ბავშვობაში მომიყვნენ ლეგენდას, თითქოს ძველად ვიღაცას დაუწყევლია ჩვენი გვარი (ნაზღაიძეები).
წყევლა შემდეგში მდგომარეობდა: არც გამრავლდეთ და არც დაწყდეთო.
(საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წყევლა კი არა, დალოცვა გამოდის

).
მას შემდეგ ნაზღაიძეთა გვარი ექვსას ქუდოსან-მანდილოსანს ითვლის და ეს რიცხვი არ იცვლებაო.
ნუ ლეგენდა ამას მოგვითხრობს და რამდენად მართალია, არ ვიცი

.
ისე ადრე გადავამოწმე საბჭოთა კავშირის დროინდელ რაღაც წიგნში, ქართული გვარები და მათი რიცხოვნება იყო აღწერილი.
ნაზღაიძეები 596 ეწერა (ახლოს არის წყევლის რიცხვთან

).
ჰოდა ახლა რატომ გიყვებით ამას, მაინცდამაინც ხადას თემაში.
გუშინწინ ნათესავს ვესაუბრე ტელეფონზე.
ისტორიკოსია - ალექსანდრე (ლექსო) ნაზღაიძე, გვარებს იკვლევს.
ადრე გადაცემაც კი ჰქონდა ტელეკომპანია იბერიაზე - ”გვარიშვილობა” ერქვა, თუ სწორად მახსოვს.
მან ასეთი რამ მიამბო ამ ლეგენდის შესახებ:
ადრე მთიულეთში იცოდნენ (შეიძლება სხვაგანაც):
ვინმეს რომ დაწყევლიდნენ, თავიანთი სალოცავის ეზოში, მიწაში არჭობდნენ დიდ ქვას - ”სამანს”.
ვიდრე სამანი მიწაში იდებოდა, იქამდე იქნებოდა ეს ვინმე დაწყევლილი.
ჩვენს გვარზეც მსგავსი ამბავი ყოფილა
ხადას მთავარ სალოცავში (სადაც კარაველებიც ვიყავით და გოგოების შესვლა არ შეიძლებოდა) დაუწყევლიათ ჩვენი გვარი ხადელებს და დაურჭვიათ სამანი.
რატომ და რისთვის დაწყევლეს, არ ვიცი... ერთი ვერსიაა ის, რომ ჩვენი გვარი ციხისთავი ყოფილა მიულეთში და შეიძლება რაღაც უთანხმოება მოსვლოდათ.
ახლა ხადელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ჩვენებს, ნათესავდებიან კიდევაც, მაგრამ ეს წყევლა ლაქად რჩებოდა...
წელს წასულან ხადას, მლეთიდან (ჩემი სოფელია. ხადის ხეობიდან 10 კმ-ში, გუდაურის გზაზე) მამაკაცები, წაუყვანიათ საკლავი, რათა შენდობა ეთხოვათ და სამანი ამოეღოთ.
სამანის ამოღების პროცესი შემდეგში მდგომარეობს:
სამანს მოაბამდნენ გრძელ თოკს, ჩაებმებოდნენ გვარის წარმომადგენლები და გაქაჩავდნენ.
ეს იმიტომ, რომ მარტო ერთ ადამიანზე არ გადასულიყო წყევლა.
თან ამ დროს ხადელებიც იქ უნდა ყოფილიყვნენ და მალმალე ეძახათ ”შეუნდოს!” (იმედია ეს სიტყვა სწორად მახსოვს

).
შემდეგ, დაკლავდნენ საკლავს (ხარი უნდა ყოფილიყო აუცილებლად) და დაილოცებოდნენ.
ეს ჩემი სოფლელი კაცები უკან ”წყევლამოუხსნელი” დაბრუნდნენ.
საქმე იმაშია, რომ იმ სალოცავის ეზოში ბევრი ქვა იყო ჩარჭობილი და ვერ გაიგეს, რომელი იყო ჩვენი სამანი.
დამსხდარან და ხადელებთან ერთად კარგად უქეიფიათ

.
ჰოდა როგორც ლექსომ მითხრა, კიდევ კაი, რომ არაფერი არ ამოიღესო.
მასეთი ლეგენდა ზაქაიძეებშიც ყოფილა (რომლებიც ხადის ციხისთავები იყვნენ) და სრულიად შესაძლებელია, ჩვენი გვარი არაფერს შუაშია და რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილიო.
ამით შეიძლება სხვისი წყევლა აგვეკიდა და აუტკივარი თავი ძალით აგვეტკიებინა.
ეს ამბავი შეიძლება სასაცილოდ არ გყოფნით

. მეც არასერიოზულად ვუყურებ, მაგრამ მთიულეთში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ძველი ადათ-წესები და არ გამიკვირდება, კიდევ რაღაც უცნაურს თუ გავიგებ

.
ვიცი არეულად დავწერე, მაგრამ მეპატიება, ძილის დრო მაქვს

.