1. გამწვანების აქციის ჩატარების დრო: 24 მარტი, 2013 წელი, 12:00 საათი.
2. არაჩვეულებრივი ადგილი: ვარკეთილი 3ის 3მ/რ 180 სკოლასთან, პოლიციის შენობის გვერდით მდებარე სკვერი.
3. დანიშნულების ადგილას ვარკეთილის მეტროდან მიდის 70 ნომერი მიკროავტობუსი, 39 ნომერი დიდი ავტობუსი, ქალაქიდან - #150 მიკროავტობუსი (ჩერდება ერთი გაჩერებით ქვევით და თუ ბერვს დალევ გაჩერების გარეშეც მიგიყვანენ), ასევე ტაქსი, ველოსიპედი, მოპედი, მოტოციკლი, ვერტმფრენი და საუკეთესო შემთხვევაში თეთრი რაში.
4. მარშრუტის სიგრძე – იმაზე გრძელი ან მოკლე ვიდრე გგონიათ, სირთულე – გააჩნია ქარმა ვის საიდან დაუბერა (დილა იყო ქარიანი, უმზეო და დარდიანი; ჩვენმა დიდმა მონდომებამ, აქცია ჰქმნა მადლიანი, ეს ცოტა გადავუხვიე...)
5. მარშრუტის ოპტიმალური ხანგრძლივობა – გააჩნია ტრანსპორტს და პუნქტუალობას.
6. რაა სანახავი და ყურადღება მისაქცევი – პოლიციის მიმდებარე უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობა–ნაგებობა და მასში მობინადრე სამართლიანობის აღმსრულებელი მომღიმარი ბიძიები, დეიდები არ შემიმჩნევია.
7. საცნობარო ლიტერატურა: „ ვარკეთილი — თბილისის ერთ–ერთი საცხოვრებელი უბანი. მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთით, ისან–სამგორის რაიონში. სახელწოდება მომდინარეობს ამ ტერიტორიის ძველი ტოპონიმიდან — ველკეთილი. წინათ ამ ტერიტორიაზე ხეხილის ბაღები ყოფილა, რომელიც საბჭოთა პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა და ვარკეთილის საბჭოთა მეურნეობას დაექვემდებარა.
1970–იან წლებში ხეხილის ბაღები გაიკაფა და დაიწყო ამ ტერიტორიის ურბანიზაცია. 1980–იან წლებში გაშენდა ახალი საცხოვრებელი რაიონები: ვარკეთილი–2 და ვარკეთილი–3, რომლებიც მიკრორაიონებადაა დაყოფილი.(წყარო: ვიკიპედია).
8. საბანაკე ადგილები არის უხვად, წყალი – თბილისის ზღვა (წყალსაცავი) დაახლოებით 1,5კმ–ში. პროდუქტი – დავით ბერიშვილმა (ე.წ. შოდა ბატონმა) წამოიღო სამარხვო ვაფლი.
9. სასარგებლო საკონტაქტო ინფორმაცია – აქციის მხედართმთავრობა ითავა თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბატონმა ვასილ ჩალაძემ და ასევე, ვასალის პოზიცია ნიშანდობლივად შეითავსა ფოტოგრაფიის ნიჭით დაჯილდოებულმა მერიის მოწინავე მუშაკმა ბატონმა ჯამბულ ქანთარიამ. ამ და სხვა მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ აღნიშნულ პირებს სამთავრობო უწყებიდან.
10. შინაარსი: მოვინდომეთ, დავგეგმეთ, შევიკრიბეთ და განვახორციელეთ.
11, გაგრძელება იქნება… ეს ერთი და სხვა მრავალი, გავაგრძელოთ მომავალი
