წაიკითხეთ რაააააააა,როცა მოიცლით.

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
წაიკითხეთ რაააააააა,როცა მოიცლით.

Post by popins » 07 აგვ 2007, 21:34

ხევსურეთს პატრონი არ ჰყავს

შატილი მტკივა, მაგრამ როგორ მოვარჩინო, სად შევაცურო გამოვარდნილი ქვა, არ ვიცი

ნეტავ ვინ მოვა აქ ჩვენთვის სარგებლის მოსაცემად

ხევსურულ კოშკებზე “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებულ მასალას აურზაური მოჰყვა, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ ახლოს გავცნობოდით პირიქითა ხევსურეთის სატკივარს. თუმცა კინაღამ მოგზაურობა გადავიფიქრე, როდესაც გავიგე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ ბარისახომდე შევძლებდი მგზავრობას. იმის იქით გზა არ მიდის-მეთქი, - გაოცებულმა ვიკითხე. გზა კი მიდის, მაგრამ ტრანსპორტი არ დადის. თუ ვინმე ალალბედზე შატილისკენ ან პირიქითა ხევსურეთის დანარჩენი სოფლებისკენ მიმავალი წამოგეწია, ხომ კარგი, თუ არა და, ფეხით სიარული მოგიწევსო. ისევ ხევსურების დახმარებითა და თანხლებით გადაწყდა, რომ შატილამდე ტრანსპორტით ამიყვანდნენ.

გზა ხევსურეთამდე შორი არა, მაგრამ ძნელი ნამდვილად არის. ბარისახომდე არა უშავს რა, არც ტურისტი დაფრთხება და საქართველოს სხვა კუთხის მცხოვრებსაც არ ათქმევინებს, ეს რა გზას დავადექიო. იმას კი, რასაც შატილამდე მიჰყვები, სამანქანო გზას ნამდვილად ვერ დაარქმევ. ქარაფებზე გაჭრილ ოღროჩოღროში, რაც უნდა ნელა იარო, ისე დახტუნაობს ავტომობილი, რომ თუ მაგარი გული არ გაქვს, შესაძლოა, ნაპრალებში გადაფრენის შიშით გაგისკდეს.

ხევსურები გზადაგზა სალოცავებთან ჩერდებიან, ილოცებიან, ისვენებენ და გზას აგრძელებენ. არაფერი სჯობია მათთან ერთად მგზავრობას, ყველა ხევსური მითოლოგიის საუკეთესო მცოდნეა. მგზავრობას მათი მონათხრობი აიოლებს.

ხევსურეთისა და ფშავის საზღვარზე მდებარე შუაფხოს რომ გავცდით, ერთმანეთის პირისპირ მაცქერალი შურის ციხე და ხმალაის ხევი გამოჩნდა. მეგზურმა მითხრა, აქ წინათ ხევში ერთი ხე იყო, რომლიდანაც შურის ციხემდე შიბი, ანუ წმინდა ვერცხლის ძაფი იყო გაბმული და ზედ ანგელოზები დადიოდნენო. უცხოელ ტურისტებს განსაკუთრებით მოსწონთ ასეთი ამბები. ერთი ჰოლანდიელი თურმე მთელი კვირა იყო დაბანაკებული შურის ციხესთან იმ იმედით, რომ ღამით მაინც შენიშნავდა ვერცხლის ძაფზე მოსიარულე ანგელოზს.

ბარისახოც გავიარეთ, სოფელ კორშასთან ხელმარცხნივ გვირაბია, რომლის მშენებლობაც გასული საუკუნის 80-იან წლებში დაუწყიათ. კომუნისტებს გზა პირდაპირ ვლადიკავკაზისკენ უნდა გაეჭრათ, მაგრამ 1989 წელს ეროვნული მოძრაობის ძალისხმევით შეწყვეტილა მშენებლობა. გზასთან ერთად საერთო საცხოვრებლების მშენებლობაც დაუწყიათ. აქ უცხო ეროვნების ხალხის ჩასახლება იგეგმებოდა, ამას კი ყოველთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხევსური. შუაგულ ხევსურეთში უცხოთა ჩასახლება და რუსეთიდან საქართველომდე მოკლე გზის გაჭრა მოსკოვისთვის კიდევ ერთი ბერკეტი იქნებოდა საქართველოს სამართავად. საბედნიეროდ, რუსეთს იდეის ხორცშესხმა არ დასცალდა. გვირაბს ხევსურეთისთვის არანაირი სარგებლის მოტანა არ შეეძლო. გზა მხოლოდ ბარისახოდან გვირაბამდე იქნებოდა კეთილმოწყობილი, მაგრამ შატილი და პირიქითა ხევსურეთი ისევ გარე სამყაროს მოწყვეტილი დარჩებოდა. ბარისახოდან ხახმატამდე მოასფალტებული გზა სტალინის დროს გაუკეთებიათ, თანაც ისე მკვიდრად, რომ დღემდე გაუძლია გასამაგრებელი სამუშაოების გარეშე. მაშინდელი გზის ნაშთი მოგვიანებით დათვისჯვრის უღელტეხილზეც კი ვნახე, იქ, სადაც ყველაზე მეტად და ხშირად სჭირდება პატრონობა გზას.

სოფელ გუდანში ვჩერდებით სალოცავთან. გუდანის ჯვარს შემწეობას ვთხოვთ და ვისვენებთ. თანდათან ვეცნობი მგზავრებს. ათენგენობაზე მიმავალ 65 წლის მუცოელ რაჟდენ დაიაურს გამოველაპარაკე. მას სამი წლის წინ დაუტოვებია წინაპართა მიწა და კახეთში გადასახლებულა. “ამ ხნის განმავლობაში ყოველდღე უკან დაბრუნებაზე ვფიქრობ, მაგრამ ნაბიჯს ვერ ვდგამ წინ, არ მინდა ჭინჭრით გაბუნდრული სახლ-კარი დავინახო, რა თვალებით შევხედო კერას. ამიტომაც ჩემს თავს ვეუბნები, ხატში მივალ, სახლში კი არა-მეთქი. ხევსურეთიდან არ წამოვიდოდი, რომ არა უკიდურესად გაჭირვებული ცხოვრება. არა გზა, არა შუქი. ერთხანს ხევსურეთში ავტობუსიც ამოდიოდა, შვეულმფრენიც დაფრინავდა, ტელეფონიც მუშაობდა. ეს ყველაფერი მოხსნეს. ფქვილი ვეღარ ამოგვქონდა ბარიდან. ყველას ვეუბნებოდი, არ წახვიდეთ-მეთქი, მაგრამ წავიდნენ და მეც ვერ გავუძელ მარტოობას. კაცი რომ არ გეყოლება დამლაპარაკებელი, ძნელია. რამდენიმე წლის წინ, ზამთარში, ბავშვი გაგვიხდა ავად. ბარში რომ ჩამოგვეყვანა, იძულებული გავხდი მდინარეს გამოვყოლოდი და მის ნაპირებში მევლო. ყველაფერი თოვლითა და ზვავით იყო ჩახერგილი. ბარში ჩაყვანამდე ბავშვი გაგვიცივდა და უარესად გახდა. ძნელია მთაში ცხოვრება, მაგრამ ბარშიც მეძნელება. სიზმრებსაც კი მთისას ვნახულობ. მუდამ აქაურობაზე ვფიქრობ. სიზმრიან წარსულში ვცხოვრობ...”, - ხანში შესულ ხევსურს ცრემლი უდგება თვალებში. მეც თვალს ვარიდებ... გზას ვაგრძელებთ.

