
ეს უკვე მეოთხე ლაშქრობაა რომელიც ამ ზაფხულს შედგა ჩვენი მონაწილეობით და რომლის შესახებაც მინდა რომ მოგიყვეთ. როგორც სათაურიდან ჩანს წელს მეორედ მოვიარეთ არხოტი და კიდევ ერთხელ დავლაშქრეთ კალოთანის უღელტეხილი (ყველაზე შთამბეჭდავი უღელტეხილი რომელზეც ვყოფილვარ)!
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
ამ ზაფხულისათვის 2 ლაშქრობას ვგეგმავდი. ერთს არხოტში სადაც მარტო ახალგაზრდები ვაპირებდით წასვლას და მეორეც არღუნ-ანდაქის (მუცო-შატილი) ხეობაში სადაც ტრადიციულად დედაჩემი, მამაჩემი და კიდევ რამოდენიმე უფროსიც უნდა წამოსულიყო. თუმცა იმის გამო, რომ ივლისის დასაწყისში ფეხი მწარედ გადამიბრუნდა, ორი ლაშქრობის იდეა ჩაიშალა. ამიტომ უნდა გადაგვეწყვიტა არხოტში წავსულიყავით თუ მუცოში და შატილში. იმის გამო, რომ მამაჩემი არ იყო შატილში ნამყოფი უფროსები შატილის ვარიანტს უფრო ემხრობოდნენ, თან იცოდნენ, რომ არხოტში ორი საკმაოდ მძიმე უღელტეხილი ექნებოდათ გადასავლელი. თუმცა მე პირადად იმდენად მენატრებოდა არხოტი და ჭიმღის კლდეები, რომ მთელი წელი ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი არხოტში სამოგზაუროდ. ამიტომ მშობლები გაგებით მოეკიდნენ ჩემს განწყობას და საბოლოოდ არხოტში მოგზაურობა გადავწყვიტეთ.
ახლა რაც შეეხება ჩვენი ლაშქრობის შემადგენლობას. როგორც ყოველთვის როდესაც სავარაუდო სია ჩამოვწერეთ ლამის ერთი თაბახის ფურცელი გაივსო, თუმცა როცა საქმე საქმეზე მიდგა, სულ 12-ნი მოვგვროვდით:
1. მე
2. მერაბი (ჩემი ძმა)
3. დედაჩემი
4. მამაჩემი
5. ბექა (ჩვენი ახლო მეგობარი და ნათესავი)
6. ავთო ბიძია (ჩვენი ნათესავი)
7. გურამი (დედაჩემის ნათლული)
8. ქრისტინე (გურამის და)
9. გიორგი
10. ირაკლი
11. გიორგი მეიშვილი
12. ყარამანი
ბექა და ავთო ბიძია ალბათ გემახსოვრებათ სამი წლის წინანდელი არხოტის ლაშქრობიდან

რაც შეეხებათ ლაშქრობის დანარჩენ წევრებს: გურამი და ქრისტინე დედაჩემის დაქალის შვილები არიან და ამიტომ ჩვენი ძალიან ახლობლები. გიორგი და ირაკლი კვირიკაშვილები ალბათ გემახსოვრებათ შარშანდელი თუშეთის ლაშქრობიდან. ხოლო გიორგი მეიშვილი და ყარამანი გურამის კლასელები და მამაჩემის მოსწავლეები არიან. ასე რომ საკმაოდ კარგი შემადგენლობა შევიკრიბეთ და მოუთმენლად ველოდით ჩვენი წლევანდელი მოგზაურობის დაწყებას.
ლაშქრობა სულ 8 დღიანი გამოგვივიდა: 5 აგვისტოს წავედით და 12 აგვისტოს ჩამოვედით. რაც შეეხება ლაშქრობის მარშრუტს: თბილისიდან დაქირავებული მარშუტკით ჯუთაში ავედით და იქიდან ფეხით გადავედით არხოტში. ხოლო არხოტიდან კალოთანის უღელტეხილით ჯერ წინხადუში და შემდეგ ბარისახოში ჩავედით. ბარისახოდან კი იმავე მარშუტკას დავურეკეთ და თბილისში წამოვედით.