ზესხოს ალპინისტური ბანაკი, სვანეთი, 1997
1. თბილისი
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 1997 წლის აგვისტოს დასაწყისში, ათ დღიან ჟურნალისტურ ალპინიადაზე წასვლის მსურველები სპორტის სასახლის წინ შევიკრიბეთ. ვიქნებოდით ასე ოცამდე. ერთმანეთს ყველა არც კი ვიცნობდით. ჩემს გარდა თითქმის ყველა ჟურნალისტი იყო, თუმცა დამპატიჟეს და აბა რა მექნა, არ წავსულიყავი?
დაბარებულ დროს მოვიდა ერთი ციცქნა ავტობუსი და ჩვენც შევუდექით ჩაბარგებას. დავიწყეთ სასმელებით - არყით, კონიაკითა და ლუდით. თანაც, მერე, რატომღაც გვიკვირდა ზურგჩანთებს რომ ვეღარ ვტევდით. ავტობუსში რომ შეეხედა ვინმეს, იფიქრებდა სასმელების დისტრიბუტორი კომპანიის ავტობუსი არისო.
2. თბილისი-ლენტეხი-ზესხო
დავიძარით. შეიძლება ითქვას, რომ გაცნობა-გაშინაურების პროცესი სასმელის წყალობით მეტ-ნაკლებად წარმატებით მიმდინარეობდა. ლენტეხში საღამოს 6-7 საათისთვის ჩავედით. ზესხოს ალპინისტური ბანაკის დირექტორმა, ცხონებულმა ჯოკია გუგავამ, კარგად მიგვიღო. დავისვენეთ, ვივახშმეთ და ზესხოსკენ მიმავალი სატვირთო მანქანებისკენ დავიძარით.
აი, სამიოდე დღის შემდეგ, როდესაც მცირე მანძილზე, ლენტეხის მიმართულებით, სატვირთო მანქანით მინი-ექსკურსია მოგვიწყვეს, სვანი მძღოლების პროფესიონალიზმში დავრწმუნდით - ისეთ ადგილებში იარეს, რომ ჯიხვი და არჩვიც კი ვერ გაივლიდნენ და გამავალი მანქანის დანახვისას სირცხვილისაგან გაწითლდებოდნენ.
დავბრუნდები ცოტა უკან. მოკლედ ვნაწილდებით სატვირთო მანქანებში, უფრო სწორად, ჩვენ ყველანი ერთ მანქანაშიც კი ვეტეოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სპორტულ შეკრებაზე ("სბორებზე") ზესხოში მიდიოდა სვან მოჭიდავეთა ჯგუფი, რომლისთვისაც გამოყოფილი იყო ერთ-ერთი სატვირთო მანქანა. ამავე დროს, უცბად საიდანღაც იქაურებმა, ლენტეხელებმა, მოიყვანეს სამი ახალგაზრდა უცხოელი მამაკაცი, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ სვანეთის დათვალიერება. უცხოელები მოჭიდავეების სატვირთო მანქანაში აღმოჩნდნენ. მეც მათთან გამამწესეს. მოკლედ ავძვერი ჩემი ბარგი-ბარხანიანად და დავიძარით ზესხოსკენ. უცხოელებიდან ორნი, ტომი და იანი, ინგლისელები იყვნენ, მესამე, სახელად ტენი, კი ავსტრალიელი. იგი ჯარიდან შვებულებაში იყო და გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს მონახულება.
კარგად მახსოვს გაცნობის სცენა (სასმელი უკვე შედარებით განელებული მქონდა). ჯერ მოჭიდავეები გავიცანი. ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ. მერე გადავედი უცხოელებზე. გაცნობა ავსტრალიელით დავიწყე. გავუწოდე ხელი, მაგრამ სახელის თქმა დამასწრო - ფხიზელი იყო:
- ტენ!
- სევენ - არ დავაყოვნე.
- იან! - შემდეგმა ჩამომართვა ხელი.
- გილან - ვუთხარი და მესამეზე გადავედი.
- ტომ!
- ჯერი! - იყო ჩემი პასუხი.
შევატყვე, რომ, დაიბნენ. ალბათ დიაგნოზიც დამისვეს ეგრევე... თუმცა, შემდეგ კი, ნელ-ნელა საუბარიც აეწყო, ოღონდ ვატყობდი, რომ მაინც ფრთხილობდნენ.
ასე საუბარ-საუბარში ჩავედით ზესხოში (არა და, წესით ავედით). უკვე ძალიან გვიანი იყო, მაგრამ არ გვეძინებოდა.
რამოდენიმე ჭიქა კონიაკი, უფრო სწორად, ქართული ბრენდი დავლიეთ, ერთი-ორი სიმღერა ვიმღერეთ და სადღაც გავუჩინარდი... ჰო, პირდაპირი მნიშვნელობით დავიკარგე... თურმე, მთელი ღამე მეძებდნენ და საინტერესო ის არის, რომ იქვე, კოტეჯებს შორის მინდორში მიპოვეს - თურმე, მაისური მქონია გახდილი, რომელსაც ვიქნევდი და ვიქნევდი. ვის ვუხმობდი, დღესაც არ ვიცი...
დილიდან, ის მინდორი გოგიას მინდვრად მოინათლა.
3. ზესხო
ზესხოს ბანაკს მეთვალყურეობას უწევდა შესანიშნავი პიროვნება ვალოდია ქურასბედიანი. არაჩვეულებრივები იყვნენ ინსტრუქტორებიც და ბანაკის მომსახურე პერსონალიც.
ბანაკში დაგვხვდნენ მეკლდეურები, რომლებიც მოჭიდავეების მსგავსად სავარჯიშოდ იყვნენ ამოსულები.