სიცხითა და ჯაყჯაყით დაქანცულებმა ხახმატში მჟავე წყლებთან შევისვენეთ. ვიცოდი, სოფლები დაცარიელებული რომ დამხვდებოდა, თითო-ოროლა მოსახლის სალაპარაკოდ ნახვაც რომ გამიჭირდებოდა, ამიტომ გზაშივე ვცადე გამერკვია, რით ცხოვრობს ხევსური.

“ხევსურმა საქონელს, ცხვარ-ძროხას უნდა მაუაროს. წინათ მდიდრად ის ითვლებოდა, ვისაც ბევრი ცხვარ-ძროხა ჰყავდა. ხორბალსა და კარტოფილს ვთესავთ. თუ ოჯახს ხარი, გუთანი და მომხვნელი კაცი ჰყავს, წლიდან წლამდე პური არ მოაკლდება. წინათ ხალხი ბევრი იყო, მიწა კი ცოტა ჰქონდათ. ახლა მიწა ბევრია, რადგან სოფლები დაიცალა ხალხისგან, მათი სიმცირის გამო კი ყანების დამუშავება ჭირს”, - მიამბობს რაჟდენ დაიაური. ამასობაში დათვისჯვრის უღელტეხილზე აღმართულ ჯვართანაც დავილოცეთ. მერე მგზავრების ნაწილი გზის შესამოკლებლად ფეხით დავეშვით მთის ფერდობზე. დაბლა ხევში სოფელი ლებაისკარი და მისი ციხე გამოჩნდა. სოფელი დაცლილია. მხოლოდ უზადოდ შემონახული ციხე გაგრძნობინებს, რომ აქ ოდესღაც სიცოცხლე დუღდა. წინათ ლებაისკარში ჭინჭარაულები ცხოვრობდნენ. ახლა მათი მონაგარიდან ზოგიერთი მხოლოდ ზაფხულობით ამოდის ბარიდან და საქონელს აძოვებს.

სოფელ კისტანის ნასახლარებზე შეთეკაურებს წავაწყდით. ნახირს მწყემსავდნენ. “ხონისჭალელები ვართ, აქ სხვის მიწაზე ვდგავართ, აქედან ბარში ჩასვლა უფრო იოლია. ვერ ვუძლებთ უგზოობას, უშუქობას, უექიმობასა და ზამთარს ჩვენც ბარში ვატარებთ. სოფელში სკოლა არ იყო და ბავშვები სკოლაში ვერ დადიოდნენ, შატილის სკოლა-ინტერნატში რომ ესწავლათ, შაბათ-კვირას სახლში ამოსასვლელად 18 კილომეტრი უნდა გამოევლოთ. როგორ უნდა გაიაროს ბავშვმა ამხელა გზა? ამიტომაც გადავედით სოფელ გამარჯვებაში. ხევსურეთს პატრონი არ ჰყავს. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა არ გვაქვს, ხელით შრომა, თიბვა და თივის შინ მიტანა კი ძალიან ძნელია. ბევრ საქონელს ბევრი საკვები სჭირდება. ცოტათი კიდევ თავს ვერ გაიტან. ასი სული საქონელი მაინც უნდა გყავდეს, რომ ნორმალურად ცხოვრება შეძლო. ჩვენ კიდევ რაღაც თხუთმეტიოდე სული საქონელი გვყავს. ახლა ამბობენ, ხევსურეთის მიწებზე ინვესტორები მოვლენ და გეშველებათ, დაბრუნდითო. ნეტავ ვინ მოვა აქ ჩვენთვის სარგებლის მოსაცემად. თუ მოვა, ისევ თავისი თავისთვის, ჩვენ კი დავრჩებით ცარიელაზე. ინვესტორი თუ შემოვა, ჩემი კი არა, მისი ინტერესი გატარდება. აბა ფულს ჩვენთვის ვინ დახარჯავს?”

პირიქითა ხევსური ძალიან მშვიდია. ხმას არასდროს აუწევს. როგორც კი შეგატყობს, რომ მისი სატკივარი გულზე მოგხვდა, საფიქრალით დამძიმებას არ გაცდის და ხუმრობით გაგიფანტავს სევდას. შატილამდე ათიოდე კილომეტრში არღუნი ერთ ადგილზე უზარმაზარ თოვლის ზვავში მიიკლაკნება. ზამთარში ჩამოწოლილ ზვავს გზაც ჩაუკეტავს და მდინარეც. ივლისის თაკარა მზის მცხუნვარებას და არღუნის ტალღებს რომ აქამდე გაუძლო, იოლი წარმოსადგენია, რამხელა უნდა ყოფილიყო თოვლის გროვა.

