მინდა საგანგებოდ აღვნიშნო -
ტიმოტესუბანში ფოტოგადაღება აკრძალულია,
ჩვენ გაგვიმართლა და ნება დაგვრთეს...
ვისაც გადაღება გინდათ - საჭიროა ნებართვა საპატრიარქოდან...
უნიკალური ფრესკებია იქ-
1,5 სთ ვიღებდი მათ და ყველას ვერ დავდებ -
დავდებ რამდენიმეს....
ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტიმოთესუბნის გუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობა, საქართველოს "ოქროს ხანით" - 12–13 საუკუნეებით თარიღდება. იგი ქართული კულტურის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც უნიკალური მოხატულობის გამო მსოფლიო კულტურის გადარჩენის ფონდშია შესული.
ტაძარში პირველად მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ფრესკა ხვდება თვალს, შემდეგ კი, განკითხვის დღის უნიკალური კომპოზიცია იშლება, რომლის ფართობი 20 კვადრატულ მეტრს შეადგენს; მლოცველს საკურთხეველის თაღიდან ღვთისმშობლის მთლიანი ფრესკა გადმოჰყურებს.
მთავარ ტაძარზე არაფერი წერია, თუმცა, მონასტრის ტერიტორიაზე არსებული მცირე ეკლესიის დასავლეთის სარკმელზე მოთავსებული წარწერა გვამცნობს: "ქრისტე ადიდე სულითა შალვა ერისთავთ ერისთავისა". სწავლილთა აზრით, ეს მონასტერი საქართველოს "ოქროს ხანის" ლეგენდარული გმირის, შალვა თორელის განსასვენებელი ადგილია.
მონასტერი მართლაც საოცარ ადგილასაა გაშენებული: მიდიხარ და გგონია ახლომახლო არაფერია ვიწრო ხეობისა და ხმაურიანი ღელის გარდა; უცებ, მოსახვევში, ტიმოთესუბნის მონასტერი ცეცხლის ალივით აბრიალდება.
აქ ოდითგანვე ბერების სავანე ყოფილა. სახელწოდებაც სავარაუდოდ, მონასტრის დამაარსებლის იმ სახელს უკავშირდება, რომელიც ხალხის მეხსიერებამ შემოინახა. აქ მოღვაწე ბერების მიერ წირვა–ლოცვა დღესაც აღევლინება.
