

ლუკა მეორე ტურიდან და ისიც დამატებითი კითხვის შემდეგ გამოვარდა - მეტოქემ, უბრალოდ, სისწრაფით აჯობა. სამაგიეროდ, დაშიფრული სიტყვა - "მხატვრის ატრიბუტი"- ყველაზე ადრე გახსნა. შესაბამისად, თამაშსაც ის იწყებდა. თავიდან, წარდგენისას ლუკამ კარავსაც გაგვიწია რეკლამა. მას ანკეტაში ჰობებში მოგზაურობაც ეწერა და ხოშტარია ამით დაინტერესდა, სად გიმოგზაურია და ვისთან ერთად დადიხარო. ლუკამ, არის ასეთი საიტი - კარავი, სადაც გასვლები იგეგმება, რომელშიც მერე ოჯახით ვმონაწილეობთო. თქვა, რომ ძირითადად ქართლში უმოგზაურია, ყოფილა კახეთში, მესხეთში, უცხოეთში კი - თურქეთში. ხოშტარიამ მეორე გატაცებაზე - ფოტოგრაფიაზეც ჰკითხა და იმ კონკურსითაც დაინტერესდა, სადაც ლუკას ფოტო ჟიურის სიმპათია გახდა.
ძალიან გამიხარდა, როცა ეკრანზე ნაცნობი სახეები - ლუკა და დედამისი, ქალბატონი ელისო, კარავის არარეგისტრირებული წევრი დავინახე. კიდევ ბევრჯერ გამეხაროს თქვენი დანახვით და არა მარტო დანახვით - შეხვედრითაც მეც და სხვა კარაველებსაც, კარგო ადამიანებო. ლუკას წარმატებებს ვუსურვებ, რომლებიც, მჯერა, ცხოვრებაში კიდევ არაერთი ელოდება.