მალე შატილიც გამოჩნდა. ერთმანეთში ჩახვეული ციხე-კოშკები ხევისბერებს ჰგვანან. შატილი უნიკალურია როგორც ციხე-ქალაქი. ოდითგანვე აქ ყველა, კაციან-ქალიანად, დიდიან-პატარიანად, საბრძოლველად მზად იყო. შატილიონებს ეამაყებათ, რომ აქედან ვერასოდეს ვერ შეძლო მტერმა ბარისკენ გაჭრა. შამილის ჯარები სამჯერ დამარცხებულან შატილის ციხე-კოშკების მისადგომებთან. შატილიონები დღესაც ამაყად აჩვენებენ ყველას რუსთ ხელმწიფის ჯილდოს - სტელას, რომლითაც გაიგებთ, რომ ხევსურებს უკუუქცევიათ შამილის ერთ-ერთი ნაიბის, აჰმედდინ მაჰმედის 5000-კაციანი ლაშქარი, თავად ნაიბი კი მოუკლავთ. თურმე ამ ბრძოლის წინ შამილის ხალხი შატილიონებს ეხვეწებოდა, ციხე-ქალაქს არ შევეხებით და გაგვატარეთო. შატილიონები კი მაგრად დამდგარან: მერე რა, რომ რუსს ერჩით, ჩვენ საქართველოზე არავის გავატარებთო.

ახლა ციხე-კოშკებში ტურისტები დახეტიალობენ. ზოგიერთი მოწიწებით ათვალიერებს შატილს, ზოგსაც დაბლა, მდინარის პირას დადგმულ საკმაოდ კომფორტულ ტუალეტში შესვლა ეზარება და თურმე კოშკებს აბინძურებენ. ამიტომაც შეურაცხყოფილი შატილიონები ფხიზლად ადევნებენ თვალს უცხოელებს.

კოშკების დათვალიერებისას ჩემს მეგზურს 16 წლის ირაკლი ჭინჭარაული შეხვდა. აღტაცებას იწვევს ხევსურების მისალმება. დიდი სიყვარული იგრძნობა თითოეულ სიტყვასა და ჟესტში. განსაკუთრებით მამახსოვრდება მისალმება - “წყალობა მაგცასთ...”

თბილისიდან გამოყოლილი ჩემი მეგზური ისვენებს. ახლა ირაკლი მმასპინძლობს. ხევსურული ადათ-წესები მახსენდება. თურმე ბიჭს ხუთი წლიდან აჩვევდნენ იმ აზრს, რომ ის სრულფასოვანი მამაკაცია. ამიტომ ბავშვი რომ ოთახში შედიოდა, მოზრდილები ფეხზე უდგებოდნენო. მგონი, ირაკლიც მიაჩვიეს იმ აზრს, რომ კაცურად უნდა იფიქროს და განსაჯოს.

მისგან გავიგე, რომ პირიქითა ხევსურეთიდან მოსახლეობის ბარში გადასახლების გამო შატილის რვაბავშვიან სკოლა-ინტერნატს დახურვა ემუქრება.

“სკოლის დახურვა სოფლის დაცლას ნიშნავს. სულ ერთი საათია, რაც ჩამოხვედით და უცებ შეგიყვარდათ აქაურობა, მე კი შატილმა გამზარდა და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მიყვარს. ჩემთვის აქაურობის დაცლა ტრაგედია იქნება. პირიქითა ხევსურეთი ერთ-ერთი სტრატეგიული მხარეა. აქ საქართველო-რუსეთის საზღვარი გადის. ჩვენ საქართველოს მეციხოვნეები ვართ. რამდენიმე წლის წინ საზღვრის განაპირას რუსებმა ჩვენი მიწები მიითვისეს. იქ რომ ხალხს ეცხოვრა, ხომ ვერ წაგვართმევდნენ, ხომ ვერ მიითვისებდნენ?

თუ სკოლა დაიხურება, მხოლოდ მოხუცები დარჩებიან შატილში, მათაც მოუვათ თავისი დრო და დაიცლება ეს კუთხე, მიწა კი უპატრონოდ დარჩება. სკოლის დახურვა დასასრულის დასაწყისი იქნება. ინტერნატი კი არ უნდა დახურონ, ტელეფონი და ინტერნეტი უნდა ჩაგვირთონ. კომპიუტერები გვაქვს და შესანიშნავადაც ვმუშაობთ. თუ თანამედროვე კავშირის საშუალებები გვექნება, გგონიათ, რომელიმე ბავშვი ქალაქში ცხოვრებას არჩევს? მეც ახალი ტექნოლოგიებით დავუკავშირდები მთელ მსოფლიოს შატილიდან და ეგ იქნება. შვეულმფრენის რეისებიც უნდა დაინიშნოს. მე ან ჩემს ერთადერთ კლასელს რომ რაღაც დაგვემართოს, მშობლები ვერ დარეკავენ ბარში. რომც დარეკონ, უამინდობის გამო ვერავინ გამოფრინდება ჩემს საშველად, დავიხოცებით... დაA მეთერთმეტე კლასიც აღარ იარსებებს. უმაღლესი განათლების მისაღებად კი წავალ აქედან, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები. ამიტომაც სულ იმაზე ვფიქრობ, რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი, რაც შატილსა და სხვა სოფლებს გააცოცხლებს.

ვფიქრობ, აქ ხევსურული უძველესი კულტურის შემსწავლელი უმაღლესი კატეგორიის სასწავლებლები უნდა გაიხსნას. არა მარტო ხევსურები, სხვა კუთხის შვილებიც ისწავლიან და ასე ყველასთვის უფრო ახლობელი გახდება ხევსურეთი. წარმოიდგინეთ, თუ ხევსურული ტალავრის შესაკერი მასალის დამუშავების, შემდეგ შეკერვისა და მორთვის შემსწავლელ სახელოსნოს გახსნიან, იარაღის სამჭედლოებს ააღორძინებენ, ციხე-კოშკების მშენებლობისა და რესტავრაციის შემსწავლელ სკოლებს დააარსებენ, რა მოხდება. სასტუმროები უნდა მუშაობდეს კოშკებში, ციხეებში მუზეუმები უნდა გაიხსნას, ხევსურეთის ისტორიისა და კულტურის კარგი მცოდნე გიდები უნდა გვყავდეს და ტურისტს ზამთარ-ზაფხულ მასპინძლობდეს. ვითომ ძნელია ამის გაკეთება? არა მგონია. რად გვინდა ბარიდან ამოსული რესტავრატორი და მშენებელი, რა, ჩვენი მამა-პაპანი მეფისგან გამოგზავნილ რესტავრატორებს ელოდებოდნენ კოშკების ასაშენებლად? გვასწავლონ ბავშვებს ეს საქმე.

შატილს უნდა გრძნობდე, გტკიოდეს, მე მტკივა, ვგრძნობ, მაგრამ როგორ მოვარჩინო, სად შევაცურო გამოვარდნილი ქვა, არ ვიცი. ხევსურეთის გადარჩენის ერთი კი არა, რამდენიმე გზა არსებობს, მაგრამ ასე მგონია, გადაბრუნებული ურმის გადაგორებას არავინ ცდილობს, რომ ეგ გზები გამოჩნდეს.

