რეპორტაჟი არ გავწყვიტო-მეთქი და აქამდე არ დავწერე ჩემი შთაბეჭდილებები. ახლა, რაკიღა მთაშენკამ რეპორტაჟი დაამთავრა, დადგა დრო, მეც გადმოვალაგო ჩემი ემოციები.
...ბახმაროში რომ ნისლი იცისო, სულ ჩამესმოდა ჩემს ბავშვობაში. ნისლი მთაშიც ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთს ვერ წარმოვიდგენდი... ბახმაროში იმდენად ღრმა ბავშვობაში ვარ ნამყოფი, ორიოდე ხის ძველი, ჩაჟამებული სახლის მეტი (და ისიც ბუნდოვნად) არაფერი მახსოვს. ჩემი ბავშვობა "არსენა მარაბდელის" ქათმის ჩივილივით იყო, რაც კი დაკლეს, ყველ;აფერზე მე წამაკლესო. მეც რაღაც მაგ ქათამივით ვიყავი მიბმული შუათანა ძმაზე (უფროს ბევრად დიდია) - იმას გლანდები აწუხებდა და როცა საოპერაციოდ წაიყვანეს, მეც დამავლეს ხელი და ამომაჭრეს (ჩემს გლანდებს რას ერჩოდნენ, ახლაც არ ვიცი, მაგრამ ბარომეტრივით კი დამიტოვეს - როგორც კი ოდნავ შემცივდება, მაშინვე ამტკივდება ყელი და გაცივებისთვის თადარიგს მომენტალურად ვიჭერ

); იმას რაღაც ჯირყვლები აწუხებდა, ექიმებმა ბახმაროზე გაამწესეს და მშობლებმა მასთან ერთად მეც წამაპორწიალეს კურორტზე (ხედავთ, რა მძიმე ბავშვობა მქონდა.

). მაშინ ძაან პატარა ვიყავი და რაც დამამხოსვრდა, ქე დავწერე ზევით, მას მერე კი იმას არ დასჭირვებია ბახმარო და არც მე წავუყვანივარ ვინმეს. თუმცა მე ისეთი სოფელი მაქვს, ბახმაროზე დიდად არც ვგიჟდებით - იქაური ჰავაც და განსაკუთრებით, წყალიც სამკურნალოა - ჩიყვს კურნავს.
...მთაში სხვაგან სადაც მინახავს, ნისლი სწრაფად გადადის, ბახმაროში კი ვნებიანი შეყვარებულივით საათობით ისე გულდაგულ ჩახვეოდა ხეობებს, თითქოს დედამიწასთან განშორება ეძნელებოდა. საოცრება იყო იმის ცქერა, როგორ შემოდიოდა ნისლი ხეობეში - წყნარად, უხმაუროდ, შთამბეჭდავად... როგორც თეატრალური დასი ცდილობს, ყველაფრის ზედმიწევნით გათვალისწინებით, დარბაზში შეკრებილ მაყურებელს ასიამოვნოს და საქმე ჩუმად, უხმაუროდ აკეთოს, იქაც უხილავი რეჟისორი ასე ანაწილებდა, საით წასულიყო ნისლი, რა დროს რომელ ფერდობზე თუ ხეობაში განფენილიყო, რომ მზის დასავლ გორაზე შეფენილ ხალხს დაუვიწყარი სანახაობა ეხილა. საოცრება იყო ნისლის საბანში გახვეული ხეობები და მის ფონზე მოლაპლაპე მზე. მთებში ნამყოფები დამეთანხმებით, რომ ისეთი ვეება, ფთილა-ფთილა ღრუბლები, რაც ბახმაროში ვნახეთ. მე ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მინახავს და ისიც ატლანტიკის ოკეანის თავზე, რიოში რომ მივფრინავდი. მგონი, არავინ დარჩენილა გულგრილი მზის ამოსდავალიდან დანახული ნისლის ზღვით. საოცრება იყო, ამიგომ რომ დაგვიძახა, ნელ-ნელა ამოდით ამ გორაზეო, მართლაც რომ ავიპარეთ და მეორე მხარეს ის უსასრულო ნისლის ზღვა დავინახეთ... იმ გორაკიდან ყველაფერი ზღაპრული იყო - მთელ ჰორიზონტზე უსასრულოდ გაჭიმული ნისლის ზღვა და მასში აქა-იქ კუნძულებად ამოჩრილი მთის წვერები, ამომავალი მზე თუ ის სიცივე, ხელ-ფეხი რომ გაგვითოშა. ერთ რამედ ღირდა იმის განცდა, რომ შენ ღურბლებზე, ამ ნისლებზე მაღლა დგახარ და ზევიდან დაჰყურებ ამ სილამაზეს. ვამბობდი, ტალღების ხმაური არ ისმის, თორემ თავი ზღვის პირას მეგონება-მეთქი.
ერთი სიტყვით, გალაქტიონის სიტყვა-კაზმულობისა არ იყოს, იმ მხარეში არა მარტო სიმღერა და კოცნა იციან განსხვავებული, ნისლიც სხვანაირი სცოდნია.

