"გარდიანი"
სტენლი კობერი
ამერიკა მისი მზარდი საგარეო ვალითა და არმიით, რომელიც ქვეყანას უზარმაზარ ტვირთად ექცა, ზესახელმწიფო აღარ არის. მისი დაპირებები უცხოელი მოკავშირეების დახმარებაზე, არასერიოზულად გამოიყურება
საქართველოსა და უკრაინაში ამასწინანდელი ვიზიტის დროს, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ ქვეყნებს დაპირდა, რომ შეერთებული შტატები არანაირ გავლენის სფეროებს არ აღიარებს. ”ქვეყნებმა თავად უნდა აირჩიონ საკუთარი პარტნიორები და ალიანსები რომლებშიც სურთ გაწევრიანება” - განაცხადა მან. მოკლედ რომ ვთქვათ, ნატო-ს კარი მათთვის ძველებურად ღიაა.
ეს ღირსეული პოზიციია, მაგრამ სინამდვილეში აბსოლუტურად არარეალისტური.
ჯერ ერთი, გავლენის სფეროები მაინც არსებობს, მიუხედავად იმისა, მათ ვინმე აღიარებს თუ არა. სახელმწიფოს ძალა მიზიდულობის ძალას ჰგავს: ის უფრო მეტ გავლენას იმ ქვეყნებზე ახდენს, რომლებიც მასთან ახლოს მდებარეობენ. როგორც დასავლეთ ნახევარსფეროს ერთ პოპულარულ ანდაზაშია ნათქვამი - “საცოდავი მექსიკა: რა შორსაა ღმერთისგან და რა ახლოს - შეერთებულ შტატებთან.”
“ცივი ომის” ეპოქის ყველაზე სახიფათო კრიზისი, როდესაც საბჭოეთმა კუბაში რაკეტები განათავსა, სწორედ გავლენის სფეროების ურთიერთაღიარებით დარეგულირდა. მოსკოვი კუბადან მისი რაკეტების მოცილებაზე მას შემდეგ დასთანხმდა, რაც შეერთებულმა შტატებმა მას იმის გარანტიები მისცა, რომ თურქეთიდან მსგავს რაკეტებს მოაშორებდა. მართალია, თურქეთი მაშინ უკვე ნატო-ს წევრი იყო, თუმცა შეერთებულმა შტატებმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ეს ქვეყანა ყოველშემთხვევაში იმ კონკრეტულ მომენტში, საბჭოთა გავლენის სფეროში იმყოფებოდა.
თუკი საქართველო და უკრაინა რუსეთთან კონფრონტაციას წამოიწყებენ, აშშ ცოტა რამის გაკეთებას თუ შესძლებს. არსებობს განსაზღვრული გეოგრაფიული რეალობები, რომელთა გადალახვა არსებული სამხედრო რესურსებით უბრალოდ შეუძლებელია. ეს ქვეყნები რუსეთს ესაზღვრებიან, შეერთებული შტატები კი შორსაა.
ამერიკის დაპირებები ისეთივე ღირებული აღმოჩნდება, როგორც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე საფრანგეთის მიერ პოლონეთისთვის მიცემული დანაპირები. ამის თაობაზე ცოტამ თუ იცის, მაგრამ საფრანგეთმა მაშინ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, რომ 15 დღის განმავლობაში გერმანიაზე შეტევას წამოიწყებდა, თუ ეს უკანასკნელი პოლონეთს თავს დაესხმებოდა. პოლონელებისთვის საუბედუროდ, საფრანგეთის დანაპირები არასერიოზული იყო, როდესაც გერმანია მათ თავს დაესხა, საფრაგეთმა ომი გამოაცხადა - და არც არაფერი გაუკეთებია.
მსგავს ვითარებაში, აშშ-ც ზუსტად ასე მოიქცევა - ის არაფერს გააკეთებს. შეერთებული შტატები არაფერს გააკეთებს, რადგან არაფრის გაკეთება არ შეიძლება. გარდა ამისა, ამერიკული არმია მთლიანად დაკავებულია. ავღანეთში კონტინგენტის გაზრდისთვის, აშშ-მ ის ერაყში უნდა შეამციროს. დღეს ამერიკას უცხოეთის სამხედრო მოქმედებების სცენაზე ერთდროულად 200 000 ამერიკელ სამხედროზე მეტის განთავსება არ შეუძლია.
