Post
by ნინი_85 » 16 ივლ 2008, 12:10
ყველას გილოცავთ გერგეტის სამებობის ,ანუ სიყვარულის დღესასწაულს,მრავალს დასწარით! შეგვეწიოს გერგეტის სამების ძალა-მადლი და მოგვმატებოდეს ღვთისა და მოყვასის სიყვარული!
გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი IV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული.
ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო“. მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.
მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: „წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო“. ასეც მოქცეულან და ყველანი - ცხენით თუ ფეხით - ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.
2002 წლის 16 ივლისს, წირვის შემდეგ მისმა უწმიდესობამ ბრძანა: „დღეს საოცარი დღესასწაულია. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული არის მარადიული და აი, მარადიული სიყვარულის დღესასწაულია დღეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა აქ მოსვლისა და ამ სიყვარულთან ზიარებისა. ღვთის სიყვარულში გავეხვიეთ სულყველა, ღვთის სიყვარულმა მოგვიყვანა აქ და ღვთის სიყვარულმა გაათბო ჩვენი გულები. ყველას გილოცავთ სიყვარულის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს თავისი სიყვარულით სრულიად საქართველო. ამინ“.
ვახუშტის უწყებით, იგი ადრიდანვე, „...მცხეთის სამკაულის სახიზრად“ ითვლებოდა და გარკვეულ დროს მტერთა შემოსევისას, „აქ ესუენა ნინოს ჯვარიო“.
მეაც გავთუშდ მეაც!