იყო სტუმრად, თუმცა, მონადირეს მაინც თავისმა გალურჯებულმა ტუჩ-პირმა უშველა იმ მომენტში...
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 02 დეკ 2011, 20:35

ბელა სვანეთობა 2008 (გაგრძელება)

აქა ამბავი კუდის ამოძუებისა



მესტიაში ასეულს შეიძლება დაგავიწყდეს სამსახურში გადარეკვა და შენი ჭირვეული შეფი, ქალაქში დარჩენილი მეგობრები, გართობა, ცივილიზაციის სიკეთეები, მაგრამ ერთი წუთითაც არ დაგავიწყდება, უშგული გაქვს სანახავი.
უშგული ყველა ტურისტის მიზანი და ოცნებაა. ზოგს ჰგონია, ასე იმიტომ ხდება, რომ უშგული ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელია ევროპაში, ის ხომ 2300 მეტრზე მდებარეობს. ვინც იქ ჯერ არ ყოფილა, ფიქრობს, რომ შხარის სანახავად მიდის, ზოგმაც ლამარიას ეკლესიის არსებობა იცის, ზოგისთვის ეს იდუმალებით მოცული ადგილია, ქალღმერთ დალის საუფლოა... უშგულში ასულს გგონია, რომ ამის იქით უკვე ღმერთები სახლობენ, რომ ეს კოშკებიანი სოფელი, ენგურს რომ მიუყვება და მის კალაპოტს იმეორებს, ღვთის ანაბარაა დარჩენილი ამ უსასრულო სამყაროში.
როცა ღმერთი სამყაროს ანაწილებდა, ქართველებმა მისვლა დაიგვიანეს, და როცა აზრზე მოვიდნენ, დედამიწის ყველა კუთხე უკვე განაწილებული დახვდათო, ამბობს ძველი ლეგენდა. ადგნენ ქართველები და წავიდნენ ღმერთთან.
სად?
სად და უშგულში.
ჩვენც უშგულში წავედით, ეს უკვე მესამე დღე იყო. წინა საღამოს რომ იწვიმა ხომ გახსოვთ, ხერგიანებიდან რომ გამოგვაქცია, ჰოდა, ის წვიმა მთელი ღამე გაგარძელდა. დილით მომწვანო-ხაკისფერ `უაზში~ ჩამსხდრებს კი გვეთანაღრებოდა გული, მაგრამ საწვიმარები ხომ გვაქვსო, ვფიქრობდით...
სვანეთში სამოგზაუროდ რამდენიმე სახის ტრანსპორტი გამოდგება. ჯიპი (ჰა-ჰა-ჰა), ნივა (კაი, ერთი), საბჭოთადროინდელი ვილისი (ღმერთო გვიშველე!), სატვირთო მანქანა (აი, ეს მესმის!), `უაზი~ (უკომენტაროდ).
ოუშენის 13-მა მეგობარმა (ნამცეცუნაც ხომ მოგვემატა), რომელიც ვერც ნივა-ჯიპ-ვილისში ჩაეტეოდა და ვერც ფინანსურად გაქაჩავდა მათ მომსახურებას, თავიდანვე `უაზს~ მიანიჭა უპირატესობა, ვინაიდან თავს ზემოთ მხოლოდ უშგული იყო.
მძღოლის სახელს, მოდით, ნუ მკითხავთ, ვინაიდან ჩვენი კონტაქტი ერთობ ხანმოკლე აღმოჩნდა. გზაში ვილისმა გაგვიჩერა, საით მიდიხართ, მულახთან მეწყერია ჩამოსული, ვერ გადახვალთ, მობრუნდითო. აბა, აბა, ვნახოთ, რა მეწყერიაო, გაიფიქრა ალბათ უაზის მძღოლმა, თანაც როგორ მობრუნდებოდა, ჯერ არის და 200 ლარს კარგავდა, მერე და ოუშენის 13 მეგობარხ როგორ დაგვაჯერებდა, გზა არ არისო? ჰოდა, მივედით მულახამდე.
მულახი ბევრკოშკებიანი სოფელია. საერთოდ, სვანეთში ერთი სოფელი რამდენიმე ქვესოფლისაგან შედგება, რაც ცოტა არ იყოს, გაბნევს, მაგრამ მერე იაზრებ, რომ ეს მთაა და ხალხი უბან-უბან სახლობს და ცდილობ, ახლა იმ ქვესოფლების სახელებიც დაიხსომო როგორმე. მოკლედ, მულახიც უზარმაზარი სოფელია, მდინარე მულახურაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მესტიაში რომ ჩამოდის ზათქით და ქუხილით.
ჰოდა, მივედით და გავჩერდით. ვიდექით და უშგულისკენ მომავალ სხვა მანქანების მგზავრებთან ერთად ვვიშვიშებდით. ძალიან არ გვინდოდა უკან დაბრუნება! აბა, წამოიდგინეთ, მთელი სიმღერებითა და შემართებით ჩავეტენეთ იმ უაზში და... მეწყერი მეწყერად მოგვწონდა, წყალი წყლად და ვიდექით და ვაბირჟავებდით. გაღმიდან სვანები მოადგნენ, მანქანიდან ნიჩბები გადმოიტანეს და ვითომ დამაწყრილი ადგილის გასწორებას შეუდგნენ. ტყილი მცდელობააო, ხელი ჩაიქნია ლამამ, წავიდეთ, წავიდეთო, ნაპირებზე გაფანტული მოლაშქრეები შეგვაგროვა და უაზისკენ წაგვასხა. გზაში კიდევ ერთი სიურპრიზი გველოდა: ამ ჩვენს მანქანას რაღაც ისეთი გაუფუჭდა, რომ ჩვენგან დაცლას ითხოვდა. კიდევ კარგი, იქვე პატარა მდელო იყო და ვის ჰქონდა წამოღებული პლასტმასის ჯამის წითელი თავსახური, ახლა უკვე ვერავინ გეტყვით, ბურთზე მეტად ამ თავსახურმა გაამართლა, ჰაერში ვუშვებდით და ვიჭერდით. ჰერი ბიჭოოოო...
მონადირე შფოთავდა: ეს რა გვიქნა ამ მეწყერმა, პირში ჩალა როგორ გამოგვავლო და კუდი ამოგვაძუებინაო?!

