საკრამულო

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საკრამულო

Post by qvevri » 01 სექ 2010, 17:20

საკრამულო. (ბაზალეთის თემის საკრებულო)
ამას წინათ ჩემს ერთ–ერთ საყვარელ წიგნში ვიქექებოდი და გადავაწყდი ერთ მეტად საინტერესო აგებულების გუმბათიან ტაძარს, რომელიც მდებარეობს დუშეთის რაიონის სოფელ საკრამულოში. როგორც მერე გავარკვიე ეს ადგილი დუშეთიდან 10 კილომტრშია, ხოლო ბაზალეთის ტბიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრში. ხოდა სულ რაღაც გასულ კვირას დავადექით გზას მე და ჩემი მეგობარი და მოვინახულეთ ჯერ თვალივი, შემდეგ ფუძნარი, მერე გრიგოლაანთკარის შესანიშნავი არქიტექტურის მქონე ტაძარი, რომელიც მჭადიჯვარში რომ ვიყავით კარველები გასვლაზე მაშინ დავინახე სოფლის განაპირას, მაგრამ ვერ ვნახეთ და გადავწყვიტე სხვა დროს მენახა და არც მინანია, თუმცა ეს სხვა თემაა და ამ ყველაფერზე ამ თემაში თავს არ შეგაწყენთ. თვალივში რომ მივდიოდით გზად შატილიდან მომავალი ნაია დავინახე თავისი ზურმუხტათი და ისეთი სიგნალები ავტეხე, რომ ნაიამ, რომელმაც ვერ შემამჩნია და გვერდი ამიარა მანქანა ადგილზე გაყინა. ვიფიქრე ესაა და კარველები ვიგდე ხელთ–მეთქი, მაგრამ გავწბილდი, სტუმრები ახლდა.
მოკლედ საკრამულოში მისასვლელად ბაზალეთის ტბისკენ მიმავალი გზიდან უნდა გადაუხვიო და იქაა. ეს არის ძალიან ლამაზი სოფელი, საიდანაც მშვენიერი ხედები იშლება ერთის მხრივ ქსნის ხეობისაკენ და კონკრეტულად უნაგირას მთისაკენ, ხოლო მეორე მხრივ კავკასიონის ქედებისაკენ. ამავე ადგილიდან მოსჩანს ასევე ბაზალეთის ტბაც. სოფელში 140 კომლი და 560 კაცი ცხოვრობს. საკმაოდ პატარა სოფელია. სავარაუდოთ სოფლის მოსახლეობის ნაწილი ხევსურები უნდა იყვნენ (ინფორმაცია გადასამოწმებელია) სოფელს, თითქმის შუაგულში ჩამოუდის პატარა ხევი. ტაძარი სოფლის განაპირასაა და როგორც ჩანს ახალი ჩატარებული აქვს სარემონტო სამუშაოები, გადახურულია ცინკით და აქვს ახლად აშენებული დაბალი გალავანი. ძალიან მიყვარს–ხოლმე, როდესაც ასეთ მიყრუებულ ალაგას რაიმე მნიშვნელოვან ძეგლს ვნახავ და ეს შემთხვევაც სწორედ ასეთი შემთხვევა აღმოჩნდა.
ეხლა კი მცირედი თვად ტაძრის არქიტექტურის შესახებ, რომელიც ამოვკრიბე ზემოაღნიშნული წიგნიდან(შემოკლებულია ვარიანტი):
არქიტექტურული ძეგლი გდას სოფლის სამხრეთ ნაწილში. თარიღდება XVII-XVIII საუკუნით. ეკლესია ე.წ. „კუპელჰალეს“ ტიპის თავისებური ვარიანტია. (ფართ. 12X7,5მ). ნაგებია აგურით, დაზიანებულია, ჩამოშლილია გადახურვისა და ლავგარდანის ნაწილი. დანგრეულია დასავლეთ კედელზე მდგარი სამრეკლო, რომლის მხოლოდ კვადრატული საფუძველია შემორჩენილი. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა შესასვლელია.....
აფსიდის გვერდზე, კედლის სისქეში თითო ვიწრო და გრძელი სადგომი სამკვეთლო და სადიაკვნეა, ორივე სადგომის აღმოსავლეთ კედელში თითო თაღოვანი სარკმელია. (ეკლესიას გააჩნია სამალავი, რომელშიც ადის კიბე გ.ბ.)...
ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია...
ფასადები სადაა, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე თითო შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. ... გუმბათის ყელი რვაწახნაგოვანია. თითოეულ წახნაგზე თითო ფართო და მაღალი შეისრულთაღოვანი შეღრმავებაა, რომლებშიც თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი.... გუმბათს აგურით ნაწყობი პირამიდული სახურავი აქვს.
აი მოკლედ რისი თქმაც შეიძლებოდა ამ შესანიშნავ ტაძარზე. რა თქმა უნდა არქიტექტურულად გაცილებით მნიშვნელოვანი ძეგლებიც გვაქვს, რომელთაგან ზიგიერთი (და არაერთი!) მსოფლიო შედევრად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ სად დგას ესა თუ ის ძეგლი, როდისა და რა პერიოდშია აშენებული იგი და სხვა, შეიძლება ზოგჯერ შედარებით სადათ ნაგებმა ძეგლებმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვონ მნახველზე და ეს შემთხვევაც, როგორც უკვე ვთქვი, სწორედ ის შემთხვევა აღმოჩნდა. მოხარული ვიქნები თუ ჩემი მონათხრობი, რომელიმე კარვულ გასვლას დაუდებს საფუძველს ან თუნდაც ვინმეს რაიმეში გამოადგება. ყოველი შემთხვევისათვის ამიერიდან, როდესაც ჩვენ გუგლში ავკრიბავთ სიტყვა „საკრამულოს“ იმ დანარჩენ სისულელეებთან ერთად, რაც იქ ძევს ეს თემაც ამოტივტივდება და მნახველი ორი სიტყვით უფრო მეტს გაიგებს ამ სოფლისა და ტაძრის შესახებ.
ახლა კი სურათები:
Last edited by qvevri on 03 სექ 2010, 10:40, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საკრამულო

