ძალით აღმართი ყოველთვის როდი იხვნება
“გვეგონა, რომ ძალისმიერი თამაში ჩვენი კოზირი იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. იაპონია შერკინებაში ვერ დავჩაგრეთ, მოლში აქეთ გვაჯობეს, ჩვენი გათვლები არასწორი აღმოჩნდა და სამწუხაროდ, გადამწყვეტ შეხვედრაში დავმარცხდით. ნამდვილად არ ველოდი, იაპონია მოლსა და შერკინებაში ჩვენზე ძლიერი რომ იქნებოდა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, ჩვენზე ძლიერ გუნდთან დავმარცხდით - მათ ეს გამარჯვება დაიმსახურეს. ვეცდებით, ურუგვაისთან მატჩისთვის განწყობა შევიქმნათ და მოსაგებად ვითამაშოთ, თუმცა, ამის გაკეთება იოლი არ იქნება”, - თქვა ნამატჩევს საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა მთავარმა მწვრთნელმა, პაატა ნარიმანაშვილმა.
დიახ, იაპონიამ საქართველოს ნაკრებს აჯობა ყველაფერში - ძალაში, ჭკუაში, ტაქტიკაში, თავგამოდებულ თამაშში და უბრალოდ, რაგბის ცოდნაში. კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ რაგბი მხოლოდ მიაწექი-გადათელე არაა და თუ საკმარისი ტაქტიკურ-ტექნიკური ცოდნა არ იქნება, წინსვლაზე ვიღან ჩივის, უკუსვლა გარანტირებული იქნება. ის, რაც ჩვენი და უფრო დაბალი დონის გუნდებისთვის სრულიად საკმარისი, შედარებით მაღალ დონეზე ხეირის მომტანი არაა და ამ კუთხით მხოლოდ 20-წლამდელთა ან ეროვნულ ნაკრებს კი არა, მთელ ქართულ რაგბს აქვს უზარმაზარი სამუშაო გასაწევი.
იაპონიამ თავგანწირული დაცვა ითამაშა, ძალაში არ დაიჯაბნა, მასპინძლებს სივრცეები შეუზღუდა, სისწრაფესა და ბურთის გაშლაში მეტოქეს აჯობა, ისევე, როგორც დერეფანსა და ფეხით ტაქტიკურ დარტყმებში და შედეგიც ლოგიკური აღმოჩნდა. პირველი 10 წუთის შემდეგ, იაპონია 11:0-ს იგებდა - ნაკამურას ორ ჯარიმას, იაპონელთა მარცხენა ფლანგზე გარღვევა მოჰყვა, ლაფაელე ვაიფუს მხარი ლიიმ აუბა, ცენტრისკენ გაიწია, მერე ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა და ჰიკოსაკამ ალამთან ლელო დადო. რეალიზაცია არაზუსტი იყო.
ნელ-ნელა საქართველოს ნაკრები გონს მოეგო. მე-16 და 28-ე წუთებზე, ბახვა კობახიძემ ქართველები თამაშში დააბრუნა, თუმცა, იაპონელებმა მალევე ჯარიმით უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს. ამას, აზიელთა ზედიზედ რამდენიმე დაჯარიმება მოჰყვა და შედეგად, მათი პირველხაზელი ენოკი სინბინით დაისაჯა, კობახიძემ კი ჯარიმით სხვაობა კვლავ ხუთ ქულამდე დაიყვანა და ტაიმიც დასრულდა - 9:14.
დაიწყო მე-2 ტაიმი და საქართველოს ნაკრებმა პირველზე უფრო შესამჩნევი ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ წინსვლა უწინდებურად არ ჩანდა და თამაში, ძირითადად, მეტოქის 22-ის ხაზსა და ცენტს შორის მიმდინარეობდა. მეტოქეს, პერიოდულად, ბურთი ფეხის კარგი დარტყმით მეტოქის ნახევარზე გადაჰქონდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. აქ, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჯარიმების გამოყენებას, მაგრამ დაძაბულობამ კობახიძეზეც იმოქმედა და მან 2 გასატანი ჯარიმა გააფუჭა.