პიკაპი

მესტიაში დაბრუნებეულებს უკვე გვშიოდა, და საერთოდ, რაღაც ხშირ-ხშირად გვშივდებოდა ხოლმე, შეძლებისდაგვარად დავპურდით და ისევ ხერგიანის მუზეუმისკენ გავიქეცით. ნაზო და მისი მეუღლე ნუგზარ ნიგურაინი იქ გველოდნენ. თუ გინდათ ქართული ალპინიზმის ისტორია მოისმინოთ, ნუგზარ ნიგურიანი უნდა გაიყოლოთ ექსკურსიამძღოლად. ისიც ალპინისტია, მაშველი, და რომ გაიცნობთ, იტყვით, სვანი და ასეთი კეთილშობილი? ( მაპატიონ ჩემმა საყვარელმა სვანებმა, ჩემი დედულეთის თამადობით!)
გზაში ისევ წვიმა დაგვეწია. ბიჭებმა, ასე არ უნდაო და მესტიის ცენტრში ფეხბურთი გააჩაღეს. აბა, გაბერილი ბურთი ტყუილად ხომ არ უნდა გაეცდინათ, ძლივს იშოვა მონადირემ ნასოსი! სველები და ამოზურზნულები შემოცვივდნენ სახლში და ლამამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო: უშგულის გზის გაწმენდის მოლოდინში დროს ტყუილად დავკარგავთ, ბეჩოსკენ დავიძრათო. აბალდიუს ლამას მოუკლოდნელი გადაწყვეტილებები ერთობ აშფოთებდა ხოლმე და ალტერნატიული გზების ძიებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ...
ლამა გვპირდებოდა, ჩანჩქერი შ"დგრა ვნახოთ და მერე მეზირის მთაზე ავიდეთო. ავიბარგეთ. რაც გაქვთ, ყველაფერი წამოიღეთ, შეიძლება მესტრიაში აღარ დავბრუნდეთო. `რაც გაქვთ ყველაფერში~ კი იმდენი რაღაც იგულისხმებოდა, მათ შორის ჩემი ფენი და ელექტრო მადუღარაც, რასაც საჭმლის ერთკვირიანი მარაგიც დაერთო, რომ კინაღამ გადავირიეთ.
აბალდიუმ ნატვრა აისრულა და მესტიის მაღაზიაში ხორცი იყიდა! ხორცი ხორცია, ადამიანები წვავენ, ხარშავენ, ხრაკავენ და ჭამაც უხარიათ. მაგრამ არა, აბალდიუს განსაკუთრებით უხაროდა! მე კიდევ, სულ არ ვჭამ ხორცს, არანაირი სახით და აბალდიუს აღტაცებას ზედმეტად სკეპტიკურადაც ვუყურებდი: მაგის ყიდვას, `ტუშონკები~ გვეყიდა და მისგან გაგვეკეთებიდა სოუზი, არ ჯობდა-მეთქი? კი ვამბობდი, მაგრამ აბალდიუს ჯერ კიდევ ტრაპეზარის მტკიცე იმიჯი ჰქონდა და თავისი გაიტანა.
მოკლედ, ხორციან-ჭადისფქვილიანად, კარტოფილები და კომბოსტოებიც მიათვალეთ, ჯნოსის 10 ლიტრი ჭაჭაც და მესტიის მოედანზე წარმოგვიდგინეთ.
ბეჩოში 5 საათზე საერეისო ავტობუსი მიდიოდა, სვანებით დახუნძლული. .აბალდიუ და ვითიბი იქ შევტენეთ და ადგილების დაკავება მოვთხოვეთ. აი, საპატრულო პოლიცია საიდან გაეძრო იქ, ვერ გეტყვით, ამ დროს ტანიასთან მაღაზიაში ვიყავი შესული, ფაქტია, რომ გამოვედი, მოედანზე დიდი ორომტრიალი იდგა და ეს ჩვენი მრავალრცხოვანი ჩანთა-ჩვეშაგები პიკაპის ძარაზე ფრიალით ცვიოდა. ჩვენც ზედ უნდა დაჯდეთ-მეთქი? ჩვენც? სიხარულის ყიჟინა დავცხე. მაგრამ ბიჭებმა, გოგოები მანქანაშიო! მკაცრად გამოგვიცხადეს და მძღოლის გვერდით სამი ერთად მიგვკუჭეს. ვითიბის და აბალდიუს ავტობუსში დისლოცირებული ადგილების დატოვება მოუხდათ, რასაც ახლა სვანების მხრიდან მოჰყვა ყიჟინა.
პიკაპის მძღოლი ბეჩოს პოლიციის უფროსი იყო და რატომღაც მეგრულად უქცევდა. მისი კეთილი ნება, ეს ბანდა მაზერამდე აეყვანა, ვერაფრით ავხსენით. ფაქტია, აგვიყვანა! არც ის გაუპროტესტებია, მისი მანქანის ძარიდან სიმღერის მაგვარი დოდნდგოლი რომ ისმოდა მთელი გზა...