იმ საუბრების მიუხედავად, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ერთადერთი ზესახელმწიფოა, ამ ციფრების დავიწყება არ ღირს. ვიეტნამის ომის პიკში, შეერთებულმა შტატებმა იქ ნახევარმილიონიანი სამხედრო დაჯგუფება აამოქმედა, თუმცა ვიეტნამის მოსახლეობა ნაკლები იყო და ასეთ შემთხვევაშიც კი აშშ საკუთარ ტერიტორიაზე თავდასხმაზე პასუხს არ აგებდა.
დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს გაცილებით ნაკლები სამხედროს ამოქმედება შეუძლია. ამერიკულ საზოგადოებაში რაღაც შეიცვალა, როდესაც ავღანეთის და ერაყის ომებთან დაკავშირებით სამხედრო ხარჯები გაიზარდა, ჯორჯ ბუშს ამ ომების ფინანსური უზრუნველყოფის არავითარი საშუალება არ წარმოუდგენია. მას არ გაუზრდია გადასახადები, სხვა სფეროებში არ შეუმცირებია ხარჯები, ქვეყანას არ გამოუცია სამხედრო სესხის ობლიგაციები. ის მშვიდად აგრძელებდა ვალების დაგროვებას.
პოლიტიკური განაჩენი ასეთი გახლდათ: ამერიკელმა ხალხმა საყიდლებზე უნდა იაროს. ომი საზოგადოებას მთლიანობაში არ შეეხება. ომის ტვირთი მხოლოდ რჩეულებს დააწვება.
აშშ ომს არასერიოზულად მიუდგა, მაგრამ მათგან, ვინც ომის ხარჯები და მისი შედეგები ვერ გათვალა, ის გამონაკლისი არ არის. 11 სექტემბრის შემდეგ, ნატო-მ თავისი წესდების მე-5 მუხლი დაიმოწმა, რათა ამერიკისთვის სოლიდარობა გამოეხატა. ნატო-ს ძალებმა ავღანეთში პრობლემების დიდი ნაწილის გადაწყვეტა საკუთარ თავზე აიღო, შემდეგ კი გადაწყვიტა რა რომ ომში გაიმარჯვა, მთლიანად ომის შემდგომ აღდგენით პროცესებზე მოახდინა კონცენტრაცია.
მაგრამ როდესაც საბრძოლო მოქმედებები გააქტიურდა და დანაკარგები გაიზარდა, ავღანეთის მისიისადმი საზოგადოებრივმა მხარდაჭერამ შესუსტება დაიწყო. “ამას ხმამაღლა არავინ იტყვის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ყველანი ავღანეთის დატოვების ჩვენეულ სტრატეგიაზე ვსაუბრობთ” - განაცხადა ნატო-ს აპრილის სამიტზე ერთმა მაღალი რანგის ევროპელმა დიპლომატმა - ”ჩვენ იქიდან მოვდივართ. ამას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს, მაგრამ ჩვენ ვეძებთ ხერხებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაღწიოთ თავი იქაურობას.”
როდესაც “ცივი ომი” დასრულდა, შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ მათ ვერავინ მოერევა. მარტივად მოპოვებულმა გამარჯვებებმა სპარსეთის ყურის პირველ ომსა და ბალკანეთში, ეს განცდა კიდევ უფრო განამტკიცა.
მაგრამ დღეს, წარსული ტრიუმფები გამონაკლისს უფრო ჰგავს ვიდრე კანონზომიერებას. ამერიკელები ფიქრობდნენ, რომ ისინი მტრებს მომავალშიც დაამარცხებდნენ ზუსტად ისე, როგორც 90-იან წლებში, მაგრამ ცდებოდნენ.
და მაინც, აშშ კვლავ არიგებს დაპირებებს და ხალხსაც მათი სჯერა, მაგრამ უბედურების ჟამს მათ გაუკვირდებათ, როდესაც ამერიკა მათ დასახმარებლად არ გაიქცევა.
დროა გულწრფელები ვიყოთ, როგორც ამერიკელების, ასევე იმათ მიმართაც, ვისაც მათი დაპირებების სჯერა.