Post by qvevri » 01 სექ 2010, 17:21

Image
ძველად(ახლო წარსულში) არსებობდა ასვე სოფელი ძველი საკრამულო, რომელიც სავარაუდოთ დღესდღეობით ნასოფლარი უნდა იყოს. ეს ორი სოფელი ერთნამეთთან სულ რაღაც 2კილომეტრში არიან განლაგებულნი.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საკრამულო

Post by qvevri » 01 სექ 2010, 17:26

რაც შეეხება ტაძრის არქიტექტურას:
სამხრეთის ფასადი
Image
სამხრეთ დასავლეთის ხედი. ძველი სურათია
Image
ტაძრის გეგმა
Image
განივი კვეთი აღმოსავლეთისაკენ
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საკრამულო

Post by qvevri » 01 სექ 2010, 17:31

ახლა კი ჩემს მიერ გადაღებული სურათები:
სამხრეთ დასავლეთი
Image
სოფელი საკრამულო და ტაძარი
Image
Image
ტაძარს რაიმე ჩუქირთმა ან წარწერა თითქმის არ გააჩნია გარდა დასავლეთსა და აღმოსავლეთის სარკმელების ტავზე მდებარე აი ამ მცირედი ჩუქურთმიანი ქვიშაქვებისა, რომლებიც აგურის კედლებშია ჩატანებული
Image
Last edited by qvevri on 18 სექ 2010, 08:55, edited 2 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საკრამულო

Post by qvevri » 01 სექ 2010, 17:44

ტაძრიდან ასე 20-30 მეტრში მდებარე ხევში დგას აი ასეტი საინტერესო წყარო, რომელიც ქვიშაქვითაა აშენებული გასული საუკუნის ოციან წლებში. წყარო ამავე ქვის ლორფინითაა გადახურული.
Image
მივედი სანახავად და ჰოი საოცრებავ, მასზე წარწერა აღმოჩნდა, რომელიც შემდეგს "ღაღადებს" პატარა კახის წყარო. აშენდა 1921 წ. ხელოვნება იასონა ბედუკაძესი.
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საკრამულო