ჟორჟიკა და ბადრია

მაზერი ბეჩოს თემის სოფელია. აი, ქვესოფლებიან ერთ სოფელზე რომ ვამბობდი, მულახზე, იგივე ხდება ბეცოშიც. მაზერში ლამას დეიდა გველოდა, რომელიც სკოლის გვერდით ცხოვრობდა. სანამ იამზე დეიდა მოვიდოდა,
ლამას დეიდაშვილმა თამარმა სკოლის გასაღები მოგვიტანა და ეზოან-შენობიანად მაზერის ორსარტულიანი სკოლა ავითვისეთ.
აბალდიუ სოუზის კეტებას შეუდგა, მე _ ჭადის ცხობას. იამზე დეიდამ სვანური ღუმელი გააჩაღა, თინეიჯერები წყაროზე წავიდნენ, ბიჭებმა შეშის დაჩეხვა ითავეს. შეშა იყო? ცის ქუხილი!
სანამ კარვები გაიშალა, სანამ თამარიონმა ყველა სიმღერა იმღერა, წვიმაში ფეხბურთის თამაშის დროს გალუმპული ტანსაცმელი დაშრა, ორი კილო ფქვილისაგან ჭადებიც გამოცხვა და შუაგულსი სუოლგუნებიც ჩალაგდა, დიდ პატარას შიმშილისაგან პირზე მომდგარი დორბლიც რომ შეაშრა უკვე, აბალდიუმ ჩათვალა, რომ ხორცს მოხარშვა ეყო და კარტოფილი ჩააყარა. სოუზი სუნს უშვებდა? სამოთხის ბაღი!
სუფრა სკოლის სამასწავლებლოში გავშალეთ, გრძელ მაგიდაზე. სალათიც დავჭერით ჩემო ბატონო და ჭიქებიც ჩამოვარიგეთ. იამზე დეიდამ ჯამებიც მოგვცა, კოვზებიც და ჩანგლებიც. ვიდექით მე და თამუსია და ამ სამოთხისეულ საჭმელს გულუხვად ვანაწილებდით. ცოტა ხანში მეც დავჯექი და სუფრას გავხედე. რაღაც მოწყენილები ჩანდნენ და სოუზის დამატებას არავინ ითხოვდა. უფრო ჭადისკენ და პამიდვრისკენ მიიწევდნენ. ლამა იჯდა ჩემს წინ და ვეკითხები, როგორი სოუზია-მეთქი. ლამა თავის შესაშურად ჯანსაღ კბილებს გამალებით ამოძრავებდა, და რომ არ შეჩერებულა, ისე მესროლა: `ჟიუ, ჟიუ, პერედაი დრუგომუ~. ვახ, მეღერა შევხედე ამეთვისტოს თეფშს, გაღეჭილი ხორცები რომ ეყარა და ავხარხარდი! აუუ, რას გაუმართლებს, ვისაც ბოლო ლუკმა შეხვდება ჩასაყლაპადო! გააგრძელა ლამამ და ოუშენის 13 მეგობარ ერთმანეთს შეასკდა! სკოლის დაცარიელებულ შენობაში ჩვენი ხარხარი ექოდ დაირხა და აგუგუნდა...
მონადირემ პაპის არაყი გააძრო ლიკანის ბოთლით, კაკლის უღელჩაგდებული, მუქი ყავისფერი. ეს სასმელი ჯერ კიდევ შატილიდან მახსოვდა ცეცხლად. წვა ტუჩებიდან იწყებოდა, მერე პირში გრძელდებოდა, ყელში გადადიოდა და ვიდრე კუჭამდე ჩააღწევდა, მის ყოველ მოძრაობას იგრძნობდით! ის ერთი ლიტრი ყველას გვეყო! და სკოლის კიბეებზე უცნობი ფეხის ხმები რომ გაისმა, არც არავის გაჰკვირვებია. ნუსა კი ამბობდა მერე, გულმა იქიდან დამიწყო ფართხალიო, მაგრამ ჩემთვის, პირადად, ყველფერი იყვე ჰაერში ტივტივედა და ჟორჟიკა და ბადრიაც იმისთანა ღლაპები იყვნენ, რატომღაც რომ გული ამფართხალებოდა! როგორც მეორე დღეს ბიჭები ყვებოდნენ, სუფრაზე სიტყვა არარავის უთქვამს, გიორგი მორჩაძემ აწეული ჭიქა დადგა მაგიდაზე და მდუმარედ დაჯდა. და მე ვლაპარაკობდი! და ვალაპარაკობდი და ვალაპარაკობდი და ვლაპარაკობდი... ჟორჟიკას უთქვამს, შხარაზე წაგიყვანო. აქ გავჩერებულვარ. მერე გარეთ გამოსვლა მომინდა, უკან კიბეზე რომ ავდიოდი, ჯნოსი შემხვდა, სად მოდიხარო, ახლა უკვე შენი დაძინების დროაო, ნამცეცას კარვის კალთა ერთი ხელის მოსმით ჩააკარაბაკა და შეგნით მისროლა.
მერე რა მოხდა, ამაზე სჯობს სხებმა მოყვნენ, იმიტომ რომ დილამდე გაუძნრევლად მეძინა და არც ჩვენს კარავში თავშემოყოფილი ჟორჟიკა დამინახავს, არც მასთან ერთად იძულებით მსმელი ბიჭები, არც მისი მუქარა გამოგონია: დედას ვფიცავარ, კარავს დავჭრი, დედას ვფიცავარო! დანას ატრიალებდა ჟორჟიკა და გოგოები სად არიანო, იძახდა. გათხოვილები არიანო? უკითხავს. ლამას უთქვამს, არა, ჩემი დები არიანო.
ჩხუბი რომ თავიდან აეცილებინათ, ბიჭები იძულებულნი იყვნენ, გათენაბამდე ჟორჟიკა-ბადრიას ტანდემი აეტანათ და მათთან ერთად ესვათ რაღაც ამღვრეული სითხე, მგონი ქერის არაყი.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 02 დეკ 2011, 20:36

