მწყემსების მორიგ ბინასთან შევჩერდით. მივხვდით, რომ დაღამებამდე ვერც ვესტმოში და, მით უმეტეს ვერც ვესტომტაში, ასვლას ვერ მოვახერხებდით. და რადგან ვიწრო ბილიკებზე ღამით სიარული სახიფათო იყო, გადავწყვიტეთ იქვე დავბანაკებულიყავით. აქვე კარგი საბანაკო ადგილიაო, გვირჩიეს, და გავემართეთ იმ ადგილისკენ. კარგი საბანაკე ადგილი საქონლის ნეხვით და ქვებით იყო მოფენილი

, შეძლებისდაგვარად მოვასუფთავეთ იქაურობა და გავშალეთ კარვები. თუმცა მანამდე კარგა ხანს ვეძებეთ საკუთარი ბარგი. ტომრების გამოყენებას ერთი დიდი მინუსი ჰქონია, კაცმა არ იცის, შენი ბარგი რომელია

ქეთომ ჭკუა იხმარა, თავის ტომრებს მარკერით "ქეთო" დააწერა თბილისშივე, ამიტომ ჩვენსავით გამწარებული არ ეძებდა ყოველ საღამოს ბარგს

. ახლოში პატარა ნაკადული ჩამოდიოდა მთიდან, მისი სასმელად გამოყენებაც შეიძლებოდა და საბანაოდაც. თუმცა ისეთი ცივი იყო, ძლივს გავუძელით. ამიტომ კარავი რომ გავშალე, ისე ვკანკალებდი, საძილეში ჩაწოლას არაფერი მერჩივნა. თურმე იაკოც ჩემს დღეში ყოფილა. მაგრამ 1 საათის მერე , როცა კარველებმა ვახშმობა მოასწრეს, კოცონის გარშემო გაბნეულმა მუსიკის ჰანგებმა ორივე გამოგვიტყუა თბილი კარვებიდან. პაატა კარხელაური ბალალაიკაზე უკრავდა და მღეროდა: "იქ სადაც გაზაფხული ივნისში იწყება"... ამის მოსმენის მერე კარვებში რა გაგვაჩერებდა. სიმღერა სიმღერას ცვლიდა, სადღეგრძელო- სადღეგრძელოს, ლექსი - ლექსს, და ცეკვა-ცეკვას. შეშა ტკაცუნობდა და ცეცხლის ალი ვარსკვლავებით მოჭედილ ცაში ადიოდა. ნაწილი არაყს სვამდა, ჩვენ კიდევ ჩვენს ჭიქამტეებთან ერთად ბარსას მიერ დაწურულ დევების სისხლს მივირთმევდით ღობეზე გადაკიდებული ჭიქიდან

(აქ ერთი ანეკდოტის პერიფრაზი გავაკეთე, ვინც ეს ანეკდოტი იცის, ღობეზე გადაკიდებული ჭიქის მნიშვნელობასაც მიხვდება

) დევების სისხლმა იმდენი ქნა, იაკოს სიცივე სულ დაავიწყა და ისეთი ლამაზი ლექსები სთქო რომ სულ დაგვავიწყდა, დასაძინებლად წასასვლელები და ადრე ასადგომები რომ ვიყავით. ამიტომ საკმაოდ გვიან დავიშალეთ.