Post by qvevri » 01 სექ 2010, 17:52

სოეფლი საკრამულო ესაზღვრება სოფელ მლაშეს. ეს უკანასკნელი კი ჩემს გონებაში ორ ძალზედ სასიამოვნო მოგონებას აღძრავს, ერთი: მლაშეში ვისვენებდი დაახლ. 15 დღე სკოლის წლებში და ბაზალეთზე დავდიოდით ყოველ დღე. ეხლაც მახსოვს ჩემი მასპინძელის- ელო ბაბოს (ღმერთმა აცხოვნოს) თონეში გამომცხვარი დედას პურები და ჭყინტი, სულ რძიანი ყველი.... ამავე სოფლის განაპირას კი იყო ხევსურების უბანი...
და მეორე მოგინება ესაა გოდერძი ჩოხელის მოთხრობა "გარსია ხევსურული სახელია"
გთავაზობთ ამ მოთხრობას და აუცილებლად წაიკითხეთ ვისაც ჯერ არ წაუკითხავს.

”კარგ ყმას ნუ შურობ სოფელო,
კაი ყმა კაი ფარია,
იქიდან მოგეფარება,
საიდანაც ქრის ქარია.”
(ხალხური)


არხოტი!
მთის საუფლოში არსად ისეთი მიუდგომელი საცხოვრისი არ არის, როგორიც არხოტია.
სოფლები:
ჭიმღა.
ამღა.
ახიელა.
კვირიწმინდა.
მოწამეთა.
გვარები:
ჯაბუშანურები.
წიკლაურები.
ოჩიაურები.
ნაროზაულები.
ცისკარაულები.
ბალიაურები.
თეთრაულები.
გაბურები.
ჭიუხები.
მთები.
ქვემოთ ღორღიანი ჭალა.
ჭალაზე მდინარე - ასა.
და ეს ყველაფერი ერთად - არხოტი.
და არხოტიონები სხვებს რომ ეძახიან ხევსურებს, თუმცა თვითონაც იმათი მოდგმისანი არიან.
ვინ იცის როდის დაემკვიდრნენ აქ.
ხნავენ.
სთესავენ.
მკიან.
ხდიან არაყს.
ადუღებენ სვიან ლუდს.
ღრეობენ.
მღერიან.
ლექსობენ.
ზამთრის გრძელ ღამეებში სხედან ხევსურის ქალები და ფარდაგებს ჰქსოვენ. გრძელი ზამთრით გულგაწყალებულებს გაზაფხული ენატრებათ და ფარდაგებზე ნაირ-ნაირ ყვავილებს ჰქარგავენ.
გაზაფხული ფეთქავს ხევსურულ ხალიჩებზე.
აქ უთქვამს ჯაბუშანურების წინაპარს:
”იარებოდა დედაი,
ტირილით თვალცრემლიანი”...
აქ ბევრის საკარგყმო დალეულა.
აქაურებს სწამთ იმ ქვეყნიური ცხოვრება. ქრისტიანებიც არიან და კერპთაყვანისმცემლებიც.
მიცვალებულის სულს დოღს უმართავენ. საფლავზე აცეკვებენ დაწურვილ ცხენებს.
დასაბამიდან თვითონ ჭედავენ ხმალ-ხანჯლებს.
მტრიანიც არიან და მოკეთის მიმყოლნიც.
მღერიან საკარგყმოს.
ქისტის ურიცხვი ლაშქარი შემორტყმია გარშემო არხოტს.
გაჭირდა თურმე ბრძოლა.
გადმომდგარა მაშინ ციხის ქონგურებზე თმებგაწეწილი ხევსური დედაკაცი და უკივლნია არხოტიონათვის:
- ქალ-ბალღიანად გაწყდითავ არხოტიონებო, ოღონდ მტერს არ დაანებოთ არხოტი!
მაშინ ეს სიტყვა მზესავით ჩაღვრია არხოტიონებს ძარღვებში.
მდინარე ასა სისხლისფერი გახდა...
თევზი დაიხოცა შიგ...
არხოტიონებმა გამარჯვების აღსანიშნავად სოფლის გორზე საერთო ქავის კარი ააშენეს, სადაც ურიცხვი მტრის მარჯვენა ჩამოხმა მერე.

