მივყვეთ და მათ შესახებ რაც ვიცით, ჩამოვწეროთ

სიონი
Sioni Cathedral
გადმოცემით სიონი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში V ს-ის II ნახევარში. 570-80-იან წლებში ქართლის ერისმთავარმა გუარამ კურაპალატმა საფუძველი დაუდო სიონის ახალ ტაძარს. მშენებლობა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ერისთავები ისე ქალაქის მოსახლეობა, დასრულდა ერისმთავარ ადარნასეს დროს, 620-იან წლებში.
მომდევნო ხანაში სიონი არაერთხელ დაინგრა და აღდგა. სავარაუდოდ ტაძარი საფუძვლიანად განაახლეს მას შემდეგ, რაც 1122 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა თბილისი აიღო და საქართველოს სამეფო ტახტი აქ გადმოიტანა. 1226 წელს ხვარაზმელთა შაჰმა ჯალალ ად-დინმა ჩამოანგრია ეკლესიის გუმბათი, რომელიც, როგორც ჩანს, მალევე აღადგინეს. თემურლენგის 1386 წლის შემოსევის დროს დაზიანებული შენობა შეაკეთა მეფე ალექსანდრე I-მა. XVII ს-ის დასაწყისში ირანელთა მიერ თბილისის რამდენიმეგზის აოხრების შედეგად დანგრეული ტაძარი 1657 წელს აღადგინა მთავარეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა, მაგრამ 1668 წლის მიწისძვრამ შენობა ისევ დააზიანა.
1710 წელს მეფე ვახტანგ VI-მ განაახლა ტაძრის გუმბათი, საპირე წყობა და სახურავი. უკანასკნელი დიდი დაზიანება შენობამ განიცადა 1795 წლის ირანის გამგებლის აღა მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს. XIII ს-ში ტაძარზე სამხრეთიდან მიშენებული წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერი XVII ს-ში საფუძვლიანად განაახლა მთავაერპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა. XIX საუკუნის დამდეგისათვის ტაძარი საფუძვლიანად აღადგინეს, ხოლო იმავე საუკუნის შუა წლებში ხელახლა მოიხატა რუსი მხატვრის გ. გაგარინის ესკიზების მიხედვით. 1980-83 წლებში ტაძარი გარედან ახლად შემოსეს თლილი ქვით, ამავე დროს ტაძარს ჩრდილოეთიდან მიაშენეს წმ. ვახტანგ გორგასლის ეგვტერი.

წყარო: http://tbilisi.info/locals/sioni.html
კიდევ ერთი წყარო თბილისის სიონის შესახებ:
ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის ტაძარი ამავე სახელწოდების ქუჩაზე მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბან ზემო კალაში. გადმოცემის მიხედვით, პირველი ეკლესია ამ ადგილას V საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასალს აუგია. ერთი ასწლეულის შემდეგ კი, 570-580-იან წლებში, ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის სურვილით ამავე ადგილას ახალი ტაძარი ააგეს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ ერისმთავრები და ქალაქის მოსახლეობა. ტაძარი ერისმთავარ ადარნასეს მმართველობის პერიოდში 620-იან წლებში დასრულდა. გადმოცემის თანახმად გუარამი და ადარნასე აქ არიან დაკრძალულები.
მომდევნო ხანებში სიონი მრავალჯერ დაარბიეს და აღადგინეს. სავარაუდოდ, იგი სრულიად განაახლეს დავით IV აღმაშენებლის მიერ 1122 წელს თბილისის აღების შემდეგ. 1226 წლის მონღოლების შემოსევისას ტაძარი დაზიანდა. ჯალალ ედ-დინმა მისი გუმბათი ჩამოანგრევინა, თუმცა ნაგებობა მალევე შეაკეთეს. არანაკლები ზიანი მიადგა ეკლესიას თემურ-ლენგის 1386 წლის ლაშქრობისას, იგი მეფე ალექსანდრე I-მა განაახლებინა.
XVII საუკუნეში სპარსელთა არაერთგზის შემოსევისას სიონის ტაძარი კვლავ დაარბიეს. მთავარეპისკოპოს ელისე საგინაშვილმა იგი 1657 წელს აღადგინა. ამავე პერიოდში მთლიანად განახლდა XIII საუკუნის წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეგვტერი, სადაც თვითონ ელისე საგინაშვილი დაკრძალეს (გარდ. 1670 წელს), თუმცა 1668 წლის მიწისძვრამ განახლებული ნაგებობა კვლავ დააზიანა.
1710 წელს ვახტანგ VI მიერ ჩატარებული რესტავრაციისას შეიცვალა საპირე წყობა და სახურავი. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის დარბევისას არც სიონის ტაძარი დაინდეს. XIX საუკუნეში ნაგებობა რამოდენიმეჯერ შეაკეთეს.
1980-1983 წლებში ეკლესიის პერანგი ნაწილობრივ განაახლეს და ჩრდილოეთით ვახტანგ გორგასლის სახელობის ეგვტერი მიაშენეს.
ტაძრის გეგმა XII საუკუნიდან მოყოლებული არსებითად არ შეცვლილა: ნაგებობა ,,ჩაწერილი ჯვრის” ტიპისაა, მისი გუმბათი აბსიდის კედლებსა და ორ ბურჯს ეყრდნობა. საკურთხევლისა და პასტოფორიუმების ხუთწახნაგა აბსიდები ნახევარწრიულადაა შვერილი. ტაძრის პერანგი ძირითადად XIX საუკუნისაა, თუმცა ჩრდილოეთის ფასადის ზედა ნაწილში შემორჩენილია 1710 წლის გადაკეთების დროინდელი წყობა და ამავე ხანის წარწერა. რომელთანაც სოლარული სიმბოლოსა და ფასკუნჯების რელიეფური გამოსახულებებია მოცემული. ფასადები სადაა, შედარებით შემკულია XVIII საუკუნეში ამოყვანილი გუმბათი. მისი თექვსმეტივე სარკმელი ორნამენტულ საპირეშია ჩასმული. ამავე დროს დასავლეთის მხარეს განედლებული ჯვრისა და მიჯაჭვული ლომის, ხოლო ჩრდილოეთით მთავარანგელოზისა და წმინდანის ფიგურების რელიეფური გამოსახულებებია.
ინტერიერში გრიგოლ გაგარინის მიერ 1851-1855 წლებში შესრულებული მხატვრობაა, ხოლო დასავლეთის ნაწილი 1978-1979 წლებში ლ. ცუცქირიძემ მოხატა.
ტაძრის ჩრდილოეთით ალექსანდრე I მიერ აგებული და XVIII საუკუნეში განახლებული სამიარუსიანი სამრეკლო დგას. მეორე, შპილით დაგვირგვინებული სამრეკლო ქუჩის მოპირდაპირე მხარესაა აღმართული ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. იგი 1812 წელსაა აგებული და თბილისში კლასიცისტური ნაგებობის ერთ-ერთ უადრეს ნიმუშად ითვლება.
სიონის ტაძარი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთა საძვალე იყო. გადმოცემის თანახმად, აქვე ტრაპეზის ქვეშ წმ. ევსტათი მცხეთელია დაკრძალული (მოწამეობრივად აღესრულა დაახ. 550 წელს). ეკლესიაში ინახება წმ. ნინოს ვაზის ჯვარი.
წყარო: http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lan ... fo_id=4642