უცნაური ხალხი ვართ ქართველები, გვინდა ყველაფერი კარგად გვქონდეს, მაგრამ სხვისი ხელით უნდა გაკეთდეს საქმე. მანქანით რომ მიდიოდე და გზაზე მიმავალი კაცი დაინახო, თუ გაუჩერებ, ქართველი დაჯდება, უცხოელი კი არა, ფეხით ვივლი, ჩემი თვალით მინდა ყველაფრის ნახვაო. უცხოელს სურს იგრძნოს აქაურობა, ქართველი კი აქ ცხოვრობს და ვერ გრძნობს ამ მიწისა და კოშკების მადლს. შარშან ათენგენობაზე ინგლისელმა ტურისტმა სიგარეტის ნამწვავი ჯიბეში ჩაიდო. ჩემმა ნათესავმა ჰკითხა, ეგ რად ქენიო. იმან გაკვირვებულმა უპასუხა, ამისთანა ლამაზ კუთხეს როგორ დავაბინძურებო.

ამბობენ, კოშკებში უცხოელი ბიზნესმენების შემოყვანა უნდათო. მთავრობას ურჩევნია, აქ საქმე თვითონ გააკეთოს, ფული დახარჯოს და მერე სამი იმდენი ამოიღოს, ვიდრე ინვესტორმა კაპიკები მიუგდოს და თავად კი აქედან მილიონები გაიტანოს. ამას წინათ ტელევიზორში მოვისმინე, ხელისუფლებას ოქროს საბადო გაუყიდია. გამიკვირდა, მაგ საბადოს ხომ სულ ამოაცარიელებენ და უზარმაზარ ფულსაც იშოვიან, ჩვენ კი ფუჭ მიწას დაგვიტოვებენ, რაღა თავში ვიხლით მერე მაგას. ზამთარში კაცის ნაკვალევი მენატრება ხოლმე თოვლზე, მაგრამ ის ნამდვილად არ მინდა, რომ აქ უცხოტომელებმა გაიდგან ფესვები, მე ...
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
წაიკითხეთ რაააააააა,როცა მოიცლით.

Post by popins » 07 აგვ 2007, 21:36

ჰოდა, კვირის პალიტრაში დაიბეჭდა და ახლა ეკა შორენაზე ამზადებს სტატიას და იმასაც აქ დავდებ :!:
lenchiamal

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
წაიკითხეთ რაააააააა,როცა მოიცლით.

Post by Nika » 08 აგვ 2007, 00:42

გვირაბზე დისკუსიას არ ვაპირებ მაგრამ მას არხოტი და ბარისახო უნდა დაეკავშირებინა ერთმანეთთან.
თუ არ იცის ადამიანმა რა იქნებოდა ეგ გვირაბი ჯობია არ თქვას მაინც. კომუნისტების დროს არხოტში სამანქანე გზა ინგუშეთიდან ამოდიოდა. ახლა კიდევ არაა საერთოდ.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
წაიკითხეთ რაააააააა,როცა მოიცლით.

Post by popins » 08 აგვ 2007, 10:07

Nika

ჰოდა, ე მანგრე კაცო გაგვანათლე
:D
lenchiamal

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
წაიკითხეთ რაააააააა,როცა მოიცლით.

Post by GOGONA » 09 აგვ 2007, 01:56

უუუუუუ.....

გული ამიდუღდა...

თუმცა გვირაბი ვგონებ კარგი იქნებოდა :roll:

შეიძლება უცხოური ინვესტიციაც არ იყოს ურიგო, აბა სიგარეტის ნამწვის ამბავი გაიხსენე...

აბასთუმანში ტენდერში გაუმარჯვებიათ და "დრუჟბების" ისტერიული ზუზუნიც დაოკდა :P

აუქციონზე გამოტანილი რამოდენიმე ობიექტის გაყიდვის პირობებს რომ გავეცანი, სიმართლე გითხრა გულზე მომეშვა...

მგონი უცხოური ინვესტიციები არც ისე საშიშია, როგორც ჩვენ ვუყეფთ

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
წაიკითხეთ რაააააააა,როცა მოიცლით.

Post by popins » 09 აგვ 2007, 08:27

GOGONA ჰო ,პოეტის დაწერილი წერილია რა
:)
lenchiamal

User avatar
uma
მაწანწალა
Posts: 372
Joined: 12 ივლ 2007, 11:59
Location: Tbilisi
Contact:
წაიკითხეთ რაააააააა,როცა მოიცლით.

Post by uma » 09 აგვ 2007, 11:09

popins

გაიხარე ამ წერილის დადებისათვის, ეკა მართლაც შეუდარებლად წერს და ძნელია უემოციოდ წაიკითხო მისი სტატიები.

რაც შეეხება გზების პრობლემას, მსოფლიო ბანკი აფინანსებს გზების დეპარტემენტის მეშვეობით სხვადასხვა გზის რეაბილიტაციას საქართველოში.

არსებობს უამრავი კომპანია რომელიც ტენდერში იმარჯვებს და შემდეგ იწყებს სამუშაოებს, მაგრამ არ ვიცი, ვინ და როგორ უნდა დასვას ეს საკითხი საგზაო დეპარტამენტში?ან ვინ წყვიტავს საერთოდ სად და რომელი გზა უნდა გაკეთდეს და როდის?

იქნებ იყოს ამ ფორუმზე ვინმე ვინს კომპეტენტურია მსგავს საკითხებში და რაიმე რჩევა დაწეროს, მართლა მეტკინა გული და სიამოვნებით ჩავებმებოდი ამ საკითხის მოგვარებაში.

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
წაიკითხეთ რაააააააა,როცა მოიცლით.

Post by popins » 09 აგვ 2007, 11:20

uma სურვილიც კაია :D ხომ იცი შეძახილით ხე გახმაო და მოკლედ,ალბათ გამხმარსაც შეუძლია ყლორტი ამოუშვას შეძახილით ჰოდა. სად ვიყავი? :roll:
lenchiamal

User avatar
uma
მაწანწალა
Posts: 372
Joined: 12 ივლ 2007, 11:59
Location: Tbilisi
Contact:
წაიკითხეთ რაააააააა,როცა მოიცლით.

Post by uma » 09 აგვ 2007, 11:33

popins wrote:uma სურვილიც კაია :D ხომ იცი შეძახილით ხე გახმაო და მოკლედ,ალბათ გამხმარსაც შეუძლია ყლორტი ამოუშვას შეძახილით ჰოდა. სად ვიყავი? :roll:
შეძახილის რა მოგახსენო, მაგრამ თუ მოვინდომებთ და ყველანი ერთად ვიმსჯელებთ, შეიძლება გამოსავალის პოვნა. :)

მე ვმუშაობდი ერთერთ პროექტში,რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გზის გარკვეულ მონაკვეთებს არემონტებდა. ერთხელ წავედით ლებარდეში (სამეგრელო) და ისეთი საშინელება დაგვდა იქ, რომ ესპანელმა განაცხადა:"აქ გზა არ არსებულა და რეაბილიტაცია რას ჩავუტაროო??" წამოვედით იმედგაცრუებულები იქედან :(

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
წაიკითხეთ რაააააააა,როცა მოიცლით.

Post by popins » 09 აგვ 2007, 11:39

uma wrote:
popins wrote:uma სურვილიც კაია :D ხომ იცი შეძახილით ხე გახმაო და მოკლედ,ალბათ გამხმარსაც შეუძლია ყლორტი ამოუშვას შეძახილით ჰოდა. სად ვიყავი? :roll:
შეძახილის რა მოგახსენო, მაგრამ თუ მოვინდომებთ და ყველანი ერთად ვიმსჯელებთ, შეიძლება გამოსავალის პოვნა. :)

მე ვმუშაობდი ერთერთ პროექტში,რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გზის გარკვეულ მონაკვეთებს არემონტებდა. ერთხელ წავედით ლებარდეში (სამეგრელო) და ისეთი საშინელება დაგვდა იქ, რომ ესპანელმა განაცხადა:"აქ გზა არ არსებულა და რეაბილიტაცია რას ჩავუტაროო??" წამოვედით იმედგაცრუებულები იქედან :(
ძაან მაგარი რამე მოყევი აი :lol: :lol: :lol: :lol: სატირალი რო არ იყოს :cry:
lenchiamal

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
წაიკითხეთ რაააააააა,როცა მოიცლით.

Post by Trouter » 09 აგვ 2007, 11:55

uma
ლებარდე გამახსენდა და იქ მომინდა! ძაან მაგარია!
მად სამხიდიანი კამაზებით დავდიოდით :)

User avatar
uma
მაწანწალა
Posts: 372
Joined: 12 ივლ 2007, 11:59
Location: Tbilisi
Contact:
წაიკითხეთ რაააააააა,როცა მოიცლით.

Post by uma » 09 აგვ 2007, 12:11

Trouter wrote:uma
ლებარდე გამახსენდა და იქ მომინდა! ძაან მაგარია!
მად სამხიდიანი კამაზებით დავდიოდით :)
გეთანხმები, ძალიან ლამაზი და განსაკუთრებული მხარეა

აი კამაზი კი ყველაზე გამოსადეგი ტრანსპორტია მანდ :wink:

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
წაიკითხეთ რაააააააა,როცა მოიცლით.

Post by Nika » 09 აგვ 2007, 12:38

Trouter
ეგ იმიტო რო მაშინ ჯიპები არ იყო სერიოზული საქართველოში. არა მგონია კამაზი სადაც ავა მე ვერ ავიდე იქ :)


გზას რაც შეეხება მე თამამად შემიძლია ვთქვა ერთი რამე.
2003 წლიდან ფაქტიურად ყოველ წელიწადს დავდივარ პირიქითა ხევსურეთში. პირველად რომ წავედი ძაან საშინელი გზა იყო. ჩემს მერე ჩემი მეზობელი წავიდა უაზით და უკან ძლივს მოასწრეს გადმოსვლა. მერე მეწყერი ჩამოწვა. შარშან რო ვნახე იქ მარშუტკები და ჟიგულები ეს უკვე აშკარა პროგრესი იყო. თუმცა ერთ ადგილას ძაან ეგზოტიკური გზის გასასვლელი კი აღარ დამხვდა. პირდაპირ კლდის ქვეშ რო გადიოდი და წყალი ზედ გესხმებოდა სახურავზე.

წელს პირველ რიგში ვნახე რომ ბარისახომდე გზას სერიოზულად აკეთებენ. ორი ხიდი შეკეთების პროცესში იყო. ასფალტი არა მარა გრუნტის გზა საკმაოდ გაუმჯობესებული იყო. კორშას იქითაც მუშაობდა ტექნიკა. როცა იქით მივდიოდი ძაან დიდ ორმოში ჩავვარდი მანდ და უკანა გზაზე უკვე გაკეთებული დამხვდა (არა და შაბათი დღე იყო). ფაქტია რომ გზა გაცილებით უკეთესია ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო. აბა სხვანაირად უცხოელები 06-ის ტაქსით შატილში არ შემხვდებოდნენ მგონი.
დანარჩენი არ ვიცი. ასფალტის მანდ დაგებას აზრი ნაკლებად აქვს. ყოველ წამს მეწყერები ჩამოდის და გააპარტახებს. მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოებს თუ გააკეთებენ ჩემზე მეტი ეგ არავის გაუხარდება. თუმცა დათვიჯვარი თავისი სიმაღლის გამო მაინც დაიკეტება ზამთარში და ამის საშველი არ არსებობს.

ზოგადად გზების დონე საქართველოში ნელ-ნელა უმჯობესდება. აი გომბორი გაიხსნა უკვე. მართალია ასფალტი არაა მარა სიარული უკვე შეიძლება და რავი ეგებ დააგებენ კიდევაც და თელავამდე სულ რაღაც 80 კმ გავლა მოგვიწევს.
ეჭვი მაქვს რომ ჩემი სოფლის გზას არასდროს ეშველება :D.

ჰუჰ რამდენი ვწერე.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
წაიკითხეთ რაააააააა,როცა მოიცლით.

Post by popins » 13 აგვ 2007, 15:59

ჰოდა,აი დაპირებული სტატია შორენას ოჯახზე :!:

სახეები


ეს გზა ისეთი შორია...

ქალი კი არა, გმირია შორენა

უპატრონოდ მიტოვებული ხევსურეთის მცველები

(გაგრძელება, დასაწყისი იხ. “კვირის პალიტრა, #31)


ცოტა ხნით შატილს გვერდს ავუვლი და გზას პირიქითა ხევსურეთის განაპირა სოფლისკენ, ანდაქისკენ გავაგრძელებ. აქეთკენ განსაკუთრებით მიმეჩქარება, რადგან სწორედ აქ ცხოვრობს სოფლის ერთადერთი მკვიდრის, ოთხშვილიანი ქვრივის, 24 წლის შორენა ზვიადაურის ოჯახი. თურმე ეკონომიურად ძალიან უჭირს. მაგრამ ამბობენ, რომ ისევე როგორც ძველი ხევსურები, შორენაც გაუტეხელია. მინდა ჩემი თვალით ვნახო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თუნდაც მხოლოდ იმიტომ უნდა მოეფერო, რომ ოთხ ქართველს უზრდის სამშობლოს.

არდოტამდე მეგზურებთან ერთად მანქანით მივდივართ. ეს სოფელიც ცარიელია. კლდეებზე ქანდაკებებივით დგანან ძველი ხევსურების სახლები. უკაცური, მიტოვებული და პატრონის ხმას მონატრებული პირქუშად იმზირებიან. აქაც ერთადერთი, ნიკო არდოტელის ოჯახია დარჩენილი, შვილები წამოჩიტულან, უკვე სასკოლო ასაკისანი გამხდარან და რადგან პირიქითა ხევსურეთში შატილის გარდა სკოლა არსად არის, ამიტომაც შემოდგომის პირზე ალბათ ნიკოც აიყრება დედაწულიანად და მერე მართლა ღვთის ანაბარად დარჩება არდოტი. მთაზე გაბნეული სოფლის ქვემოთ, ჭალაში ტურისტები დაბანაკებულან. ზაფხულობით ტურისტული ბანაკების სიმრავლე ამ ადგილებში ჩვეულებრივი მოვლენაა. მაცოცხლებელი ჰაერი, ულამაზესი, ხელუხლები ბუნება, სუფთა მდინარეები და უგემრიელესი თევზი ანდამატივით იზიდავს ქართველ და უცხოელ დამსვენებელს. აქედან ანდაქამდე ათი კილომეტრია ფეხით გასავლელი. თავიდან საცალფეხო ბილიკს მივყვებით. ბილიკზეც ბალახებია გადაფენილი, თავისუფლად მხოლოდ აქაური თუ გაიგნებს გზას. ვცდილობ, მეგზურს ფეხდაფეხ მივყვე. სისწრაფეს შიშიც მაიძულებს. შატილში მითხრეს, ჭალებში გიურზა ბინადრობსო. ამ შხამიანი საფრთხობელისა რა მოგახსენოთ, მაგრამ წამიერად თვალი მართლა ვკიდე მეგზურის ფეხქვეშ გაკლაკნილ გველის წიწილას, ხშირ ჯაგნარში გასრიალდა წელნატკენი. აქ ძირს არავინ იხედება. რადგან ქვეწარმავლის თვალთვალში დრო იკარგება. საცალფეხო ბილიკი დროდადრო წყდება. ზოგჯერ გზა დიდი ხნით ქრება. იძულებული ვარ, მეგზურების მსგავსად მდინარის თავზე გადმოკიდებულ კლდეებზე ავფორთხდე. ძირითადად ისეთი ადგილებია გასავლელი, რომ თავბრუ დაგეხვევა და ვერაფრით წარმოიდგენ, მცირეწლოვანი ბავშვების თანხლებით როგორ შეიძლება გაიაროს ამ გზაზე შორენამ. მეგზურებს უხმოდ მივყვები. ათი კილომეტრი ქალაქში შეიძლება სეირნობითაც კი სიამოვნებით გაიარო. აქ კი კილომეტრები იწელება. მსუსხავი დიყა, ჭინჭარი და ეკალი კიდევ უფრო საგრძნობს ხდის გზის სირთულეს. არადა, ისეთი ლამაზია ირგვლივ ყველაფერი...

ანდაქსაც მივადექით. სოფლის დასაწყისში სოსო და ლევან ზვიადაურების მამაპაპისეული სახლია. ზაფხულობით ოჯახი ბარიდან მთაში ამოდის. ბავშვების ჟრიამული მთის მდინარის ხმას ფარავს. მესაზღვრე სოსო გვეგებება. გაგახარათ ღმერთმა, ამდენი ხალხი ანდაქში კარგა ხანია არ შევკრებილვართო. ზვიადაური წუხს სოფლის დაცარიელების გამო. თუ ასე გაგრძელდა, მალე ხევსურეთში მხოლოდ მესაზღვრეები დარჩებიან, არადა სოფლებში ერთი კომლის ყოფნაც კი ერთი სასაზღვრო სექტორის ყოლას უდრისო.

რადგან ანდაქში ლუდის მომდუღებელი ხალხი არ დარჩენილა, მასპინძლის ოჯახს თბილისიდან ჩამოტანილი ლუდით ვლოცავთ. ადგილობრივ მაწონს, ერბოს და ყველს ვაჭაშნიკებ. ყველაფერი ძალიან გემრიელია. ასეთ გემოს ქალაქის სუპერმარკეტებში ნაყიდ პროდუქტში ნამდვილად ვერ იგრძნობთ. დიასახლისი ბოსტანს მაჩვენებს. ნახე, რა მადლიანი მიწაა, კიტრი, პამიდორი, კარტოფილი, მწვანილი რა ბარაქიანად მოდის. აქაურ მიწას კაცის გამრჯე ხელი ენატრება, თუ მოეფერები, ამაგს გულუხვად გადაგიხდისო. უკვე დაგროვილ შთაბეჭდილებებს მიტოვებული მიწის ტკივილიც დაემატა. შეუძლებელია ასეთ გარემოში, ამდენი პრობლემის გამო ხასიათი არ გაგიფუჭდეს.


