Post
by z g a r b i » 08 ოქტ 2009, 23:03
დიდხანს ვფიქრობდი რა წამეღო ტობავარჩხილზე. 1 კვირით ჯერ არსად არ ვყოფილვარ და ნიკა რომ არ მოდიოდეს, ალბათ უარს ვიტყოდი ამ ლაშქრობაზე.
დილით ახლომახლო მაღაზიები დავიარე, ნელა ჩაიარა საღამოს მომლოდინე დღემ.
ნიკას სახლში მოსვლა დააგვიანდა, ჩანთა ფაცხაფუცხით ჩაალაგა და სწრაფად ჩავყარეთ მანქანაში ყველაფერი.
რატომღაც ყველა ჩვენსავით დაგვიანებით გამოჩნდა ბაქანზე. ერთადერთი ვანო მისულა თავის დროზე - ჩვენს გასაცილებლად.
გამოსამშვიდობებელი ფოტო გადავიღეთ და ვაგონში შევლაგდით. ნახევარს არ ვიცნობ...
ღამე ძილის იმედით წყნარი ვაგონი ვარჩიე და მართლაც მეძინა შიგადაშიგ. გვერდზე ვაგონში დილამდე რაღაცეებს თამაშობდნენ დანარჩენები, თუ დილას ვუწოდებთ 5 საათს, რადგან სწორედ ამ დროს ჩავიდა მატარებელი ზუგდიდში.
სირბილით შევცვივდით მოშორებით მდგარ მარშუტკაში.
წვიმა დაგვხვდა...
გრძელი და დამღლელი გზა იყო მუხურამდე. თითქმის ყველა ვთვლემდით, შიგადაშიგ იმაზე ჩავფიქრდებოდი, საიდან უნდა მოდიოდნენ, ან სად მიდიან ეს ღამეული მგზავრები...
მივადექით მუხურს როგორც იქნა.
იქვე, ხობისწყლის ნაპირას დავყარეთ ბარგი და დანარჩენებს დავუკავშირდით. მოლაშქრეთა მეორე ნაწილი, წინა დღეს ჩამოვიდა აქ და ახლა მათ უნდა დაველოდოთ ამ ლამაზ მდელოზე.
დრო საკმაოდ გვაქ გამოძინებისთვის. აქ არ წვიმს.
ლამაზი ადგილია. ნაპირს გრძელი და ფართე მინდორი მიუყვება. ნაძვის ხეები ხეივანივით ჩარიგებულა მინდვრის ორივე მხარეს. მოშორებით მაგიდა და სკამებიც მოჩანს. თან სისუფთავეა, და სადა სიმწვანე. წყნარი დილაა...
ჯერჯერობით კარგ საბანაკე ადგილად მეჩვენება აქაურობა.
ცივმა მდინარემ გამომაფხიზლა, მაგრამ ძილზე უარს მაინც არ ვამბობ. თამუსიას გვერდით წამოვკოტრიალდი და მალევე ჩამეძინა. კარგა ხანს რეკავდა ტელეფონი და ბოლოს მაინც შეძლო და გამომაფხილზლა. ვანო იყო, ჯერჯერობით გვაქვს იმის ფუფუნება ხმა მივაწვდინო და ამბები მოვუყვე, თუმცა იქ, სადაც ლაშქრობა დაიწყება, ვეღარავის ვერაფერს გავუზიარებთ ერთმანეთის გარდა.
თითქმის ყველას ძინავს. მარადფხიზელი თეო ჯოკრით იქცევს თავს...
მაღლა ავიხედე - განიერი ხიდია მდინარის თავზე. იქაური ჯეელები ჩვენს საცქერად ჩამწკრივებულან. ერთი გრძელი სკამი, მადლი იქნებოდა ახლა მაგათთვის.
ერთი, როგორც ჩანს ყველაზე თამამი, პიდაპირ ჩვენ მოგვადგა.
ისედაც გაბრუებულები, უარესად გაგვაბრუა დაუსრულებელი ბაასით. ქონგური ცდილობდა დიპლომატია გამოეჩინა, (როგორც მერე თვითონ აგვიხსნა - ასეთ "საშიშ" ტიპთან ურთიერთობაში) და ქათინაურებს არ იშურებდა.
