შაორი-2003
2003 წლის აგვისტოს დასაწყისში გადავწყვიტეთ შაორის წყალსაცავზე წასვლა ოჯახებით. თბილისიდან წავედით 14-ნი (დიდიან პატარიანად), კახა თავის 2 ბიჭთან ერთად, ჩემი ორი და და მე ოჯახებით.
შაორის წყალსაცავი
მესამე დღეს ლაშაც (lashas) შემოგვიერთდა.
საქართველო წყალს მიაქვსო და ჩვენ კიდევ ავდექით და დასაბანაკებლად ისეთი ადგილი ავარჩიეთ, რომ უფრო მეტად დაგვეფასებინა მსოფლიოში პირველი სითხე - თვით წყალი. PET-ის ბოთლი კი გვქონდა ბევრი, ზურგჩანთები ხომ თავისთავად და მორიგეობით, ზურგჩანთაში ცარიელბოთლებჩაწყობილები ფეხით მივუყვებოდით გზას ნიკორწმინდისაკენ, ვავსებდით წყაროზე ბოთლებს და ისევ ფეხით ვბრუნდებოდით უკან. მართალია ძალიან შორი არ იყო, მაგრამ ისეთი ცხელი დღეები იდგა, რომ გარეთ არ გაისვლებოდა. მოკლედ ყველანაირი პირობა შევიქმენით საიმისოდ, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაში ვყოფილიყავით

.
განა წყაროები არ არის რაჭაში, უბრალოდ, ჩვენი ჩასვლა დაემთხვა წყალდიდობების პერიოდს. ჩვენს ჩასვლამდე სამიოდე დღით ადრე წვიმებს მიჰქონდა რაჭა და სხვათაშორის ბევრი ისეთი ადგილი იყო დანგრეულ-დატბორილი, სადაც წყაროებიც იყო და დასაბანაკებლად ნორმალური ადგილებიც.
ერთ-ერთ კარავს, ამორტიზირებული მდგომარეობისა და ატრიბუტების სიმწირის გამო, ბანაკის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ჩაუტარდა კოსმეტიკური სამუშაოები.
კოსმეტიკა თავისას შვრება
უნდა გენახათ სიცხისაგან რა ბათქა-ბუთქით სკდებოდა ბუშტები, მაგრამ ბევრი ბუშტი გვქონდა.
საღამოობით ცეცხლის გარშემო ვიკრიბებოდით და ვერთობოდით, სხვადასხვა ამბებს ვიხსენებდით, ვხუმრობდით, ვმღეროდით. ერთხელ ისეთი ქეიფი გავაჩაღეთ, რომ “სიმღერისაგან ჭერიც კი ავხადეთ” ბანაკს.
ჭერის ახდა
ხანაც ისეთ ისტორიებს ვთხზავდით და თან ისეთი სერიოზულობით ვყვებოდით, რომ მგონი ჩვენ თვითონ გვჯეროდა. მოკლედ, ბარონი მიუნჰაუზენი მონაგონი იყო.
“სამი მონადირე”
ერთი-ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა წყალსაცავის ნაპირების პალეონტოლოგიური კვლევა, სადაც ძირითადად ნაპოვნი იყო ამონიტების ნაშთები და ანაბეჭდები.
ამონიტის ანაბეჭდი
იდეების ნაკლებობას არასოდეს განვიცდიდით, მაგრამ კახა (kakha_travel) რომ გვყავს “იდეინი”, ტყუილია... ჰოდა დაებადა იდეა, მოდი ტივი შევკრათ და ტბაზე ვიცურავოთო. ჰოდა არ ეცა ერთ-ერთ ხეს ცულით? გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა. ზოგი თანახმა იყო ტივის შეკვრაზე, ზოგიც არა. კერძოდ, ლაშა და მე ვიძახდით, რომ ყველა ხისაგან ტივი არ გაკეთდებოდა, რადგანაც ყველა ხეს ერთმანეთისაგან განსხვავებული ფიზიკური თვისებები აქვს. ჩვენი აზრით, უმჯობესი იყო ცდის ჩატარება ხის პატარა ნაჭრის საშუალებით. მიუხედავად ჩვენი ყველანაირი მცდელობისა, პროცესი წავაგეთ - ტივის პირველი მორი გამზადდა, რომელიც გამოსაცდელად რის ვაივაგლახით მივაგორეთ ტბასთან რომ წყალში ჩაგვეგდო.
ერთი... ორი... სამი... და......
ბუყ-ბუყ-ბუყ!!!
აქ კი აშკარა გამარჯვება ლაშას და ჩემს მხარეზე იყო. ისე კი, საწყალი ხე...
ერთხელაც, ცეცხლის გარშემო ერთ-ერთ საღამოს კვლავ წამოიჭრა ტივის შეკვრის იდეა, ოღონდ უკვე უფრო მარტივი ხერხის გამოყენებით: PET-ის ბოთლებისა და თოკების საშუალებით. ამ შემთხვევაში ლაშამ გამოიდო თავი, გადაყვა ანგარიშს და დაადგინა, რომ ბოთლების საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო საჭირო. მოკლედ, ეხლა მაგაზე წავიდა კამათი, ანგარიშები და ბოლოს პროექტისათვის ხორცის შესხმა ბოთლების იმ მწირი რესურსების გამოყენებით, რაც გაგვაჩნდა. ფაქტია, რომ 2-3 დღის განმავლობაში ძალიან ხშირად ისმოდა სიტყვა “არქიმედე”, ზოგჯერ კარგ კონტექსტში, ზოგჯერაც ....... (განსაკუთრებით მწარედ მაშინ, როდესაც ტესტირება პერიოდულად ხორციელდებოდა უშუალოდ წყალში

).
საბოლოო ჯამში, ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გამოყენებით შეიქმნა საბავშვო (წყალწყვიდან გამომდინარე)

ტივი და დაიწყო “მოგზაურობა შაორიკით”. სამწუხაროდ ამ მომენტის ამსახველი ფოტო არ მაქვს.
შაორიკი
დღეისათვის სულ ეს იყო