ბელა - სვანეთობა 2008 (გაგრძელება)

განბანვა

მაზერის სკოლის ეზოში გაღვიძებელს ნამცეცუნამ მითხრა, წუხელ ისე მშვიდად გეძინა, რამდენჯერმე კინაღამ თმები მოგქაჩეო. ეს იმ ღამეს, ჟორჟიკა და ბადრია რომ გვბურღავდნენ თურმე.
მეორე დღეს თვალის გახელა არავის უნდოდა, ძლივს აიზლაზნენ ქვეშაგებიდან. არა და, ჩანჩქერ შ"დგრაზე უნდა წავსულიყავით. 12 საათისთვის ლამამ მარშრუტი კიდევ ერთხელ შეცვალა, კიდევ ერთხელ გასცა ბრძანება, ყველაფრიანად ჩალაგდითო და აკვნესებულებმა კიდევ ერთხელ გადავინაწილეთ ჩანთებში პამიდორი, კარტოფილი, კომბოსტო, ჯნოსის არაყი... შ"დგრამდე ვერ მივიდოდით, გზა იყო დამეწყრილი და ძალიან შორიდან უნდა მოგვევლო, ვერარც სკოლის ეზოში დავრჩებოდით, ჟორჟიკას და ბადრიას სხვა ძმაკაცებიც ეყოლებოდათ აშკარად! ამიტომ ბეჩოსკენ დავეშვით იმ მიზნით, რომ მეზირის მთაზე ავსულიყავით.
და უკვე ისე ცხელოდაააა! შვიდი კილომეტრი გავიარეთ და ბეჩოს წყაროსთან სული მოვიბრუნეთ. მერე ჯოხებით შევიარაღდით. გუმანით კი ვგრძნობდი, რომ გზა მძიმე იქნებოდა, მაგრამ ჩემს წარმოსახვას თურმე არ შესწევს რეალობის სრულად აღქმა! წვერმოშვებული აბალდუი ჯოხით ხელში ებრაელთა პატრიარქს ჰგავდა.
სვანეთში ყოველ ფეხის ნაბიჯზე მჟავე წყალია_ ვანურად `სგიმ~ და როცა ამბობ მწყურიაო, დიდი პატივით გთავაზობენ. მშევენიერი წყლებია, მაგრამ ბეჩოს წყაროსთან ვითიბის უკვე ისტერიკა სჭირდა: რა არის, ჩვეულებრივი წყალი არსად მოდის? მწყურია ხალხო, მწყურიაო!!! ჩვეულებრივი წყალი მეზირის მთისკენ მიმავალ გზაზე გამოჩნდა, სადაც წყლის მარაგი შევივსეთ. რაც იმას ნიშნავდა, რომ დიდ- პატარამ ზურგჩანთებში პლასტმასის ბოთლები ჩავიდგით, ჯნოსიმ კი უკვე ათვისებული ჭაჭის ერთი 5 ლიტრიანი წყლით ავვსო და ვაჟკაცურად დაიმაგრა ზურგზე. ამას ისიც მიემატა, რომ აააამირანი ერთი პაწაწინა ზურგჩანთითა და ცელოფნის პარკებით იყო წამოსული სვანეთში, თან ამ პარკს ყურიც ჩამოეხა და მხარზე შემოდგმული აპირებდა მეზირის მთაზე ამოსვლას!!! თან მეორე ხელში საძილე ეჭირა! და ასე მაგდანას ლურჯასავით ახუნძლული ამირანი წარბს არ ირხევდა! ბიჭოოოო! ასე როგორ წამოხვედი-მეთქი, დავკივლე და გავჭედე: სვანეთში მოდიოდი თუ ჩოხატაურში-მეთქი,, ჩანთა როგორ არ ითხოვე-მეტქი, ნაცნობები თუ არ გყავდა, ჩემთვის დაგერეკა, მე გიშოვნიდი-მეთქი, შენ ლაშქრობა რა გგონია-მეთქი, მთაში საერთოდ გივლია-მეთქი???? მოდი, რაღაც ვქნათ, ეს კაცი გზაში დაგვივარდება-მეთქი და აქეთ იქით გავიხედე. ჯნოსიმ თავისი შეუაზე გადამსკდარი ზურგჩანთა კიდევ ერთხელ გახსნა, წყალი უფრო ღრმად ჩადგა, თავისი კარავი მე დამაკრა ზურგზე, თითონ ამირანის საძილე დაიკრა და ცოტა გულზე მოგვეშვა_ `თამარიონი~ პირველ ხმას არ დაკარგავდა, ყოველ შემთხვევაში, ამ გზაზე მაინც...
ამასობაში აბალდუიმ ძველი ტრადიცია გაიხსენა და ამ წყაროზე მე თავს ვიბან ხოლმეო – გამოაცხადა, შამპუნი ვის გაქვთო. ნუსას `ჯონსონის~ შამპუნი აღამოაჩნდა, ვიღაცეებს- ერთჯერადებიც. და იმ სვანურ წყაროზე დიდი თავისბანა გაიმართა. აბალდიუს მორჩაძე მიჰყვა, მორჩას _მონადირე, მერე ნამცეცუნა აკვნესდა, მეც გამტვერილი ვააარო... ბოლოს, თავდაბანილებმა ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს, ტიტები აჩუქეს და ერთი `სუფთა~ სურათი გადაიღეეეეს...
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 02 დეკ 2011, 20:37