53-ე წუთზე, იაპონია საქართველოს ნახევარზე გადავიდა, დერეფანი მოიგო, მოლი დააყენა, წინ წაიწია, მერე ბურთი ფლანგზე ჩაათამაშა და ჰანომ თავისი გუნდის მე-2 ლელო გაიტანა, ნაკამურამ კი რეალიზაცია გამოიყენა.
ქართველთა რაქიდან მოკლე დარტყმებმა შედეგი ერთხელ მოიტანა, როდესაც ამ ყველაფერს გაგოშვილის გარღვევა, მერე ბურთის მარცხენა ფლანგზე ჩათამაშება და ნავროზაშვილის ლელო მოჰყვა, მაგრამ მჭედლიშვილს რეალიზაცია გაუფუჭდა. მიუხედავად ამისა, ანგარიში ერთ გარდასახულ ლელომდე დავიდა და იმედი გაჩნდა, თუმცა, იაპონიამ შანსი ხელიდან არ გაუშვა და ხუთ წუთში ჯარიმით უპირატესობა ათ ქულამდე გაზარდა.
რაც უფრო ცოტა დრო რჩებოდა, ქართველთა შეტევები მით უფრო უსუსურ ხასიათს იღებდა, ჰოდა, ყველაფერი 77-ე წუთზე დასრულდა, როდესაც იაპონიამ მეორედ შესძლო კარგი მოლის დაყენება. ამჯერად, ჰიკოსაკამ ჩათვლის მოედნამდე იარა და შეხვედრას ლოგიკური წერტილი დაუსვა - 29:14 იაპონიის სასარგებლოდ.
ფინალში იაპონელთა მეტოქე სამოა იქნება, რომელმაც რუსეთს თავიდან 2 ლელო კი გაუტანა, მაგრამ მერე სლავებმა მოინდომეს, საპასუხო ლელო-რეალიზაციით ჩამორჩენა შეამცირეს და მეტოქე დააბნიეს. სამოელები იქამდე მივიდნენ, რომ ფააპელემ ჯარიმების კარში დარტყმები იკადრა და ორჯერ შესვენებამდე, ერთხელ კი მატჩის განახლებისას, ამ გზით გუნდს ქულები შესძინა. უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში რუსებმა 3 გასატანი ჯარიმა გააფუჭეს და მართალია, 50-ე წუთზე, ლელო-გარდასახვით სხვაობა ერთხელაც შეამცირეს - 14:21, მაგრამ ძალა აღარ შერჩათ - სამოამ გაილაღა, კიდევ 5 ლელო გაიტანა, თამაშისთვის არაშესაფერისი უპირატესობით - 50:14 იმარჯვა.
რუსეთის მარცხით იხეირა ურუგვაიმ, რომელსაც A ჯგუფში დამსახურებული მე-2 ადგილი შერჩა და მსოფლიო თასის “ალაფაზე” პრესტიჟულ მე-3 ადგილს საქართველოს შეეცილება.
ურუგვაიმ ამერიკის ნაკრებს ყველაფერში აჯობა, პირველ ტაიმში ერთგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, მერე ის მეთოდურად გაზარდა და 33:5 იმარჯვა.
B ჯგუფის აუტსაიდერებში კარგა ხანს უქულო ბურთაობა მიდიოდა. კანადამ ლელოთი ანგარიში მხოლოდ 30-ე წუთზე გახსნა და რეალიზაციაც გამოიყენა, მაგრამ შესვენებამდე ზიმბაბვემ ჯარიმა და ლელო მიითვალა და ტაიმი 8:7 მოიგო.
მე-2 ნახევარში, კანადელთა უპირატესობა გამოიკვეთა და მიუხედავად აფრიკელთა წინააღმდეგობისა, 49:23 იმარჯვა, რის შედეგადაც რუსეთს მე-5 ადგილისთვის დაეჭიდება, ზიმბაბვე კი აშშ-ს, ბოლოსწინა, მე-7 საფეხურს შეეცილება.
5 ივნისი. კვირა.
VII ადგილისთვის. “შევარდენი”
აშშ - ზიმბაბვე (13:30)
V ადგილისთვის. “ავჭალა”
რუსეთი - კანადა (13:30)
III ადგილისთვის. “ავჭალა”
საქართველო - ურუგვაი (15:45)
ფინალი. “ავჭალა”
სამოა - იაპონია (18:00)
წყარო:
http://worldsport.ge/Read.aspx?news=210 ... w#comments