გათენდა მომდევნო დილაც. წლევანდელი ზაფხულის გადამკიდე ფრთხილად გავიხედე გარეთ და ჩემდა გასახარად ცა მოკრიალებული იყო!
თამამად გამოვძვერი კარვიდან და ეს ფოტო გადავიღე:
მამაჩემი უკვე გაღვიძებული იყო და ცეცხლის დანთებას ცდილობდა. ამ მცდელობის შედეგია ეს ბოლი ხეობაში
ცეცხლი რომ დაინთო წყალიც მალე ადუღდა და ჩაიც მალე გამზადდა. ასე ერთ საათში უკვე ყველანი ცხელ ჩაის შევექცეოდით.
დამავიწყდა მეთქვა, რომ იმ დღეს როცა ომალოში დავბანაკდით, გიოს დედა, ძმა და და ჩვენმა მძღოლმა დართლომდე ჩაიყვანა, საიდანაც ისინი დანოში ავიდნენ ნათესავებთან. ამ დღეს ჩვენც მათთან უნდა ავსულიყავით და თან სოფელი დანო დაგვეთვალიერებინა.
ის-ის იყო საუზმე მოვამთავრეთ, რომ გიოს ძმამ ირაკლიმ ცხენით ჩამოგვაკითხა დართლოში. ეს გიოა სწორედ იმ ცხენზე:
გიოს მერე ელგუჯა ბიძიამაც ისეირნა ცხენით, დედაჩემსაც უნდოდა, მაგრამ ჩვენ არ დავანებეთ: ცოტა ურჩი ცხენი იყო და იმიტომ.
ასე და ამგვარად გავემართეთ დანოსკენ. წინ აღმართები გველოდა, თუმცა არც ისე გრძელი.
ეს უკან დართლო ჩანს: აქედან დანახულიც ლამაზია
აქ დათო და ელგუჯა ბიძია არიან უკან, ხოლო სულ ბოლოში წერტილებად დედაჩემი და მამაჩემი ჩანან
პირიქეთა ალაზნის ხეობა:
ეს ფარსმა-გირევისაკენ
ესეც ხეობის პანორამა:
ლამაზი იყო როდესაც ზემოდან დასცქეროდი ხეობას: აქეთ ფერდობზე კოხტა სოფლებს, ხოლო იქით ფერდობზე ფიჭვნარს, თეთრ და წვრილ ნაკადულებს, შემორჩენილ მყინვარებს და მთების დაღარულ კალთებს.
ყვავილები რა თქმა უნდა აქაც ძალიან ლამაზი იყო:
