ჩვენი გასვლის ერთ-ერთ მთავარ ინტერესს იოსებ ალავერდელის საფლავის აღმოჩენასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება გახლდათ.
ალავერდის მონასტერში ფოტოგადაღება აკრძალულია, ეზოშიც და ტაძარშიც. იმ მხარეს, სადაც ვარაუდობენ წმინდა მამის საფლავის არსებობას, ჩამოფარებულია სპეციალური "ფარდა".
იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია მოგვეძია და ფოტოები გადაგვეღო, მე დავუკავშირდი ჩემს მეგობარს, რომელიც მეუფის სიძეა და ვთხოვე დაკვალიანება, მან მიმასწავლა ალავერდის მონასტრის ერთ-ერთ ბერთან, მამა იოსებთან.
ცოტა ხანში შევხვდი მამა იოსებს და ავუხსენი ჩემი ინტერესის შესახებ. მამა იოსები ყურადღებით მომეკიდა, მკითხა, თუ ვინ ვიყავი, რას წარმოვადგენდი, სად ვმუშაობდი და ა.შ.
ამ ფოტოზე მე და მამა იოსები ვსაუბრობთ არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ:
ჩვენდა საბედნიეროდ, ალავერდელი მიტროპოლიტი, ამბა დავითი იქ იმყოფებოდა, მამა იოსებმა მოუთხრო ჩემს შესახებ, შემდეგ მათ გადაამოწმეს ჩემს შესახებ ინფორმაცია თბილისში და ამის შემდეგ, ისევ შემეხმიანნენ (მე იქვე ველოდები, მონასტრის ტერიტორიაზე) და მამა იოსები მიმდინარე სამუშაოების შესახებ მესაუბრა, ფოტოს გადასაღებად გრიგოლი (იგივე გაგარინა) გავიყოლე, მოგვიანებით თენგოც შემოვიდა, მე მამაოს ავუხსენი, რომ თენგოც ჩვენიანი იყო და ვთხოვე ფოტოგადაღების უფლება მისთვისაც მიეცა.
მამაომ ამგვარი სიფრთხილის მიზეზებიც ამიხსნა და მთხოვა, სწორად მოვკიდებოდი ინფორმაციას, სხვა ჟურნალისტებისაგან განსხვავებით ნაკლებად მიმეცა სენსაციების სტატუსი აღმოჩენებისათვის, თუნდაც იმ ფაქტისათვის, რომ იოსებ ალავერდელის საფლავი აღმჩენილი კი არ არის ჯერ, არამედ ვარაუდობენ მეცნიერები და სამუშაოების დასრულებამდე და დასკვნებამდე ამის გაკეთება ნაადრევია.
არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ის გახლავთ, რომ ტაძრის გვერდით, არქეოლოგიურმა სამუშაოებმა აჩვენა სასახლის არსებობა.
ამ ფოტოზე სასახლის ნაშთები ჩანს, მარჯვნივ, კედელზე, კი, რომელიც ტაძრის მარცხენა გვერდს წარმოადგენს, მიმდინარეობს ასევე არქეოლოგიური სამუშაოები, სწორედ ამ კედლის ძირში ვარაუდობენ წმინდა მამის საფლავის არსებობას, თუმცა, ვიმეორებ, რომ ეს ჯერ ვარაუდია და არა ფაქტი.
