ამ ადგილას ვიყავი სწორედ, ეს ფოტო რომ გადავიღე, ფოტოაპარატი ფრთხილად ჩავდე ჩასადებში, მერე კიდევ გავისწორე რაღაც-რაღაცეები და გადავხედე ჩვენებს. სანამ მე ფოტოების გადაღებაში ვიყავუ გართული, ისინი სრბილ-სირბილით უკვე თითქმის გზამდე იყვნენ ჩასულები.
ჰოდა... მეც სირბილით დავუყევი. ამასობაში დამავიწყდა, რომ ჩემი ფეხები განსაკუთღებული შემთხვევაა და მიდრეკილება მაქვს მათ დანგრევა-დაბეჟვა-ღრძობა-დალურჯება-დასიება და ა.შ. შესაბამისად, მარჯვენა ფეხი, რომელიც საერთოდაც რაღაც ვერ მეგობრობს ჩემთან, როგორ თუ ამაჩქარეო და ისე გულიანად გადაბრუნდა, რომ სწორედ ტრიალ-ტრიალით დავეშვი რამდენიმე მეტრზე, ფეხით არა და მთელი სხეულით, მერე კიდევ ერთი უცნაური მოძრაობაც გავაკეთე და ამავე ფეხის ტერფზევე დავეხეთქე გულიანად.
ადგომით კი ავდექი, მაგრამ რად გინდა... ფეხში რომ სისხლმა მოძრაობა დაიწყო და მერე რომ ფეხმა მითხრა, ან შენ წამიღებ, ანარადა შენ იკითხე, ტკივილი იმპულსია, მე კი არა, შენ იგრძნობო, მე კი რა უნდა მექნა, ისევ მისი თავი კიარადა რაც იყო, მთლიანად ფეხი მჭირდებოდა...
ჰოდა...
კოჭლობა-კოჭლობით ჩავედი. ტკივილი კი მემატებოდა და მემატებოდა. როგორც იქნა, ჩავედი ქვემოთ. მომენტალურად გავიხადე ფეხზე და რას ვხედავ, მშვენივრად გასიებულ-ჩალურჯებულა უკვე, სწორედ რომ თვალწარმტაცად... ტრულის მალამო ჰქონდა და მომაწოდა, წავისვი და მის იმედად დავრჩი. აქვე, მადლობა ტრულის ამ მზრუნველობისათვის.
ცოტა ხანი ვიჯექით და ალაგ-ალაგ ვიდექით, ვცდილობდით ახალციხისაკენ თუ არა, ასპინძისაკენ მიმავალი მანქანები მაინც გაგვეჩერებინა, მაგრამ... ამაოდ...
თქვენ ალბათ ფიქრობთ, აი, ამან ფეხი დაიშავა, უკვე გზაზე დგანან, მალე მანქანას გააჩერებენ და წამოვლენ თბილისში და სულ ეს არისო, არა?... აქ კი ძალიან შეცდებით, ჩვენი თავგადასავალი აქ მხოლოდ ერთ ნაწილს ასრულებს და მორიგს, თუმცა ფინალურ ეტაპზე გადადის. მალე ამასაც მოვყვებით, მანამდე კი ფოტოს გარეშე წარმოიდგინეთ კადრი: 5 მოგზაური, მათ შორის, ერთი ფეხშიშველი და ერთი გამცილებელი გზაზე, ყელგამოღადრული როგორ ამაოდ ეხვეწებიან გზაზე მიმავალი მანქანებს გაჩერებას, არადა უკვე საღამოს პირი იწყება, წინ კი დიდი გზაა...