გზას ისევ შორენასკენ ვაგრძელებთ. ჭალაში შეჭრილი მთის ქედის გადაღმა მისი სახლი დგას. საკვამურიდან ცისფრად მიიკლაკნება კვამლი, თაკარა სიცხეში მისი გამოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ამ სახლის პატრონს არც გაზი აქვს და არც ელექტროენერგია. ამ მხარეში ელექტროენერგია მხოლოდ შატილში აქვთ. სიცხის მიუხედავად, კვამლი ხვატშიც უხდება ანდაქს, რადგან იგი სოფელში სიცოცხლის არსებობაზეც მიგვანიშნებს. სახლი ტრადიციულად, თლილი ქვითა და ხით ხევსურულ სტილში არის ნაგები. თუმცა, გარედანვე ეტყობა სიდუხჭირის კვალი. ამასთან, ეს ნაგებობა შორენას ოჯახის საზაფხულო სადგომი ყოფილა. ზვავებს და სხვა საფრთხეებს რომ გაექცნენ, ზამთრის პირზე ზვიადაურები მთაზე, საკმაოდ მაღლა ადიან გამოსაზამთრებლად, სადაც თითქმის რვა თვის განმავლობაში რჩებიან თოვლის ტყვეობაში. ღმერთმა ნუ ქნას და რამე გაუჭირდეთ, მხსნელსაც კი ვერ უხმობენ. დროდადრო მესაზღვრეების ვერტმფრენის გამოჩენაზე თოვლში გამოეფინებიან თურმე და ხელებს იქნევენ იმის ნიშნად, რომ ანდაქში სიცოცხლე გრძელდება. ხათუნა, ხატია, მინდია და ყველაზე პატარა, წლინახევრის ალუდა აივანზე დგანან. ღრმა, ცისფერ თვალებში სევდა ჩასდგომიათ. რომელიც მყისიერად გაქრა ბარიდან წაღებული კანფეტების და სხვა ნუგბარის დანახვაზე. ბავშვებს გასართობი მიეცათ. მათი დედა და ბებია თამარი შინ მეპატიჟებიან. ღმერთო ჩემო, ბავშვებით ამ მიწურში როგორ ცხოვრობთ, გაოგნებული ვეკითხები შორენას და ნესტიანი კედლების და მიწის იატაკის თვალიერებაში თავბრუ მეხვევა. შორენა კი ძალიან მშვიდია და სათნო. რა ვქნა, ღვთის მადლით ვცხოვრობთ, - მპასუხობს ღიმილით. მაოცებს მისი სიმშვიდე. დიდ ცისფერ თვალებში წამითაც კი ვერ ამოიკითხავ სამდურავს დუხჭირი ცხოვრების გამო.

შორენას ქმარი არდოტელი ჰყავდა. ორი წლის წინ, დეკემბერში დაქვრივებულა. ამბობენ, რომ იმ დროს რუსული ვერტმფრენებიდან გადმოყრილი ჭურვების აფეთქებას შეეწირნენ სანადიროდ მთაში მყოფი სიძე-ცოლისძმა. თოვლში გათოშილ ცხედრებს უამრავი მომაკვდინებელი ნაჭრილობები აჩნდაო. მაშინ შორენამ ერთდროულად დაკარგა ძმა და ქმარი. დაქვრივებიდან მალევე კი აღმოაჩინა, რომ მეოთხე ბავშვის დედა უნდა გამხდარიყო. ამიტომაც მამის მოსახელე ალუდა ობლად მოვლენია ქვეყანას.

წლების წინ 16 წლის შეყვარებული გოგონა უსახლკარო ხევსურს გაჰყოლია ცოლად და მშობლიური ოჯახისთვის უთხოვია თავშესაფარი... მაშინაც უჭირდათ, მაგრამ ოჯახი მაინც ბედნიერი იყო. ახლა კი ზვიადაურების ოჯახში ორი ქვრივი, დედა-შვილი და ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, რომელთაც ქალები ცრემლს არ ანახვებენ, მტკიცე ხასიათისა და გამძლენი რომ გაიზარდონო. ოჯახის ერთადერთი იმედი შორენას ძმაა, რომელიც მარჩენალ პირუტყვს მწყემსავს. იგი ჩვენთან საუბარს გაურბის, - რა უნდა ვთქვა. ამ გაჭირვებიდან თავის დაღწევაზე კი ვფიქრობ, მაგრამ როგორ მივატოვო ჩემი მიწა, დედა და ასეთ განსაცდელში მყოფი დაო. მართლაც, რომ დასჭირდეთ, კაცის გარეშე ქალები ბავშვების თანხლებით მეზობელ სოფელშიც კი ვერ გადავლენ.

ზვიადაურები თავს რძის ნაწარმით და კარტოფილით ირჩენენ. ფქვილი და სხვა საკვები პროდუქტი მათ ოჯახში იშვიათობაა. ერთფეროვანი საკვების და ვიტამინების ნაკლებობის კვალი დასტყობიათ ბავშვებს. რომლებიც მათი ბარელი თანატოლებისგან განსხვავებით ექიმის ყურადღებასაც მოკლებული არიან. შორენასთვის უფასო სამედიცინო დაზღვევის პოლისი არავის მიუცია, თუმცა, რომც მიეცათ, უგზოობის გამო მაინც ვერ გამოიყენებდნენ. ოჯახს ავადმყოფობის გამო თუ ძალიან გაუჭირდება, უფროსები ბავშვებს ხურჯინში ჩასვამენ, ცხენს აჰკიდებენ და ასე ჩაჰყავთ შატილამდე, სადაც ექიმი ადგილობრივი მკვიდრია და საბედნიეროდ, ხევსურეთის დატოვებას არ აპირებს. შატილელი ექიმი კი სადაზღვევო პოლისების და გასამრჯელოს გარეშეც მზად არის შორენას ოჯახის დასახმარებლად. თუ, რა თქმა უნდა, სამედიცინო დახმარება მის შესაძლებლობებს არ აღემატება.

შორენა ზვიადაურ-არდოტელს დღემდე თვალით არ უნახავს სოციალური აგენტი, რომელიც მის ოჯახურ მდგომარეობას და იქ გამეფებულ უმძიმეს პირობებს შეისწავლიდა. ამიტომაც იგი არც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებთა კატეგორიისთვის არ მიუკუთვნებია არავის. მეტიც, კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანიზაციებში შორენას ოჯახის არსებობის შესახებ საერთოდ არაფერი იციან. ეს ამბავი არც გამკვირვებია, რადგან ხევსურეთში წასვლამდე ცოტა ხნით ადრე სოციალური სუბსიდიების სააგენტოში მითხრეს, ხევსურეთში რატომ გავგზავნიდით სოციალურ აგენტებს, იქ ხომ ხალხი აღარ ცხოვრობსო(?Q!)... არადა, ცხოვრობს. მერე რა, რომ თითო-ოროლა გლეხი შემორჩენია სოფლებს. შორენა სახელმწიფოსგან ერთადერთს, ბავშვების ობლობის დახმარებას, 35-35 ლარს იღებს.