თუმცა კარგად გაგვამხიარულა. როგორც კი მოსმენას ვეცდებოდი, სიცილს ვერ ვიკავებდი და ვცდილობდი არ მომესმინა, თუ როგორც არ გავს ეს ბიჭი აქაურებს, რომ მას ზანგიც ყავს ნანახი და ჩინელიც, ტობავარჩხილის ფოტოების ნახვაც შეძლებია ჩვენთვის ნაცნობობაში...
შიგადაშიგ უკან დაიხედავდა, რატომ იცინიან, რამე ხომ არ მჭირსო?!
ალბათ კიდევ კარგა ხანი გვეჯდებოდა ხესთან ჩაცუცქული, მეორე ნაპირიდან რომ არ შეეძახათ, `მოდი, მოიტანესო!~ ალბათ მნიშვნელოვანი რაღაც მოიტანეს, ასე უყოყმანოდ და ბოდიშებით რომ გასწია.
დანარჩენები მალევე შემოგვიერთდნენ და ყველანი ზურას დეიდის სახლში წავედით. იქ კიდევ რამდენიმე დაგვხვდა, ბევრს პირველად ვხედავ.
სახლში დიდ ხანს არ გავჩერებულვართ, დიდი ხის ქვეშ კოხტად იდგა მაგიდა, იქ ვიჯექით ცოტა ხანი. ყავა დავლიეთ გამოსაფხიზლებლად და კოჭაობით ვიქცევდით თავს.
მერე ბარგი გადავინაწილეთ. ნიკამ `ბათინკებით~ და ქონგურმა კარვით, ჩანთა შემომისუბუქეს. ამ ყველაფრიანად, 13 კილო იქნებოდა და პირველივე ნაბიჯების გადადგმისას ვიგრძენი რომ ასე ბევრს ვერ გავივლიდი...
ბეწვის ხიდს მალევე მივადექით. მდინარის იქითა ნაპირას, შურუბუმუს მღვიმე გველოდება.
ჩანთები იქვე დავყარეთ და რიგრიგობით გადავედით ხიდზე.
უცნაურ და ლამაზ სიმწვანეში ამოვყავით ერთბაშად თავი. ხავსი ედო ყველაფერს: დიდ და პატარა ქვებს, ხის ტოტებს... მსხვილი ბალახები და სუროები ერთმანეთში გადახლართულიყვნენ. უდაბურ, ტროპიკულ ტყეს მიაგავდა გარემო, მწვანის სხვადასხვა ტონალობებით აჭრელებული.
მღვიმეს ფართე შესასვლელი ქონდა, მაგრამ მალევე ვიწროვდებოდა, მეც კი მიჭირდა გაძრომა. ვიწრო გასასვლელის მერე, პატარა კელიასასვით იყო _ საკმაო ფართობი იმისათვის, რომ ყველა დავტეულიყავით და ფეხზეც დავმდგარიყავით. მღვიმე კიდევ გრძელდებოდა, თუმცა ვიწრო გასაძრომში წყალი ჩამდგარიყო და ჩვენი ცნობასმოყვარეობა ამით უნდა დაკმაყოფილებულიყო.
კედლები ჟანგისფერი იყო და სველი, ჩვენც დაახლოებით ამ ფერისები გამოვედით მღვიმიდან.
ლუგელასაც მალე მივადექით. აქ მჟავე წყლები მოდის, ნამეტანი მჟავე... ვცადე ერთი ყლუპი დამელია, მაგრამ არ გამომივიდა. თურმე კანისთვის და ჭრილობებისთვის კარგი ყოფილა, მაგრამ 5წთ-ზე მეტი თუ გაიჩერე, წვისა და ქავილის შეგრძნება გიჩნდება.
ბიჭებს დრო უხელთიათ და ხობისწყალში ჩამხტარან. ერთმანეთს გადავეხედეთ მე და თეომ ბიჭებს მივბაძეთ. ერთბაშად შეგვეკრა სუნთქვა ისეთი ცივი იყო. ერთი-ორი გამოვუსვი ხელი და სწრაფად ამოვხტი ნაპირზე.
გზა განვაგრძეთ გაგრილებულებმა. ტელეფონი აღარ იჭერს...
ბიჭები ყველგან ხტებოდნენ, სადაც კი მცირე ხნით გავჩერდებოდით და ლამაზ ჩანჩქერს დაიგულებდნენ. მაგრამ, გზა მალევე გასცდა ხეობას და სამანქანე გზას ავუყევით აღმართ-აღმართ. როგორც ნიკა უწოდებდა, `სახის ახევა აღმართებს.~
ავდიოდით და თანდათან უფრო მაღლიდან გადავყურებდით ხობისწყლის ხეობას.
