ვუძღვნი თმოგვის ციხეს. მეორე დღეს დავწერე.
ციხე ჩიოდა
ეხლა რომ მიცქერი, ეგრე კი არ არის საქმე? მაშინ უნდა გენახე ფეხზე რომ ვიდექი რა კაცი ვიყავი. არწივიც კი ვერ მიბედავდა თავზე გადაფრენას. შენ აქ ამოსვლაში ამოგვარდნია გული და იმას აღარა ჰკითხულობ აქ ვინ ამომზიდა და დამადუღაბა? დიახ კიდევაცა ვჭაბუკობდი და კიდევაც ვიბრძოდი, ჩემი საჭურველ-იარაღი ჩემი ქონგურები და გოდოლები იყო. მაყრიდა ურჯულო ტყვიაწამალსა და იასარს სეტყვასავით მარა ვერ მივართვი ჩემი აღება. პატრონი მყვადა, კაციც ის იყო და ქუდიც იმას ეხურა, თქვენს ქალკუდა პატრონს კი არა ჰგავდა. მომეფერებოდა და მეტყოდა “ჩემო ფარო და ნამუსო”-ო. სწორედ რომ ფუტკარსა ჰგავდა თავისი ცხოვრებით. სიცოცხლე სულ ბრძოლასა და შრომაში გალია. თქვენც ფუტკრებსა ჰგევხართ, ოღონდ მამალ ფუტკრებსა, რომლის საქმეც თაფლის ჭამა და დედა ფიტკრის დამამვლაა, მარა მაგის თავიც აღარა გაქვთ. თუ არა და ერის სიმრავლეზევე გეტყობათ რა ბედენაცა ბრძანდებით, გააჩენთ თითო კინკილა შვილსა და მერე ქვეყანაზე მტვერს დააყენებთ ბაქიაობით. ან-კი თქვენ თვითონ გასაზრდელებმა შვილები როგორ უნდა გაზარდოთ? ვიცი მე თქვენი ზრდილობაცა და თქვენი რწმენაც. თქვენ მორწმუნეები მარტო ეკლესიაში ხართ, წირვა-ლოცვის დროსა და გარეთ კი გავიწყდებათ თქვენი ქრისტიანობა. კაცი რო დღეში, სარკის წინ უფრო მეტ დროს გაატარებს ვიდრე ხატის წინა, მასეთი ქრისტიანობა არ გაიშვას. რა ვიცი თქვენს ფიქრებში მაგრად დააგელვებთ ცხენებს ხმალშემართულები დიდგორზე? მარა ცხადლივ, ცხენი კი არა, წიხლის შიშით ვირთან ვერ მისულხართ ახლო და ხმალი კი არა, ჯაყვით კიტრი ვერ გაგითლიათ. მიიხედ-მოიხედეთ, ეგ თქვენი დღევანდელი დღე არის თქვენი დიდგორი. რით ვეღარ მიმხვდარხართ, რომ ბრძოლის ველზე ხართ და მტერი თავს დაგცემიათ მგელივით. ან, ამ ჩემს ჩამოქცეულ მხრებს რო არ უწამლებთ, ვინ მოგცათ მაგის ნება? არ შეგვიძლიაო? რას მიქვია არშეძლება? თქვენთვის ხომ კარგად აშენებთ მაღალ-მაღალ აგარაკებსა და... ჩიოდა ციხე, ჩიოდა არა იმაზე, რომ მარტოდმატო დარჩენილიყო ყორნების ამარა, არა, იმაზე ჩიოდა, რომ ყველაზე მეტად ეხლა იყო საჭირო ქვეყნისათვის და ქვეყანას კი ყველაზე მეტად ეხლა არ ეცალა მისთვის, რადგან აგარაკ-აუზებისა თუ რესტორან-საროსკიპოების მშენებლობით იყო გართული. ხედავდა ციხე, კარგად ხედავდა, როგორ შემოსულიყო და მოსდებოდა მტერი ქვეყანას და იძახდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა ხალხოო, მაგრამ ხალხს ციხისა კი არა, დიდი ხანია უკვე ერთმანეთისაც კი აღარ ესმოდათ. ხანდახან ნისლის თეთრი ქულები მიაკითხავდნენ ციხეს, მიეალერსებოდნენ და მიეფერებოდნენ თავის ძველ მეგობარს, მერე ჩასწვებოდნენ ხევში და წავიდოდნენ სადღაც შორეთში. ნისლოვ სპეტაკო, დაუძახებდა ციხე თავის მეგობარს, იქნებ სადმე ჩემს პატრონს გადაეყაროო. თუმცაღა, კარგად იცოდა ციხემ, რომ მისი პატრონისა უკვე ძვლებიც აღარ იყო მიწაში, მარა მაინც ეძახდა. ოხ ერთი ერთხელ კიდევ მანახა იმისი თავი ჩემს ქონგურებზე მდგარი და დამარცხებულ მტერზე გადამყვირალი და მერე თუნდ ამ ხევში ჩამაქცია ერთიანადაო, იტყოდა ხოლმე. ჩიოდა ციხე და თან ცრემლები ჩამოსდიოდა ბებერ ტანზე. ამ ცრემლებს მისი გალავნის დუღაბში გამოსული ბალახები ისრუტავდნენ. ეს იყო არა შიშის, არა მარტოობის, არამედ მონატრების ცრემლები, დიახ მონატრებისა...
