მახსოვს, აქ გვქონდა ამ თემაზე საუბარი. აი, კიდევ ერთი ახალი ინფორმაცია:
იმიერსაქართველოს "ქილისები"
20.07.2010
ავტორი
მაია იველაშვილი
მასისის ხეობაში მცხოვრები გურჯები ქილისის, ანუ ეკლესიის, აშენებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, ეკლესიის აშენება ისეთ სოფლებში, სადაც ქართველები ცხოვრობენ, აუცილებელია. ისინი წინაპრების სარწმუნოებასა და თამარ მეფის შესახებ საუბრობენ. ამტკიცებენ, რომ მამაპაპისეული მრწამსის გამო ქრისტიანული სალოცავები მათ ტერიტორიაზეც უნდა ფუნქციონირებდეს.
"მე ერთი რამ ვერ გავიგე, უნდა ვთქვა, იუსუფელში სამი სოფელია ქართული – ბალხი, ხევაი და ქობაი; აქ ქილისა (ეკლესია) არ არის, პარხალში და დოლში (დოლისყანა) ქილისა არის, აქ არ არის. რაზე არ არის? იქ ქართველი ხალხი არ ცხოვრობს, აქ კი ვართ და მე ეს ვერ გავიგე", - კითხულობს ჰილალ ჰათიჯე (გუნდარიძე).
"ჩვენ მუსლიმანები ვართ და იმისთვინ ქილისა არ არის, გეიგე?" - პასუხობს მუჰამედ ბათმაზი, იგივე კლდიაშვილი.
"მუსულმან იყავ და ქილისა იყვეს კიდევა. ქუფეები გაუყიდია და დილაზიკები გოუყიდია და ჩვენი რუ გოუკეთებია თამარას."
საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული სამი ქართული ტაძრის - ოშკის, ხანძთისა და იშხნის - რესტავრაციის სანაცვლოდ თურქეთმა მოითხოვა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენება, ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში, ჯამესა და ახალციხეში არსებული მეჩეთის აღდგენა. რესტავრატორ რამაზ კორშიას მიაჩნია, რომ ტაო-კლარჯეთის კულტურული ძეგლების აღსადგენად თბილისს საუკეთესო შანსი ეძლევა, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოს უძველესი ისტორიის ნაწილი განადგურების პირასაა:
"ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ხანძთაა. შარშანწინ ჩამოიქცა გუმბათი, დიდთოვლიანობა იყო და თუ ეს დროზე არ გამაგრდება, ზედა ნაწილი შეიძლება სულ ჩამოიშალოს. ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია."
[...]
ისევე როგორც აჭარაში, მეჩეთი სამცხე-ჯავახეთშიც ბევრია. ქართველი სპეციალისტები აცხადებენ, რომ მოთხოვნილი სალოცავების ნაცვლად სხვა კულტურული ძეგლების აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ თურქეთის მხარეს კონკრეტული მოთხოვნა აქვს. ექსპერტი ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს, რომ თურქეთის მიერ ამ საკითხით სპეკულირება სწორი არ არის. ექსპერტი ფიქრობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უფრო ეფექტიანად უნდა იმუშაოს ქართული საზოგადოების ინტერესების დასაცავად.
"აქ საუბარი რომ იყოს არსებული ძეგლების რესტავრაციაზე, კიდევ შეიძლება ეფიქრა ადამიანს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ აშენდეს ბათუმში ის მეჩეთი, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტია არ არსებობს; თან აშენდეს იმ ადგილას, სადაც მჭიდროდ სახლობს მოსახლეობა და ეს არა მარტო კულტურულ, ძალიან ბევრ სოციალურ პრობლემას წარმოშობს. ტაო-კლარჯეთი, ერთ დროს რომ საქართველოს ნაწილი იყო, და იქ ისტორიული და კულტურული ძეგლები, რომლებიც დღეს მეზობელი ქვეყნების იურისდიქციაშია, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ იმათი მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ ჩვენ სხვა გარიგებას მოგვაწერინონ ხელი", ამბობს ქუცნაშვილი.
ახალციხელების აზრი საქართველო-თურქეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები ორი სახელმწიფოს მეგობრობის ნიშანია, ნაწილს კი თურქეთის მოთხოვნა უსამართლოდ მიაჩნია.
[...]
იხ. სრულად