არ მიკვირს, გოგლა ლეონიძემ გურიაში პირველი ჩასვლისას რომ დაწერა, "ყველამ იცოდეს - გურიაში ვარ,/ და საქართველო მეამაყება". იმ გორებზე მდგარს ალიო მირცხულავას სიტყვებიც მიტრიალებდა თავში - "მარად ფეთქავდე, მარად ტოკავდე,/ შენ - საქართველოს გულო, გურიავ!".
ბახმაროში კიდევ ერთი რამ მომეჩვენა განსხვავებული - ვარსკვლავებიანი ცა მთაში სხვაგან არსად მომჩვენებია ასე ახლოს. ასე მეგონა, მართლა ხელით მივწვდებოდი. ღამის სიცივეც განსხვავებული იყო - მზის ამოსავალზე წასასვლელად ღამის 3 საათზე კარავიდან რომ გამოვძვერი, მაისურზე თბილი სვიტრიც ჩავიცვი, კურტკაც მოვიცვი, საწვიმარიც, მაგრამ მაინც მაკანკალებდა სიცივისგან, ამ დროს კი მცივანა არა ვარ. კიდევ კარგი, ნისლმა რომ გადაიყარა, შედარებით დათბა - ნისლს თქორიც მოჰყვებოდა, თუმცა ზევით მაინც ციოდა.
იქ აღმოვაჩინე, რომ თურმე კარავს გურიაშიც იცნობენ. პირველ საღამოს, გორიდან რომ ჩამოვდიოდი, ვირაც იქაური გოგო გამომელაპარაკა და მითხრა, რომ იცის კარავის შესახებ, რადგან მისი ქუთაისელი ბიძაშვილი ყოფილა გაწევრიანებული. ხშირად ვადევნებ თვალსო, მაგრამ ბიძაშვილის ნიკი ვერ მითხრა, გვარ-სახელი კი მე ვერ ვკითხე.

ისე, ის ბიძაშვილი გოგოა და ამას წინათ ბაზალეთზეც იყოო...

ალბათ, ავენისის გასვლა თუ იგულისხმა. იმ მამია ჭიღალიძემაც იცოდა კარავის შესახებ - თქვენ კახეთშიც დადიხართ, როგორც ვიციო... საიდან იცოდა, მაგის გამოკითხვის თავი არ მქონდა - მე მაპატიეთ.
ამ გასვლამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა ერთ კარავულ ჭეშმარიტებაში - ადგილობრივებს ყველაფერში არ უნდა ენდოთ. მზის ამოსავალ გორაზე ასავლელად ისე დაგვაშინეს - 3 საათი უნდა ასვლასო, გოგოები რას ივლიან იქო და ამგვარები, ლამის იმ შუაღამეზე ავედით გორის შუამდე. დილითაც საათნახევრის მეტი ძილის უფლება არ მივეცით თავს და შუაღამეზე გავცვივდით მთაზე, მაგრამ 1,15-ში ავედით და მერე მთელი 2 საათი იქ მზის ამოსვლას ველოდეთ. არადა, ერთმა ისიც კი გვითხრა, ხალხი წინა დღეს მიდის იქ და ღამეს ათევსო...
დაბოლოს, მოლაშქრეებზეც... ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ჯგუფის 20-ვე წევრს კარგი კომპანიონობისთვის. ლაშქრობებში ერთსულოვნებას და ერთმანეთზე მიყოლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აქ სწორედ ის ხალხი იყო, ვისაც ერთმანეთის სიამოვნება სურდა, რასაც გარემოც ემატებოდა. ფავორიტებზე თუ მიდგება საქმე, ნურავის ნუ ეწყინება, მაგრამ პირადად მე ასეთად წივწივას დავასახელებ - მაგის "მაიმუნობები" და ოხუნჯობები ერთ გასვლად ღირდა.

ჩემთვის აღმოჩენა იყო ბაქო! თავიდან ცოტა კი გავბრაზდი, წინ-წინ რომ გარბოდა და ჯგუფს ძალიან შორდებოდა, მაგრამ მალევე მივხვდი, რამდენიმე კაცის საქმეზს რომ აკეტებდა - რაც მაგან იმ სიბნელეში ბილიკების დასაზვერად წინ და უკან ირბინა, ჩვენზე 3-4-ჯერ მეტი გზა გაიარა.

მიხვვდი იმასაც, რომ ეგ მეწინავედ არ უნდა დააყენოთ, თორემ იმდენად სწრაფად დადის, ჯგუფს დაგიფანტავთ, მაგრამ ვერც უკან ივლის. მაგას თავისი ავტონომია, თავისი ფუნქცია აქვს და ნუ დაურღვევთ - გაუშვით მეწინავე კაცის წინ ბილიკების დასაზვერად და ტავის საქმეს ბრწყინვალედ შეასრულებს. რაც მაგას სიარული შეუძლია და მუხლი მოდგამს - ღმერთი შეეწიოს! თან, წივწივასი არ იყოს, ამტანია და გაჭირვება ღმერთმა გაშოროთ, თორემ დასაყრდენი კაცია. სხვები ისე ნუ გამიგებთ, თითქოს ვინმეზე პრეტენზია გამიჩნდა. ყველანი იმდენად კარგები იყავით - ახლებიც და ძველებიც, ნებისმიერ ადგილას თვალდახუჭული წამოვალ თქვენთან ერთად და ყველას გენდობით. უბრალოდ, აქ ორი ყველაზე განსხვავებული გამოვარჩიე.
და კიდევ - დიდი მადლობა უცხოელებს. მათ თავისი ხიბლი შეჰმატეს გასვლას.