აი, ერთი თუში კაცის - ბახვა ბაიხოიძის ლექსი, რომელიც 26 დეკემბერს, მარჯანიშვილის თეატრში, ოლიმპიურ ჩემპიონ შოთა ხაბარელს დაბადების 50 წლის იუბილეზე მისივე მოსწავლემ, ასევე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა წაუკითხა. თანაც, იმდენად კარგად, ისე გამოცდილი დეკლამატორივით, რომ საღამოს წამყვანმა მარჯანიშვილელებმა იხუმრეს, ჩვენ უკვე ვიცით, სადაც წავა ზვიადაური სპორტიდან წასვლის მერე - სცენაზეო.
ყვავილს რა უნდა ქოთანში,
ვეფხვს როგორ იტევს გალია,
ქარქაშში როცა ისვენებს,
მითხარით, ის რა ხმალია?
მწამს, ყვავილს მინდვრად ვხედავდე,
ვეფხვს - ჯუნგლში მშიერს მადაზე,
ხმლის პირს სისხლის ღვრა უხდება,
ჯიუტი ხელი - ვადაზე.
ორივეს ცხენად ნუ ჩავთვლით,
ცირკისას - ფაფარბაფთიანს,
და კლდეზე ნალების მკვესავს,
მხედრიანს, ჩოხანაბდიანს.
გუთანი, ქედზე უღელი
სამკაულია ხარისა,
ვით ყელსაბამი ლამაზი -
გასათხოვარი ქალისა.
არწივის მეფურ დიდებას
მხოლოდ ჭიუხი ინახავს,
დამწყვდეულ ჯიხვის მნახველო,
არ სთქვა, რომ ჯიხვი გინახავს.
ბუნებამ ყველას ურჩია
თავის საფერი სტიქია,
თუ არ სჩანს გამონთებული,
აბა, ის რაღა ჯიქია?
ტყეს შველი ამკობს, შველს კი ტყე,
ალამაზებენ ერთმანეთს.
ვირს უნდა ბარგი ეკიდოს,
ძაღლი ცხვარს უნდა მწყემსავდეს,
დამწყვდეულ ღამურასა ჰგავს
ძაღლი - ოთახში მყეფარე.
ბეტონზე ჩანჩქერს ვერ შეჰქმნი,
მწამს მხოლოდ კლდეზე მჩქეფარე.
შველი ლაღია მშობელთან,
ნუ დავაობლებთ მშობლიანს,
ცოდვის ხელს ნუ ვყოფთ ბუნებას,
უშნოდ ნუ გავხდით შნოიანს.
ამ სიტყვებმა - "ორივეს ცხენად ნუ ჩავთვლით" კოტეს ცნობილი სიტყვები გამახსენა იპოდრომზე მორბენალ ცხენთან დაკავშირებით.
