ძალიან ლამაზი წერილი დადე

ზმანება კოშკებში
გუშინ, ბინდბუნდში კოშკებში აველ
და უცებ მოვხვდი ასწლების მიღმა,
უმალ მოვშორდი დარდსა და ნაღველს
შორს გამიტაცა წარსულმა ფიქრმა.
თითქოს ჩაიდგეს კოშკებმა სული
საკვამებიდან ავარდა ალი,
გამომეგებნენ ბერნი და წულნი,
დიდი, პატარა, კაცი და ქალი.
მოყვარეს თითქოს მოყვრულად დამხვდნენ,
მეც მივეახლე კრძალვით, რიდობით,
მათ ხევსურულად: _ `მშვიდობით მახვედ~,
და მეც _ პასუხად: _ `დამხვდით მშვიდობით~!
მასმევდნენ არაყს ხევსურულ წესით,
ვიღაც მაწვდიდა ლუდიან საწდეს
მესმა ხევსურთა კაფია, ლექსი,
მე ბედნიერი ვიყავი ცამდე.
როდესაც ძილის მოვიდა ხანი,
ლოგინს მივეგე სიკეთით მთვრალი
და მუცოს ღამეს ვუთევდით სამნი: _
მე, წაწალი და ნალევი მთვარე.
დილით, რიჟრაჟზე წამოვდექ მერე
ავისხი თოფი და იარაღი,
სანადიროსთვის ჯღანი დავკერე,
საგზლად – ხალი და მწარე არაყი.
ავყევი ქარაფს ფეხზე წრიაპით,
უმალ `ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა~
და ალავერდი ვუთხარ გზიანი
ნამგალა მთვარეს _ ღამის მეხრესა.
მერე ზმანებას ზმანება მოჰყვა, _
თითქოს გამეპო მიწა ვერაგი,
ვიყავ ქაჯებთან და როგორც თორღვას,
ქაჯმა მაჩუქა ჯაჭვის პერანგი.
ავ თვალს ისხლეტდა ჩემი ბეგთარი,
და უამრავ ტომს დავეპატრონე _
და მიზიდავდნენ თითქოს ბეგარად
არწივის ფრთებს და ნაცრიან ტომრებს.
ერთხელ, როს ტანის დაბანა მსურდა
დავაბი ჯაჭვი, წრე შეკრეს მოგვთა,
პერანგი, როგორც გველი, გაცურდა
ბეჭში ისარი მაძგერა ჩონთამ.
უკანასკნელად ვაკივლე ერთი,
კლდეთ ექო მისცეს ჩემს ხმას, ძახილსა,
დაფიქრებული გონს მოველ, შევკრთი,
საკუთარმა ხმამ გამომაფხიზლა.