ბანაკში შესანიშნავი პირობები იყო. იდგა მშვენიერი კოტეჯები, იყო სასადილო, აბანო, საბილიარდო ნაფრონტალი ბილიარდის მაგიდითა და ასევე ნაფრონტალი ბურთებით, თუმცა ბანაკის წევრები რაღაცნაირად მაინც ახერხებდნენ თამაშს.
ჩასვლიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, მასპინძლებმა უშგულის დასათვალიერებლად წაგვიყვანეს. გზად შესანიშნავი ხედები იშლებოდა.
აილამა
მალე უშგულიც გამოჩნდა. უცბად, ბანაკის ერთ-ერთი წევრი ბრუნდება ჩვენი ინსტრუქტორისკენ, ალიოშა გაზდელიანისკენ, და იწყებს ანეკდოტის მოყოლას სვანებზე: კლდის ქიმზე მცხოვრებმა სვანმა იყიდა BMW. ავტოფარეხის უქონლობის გამო სოფლის მჭედელს გამოაჭედინა მსხვილი ჯაჭვი, ჩააბა მანქანას და გადაკიდა კლდეზე. ჰოდა ერთხელაც გაწყდა ეს ჯაჭვი და მანქანა უფსკრულში გაუჩინარდა. მოიწვიეს სვანებმა კრება და გადაწყვიტეს მჭედლის სიკვდილით დასჯა, თუმცა ბევრი ფიქრისა და ჭოჭმანის მერე ასეთი რამ გადაწყვიტეს: მჭედელი ერთი გვყავს, პარიკმახერი კი ორიო. ჰოდა ერთ-ერთი პარიკმახერი მოვკლათო... მოკლედ, დაასრულა თხრობა და ისმის ალიოშას ხმა: ვალოდიაა, მოოოუწევს ამ ბიჭს უშგულში დარჩენაა-ო და ჩამოვარდა სიჩუმე... საბედნიეროდ, ალიოშას იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა...
უშგული
უშგული. უკანა პლანზე შხარა
ზესხოში ყოფნის პერიოდს დაემთხვა ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღე. უნდა გენახათ როგორი სუფრა გაშალეს სვანებმა. ყველანი ერთად მივუსხედით მაგიდებს - ბანაკის ხელმძღვანელობა, მომსახურე პერსონალი, მოჭიდავეები, მეკლდეურები და ჩვენი ჯგუფი. ვალოდია ქურასბედიანმა იუბილარს საჩუქრად წერაყინი გადასცა და გაჩაღდა ქეიფი სიმღერებითა და ცეკვა-თამაშით. მშვენიერი დრო გავატარეთ.
ბანაკის ხელმძღვანელობის მიერ გადაწდა ორ მწვერვალზე წასვლა. ერთი იყო მაჩხაპარა, რაც თურმე ცხრა ჩანჩქერს ნიშნავს სვანურად და მეორე მარჯანიშვილი. შერჩეულ იქნა შედარებით მარტივი მარშრუტები, რათა ყველა წევრს მიეღო ის სიამოვნება, რაც მწვერვალზე ასვლის პროცესს ახლავს თან. გზადაგზა გვხვდებოდა არაჩვეულებრივი მინდვრის ყვავილებით გაფერადებული ალპური ფერდობები, იშლებოდა ულამაზესი ხედები. თვით მწვერვალზე ასვლას დიდი ისტორია არ ჰქონია, რადგან ძირითადად ჩუმად მივდიოდით, ულაპარაკოდ, იშვიათად თუ ამოვიღებდით ხმას.
მაგრამ, მიუხედავად დაღლილობისა, რაოდენ საოცარი ენერგიით იმუხტები როგორც კი მწვერვალზე ფეხს შედგამ... ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ისეთი სიამოვნებაა, რომელსაც ალბათ ვერ აღწერ.
ქვემოთ ზის ვალოდია ქურასბედიანი. ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ: კახა, ტომი და იანი
ბანაკის წევრთა ნაწილი
ათი დღე უცბად მიილია და თბილისში გამომგზავრების დროც დადგა. დავიძარით თბილისისკენ. თუმცა, გზაში საკმაოდ შევფერხდით. ხანგრძლივი წვიმების გამო ერთ ადგილას გადასასვლელი ისე იყო დაზიანებული, რომ სატვირთო მანქანით გადასვლა შეუძლებელი გახდა - სამანქანო, გრუნტის გზაზე, ფერდობიდან მომავალი ნაკადული მდინარედ ქცეულიყო. სიცივესა და თავსხმა წვიმაში იძულებულნი გავხდით ჩამოვსულიყავით მანქანიდან, გოგონები გადაგვეყვანა და მორებითა და ლოდებით დროებით მაინც აღგვედგინა გადასასვლელი.
სხვათაშორის, მიუხედავად საშინელი ამინდისა და სიცივისა არც-ერთი ჩვენთაგანი ავად არ გამხდარა...
რადგანაც, ბანაკში მიღებული უდიდესი სითბო ჯერ კიდევ თან გვდევდა...
რადგანაც, ჩვენ, სულ რამოდენიმე დღის წინ ერთ თოკში ვიყავით ჩაბმულები, ერთ თოკში...
რადგანაც, მართლაც რომ წამლად აღმოგვაჩნდა ყოველი შემთხვევისათვის საგულდაგულოდ გადანახული ქართული ბრენდის ორად ორი ბოთლი...
რადგანაც, ...
რადგანაც, ...
რადგანაც, ...
თბილისში ღამით ჩამოვედით.
P.S. ისე კი, “შპროტის” ქვაზე გახსნის პროცესს პირველად სვანეთში ვეზიარე, მწვერვალიაკენ მიმავალნი შესასვენებლად რომ გავჩერდით მაშინ.