***
არ უხოცია მტერი გარსია ოჩიაურს. არ ჩამოუკიდია ქავის კარზე ქისტის მარჯვენა.
არ გასდევნებია ხარ-ჯიხვებს ჭიუხებში.
გარსია ოჩიაურმა თავისი სიცოცხლე ცეკვაში გალია.
ცეკვავდა ბალღობაში.
ცეკვავდა არხოტის ბუნებით მთვრალი.
არხოტის მაღალი ცა უყვარდა.
დილით მთის წვერზე ეგებებოდა მზის ამოსვლას.
მზე ამოდიოდა.
ცეკვავდა გარსია ოჩიაური მთის წვერზე.
იმან არ იცოდა რა იყო დაღლა.
ეჩვენებოდა, რომ მასთან ერთად არხოტის მთებიც ცეკვავდნენ.
მთებს ეჯიბრებოდა.
ცოლი რომ მოიყვანა, მაშინაც ცეკვავდა.
შვილი რომ დაებადა, ცეკვავდა.
ოცდაათ წელს რომ გადააბიჯა, მაშინაც.
ვერაფრით ვერ გაძღა არხოტის სილამაზით.
- ერთი არხოტის მიწაზე ცეკვით გამაძღო და მომკლა თუნდაც! - ამბობდა გარსია და ცეკვავდა.
გაზაფხულზე პირველი ყვავილი რომ ამოვიდოდა, ეცეკვებოდა.
ტყე რომ გირჩს გამოისხამდა, ეცეკვებოდა.
მდინარე ასას ეცეკვებოდა.
- ასა! - გაჰკიოდა გარსია.
- ასა! - ხმას აძლევდა მდინარე.
გუგული რომ მოფრინდებოდა, იმასაც ეცეკვებოდა გარსია. არხოტის უძირო ციდან თოვლის პირველი ფიფქი რომ ჩამოვარდებოდა - იმასაც.
ამ ქვეყანაზე ყველაფრის მოსვლას ცეკვით ეგებებოდა.
არხოტი უყვარდა უზომოდ.
ერთი წუთითაც არ უფიქრია არხოტიდან სადმე წასვლა.
არ უხოცია მტერი გარსია ოჩიაურს.
არ ჩამოუკიდია ქავის კარზე ქისტის მარჯვენა.
არაფერი არ მოუკლავს.
დღეს გარსია ოჩიაურის საკარგყმოს სვამენ ხევსურულ სოფლებში აქა-იქ შემორჩენილი ხევსურები.

***
მთავრობის კაცები ამოვიდნენ არხოტში.
გადასახლება.
ამ სიტყვამ დალულა გარსია ოჩიაურის ძვალ-რბილი.
- კი მაგრამ, ჩვენ აღარ გვეკითხებიან გვინდა თუ არ გვინდა?!
- სად გვასახლებენ, რატომ?
- მლაშეში.
- მერე და, რითი სჯობია მლაშე არხოტს?!
- თუ ეხლა იქ არ წამოხვალთ, მერე მაინც ჩაგასახლებენ და შეიძლება უარესი ადგილი შეგხვდეთო.
ბევრი იფიქრეს ხევსურებმა.
დასხდნენ საფიხვნოში და ბჭობდნენ.
ერთ კვირაში უნდა მომზადებულიყვნენ წასასვლელად.
- კი მაგრამ, რაით სჯობია ”მლაშე”, არხოტს.
- ვერ გაერკვია გარსიას.
არც სხვებმა იცოდნენ, რაით სჯობდა არხოტს ”მლაშე”.
უარეს ადგილზე დასახლებას, მლაშე არჩიეს სოფლის თავკაცებმა.
დაიწყეს მზადება.
შეკრეს ბარგი.
შეაგროვეს საქონელი.
გამოკეტეს საბძლები.
და ბოლო ღამეს დასხდნენ საფიხვნოში.
ხმას არავინ იღებდა.
გარსია ოჩიაურის შვილებმაც გაამზადეს ბარგი.
ისინიც საფიხვნოში დასხდნენ.
ისხდნენ და მიწას ჩაჰყურებდნენ ხევსურები.
ხვალე უნდა წასულიყვნენ აქედან.
გარსია ადგა და მაღლა ბანზე ავიდა.
მზე ჩადიოდა არხოტის მთებში.
ამ წუთში არხოტის მთების უსაზღვრო სიყვარული იგრძნო გარსია ოჩიაურმა.
ხვალე გადაასახლებენ.
დღეს უნდა იცეკვოს გარსია ოჩიაურმა.
შეიძლება ვეღარასოდეს ამოვიდეს აქ.
მზე ჩადის.
და ცეკვავს გარსია.
ღამდება.
ცეკვავს.
ამოდის მთვარე.
ხევსურები ბანს შემორტყმიან და უხმოდ მისჩერებიან გარსიას.
- ასა! - კივის ის.
- ასა! - ბანს აძლევს მდინარე.
ფეხებზე ქალამნები აცვდება. მაინც ცეკვავს.
მერე წინდებიც ცვდება.
ცეკვავს.
ფეხის გულებიდან სისხლი მოსდის.
ჯერ წვეთ-წვეთად...
მერე თქრიალით.
ტკივილს არ იმჩნევს გარსია.
უნდა გაძღეს არხოტის მთებში ცეკვით.
სხვა დროს შეიძლება ვეღარც ამოვიდეს აქ.
სისხლი და მიწა ერთმანეთში ირევა.
გარსია ვერ გრძნობს, რომ სისხლმა ბანი აატალახა.
ის ვეღარაფერს ვეღარ გრძნობს, ერთი სურვილით არის შეპყრობილი:
უნდა გაძღეს არხოტის მთებში ცეკვით.
ილევა ღამე.
თანდათან სისხლად იცლება მოხუცი.
მაინც ცეკვავს.
ხევსურები უხმოდ უყურებენ.
ვერავინ ვერ ბედავს ახლოს მისვლას, რომ გააჩერონ.
თენდება თანდათან.
მტრედისფრად გალობენ არხოტის მთები.
ცეკვავს გარსია ოჩიაური.
- ასა! - ერთხელაც გასძახებს მთებს და მზის სხივებს შეაშრება იმისი სული.
ერთი წამით ხელგაშლილი დგას.
მერე გულაღმა დაეცემა არხოტის მიწაზე.
ხევსურებმა ამოსულ კაცებს სთხოვეს, რომ ერთი კვირა დაეცალებინათ.
დაასაფლავეს გარსია და იმის სულის მოსახსენებლად გამართეს დოღი.
არავის ჩამოვარდნია ცრემლი.
ცხენების ჭენებაში მოიკლეს ბოღმა.
თითქოს ცხენებიც გრძნობდნენ, რომ ეს იმათი ბოლო დოღი იყო, ცხელი საფეთქლები ჭიუხებიდან მონაბერი ნიავისათვის მიეშვირათ და გარსია ოჩიაურის საფლავისაკენ გარბოდნენ, რომ იქ საბოლოოდ შეეყენებინათ ყალყზე თავიანთ პატრონებს.

ჩოხელი.
Last edited by qvevri on 28 მარ 2011, 19:19, edited 1 time in total.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საკრამულო

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 სექ 2010, 17:47

ყოჩაღ. კგ თემაა.
აღვნიშნავ, რომ საკრამულოს ტაძარი კუპალჰალეს ტიპს მიეკუთვნება.
ანუ, გუმბათიანი დარბაზული ეკლესიაა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საკრამულო

Post by qvevri » 03 სექ 2010, 09:03

GAMARJOBA SAKARTVELO
გული დამწყდა, რომ მცირედი ხნით ვიყავი იმ ადგილას და ვერ მოვახერხე უფრო მეტი ცნობის მიღება იქაურობის შესახებ. განსაკუთრებით იმან დამწყვიტა გული, რომ ამ ადგილას, როგორც შენ ამბობ სხვა ტაძარიც ყოფილა. თუმცა ამ მხარეში სხვაც ბევრია სანახავი და სხვა გასვლის დროს შევივსებ ამ დანაკლისს :wink:
ისე კი, როდესაც საკრამულოს ტაძარი შორიდან დავინახე მეგონა, რომ ცინკით იყო გადახურული, მაგრამ ახლოს რომ მივედი თურმე თუნუქის მოთუთიებული ფურცლებით ყოფილა დახურული :wink: (გოგა როგორია?)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]