...
ახლა უკვე საფრანგეთსაც მივაშურებ..
ეიფელი გამიღიმებს მაღლიდან..
და ნოტრ-დამის სხვენის ყველაზე ბნელი ნაწილიდან ყრუ ქვითინიც ჩამესმება..
ძველი ლუვრი გადმომხედავს დახავსებით, და მონმარტრზე შემომხვდება პაბლოს ხედი, როლინგში და როგორც წესი, გვერდული გამოხედვით.. ალბათ მალე ის კაფეებიც გამოჩნდება, იმპრესიონისტებს რომ უყვარდათ მათში ტილოების გამოფენა.. და ვინ მოსთვლის, რამდენის კადრი გაახსენდება ამ ფოტოების დანახვაზე ჩემს მიმობნეულ გონებას, ამომტვერილი წიგნის მოგონებებს გამახსენებს...
რა მოითვლის, რამდენია.. რა მოითვლის, როდინდელია.. ლამაზია და გრანდიოზული, დიდებული და ამაყი.. ცივი და უკარება, ზედმეტად სუფთა და ზედმეტად მოწესრიგებული..
განსაკუთრებულია და საოცნებო, იშვიათი და სასურველი.. ხიბლში მტოვებს და თავს მანდომებს, აღმაფრთოვანებს და შურსაც მიღვიძებს...
.. მაგრამ..
.. მაგრამ...
.. მაგრამ მე მაინც ჩემი უსწორმასწორო და ტალახიანი გზები მიხარია... ჩემი დაულაგებელი ქუჩები, მიმობნეული ლოდები მთის ფერდობებზე.. ჩემი საღებავფერმიხდილი და ჩამოცვენილი ტაძრები მიხარია, ჩემი მიუსვლელი და ძნელად მისაღწევი სოფლები მთაში... ჩემი ნახევრადმიწაშეჭმული წინაპრების საფლავები მიხარია, ჩემი ქართული სი-ნაღდ-ე...
ყოველდღე ჩემს მიერვე გალანძღული და გაბუტული კუთხეები მიხარია, ჩემი თბილი და პატარა შენობები, ჩემი მოსიყვარულე სამრეკლოები, მოუვლელი და პატრონისმიერმივიწყებული ციხეები მიხარია..
ეს ფოტოები დიდებულია.. განსაკუთრებული.. საოცარიც კი.. მაგრამ.. მე მაინც ჩემი პატარ-პატარა სახლის სახურავები, ადგილ-ადგილ ჟანგშემოჭმულიც კი მიყვარს..
რა ვქნა.. მიყვარს და..
რა ვქნა?
რას ვიზამ?...
არც არაფერს.. ანდაც.. ავდგები და რომელიმე შაბათ-კვირას რომელიმე ქართულ კუთხეს ვნახავ.. მაგალითად ხევსურეთს.. ანდაც.. რაღა რომელიმე.. ახლავე.. ამ შაბათ-კვირასვე გავეშურები.. დავჯდები ჩემს მადლიან მიწაზე.. გავიხარებ ჩემს სულს, გავიმზეურებ და მერე თუნდაც გავიხსენებ ამ ფოტოებს.. ყველას თუ არა, ნაწილს მაინც.. გავიხსენებ და.. ევროპული სუფთა ძეგლებით აღფრთოვანებული ისევ ჩემს ჭუჭყიან და მადლიან მიწას მოვეფერები...
აი, ეს არის სულ..

აბალდუი