ბელა - სვანეთობა 2008 (გაგრელება)

მეზირის მთა

სოფელ ბეჩოში არის მთა, რომელსაც მეზირის მთას ეძახიან. მისი სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა `ლიმზირისაგან~, რაც `ლოცვას~ ნიშნავს, `მემზირ~ კი – მლოცველს. სწორედ ამ მლოცველი მთის წვერზე დგას მე-11 საუკუნის ეკლესია `მეზირ თარგლეზელ~, ანუ მთავარანგელოზის სახელობის პატარა ბაზილიკა, თლილი ქვისაგან ნაშენი. ეს ადგილი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს, ქვა და საშენი მასალა იქ არ მოიპოვება და როგორც სვანები ჰყვებიან, სოფელმა ჯაჭვი გააკეთა და მთის ძირიდან წვერამდე ხელით აიტანეს ქვები. იმასაც ჰყვებიან, რომ ამ ჯაჭვის პირველი და ბოლო კაცი მშენებლობისას მომკვდარა თურმე.

სვანეთის ბევრ ეკლესიაში, ისევე როგორც ხევსურეთში, ქალის შესვლას კრძალავენ. რასაკვირველია, ეს არაქრისტიანული ცრურწმენაა, მაგრამ ლამა თავისი წინაპრების ტრადიციას მიჰყვა მაინც და გოგოები ეკლესიას არ გაგვაკერა. მერე უკვე მთიდან დაბრუნებულებს ქურაში ლელა გურჩიანმა გვითხრა, რომ არ შეხვედით, იმიტომ არ გაგიწვიმდათ, თორემ მაგ მთაზე დიდი ჭაქა-ქუხილი იცისო.

მაგრამ უკან დაბრუნებამდე ჯერ მთა უნდა აგვევლო. ჯოხები გვქონდა-მეთქი, ხომ ვთქვი, ვითიბიც კარგად მღეროდა-მეთქი, პამიდორი რომ კეჩუპად იქცა, ეგ არაფერი, სადღაც გზა რომ შეგვეშალა, არც ეგ. 7 საათი ვიარეთ. რამდენიმე ადგილას ისეთი ულმობელი ასასვლელი იყო, დედას ვიგინებოდი ხმამაღლა.
ის იყო, სულს მოვითქვამდით და ბიჭო, რამსიმაღლეზე ვართო, ვიტყოდით, რომ ლამა რომელიღაც შორეული მთისკენ გაგვახედებდა და: აი, იმ მთას უნდა შემოვუაროთო, იტყოდა. გამაკანკალებდა ხოლმე! ეს მე, თავი რომ მომაქვს, მყინვარწვერზე ავედი-მეთქი! დანარჩენები რა დღეში იყვნენ! მორჩას მორჩილად მოქჰონდა ჯნოსის ჭაჭა და ნამცეცუნასტან ერთად ჩამკეტი იყო, სხვა რა უნდა ექნა, ნამცეცამ მოძრაობის უნარი საერთოდ დაკარგა მგონი. აააამირანმა თავისი პატარა ზურგჩანთა მას მოჰკიდა, თვითონ ნამცეცას ზურგჩანთა მოიკიდა და ზედ თავისი ცელოფნის პარკებიც მიაკიდა.

ერთხელაც გახვითქულები რომ ჩამოვსხედით, ბიჭებმა საუნა ინატრეს. და აქ ლამას კიდევ ერთხელ გაახსენდა თავისი ყმაწვილკაცობა _ საუნაში გატარებული საღამოები, რომანტიულად დაწყვილებული გოგო-ბიჭები და დოდო დეიდა: შეგვიშვი რა, დოდო დეიდა, შეგვიშვი რა...
ბიჭებს ესე ეცნოთ ეს სურათიიი! სულ დეტალურად გაიხსენეს! ისე რომ, გოგოებიც ავხარხარდით და დოდო დეიდა თვალწინ დაგვიდგა წკეპლით ხელში, საუნასთან ატუზულ ბიჭებს რომ ამრეზილად უყურებდა და `პრავებს უკაჩავებდა~...

აღარ მიკითხავს, ანდა რა მნიშვნელობა ჰქონდა, საიდან გაიხსენა ვიიბიმ სიმღერა `კიკოლიკო ზალიკო~. მაგრამ ჩვენი სვანეთში მოგზაურობის ჰიმნად რომ იქცა, ეს კი ფაქტია. დიდ პატარა ამ სიმღერაზე შევჯექით:
`წიინ წიინ წიინ წინანული, ყიზილბაშთა მართებული, დელა, კიკოლიკო ზალიკო, აბა ჩემო სოფიო, ჩემთან ახლოს მოდიო, მე მაინც არ მოგშორდები, დელა, გულში რომ მკრა თოფიო, გულში რომ მკრა თოფიო...

