კანიონი იმ ადგილიდან იწყებოდა, სადაც ყარამანი, მეიშვილი და ზღნაჩვი დარჩნენ. რაც უფრო ქვემოთ მივყვებოდი ხეობას, კანიონი მით უფრო ღრმავდებოდა და მით უფრო შთამბეჭდავი ხდებოდა. რამოდენიმე ადგილას კანიონის სიღრმე 20-25 მეტრსაც (!!!) კი აღწევდა! ერთ მომენტში კი გუგუნის და გრიალის ხმაც მოსწვდა ჩემს სმენას. გამიკვირდა და ვერც ვხვდებოდი რისი ხმა უნდა ყოფილიყო. თავიდან გრუხუნი მეგონა, თუმცა ცაზე საავდრო ღრუბელი არ შემიმჩნევია. ცოტა ხანში, როდესაც ხეობას ჩავყევი ხმა კიდევ უფრო გაძლიერდა და ცოტა ხანში იმ ხმის წყაროც დავინახე. ეს იყო ჩანჩქერი შიგ კანიონში. ზუსტად ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ იმ ადგილას კანიონის სიღრმე ალბათ 30 მეტრსაც მიაღწევდა. კანიონის კედლები ერთი-ორად აბუქებდნენ ჩანჩქერის ხმას და საერთო ჯამში ძალიან ექსტრემალურ შეგრძნებებს იწვევდნენ ადამიანში.
ასე ერთ კილომეტრი ჩავყევი ხეობას, მაგრამ საბანაკე ადგილის მსგავსს ვერაფერს ვერ წავაწყდი. ამიტომ უკან ავბრუნდი და გადავწყვიტეთ ბანაკი კანიონის დასაწყისში დაგვეცა. იმ ადგილას კანიონის სიღრმე 5-10 მეტრი იქნებოდა. ამიტომ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით, რომ რომელიმე არ ჩავვარდნილიყავით.
იქვე მდინარის მეორე ნაპირას რამოდენიმე ნაკადული უერთდებოდა ასას, რომლებიძ ძალიან ლამაზ ჩანჩქერებს ქმნიდნენ არხოტის კლდეებზე:

Uploaded with ImageShack.us

Uploaded with ImageShack.us