Post
by ARCHILI » 12 სექ 2007, 12:46
ჭაუხობა VII
სიტყვა გამიგრძელდა ხომ?.. არა უშავს, სადაცაა ჩავალთ ჯუთას და მეც დავასრულებ მონაყოლს.. ისე, ადვილად და მოკლედ რომ ამეღწერა, ადამიანი ალბათ ვერ შეიგრძნობდა დილის თერთმეტი საათიდან საღამოს რვა საათამდე, ცხრა საათიან სიარულის ამბავს (აქ შედის სტიქიისაგან თავის შეფარების დროც, აცდენილი გზებით გაჭიანურებული დროც.. ანუ.. ტემპი ფრიადი იყო, შეუკამათებელი, ბევრი დრო ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიწირა..)..
მოკლედ, ჭიანჭველისა არ იყოს, ავხტი-დავხტი და.. მშვენივრად აქაფებულ მდინარეშიც ჩავხტი.. არ იფიქროთ, რომ დავსველდი და შემცივდა.. როგორ გეკადრებათ, ისედაც სველები ვიყავით ყველა და კარგადაც გახურებულები.. დრამერს არ დაჭირვებია ბაწარზე ღორთან, მუხასთან და ა.შ. წასვლა, მეორე ნაპირზე უპრობლემოდ ავხოხდი.. დრამერმა ჭკვიანურად მოიფიქრა და ნაპირებს შორის ნაბიჯზე მეტი დაშორების შესამცირებლად მოზრდილი ქვების დაწყობა მოახერხა თავიანთ მხარეს..
მერე იყო ჩანთების გადმოწოდება, ყვირილი, ძახილი, მართალია, ერთი მეტრი პლიუსით გვაშორებდა მხოლოდ ერთმანეთს, მაგრამ მდინარე ისე გულიანად მოთქრიალებდა, რომ სხვა არაფრის ხმა აღარ ისმოდა.. ჩანთები გადმოვახოხიალეთ, მერე გოგოებიოც გადმოვიყვანეთ, დრამერიც გადმოვიდა და..
გადმოვლაგდით მეორე მხარეს.. ალბათ უფრო წეღან უნდა მეთქვა, მაგრამ ახლა დავაზუსტებ, ამ ადგილას მდინარეზე გადმოსვლის მცირედ ჯიუტობა უსაფუძვლო არ ყოფილა.. ჭაუხების მეორე მხარეს (ჯუთის მხარეს) გადმოსვლის შემდეგ იმდენი იყო სასიარულო ფერდ-ფერდ, მთა-მთა და ღელე-ღელე, თან ერთადერთი, რაც მოძრავ ცოცხალ არსებას მოგაგონებდათ, საუკეთესო შემთხვევაში ხარების ჯოგი (??? რა ჰქვია ბევრნი რომ არიან ერთად მთაში წამოსულები) რომ ერთ-ერთი ფერდის ამაღლებული ნაწილიდან, როგორც კი კარვებს მოვკარით თვალი, ეგრევე (აქ ჟარგონი უნდა მოვიშველიო) "პრიამოიზე" წამოვედით.. ასე აღმოვჩნდით მდინარესთან და შემდეგ უკვე კარავ-ქალაქთან..
ჩვენდა სასიხარულოდ, დრამერს თავის ძმაკაცი შეხვდა..დაგვეხმარა.. მე, სველი ტანსაცმელი კი გავიძრე.. მაგრამ.. კი დავრჩი ეგრე.. გადავწყვიტე და შევხტი კარავში, "სპალნიკში".. დრამერმა და ნინიამ ნამდვილი რომანტიული ვახშამი მოაწყვეს კარავში, ჩვენ უკვე საჭმელიც აღარ გვქონდა თითქმის (ნუ გასაკეთებელი კი იყო, მაგრამ გაზის ბალონი იყო გასაშრობი) და აქაც დრამერის ძმობილი და მათი გერმანელები დაგვეხმარნენ..
ღამით წვიმდა.. ჩვენ გაყინვა-გადაყინვის ფაზა რომ გავიარეთ, ბოლოს გათბობაც დავიწყეთ და დილისთვის გამოვშრით კიდეც.. მართალია, როგორც იტყვიან, ძვალ-რბილი არ გვქონდა არცერთს მთელი, მაგრამ ყველანი ბედნიერები ვიყავით განცდილისაგან..
მერე იყო გზა ჯუთისაკენ, ცივ წყაროთა სმა, კვლავ სიცილი, მერე უკვე სოლიდური დაღლილობისა და ტკივილების აღიარება.. მერე გერმანელების დახმარება.. თავდაპირველად ჩვენ ხევში ფეხით გავლა გვქონდა ნავარაუდები, მაგრამ გარემოებათა გამო არ მისული კარკუჩამდე ჩვენ უკვე ტრანსპორტით წამოგვიყვანეს.. ნაცნობ ადგილებზე ნინიას გიდობას ვუწევდი.. ჩემს მონასტერს რომ გამოვუარეთ, ნინიას ტვინიც კი გამოვუჭედე ლამის იქაურობის შესახებ მოყოლაზე.. ცხადია, ვერსად ვერ გავჩერდებოდით, მარშუტკა ხომ ჩვენ არ გვეკუთვნოდა.. გზად, სნოში, მეუფის რეზიდენციასთან ჩვენი მამები დავინახე, ხოლო ჩვენი მონასტერი და ტაძარი რომ დავინახე, ლამის ტირილიც წამსკდა და მგონია, ორიოდე ცრემლიც კი გადმომიგორდა მალულად..
მერე მე და ნინია დავბრუნდით თბილისში, გზაში დაღლილობის მიუხედავად ბევრ რამეზე ვისაუბრეთ.. მე მეორე დღისათვის უნდა მოვმზადებულიყავი.. გზაში ლამას ველაპარაკე, სვანეთში გასამგზავრებლად დილის ხუთ საათზე უნდა შევკრებილიყავით..
თბილისში შეღამებულზე ჩამოვედით.. მეორე დღიდან მე უკვე სვანეთში წავედი, ნინია კი რამდენიმე დღეში სიონში გაემგზავრა.. სვანეთიდან დავბრუნდი თუ არა, ორ დღეში მონასტერში გავემგზავრე ხევში.. მერე კი ჩამივედი, ეს ამბები გავიხსენე და ჩემს წარმოსახვაში ხელმეორედ მოვიარე: New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007 ...
პ.ს. დიდი მადლობა ყველას, ვინც არ დაიზარა და ვინც წაიკითხეთ ეს სიტყვაგაგრძელებული პოსტ-მონაყოლები და ჩემთან ერთად კიდევ მორიგად შეიგრძენით ჩვენი თავგადასავლები.. დიდი მადლობა ყველა კომენტარისათვის და იმ განცდებისა და კეთილი სურვილებისათვის, რასაც ჩვენგან დაუსწრებლად წერდით, იმ დროს, როდესაც ჩვენ ამ მოგზაურობაში ვიმყოფებოდით და რაც ჩვენ გზადგვეწეოდა და გვეხმარებოდა...
დიდება უფალს! და დიდი მადლობა ყველა თქვენგანს!
