Post
by bela » 02 აგვ 2008, 04:37
ქურაში, ფხოტრერი
ხომ იცით, რომ სვანეთში ყველა ეკლესია დაკეტილია. დღისითაც და ღამითაც. ვერ გაიგებ, იქ შესვლის უფლებას ერთმანეთს არ აძლევენ, თუ ჩვენნაირ დამთვალიერებელს უფრთხიან. ალბათ უფრო კომუნისტების დროიდან ფრთხილობენ, როცა სვანეთში დიდ-პატარა თამარისდროინდელ განძს დაეძებდა...
ფაქტია, სოფელში რომ შეხვალ, სადაც მე-10-11-12 საუკუნის ფრესკებიანი ტაძრებია და დაახლოებით ამავე საუკუნის სახარებათა ხელნაწერები, ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ გასაღები მოიპოვო და ეკლესიაში შეხვიდე. ამისათვის ან ვინმე სვანი უნდა გახლდეს, ანდა სოფლის რომელმე მკვიდრს მოეწონო ძალიან და რატომღაც.
ქურაშის წმინდა გიორგის ეკლესიის გასაღები ხორგუანებს აქვთ, სწორედ იმათ, ვის ოჯახშიც დავპურდით და დავისვენეთ.
ეკლესია, რა, სვანეთში ყველა ეკლესია ბაზილიკაა, ერთნავიანი, ანდა სამნავიანი. მაგრამ შეხვალ შიგნით და შტერდები. ჰოდა, ქურაშის ჯგრაგშიც გავშტერდით:
საკურთხეველში, ხის პატარა ყუთში, მე-12 საუკუნის ხელნაწერი სახარება დევს.
საერთოდ, ჩვენი წინაპრები სახარებებს იმიტომ წერდნენ, რომ წირვის დროს წაეკითხათ. დღეს განა ვინმეს უკვირს ეკლესიაში ამბიონზე გადაშლილი სახარება? ასე იყო მაშინაც, არსებობდნენ გადამწერლები, მინიატურების მხატვრები, ყდის მოჭედვის ოსტატები... ჰოდა, სვანეთი თქვენ რა გგონიათ, რაც ბარში ხდებოდა, იგივე მეორდებოდა იქაც, ოღონდ, რატომღაც სვანეთის ეკლესიებში დრო გაჩერდა და ისევ მე-11-12 საუკუნეებია. რატომ მოხდა ასე, ამას აბა, მე როგორ გიპასუხებთ, მხოლოდ იმას გეტყვით., რომ ქურაშის ეკლესიაში ის სახარება ინახება, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილს აქვს მოხსენიებული და რომელიც დღემდე შეუსწავლელია.
და მთელი 9 საუკუნე კარგად რომ ინახება, ამაში ხომ ეჭვი არ გეპარებათ!
იქ არის და ხელსაც ვერავინ ახლებს! ერთი ეგაა, რამდენიმე უსულგულო ადამიანს, თუ ვაი მეცნიერს, მისთვის რამდენიმე ადგილას გვერდები ამოუჭრია, (შესასწავლად ვითომ?) და ეს დანით ისე კოხტად გაუკეთებია, ეჭვი არ შეგეპარებათ, ამ ფურცლის მიხედვით გამოკვლევასაც ასევე ლაზათიანად დაწერდა და იქნებ დისერტაციაც დაეცვა?!
ბიჭები გალობდნენ, მე-12 საუკუნის ხელნაწერი კი იდო და სიმშვიდეს აფრქვევდა.
ფხოტრერიც ეცერის თემის სოფელია. ლამა ამბობს, ფხტრერი თქვი, `ო~-ს ნუ უმატებო. მაგრამ მესტიის მუზეუმში, ბატკა ნავერიანის ხეში ნაკვეთ კარს აშკარად `ფხოტრერის ეკლესიის ასლიო~, ასე აწერია.
ეს ტაძარი მე-9 საუკუნისაა, მთავარანგელოზთა სახელობის და ხეში ნაკვეთი კარი, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება და რომელზეც მთავარანგელოზები არიან ამოკვეთილნი, ხელუხლებლად დაგხვდებათ დღესაც.
ჰოდა, ჯერ ამ კარის დანახვა შეგაშფოთებთ, ხელს შეახებთ, მერე ტუჩსაც, და მერე თავსაც მიადებთ. მერე ეკლესიაში შეხვალთ. თუკი სვანი, ან სვენეთზე შეყარებული ვინმე გახლავთ თან, ამ ეკლესიასაც გაგიხსნიან. ფრესკები აქ უკეთესადაა შენახული, ვიდრე ქურაში. ხეზე დაწერილი მათავარანგელოზთა უზარმაზარი ხატიც დაგხვდებათ და ჰოი, ღმერთო, მაღალო! სახარებაც.
უბრალო ამბავია, ჩვენი წინაპრები სახარებებს იმიტომ წერდნენ, რომ წირვის დროს წაეკითხათ. დღეს განა ვინმეს უკვირს ეკლესიაში ამბიონზე გადაშლილი სახარება? ასე იყო მაშინაც, არსებობდნენ გადამწერლები, მინიატურების მხატვრები, ყდის მოჭედვის ოსტატები...
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მაინც რა ხდება? იკითხავთ, რადგან რაღაცნაირ უხერხულობას გრძნობთ ამდენი ხელნაწერი სახარებების ხილვით, არა?
მაპატიეთ და რაშია საქმე? რამე უცნაურობას ხედავთ იმაში, რომ სახარება ეკლესიაში დევს?
აჰ, საუკუნეები?
და თუ მეტი არაფერი, მაშინ ილოცეთ, ანდა იგალობეთ, თუ ამის ნიჭი გაქვთ, საუკუნეებზე ფიქრი კი სვანებს დაუტოვეთ. ხომ ხედავთ, რომ იქ დრო სულ სხვანაირად გადის.
სვანეთში მერამდენედ ვიყავი, აღარც მახსოვს და ყოველი იქ ჩასვლა ჩემთვის ნამდვილი დღესასწაულია, მაგრამ ის ბედნიერება, რაც ამ ზაფხულს განვიცადე, ყველა სხვა ემოციას ჩრდილავს. და ეს იმიტომ, რომ ყოველ ტაძარში, ლაშქრობისას, გზაში თუ სახლში, ჩვენთან ერთად `თამარიონი~ იყო და მათი გალობა და სიმღერა მუდამ თან გვახლდა.
სხვანაირად სვანეთი ვეღარ წარმომიდგენია.
და მთელი ეს დღეები, როცა ვზივარ და ამ პოსტებს ვწერ, სწორედ მათი სიმღერა ჩამესმის ყურში და ჩემს `სვანურ დღიურებსაც~ მათ ვუძღვნი:
ჯნოსს, ამირანს, მორჩას, ლამას...