რესპუბლიკის მოედანზე გულადის მინიბუსში რომ ჩავსხედით და ხალხს გადავხედე, ხმამაღლა ვთქვი, ათი დღე თქვენ რა აგიტანთ, ბოლოს მაგრად დავიგრუზები-მეთქი! ჯნოსიმ თქვა, რას ამბობ, ამ ათ დღეში ერთმანეთი იცი როგორ შეგვიყვარდება და ერთმანეთისთვის როგორ ახლობლები გავხდებითო? ჯნოსი რომ მართალი იყო, ამის ფაქტი სახეზეა, ამხელა პოსტებს სულ ჯნოსის სიყვარულით ვწერ, მაგრამ მაშინ მეზირის მთაზე მიმავალი სულისმოსათმელად რომ გავჩერდი და ჩემს უკან მომავალ ხალხს გავხედე, ვიგრძენი, რომ ეს ადამიანები ძალიან ჩემები არიან, ჩემი მეგობრები, ერთ გზაზე, ერთი მიზნისკენ რომ მივდივართ ახლა და რომ ყველა ძალიან მიყვარს: უკან დარჩენილი ნამცეცუნაც, ჩვენი ჩამკეტი მორჩაძეც, პარკებით დახუნძლული აააამირანიც, არანაკლებ დახუნძლული და მაინც ვაჟკაცურად მომავალი მონადირეც, სამჩანთიანი ნუსაც, სულ თავში მიმავალი ვითიბიც, მხვნეშარე ჯნოსიც, სომბრეროს წყალობით კოლუმბიელი პრეფექტისჰაბიტუსიანი ლამაც, სიტყვისუთქმელად მომავალი სერგიკუნაც და ნელნელა გზას შეგუებული ამეთვისტო ხომ ისედაც მიყვარდა და მიყვარდა! და გული გამინათდა და საღოლ კარავი- მეთქიიიი! დავიკივლე...

მერე და მერე დასავენებლად რომ ვსხედობით, ადგომა აღარ გვინდოდა და რა მოხდება, აქვე გავშალოთ კარვებიო, ვიხვეწებოდით. აბალდიუ ჭკვინური სახით გვიხსნიდა, აქ წყარო არ არის, კარვებს ვერ გავშლითო. ლამა კიდევ, დასვენებასაც არ გვაცლიდა _ დაგვიღამდება., ბანაკს ვეღარ მოვაწყობთ, დაგვირამდებაო. ბოლოს, უკვე ყოველგვარი ღონე რომ გამოგვეცალა და ჯნოსის ჩანთიდან ამოღებული ის 5 ლიტრიანი წყლის ბოთლიც რომ გავხსენით, ლამამ რომელიღაც მთისკენ გაიშვირა ხელი და აი, იქ უნდა ავიდეთ, ესღა დაგვრჩა გასავლელიო. ივლითო? ეჭვით გადმოგვხედა. რეაქციის თავიც აღარავის ჰქონდა. კი არ ვისხედით, ქვებივით ვეყარენით...
ლამამ წამოდგა და გზა გააგრძელა. ვითიბი მალე მიჰყვა. ჩვენ ისევ უძრავად ვისხხედით, და აბალდუიც წამოგვეწია, უკან მორცა და ნამცეცა მოჰყვნენ. წყალი დალიეს და აბალდიუ ამბობს, ისე, ეს წყალი ტყუილად ვატარებინეთ ჯნოსის, სადაცაა წყარო გამოჩნდებაო.
რაოვო? ჯნოსიმ იკითხა, წყარო სულ წვერზე არ არისო? ჰოდა, ჩვენც ერთი დასვენებაღა დაგვრჩაო, მხიარულად თქვა აბალდიუმ და აღმართს ახედა, ლამა სად არისო...
თითქოს ეს გზა არც გამოგვევლოს, ისე წამოვიჭრით...
ტყე მოულოდნელად დამთავრდა და ალპური მდელოები დაიწყო. ჯერ კავკასიონის ქედი გამოჩნდა, დათოვლილი მწვერვალებით. ვიდექით მათ პირისპირ და თავზარდაცემულები ვკიოდით....
გოგოები ყვავილებზე გადაირივნენ და სურათების გადაღება დაიწყეს. მერე უკვე ტბაში ნაბანავები ლამაც დავინახეთ, და მე და ნუსამ უკან მომავლებს ყვირილი დავუწყეთ: სანამ ბოლომდე არ ამოხვალთ უკან არ მიიხედოთ, ჩვენამდე რომ ამოხვალთ მერე გაიხედეთო! ჯნოსი და სერგუკუნა მოდიოდნენ. ჩვენამდე, ჩვენამდე ამოდით და მერე მიიხედეთო, აჟიტირებულები ვიმეორებდით.
მერე კიდევ ერთი პატარა მთა ავიარეთ და ლაპარაკის უნარიც წაგვერთვა! ავყმუვლდით! _ ჩვენს წინ უშბა იდგა ხელის გაწვდენაზე! მარჯვნივ თეთნულდი იყო და კავკასიონის მწვერვალები. და უკვე აღარაფერი გვახსოვდა! ყველა ერთად ვმღეროდით, სურათებს ვიღებდით, პირველყოფილებივით ვკიოდით... აქვე გავშალოთ კარვებიო, ვიხვეწებოდით.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 02 დეკ 2011, 20:39

ბელა - სვანეთობა 2008 (გაგრძელება)

ტორიას, პატერ, ტორიას...

როგორც ვთქვი, `მეზირ თარგლეზელ~-თან გოგოები არ მიგვიშვეს. შესვლა კი არა და, შორიდან მოუარეთო, გვითხრეს და თვითონ იმისთანა ღირსებით წავიდნენ, იფიქრებდით, ტორეადორები ხარებთან საბრძოლველად მიდიანო.
ჰმ! ხარებთან! კი, აბა!