უწყლობას არ ვუჩიოდით, ხშირად იყო მთიდან ჩამოწანწკარებული ნაკადულები. და კიდევ მაყვალი, რომელიც მთელი გზა გვერდში მოგვყვებოდა დაუზარებლად.
ხანდახან ცხენოსნები შემოგვხვდებოდნენ გზად მიმავალნი. მეტიც, ტრაქტორისტმა ჩინელემბაც კი ჩაგვიარეს გაღიმებულებმა _ თურმე ეს ტყე შეუსყიდიათ და მდინარის ჩამონგრეულ ხიდს აკეთებენ, დიდ, ბოროტ მანქანებს, მოძრაობა რომ გაუადვილდეთ ტყეში.
არჩილის არსებობა იგრძნო ბუნებამ და წვიმამაც მალე მოვაკითხა.
მოულოდნელად, ტრაქტორის ხმა მომესმა შორიდან. ალბათ უკანა გზაზე ბრუნდებოდნენ... ხმა ახლოვდებოდა: `ნეტა კამაზი მაინც ყოფოლიყო ან რამე მსგავსი, ხომ აგვიყვანდა ყველას ამ დაუსრულებელ აღმართზე...~ მაგრამ, რათ გინდა კამაზი? უკან გავიხედე და მთელი ჯგუფი ამ ტრაქტორზე შემომხტარიყო. ვინ სად, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველა სადღაც... გულმა პირდაპირ ჩანგლისკენ გამიწია. მისი ერთი აწევაც საკმაირი იყო, ყველა ზედ მჯდარი ხევში გადავეყარეთ ჩინელებს.
თითქმის ჩვენი ტემპით მიდიოდა ტრაქტორი, მაგრამ მაინც კარგად შეგვიმსუბუქა და გაგვიხალისა გასავლელი გზა.
ასე ვიარეთ ჩანგრეულ ხიდამდე. სწორედ იქ გაეშალათ ბანაკი ჩინელებს. ჩვენც ახლომახლო ვვარაუდბდით დაბანაკებას.
ბანაკიდან ქოლგიანი ჩინელი გამოცუნცულდა და მდინარის მეორე ნაპირას გადაგვიყვანა დროებით შეკოწიწებული გზით. გივყურებდა და - `ეს ქართველები, რა ყველა ერთმანეთს გავხართო?~ მოჩხლართა დამხრჩვალი რუსულით...
გზა გავაგრძელეთ და თან საბანაკე ადგილს ვეძებთ. მაგრამ ის ყველაგნ ერთნაირად ვიწრო იყო _ მარჯვენა მხარეს ციცაბო ხეობით, მარცხნივ _ მაღლა აზიდული მთის ფერდობით.
მალე დაბინდდება.
ბალახებს და მინდორს აღარ დავეძებთ უკვე, უბრალოდ გვინდა გზის შედარებით ფართე მონაკვეთი, რომ კარვების გასაშლელად გვეყოს. კიდეც ცოტა ვიარეთ და მივადექით ასეთ ადგილს. მთიდან წყალი მოწანწკარებდა. ამ წყალს ოდესღაც ხეებისგან ჩაეხერგა გზის დანაჩენი ნაწილი და პატარა ჩიხივით გაკეთებულიყო.
შეძლებისდაგვარად გავასუფთავეთ საკარვე ადგილები და ქვეშ ბლომად ფოთლები დავუფინეთ სირბილისთვის. გავღუნეთ პალოები ქვა-ღორიან ნიადაგში ჩასობით, მაგრამ საბოლოოდ, დიდი ქვებით თუ გაღუნული პალოებით, როგორღაც მაინც გავჭიმეთ კარვები.
შეგნით შევძვერი და წვიმაც წამოვიდა. გადაღაბას არ აპირებდა და ყველას კარვებში მოგვიწია ჭამა. გვერდზე კარავში, ზეიკიძეს მიირთმევდნენ და სტინგერს ხუხავდნენ. ვინანეთ მე და თამუსიამ კარებით რომ არ შევატყუპეთ კარვები. გადახუხავდა კაცი ამ ნამგზავრზე.
მარჯვნიდან ტკბილი სიმღერებით ატკბობდნენ ყურს ზურა და ნინო. მზეს თხოვდნენ ლაზარეს...
მალე ყველაფერი გაჩუმდა...
