მარტვილელებს ყველაზე ძუნწ მეგრელებს ეძახიან, ასე მქონდა გაგებული მე და ამაში ცხადად დავრწმუნდი. იმდენი გვეძახა ყველამ პატივი უნდა გცეთ, რა გინდათ, რა გსურთო, რომ იქით ვეცით ყველას პატივი და სტუმრად ჩასული კარაველები აქეთ აღმოვჩნდებოდით ხოლმე მასპინძლის როლში და იქით ვეპატიჟებოდით.
ასე მოგვივიდა აქაც. მეზობელი ბიძები დიდხანს ჩალიჩობდნენ ჩვენს პატივისცემაზე თუ ჩვენგან პატივისცემაზე, ორიოდე ფიჩხი მოატანინეს ბავშვებს და მერე ვინ რას ამბობდა და რას გვთავაზობდა, ვერც ჩვენ და ვერც თავად ვერ იგებდნენ.
ერთხანს ასე ვუყურე, დავიღვარე ბოდიშებად და მადლობებად, არ ვიცი, რის გამო, უბრალოდ, ჩემმა მეგრულმა გენ. კოდმა მიკარნახა ასე ქენიო, მერე განვაცხადე, მოგზაური ხალხი ვართ და თუ მოგვასვენებთ, დიდად მადლიერები დაგრჩებით-თქო, აბა, ცეცხლი დავანთოთო, ჩვენ კიდევ სამწვადეს მოვიტანთ და ვიქეიფოთო, თუმცა, ეტყობოდათ, რომ ადგილიდან დაძვრას არ აპირებდნენ. მე ვუთხარი, ისე დავღლილვართ, გადაგვიფიქრებია და ვერ მივმხდარვართ-თქო...
ერთ ხანს მიყურეს, მერე ერთმანეთს უთხრეს, ხომ ხედავთ არ ვჭირდებითო და გავიდნენ ჯიჯღინითო, მაშინ მივხვდი, რომ მეგრელების ნაწილი ხასიათით სვანია ხოლმე, ისევე ჭედავენ, მაგრამ უფრო თავაზიანად და რბილ ფორმატში. ეგ ამბავი გულიანად დავიკიდე და კვლავ მადლობა-ბოდიშების ნაზავით დავემშვიდობე.
ასე დასრულდა პირველი სერია. ჩვენ დაბანაკება და საღამოს ტრაპეზის გაშლა დავიწყეთ და გადავწყვიტე ცეცხლი არ დაგვენთო, ჩვენ რომ ცეცხლი აგვენთო, იქ ჩვენთან ერთად სეირის მაყურებელთა მთელი კასკადი შეგროვდებოდა და თავიდან ავირიდე. ამოვიღე სანთლები, ჩავარჭეთ მიწაში და ამის შუქზე ვივახშმოთ-თქო...
ხომ იცით, ბედნიერება ხანმოკლეა და... მალე ზღურბლზე კიდევ ერთი მეზობელი ბაბუა გამოჩნმდა, რომელსაც ხან პაპას ვეძახდი რატომღაც, ხან ბიძას და ხანაც ბაბუას. ისაო, ესაო და ისიც მიედ-მოედო. ჩვენებმა თავი უხერხულად იგრძნეს და ვახშამზე მიიპატიჟეს. მე კი ვიფიქრე, ეს რომ აქ დარჩეს, მერე სწხვებიც შემოემატებიან-თქო და კვლავ მადლობა-ბოდიშების დიდი დოზებით
შევთავაზე დაგვლოცე, ისე ნუ მიდიხართ-თქო და იქვე მოვითხოვე ჭიქა არაყი.
დიდი ჩაის ჭიქა იდო ახლოს ჩემი და მამუკამ ნახევარი ჩაასხა, როგორც არაყს ეკუთვნის ხოლმე. მასპინძელმა ბაბუამ, მიუხედავად სიბნელისა, ჩვენ რომ კარგად ვერ გვხედავდა, ეს კი შესანიშნავად შეამჩნია და გვთხრა, თქვენ მე ნახევარი კაცი გგონივართო? - ჩვენც სულ ბოდიშების ძახილით ჭიქა პირამდე ავუვსეთ და მივაწოდეთ.
რაღაც ორი სიტყვა კი გვითხრა და ხუხა, მაგრამ რა ხუხა!!! ორი წუთი სული ვერ მოითქვა, მეთქი, ეს კაცი თუ ხელში ჩამაკვდა, ვინ დამიჯერებს, რომ პატივი ვეცი-თქო და შევშინდი (ცოტა). როგორც იქნა, ამოისუნთქა გაწითლებულმა და ყველას ისე გაგვიხარდა, აი, ექიმები რომ იხარებენ, მშობიარობის შემდეგ ახალდაბადებული რომ ღრიალს დაიწყებს.
ახლა ამ ბაბუამ დაიწყო ბოდიშების მოხდა, შეგაწუხეთო, იმდენი იბოდიშა, ნასვამობით ტონხმოვანთანხმოვან არეულმა, რომ მართლა შევწუხდი, ვეღარც ფეხზე იდგა და ჩავებღაუჭე და სკოლის ეზოს შემოსასვლელისაკენ დავუწყე წაყვანა. მგონი 40 წუთის განმავლობაში მიმყავდა, ამასობაში მისი გარდაცვლილი მეუღლის ამბები და მთელი ახალგაზრდობის თავგადასავალი მოვისმინე. ამას კიდევ რა უჭირდა, თუ ნელ-ნელა წინ მიმყავდა. მაგრამ... სიგარეტის მოსაკიდებლად რომ შეჩერდებოდა, მე კი სკოლის ეზოს კარს გავცქეროდი, შორეული ფინიშივით მივტიროდი თვალებით.
როგორც იქნა, გაწევ-გამოწევისა და ხანგრძლივი ჩალიჩის მერე მოხდა ის, რაც არაფრით ჩამოუვარდება საქართველოს რაგბისტთა ნაკრების მიერ გადამწყვეტი ლელოს დადებას!!!
კიდევ ერთი წამიც... კიდევ ერთი გაბრძოლებაც... კიდევ შვიდი მადლობა და თორმეტი ბოდიში...
და...
თავი სიზმარში მეგონა სკოლის ეზოს კარი რომ ჩავკეტე, მშიერ-მწყურვალი დავეცი ჩვენს ბანაკს, სასწრაფო ტემპით მივაჭერი ხაჭაპურის ნაჭერსა და ერთ ჭიქა არაყს, გავიხედე პირდაპირ... და...
და...