რას ვიზამდით, ისევ მოვიკიდეთ ზურგჩანთები და იმ გორისკენ გავემართეთ, სადაც წყარო იყო და მწყემსების ქოხები, _ ქარიშხალი რომ ამოვარდეს, შევეფარებითო, გვარწმუნებდა აბალდუი, თუმცა კი, იმ ქოხებს სახურავიან-გვერდებიანად იმისთანა ღრიჭოები ჰქონდა, აი, ის ბორშში ჩავარდნას გადარჩენილი გოჭი თავისუფლად გაეტეოდა...

აბალდუი ეკლესიაში შევიდა თუ არა, აღარ მახსოვს, ფაქტია, რომ მეორე გორაზე დაგვხვდა ხარებით გარშემორტყმული.
კაცობრიობის ისტორიაში გადატრიალება მოახდინა არქეოლოგ მარსელინო საუტუოლას 10 წლის ქალიშვილის შეძახილმა: ტორიას, პატერ, ტორიას! და საუტუოლამ გამოქვაბულში პირველყოფილ ადამიანთა ნახატები აღმოაჩინა. ის ბიზონები დღემდე უყვარს კაცობრიობას, რომელ ენციკლოპადიასა და კატალოგში აღარ ხატავენ! მაგრამ როცა ოთხმა გოგომ მეზირის მთაზე ხარებით გარშემორტყმული ბალდუი დავინახეთ, დაგვიჯერეთ, ის გამოქვაბულის ბიზონები მაგრად არ გვიყვარდა!

აბალდუიმ შორიდანვე დაგვიძახა, არ შეგეშინდეთ, მშვიდად წამოდითო. წითელი არავის გვეცვა და წავედით. აბალდუი დიდად მოწყენილი დაგვხვდა: ფოტოაპარატი დავკარგეო. როგორ დაკარგე, ხელში არ გეჭირაო? ჟაკეტის ჯიბეში მედოო და რაკი ჟაკეტი წითელი იყო, ხარები რომ არ გაღიზიანებულიყვნენ, გზადაგზა გადმოვაბრუნე და ისე ჩავიცვიო, ეტყობა მაშინ ამომვარდაო. ჩვენი ფოტოებიო? შევიცხადეთ. ფოტოები კი არა, აპარატი მარიამმა მათხოვაო, მოსთქვამდა აბალდუი...

ამ ლაპარაკში ხარებმა ძოვა შეწყვიტეს, თავები ასწიეს და მთელი ტანით ჩვენსკენ მოტრიალდნენ. რამდენი ხარი იყო, არ დაგვითვლია, მაგრამ მთელი ჯოგი იყო, მერწმუნეთ! ნელ-ნელა გარს შემოგვერტყნენ და წრეც ნელ-ნელა შეავიწროვეს! ვაიმეეეე, ალყაში გვაქცევენოოოო! გულგახეთქილმა იყვირა ნუსამ და ბალდუის მიეკრო. ამ დროს ერთმა ახალგაზრდა მოზვერმა გადაწყვიტა მუხლი გაეშალა და გოგოებისთვისაც თავი მოეწონებინა და კუნტრუშ-კუნტრუშით პირდაპირ ჩემსა და ნამცეცუნასკენ წამოვიდა. ჩვენ ცოტა მოშორებით ვიდექით აბალდუისგან. ვის რისი ეშინია, არ ვიცი, მაგრამ რქებმოღერებული ხარის დანახვაზე რომელი შეიკავებდით თავს, მითხარით, რა! ვიკივლეთ მე და ნამცეცამ, სამი ნახტომი გავაკეთეთ პირდაპირ დეკის ბუჩებში და ჩვენც აბალდუის ამოვეფარეთ მეტეხის ციხის კედელივით. ხარები იდგნენ. ჩვენც ვიდექით. ნელ-ნელა გავიჩოჩეთ უკან და ამ დროს შორიდან ვითიბი გამოჩნდა. აუ, ეს მარტოა და გული გაუსკდებაო, ვთქვით და ძახილი დავუწყეთ, ნუ მოდიხარ, მანდ გაჩერდი, ნუ მოდიხარო. ბელა ვარ, ბელაო, იძახდა ვითიბი, თქვენიანი ვარ, თქვენიანიო. ის ხარები ჯერ შემჩნეული არ ჰყავდა, თორემ მარსელინო საუტუოლას ქალიშვილის შეძახილი მონაგონი იქნებოდა ვითიბის სოპრანოსთან! ვითიბი რაღაცას მიხვდა და გაჩერდა. აბალდუიმ ჩვენ ვითომ სამშვიდობოს გაგვიყვანა და ახლა მის საშველად დაიძრა. მამაცი იყოოოო, როგორც რომ ზეზვა გაფრინდაული ბახტრიონის ომში!...

სანამ ბიჭები მოვიდოდნენ, ის მწყემსების ქოხებიც დავათვალიერეთ და კიდევ ერთხელ შეშინებაც მოვასწარით _ ხარები უკან გამოგვყვნენ. ჩანთები დავყარეთ და ქოხის სახურავზე ავძვერით. ერთი ხარი მოგვიახლოვდა, იდგა და გვიყურებდა. მეორე შორიახლოს გაჩერდა და მოვლენების განვითრებას დაელოდა. სახურავიდან გადმოკიდებული ფეხებიც ავკეცეთ და გულში ვფიქრობთ, ერთი გემრიელი გამოქანება და ამ დაფხავებულ ქოხს ხარის რქები სულ ნაფოტებად აქცევსო...
ხარმა ჩვენი ჩანთები დასუნა და ვერ გეტყვით, რა მოეწონა და რა არა, მშვიდად გაბრუნდა უკან.

