სარკის წმ. გიორგის ეკლესიაში რემონტი დაგვხვდა. ეკლესიის კედლები შეეთეთრებინათ და ხატები, მათ შორის სასწაულმოქმედი, ბერების სამყოფელში გადაებრძანებინათ.
ეკლესიის მსახური ძალიან თბილად შეგვხვდა. გაგვიხსენა, შარშანაც იყავითო. ეკლესიის შესახებ ცნობებიც მოგვაწოდა. თურმე ეკლესია პირველად მე-5 საუკუნეში აუგიათ. საღოლაშენთან ერთი დიდი მინდორი ყოფილა, რომელიც ღვთისმშობლის სახელზე იყო და იქაურობა შემოსაზღვრული (ანუ მოსარყული ყოფილა). ამ მინდორზე ხვნა-თესვა აკრძალული იყო. ერთხელ, ერთ გლეხს ესიზმრა, რომ გასულიყო მინდორზე ხარებით, ხვნა დაეწყო და წმ. გიორგის გამოსახულება ეპოვნა. შემდეგ იგი ხარებისთვის მიენდო და სადაც ისინი გაჩერდებოდნენ, იქ წმ. გიორგის სახელობის ეკლესია აეგოთ.
მართლაც, ხვნის დროს გუთანი წმ. გიორგის გამოსახულების მქონე ქვას წამოედო. გლეხმა იგი ხარებს მიანდო და ხარებმა კი ამ ადგილას ამოიტანეს. ეკლესიამ დღევანდელი სახე მე-17 საუკუნეში მიიღო.
იგი თურმე არაერთხელ გაუძარცვავთ. ბოლოს შარშან, ჩვენი სტუმრობიდან, ძალიან მალე გაძარცვეს. მაგრამ მოგვიანებით ქურდს მოპარული ძვირფასეულობის ნაწილი ორთუბნის მონასტერში დაუტოვებია და თან წერილიც დაურთავს.
მოგვიანებით ბერმა წმ. გიორგის მცირე ზომის ხატი გამოაბრძანა, რომელშიც წმ. გიორგის ნაწილებია და უფლება მოგვცა მოგველოცა.
სარკის წმ. გიორგის ხატს უამრავ სასწაულს მიაწერენ. უპირველესად იგი უშვილო ოჯახების შემწედ ითვლება. ნეტში ინფორმაციის ძებნისას 'პროფილში' გასულ სიუჟეტსაც წავაწყდი. ვფიქრობ, რომ დაგაინტერესებთ:
http://www.tvali.ge/index.php?action=watch&v=165157