მახუნცეთი-2005
2005 წლის სექტემბერში მე და kakha_travel ოჯახებით ბათუმში ვისვენებდით. ერთ დღესაც დაგვირეკა ერთმა მეგობარმა, ბათუმში ვარ ოჯახთან ერთად და ისეთი ადგილები ვნახე ბათუმთან ახლოს, რომ კიდევ მინდა იქ წასვლა-ო. ასე გავიგეთ მახუნცეთის შესახებ და მოვინახულეთ კიდეც.
ბათუმიდან რომ მივდივართ მახუნცეთისაკენ (მიკროავტობუსით, თუ სწორად მახსოვს, მოვუნდით დაახლოებით 1 საათი), მარცხნივ არის გადასახვევი ჩანჩქერისაკენ, რომელთანაც ფეხით მისასვლელად თხუთმეტიოდე წუთია საჭირო.
თვით ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიამ მთლად კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა, რამდენადაც ბუნებრივი ველურობა დაკარგული აქვს იქაურობას - ჩანჩქერის გვერდით, ასე 15 მეტრში, არის სახელდახელოდ აშენებული ფაცხები, ცხადია საქეიფოდ. სულ ყველაფერი, მაგიდები, სკამები სულ ნესტიანი იყო. როგორც ჩანს მზე ცოტა ხნით უდგება მაგ ადგილს. ეგ არაფერი, უბრალოდ, ჩვენ ის უფრო არ მოგვეწონა, რომ ჩანჩქერიდან სულ რაღაც 30 მეტრში ხალხი ცხოვრობს. თუმცა შეიძლება ასეც: ნახე? გაიარე! შემდეგი!!! „შემდეგი“ კი ქვედა აბზაცშია აღწერილი.
მახუნცეთისაკენ გადასახვევის მოპირდაპირე მხარესაც არის გადასახვევი, ანუ ბათუმი-მახუნცეთის გზიდან მარჯვენა მხარეს და იქვე ახლოს, სულ რამოდენიმე ათეულ მეტრში არის თამარის ხიდი, აგებული მდ. აჭარისწყალზე.
იქვე, ხიდთან არის ხის გრძელი მაგიდა, ორი მხრიდან გრძელი სკამებითურთ. ჰოდა იქვე დავსხედით საქეიფოდ. მწვადი, ყველი, სალათა, რამე-რუმე, კაი ღვინო და გაჩაღდა ქეიფი. 4-5 სადღეგრძელოს მერე გადაწყდა „მახუნცთა ორდენის“ შექმნა. და შეიქმნა კიდეც იმავე დღეს. „მახუნცეთის ღონისძიების“ ორგანიზატორი არჩეულ იქნა მთავარ მახუნცად, რომელმაც არჩევისთანავე, კახას და მე გვიბოძა მახუნცთა ორდენის კავალრების ტიტული. ჩვენი ოჯახების მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ეწოდათ მახუნცები, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს კი მახუნცინები.
6-7 სადღეგრძელოს შემდეგ სიმღერაც შემოვძახეთ. გავიდა ორიოდე წუთი და ჩვენს გვერდით საიდანღაც გაჩნდა უცნობი მამაკაცი, იქნებოდა 55-60 წლის.
- გამარჯობა! - მივესალმეთ.
- გაგიმარჯოთ! მოგვესალმა და გაგვეცნო. გიორგი ერქვა.
- თქვენმა სიმღერამ გამაღვიძა და ჩამოვედი - თქვა მერე.
- კი მაგრამ ესე უცბად აქ საიდან ჩამოხვედით? - ვკითხეთ გაოცებულებმა, რადგან ხიდზე ჩვენსკენ მომავალი არავინ დაგვინახავს.
- ე, მაგ ხიდან - თქვა მშვიდად და ხელი ჩვენი მაგიდის გვერდით მდგომი ხისკენ გაიშვირა.
-
- ჰო, მანდ ვცხოვრობ.
-
კი, ხეზე ცხოვრობდა.
ზედ ხეზე, განტოტვის ადგილას, ტოტებს შორის პატარა ბინა ჰქონია მოწყობილი, ფიცრებით შეკრული. ტანსაცმელიც ჰქონდა იქ და ცოტაოდენი საჭმელ-სასმელიც. მეზღვაურად უმუშავია, იძახდა გემის კაპიტანიც ვყოფილვარო.
ჰმ, გემის კაპიტანი ხეზე... ეხლა არ ვიცი ისევ იქ ცხოვრობს თუ სხვა ხეზე მიიღო ბინა.
გავაგრძელეთ ქეიფი გიორგისთან ერთად. მთავარ მახუნცს ვიდეო-კამერა ჰქონდა წამოღებული, რომელიც დროებით გადააბარა მახუნცინა ანას. ისიც მახსოვს, გიორგის ეუბნებოდა, ტელევიზიიდან ვართ და ეს გოგო ჩვენი ოპერატორიაო. გადაღებული მასალა არ მინახავს, არა და, ნანახი რომ მქონოდა, უფრო დეტალებში გამახსენდებოდა იქაური ამბები. რამოდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ გიორგიმ დაგვტოვა, ოღონდ სახლში არ წასულა. სოფლისაკენ დაიძრა - საქმეები მაქვსო.
მე-11 სადღეგრძელოს შემდეგ წესდებას დაემატა მორიგი მუხლი, რომლის თანახმადაც ნებისმიერი პირი, რომელიც მოისურვებდა „მახუნცთა ორდენში“ გაწევრიანებას, უნდა გადამხტარიყო თამარის ხიდიდან მდ. აჭარისწყალში და გადაეცურა მდინარე.
მე-15 სადღეგრძელოს შემდეგ, რომელიც იმ საღამოს ბოლო აღმოჩნდა, მიუხედავად ჩემი სიტყვებისა: სხვა დროს იყოს, ვერა ხედავ რა ფერისაა?... kakha_travel-მა მაინც შეასრულა გაწევრიანების რიტუალი.
დამფუძნებლები
მთავარი მახუნცი მანქანით იყო. კახას ოჯახის ნაწილი მას გაყვა. დანარჩენებმა კი ბათუმში მიმავალი სამარშრუტო ტაქსი გავაჩერეთ. 15 ადგილიან მიკროავტობუსში 25-ნი ვისხედით, ვიდექით და ვიწექით. სხვები ვინ იყვნენ, ან საიდან იყვნენ არ ვიცი, ის კი მახსოვს, რომ მძღოლს მარჯვნივ 3 მგზავრი ეჯდა, მაგრამ პირველად ვნახე მძღოლის გვერდით, მარცხნივ მჯდომი მგზავრი.
ეჰ, სად იყო ფელინი?!
P.S. იქ გადაღებულ ფოტოებს რომ გადავხედე, სამწუხაროდ ძალიან ცოტა აღმოჩნდა და დიდი ინფორმატიულობითაც ვერ გამოირჩევა, მაგრამ სულ არაფერს მაინც სჯობს.