ყველაფერს ვუძლებთ და გავუძლებთ, მაგრამ ის მიკლავს გულს, რომ ხათუნა უკვე 8 წლის არის და დღემდე სკოლაში არ უვლიაო, - წუხს შორენა. დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების ერთადერთი გზა შატილისკენ მიდის, მაგრამ ეს გზა ისეთი შორია... ხათუნამ სკოლაში მისასვლელად 18 კილომეტრი უნდა გაიაროს ფეხით, რაც ბავშვისთვის ზაფხულშიც შეუძლებელია და ზამთარშიც. ამიტომაც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ინტერნატში უნდა იცხოვროს, ან საერთოდ უარი თქვას სწავლაზე. სწორედ ბავშვების განათლება აიძულებს ქვრივ დედას, სოფელი დატოვოს. მაგრამ ასეც რომ მოიქცეს, წასასვლელი სხვაგან არსად აქვს. ბარში თავშესაფარი არ გააჩნია. ან კიდევ რით შეინახავს თავს მარტოდ დარჩენილი დედა, რომელსაც ბარის ცხოვრებისა არაფერი გაეგება. ამიტომაც შორენას სევდიანი ცხოვრება მის სახლს ჰგავს, რომლის უფარდო ფანჯრებშიც კი არ შემოდის მზის სხივი. ქვრივი ამბობს, არც ჩემს ცხოვრებაში ჩანს მდგომარეობის გაუმჯობესების იმედიო, მაგრამ ღვთის წყალობისა მაინც სჯერა. ბებია თამარიც იმავეს ამბობს და ღვთის წყალობას ეძახის მესაზღვრე მეზობლებს - ლევან და სოსო ზვიადაურებს. სოფელში ჩამოსულები აქედან ისე არ წავლენ, რომ არ დაგვხედონ, ფულით ან სხვა საშუალებით გვეხმარებიანო.

ანდაქში სტუმრობისას იმაშიც დავრწმუნდი, რომ არა მარტო დღეს, ეს სოფელი წინათაც არ ადარდებდა სახელმწიფოს. შორენას დედას, თამარს 13 შვილი გაუზრდია, მაგრამ მაშინაც და დღესაც ზვიადაურების ოჯახი ერთნაირ სიდუხჭირეში ცხოვრობს. არც მაშინ მოუძიებია სახელმწიფოს მრავალშვილიანი დედა, როგორც ჩანს, კომუნისტების დროსაც ეეჭვებოდათ, რომ ამ მხარეში ვინმე ცხოვრობდა. არადა, ქალი რომ 13 შვილს გაგიზრდის... აქედან ხუთი გარდაცვლილია, ვაჟებიდან ერთადერთიღა შერჩენია. სამწუხაროდ, არავინ უმადლის მრავალშვილიან დედას სამშობლოს წინაშე ღირსეულად ვალის მოხდას. თამარ ზვიადაური არც არავისგან ითხოვს სათავისოდ არაფერს. სოფელში გზა გამოიყვანონ, ხალხი დააბრუნონ და დანარჩენს ყველაფერს ეშველებაო. ხევსურეთიდან გამოქცეულთაგან ბევრს აღარ სჯერა, რომ ამ მხარეს რამე ეშველება, მაგრამ შეუძლებელია ამ კლდესავით გაუტეხელი ქალისა არ ირწმუნო. ამასთან, პირიქითა ხევსურეთს მართლაც აქვს გადარჩენის და ეკონომიკურად გაძლიერების რეალური შესაძლებლობები, რის შესახებაც საინტერესო გეგმები მოვისმინე შატილში. აქაურები არა მარტო ამტანობით და სხვა უამრავი ღირსებით, გამჭრიახი გონებითაც დაუჯილდოებია გამჩენს. ამაში ფაქტებიც დაგარწმუნებთ. უკან გზად მომავალი ერთ რამეს დავაკვირდი, პირიქითა ხევსურეთი მთელი საქართველოს ტკივილი თუ გახდება და ხეობებში თითო-თითო კვირით იმუშავებს მოხალისეთა რაზმი, წერაქვებითა და ნიჩბებითაც შეიძლება გაკეთდეს სამანქანო თუ არა, საურმე გზა მაინც. ჰოდა, ასე მივცემთ მაგალითს სახელმწიფოს, ხელისუფლებას, რომელიც ბოლო დროს ინვესტორების და საქართველოს ნაკუtსნაკუწ გაყიდვის გარდა ქვეყნის მოვლის სხვა გზას ვერ ხედავს. ან კიდევ, იქნებ ამ მხარეშიც გაეხსნათ პატრიოტთა ბანაკები და სხვა თუ არაფერი, ლამის დაკარგულ, მიტოვებულ მშობლიურ მიწას გაიცნობდა ახალი თაობა. მათ კი ვინ იცის, რა აზრები გაუჩნდებოდათ მიტოვებული მხარის ასაღორძინებლად. შატილელი ირაკლი ჭინჭარაულის თქმისა არ იყოს, ხევსურეთის გადარჩენის მართლაც ბევრი გზა არსებობს, მაგრამ გადაბრუნებულ ურემს უნდა წამოყენება და გზებიც გამოჩნდება.

ეკა ლომიძე

(გაგრძელება იქნება)
lenchiamal

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
წაიკითხეთ რაააააააა,როცა მოიცლით.

Post by paata_ » 13 აგვ 2007, 16:06

შორენა ზვიადაურ-არდოტელს დღემდე თვალით არ უნახავს სოციალური აგენტი, რომელიც მის ოჯახურ მდგომარეობას და იქ გამეფებულ უმძიმეს პირობებს შეისწავლიდა. ამიტომაც იგი არც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებთა კატეგორიისთვის არ მიუკუთვნებია არავის. მეტიც, კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანიზაციებში შორენას ოჯახის არსებობის შესახებ საერთოდ არაფერი იციან. ეს ამბავი არც გამკვირვებია, რადგან ხევსურეთში წასვლამდე ცოტა ხნით ადრე სოციალური სუბსიდიების სააგენტოში მითხრეს, ხევსურეთში რატომ გავგზავნიდით სოციალურ აგენტებს, იქ ხომ ხალხი აღარ ცხოვრობსო(?Q!)... არადა, ცხოვრობს. მერე რა, რომ თითო-ოროლა გლეხი შემორჩენია სოფლებს. შორენა სახელმწიფოსგან ერთადერთს, ბავშვების ობლობის დახმარებას, 35-35 ლარს იღებს.
ეს მთლად მასე არაა

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]