ეკლესიიდან ამოსულ ბიჭებს ქოხის სახურავზე მსხდომნი დავხვდით...





უშბა არ დაგავიწყდეთ!

შეიძლება ითქვას, რომ კარვები პირდაპირ უშბის წინ გავშალეთ. ღამდებოდა და ვინც კარავს არ შლით, წადით და შეშა შეაგროვეთო, ასეთი ბრძანება მივიღეთ. მე, თამუსია და თინეიჯერები დავტრიალდით. შეშა კი შევაგროვეთ, კოცონის დანთებაც მოვახერხეთ, მაგრამ კარგად რომ ჩამობნელდა, მაშინ მივხვდით, რომ მინდორი დანაღმული იყო! ხან ვისი შეკივლება ისმოდა, ხან ვისი, გოგოს და ბოჭის გარჩევა არ იყო, ხარების ფუნაში მორიგეობით ვეფლობოდით! ყოველ ფეხის ნაბიჯზე ფეთქდებოდა! განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც კოცონი გვენთო. (ჩანადირს არ უყვარს ეს სიტყვა, მაგრამ აქ უნდა ვიხმარო) _პარალონები პირდაპირ ნეხვებში გვეფინა!
ჯნოსის ჭაჭის დალევას საშველი დაადგა, მორჩაძემ რომ ხელით ამოიტანა 2200 მეტრზე ზღვის დონიდან!
მერე ვისხედით და ვარსკვლავებს ვითვლიდით და დიდსა და პატარა დათვებს ვცნობდით მხოლოდ. მერე რა, რომ პური არ გვქონდა! სამაგიეროდ ყველი გვქონდა და კეთილი გულები! და აბა, მშრალი სუპები არ მეყიდა! სულგუნები იმდენი იყო, პირდაპირ ცეცხლზე ვწვავდით. მშრალი სუპები კი ვერმიშელის ეფექტს იძლეოდა და ძეხვზეც მიდოდა და შპროტზეც. მე და თამუსიამ ჩვენი რკინის ფინჯნები გავწირეთ და პირდაპირ კოცონში ვდგამდით, ნაკვერჩხალზე. და ვინ უყურებდა რომ იმ წყალში ფერფლი და ნაცარი ერთად ეყარა, ყავადაც კარგად დაილია და ჩაიც დიდებული გამოვიდა!
ღამით, მე რომ ისევ გათიშულს მეძინა, ნუსამ იგრძნო როგორ მოვიდნენ ხარები ჩვენს კარავთან, დაგვსუნეს, გვერდები მოიფხანეს და მშვიდად წავიდნენ.
დილით ყველა კარავი ადგილზე იყო.
დილით ლამამ გვითხრა, რომ არსადაც არ გვეჩქარებოდა და შეგვეძლო რადენიც გვინდოდა გვძინებოდა, გვებანავა და გვეკოტრიალა უშბის ძირას.
ჯნოსი დროდადრო გახედავდა ხოლმე ჩვენს წინ ასვეტილ მთას და შეგვიძახებდა: `უშბა არ დაგავიწყდეთ!~
რა დაგვავიწყებდა!
ვისხედით და ვუყურებდით.
ჩანჩქერი შ"დგრაც ჩანდა მეზირის მთიდან, შორიდანაც კი ვარჩევდით, როგორ მოქუხდა.
მერე ლამამ ის მარშრუტი დამანახვა, რა გზითაც ორი წლის წინ ზალიკო ქიქოძე, მერაბ ხაბაზი და გეგე ოთარაშვილი ავიდნენ ჰოლანდიელებთან ერთად და სამწუხაროდ, მერაბი და ზალიკო დაიღუპნენ. მაშინ `ახალ ვერსიაში~ ვმუშაობდი და ამ ფაქტზე მე მომიწია წერა...
საღამომდე ვისხედით მეზირის მთაზე და უშბა არ გვავიწყდებოდა! მონადირემ, მორჩამ და თინეიჯერებმდა იმ ტბაშიც იბანავეს, ეკლესიასთან რომ იყო. გოგოებმა წყაროს შეუშვირეს ტან-ფეხი, ზოგმა თავიც, მოკლედ, ნუსას `ჯონსონის~ შამპუნი ტყუილად არ უტარებია.

მეორე სიმღერა, რომელიც ჩვენ ლაშრობას დაებედა, `ცოლი გამოდიდგულდა~ იყო. მორჩაძე იწყებდა ხოლმე ქართლელი გლეხის ხმით: ცოლი გამიდიდგულდააა, იქით გადამიბრუნდაააა, აღარ გადმომიბრუნდააა...
ნეტა რას ბრუნავს ეს ქალიო, ბუზღუნებდა ნამცეცა, დიდი ქარფშუტა ვინმეა, კაბისა და ბაღდადის გულისთვის ტრიალებს წინ და უკანო? ჰო, 21-ე სუკუნეში ნამცეცა რას წარმოიდგენს გლეხის ქალის მიზანმიმართულ ინტრიგებს?!

ფაქტია, ჯერაც უცოლოდ მოსიარულე ჩვენს მოლაშქრეებს კი ცოლის გადიდგულების ამბავი დიდად ხვდებოდათ გაუდიდგულებელ გულებზე და ვითომ ხუმრობით, სინამდვილეში კი შიშით ამბობდნენ _ აზრზე ხარ, ცოლი რომ იქით გადაგიბრუნდება, როგორ ტეხავსო?
ჰეიიი, ჯერ სად არიაააან...
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]