
აი, აქ შედგა ჩემი ფესვტური...
ჩემი წინაპრების საფლავზე...
მიწაზე, რომელზეც ცხოვრობდა ჩემი დიდი ბებია და დიდი ბაბუა... ადგილზე, სადაც ისინი არიან დასაფლავებულნი...
ყველა ტური რაღაც ძვირფასის ნახვას, შეცნობასა და განცდას ეძღვნება ხოლმე...
ჩემთვის კი ახლა ყველაზე ძვირფასი, სანახავიც, მოსაძიებელიც, გასაცნობიერებელიცა და განცდადიც ჩემი ფესვების შეგრძნება გახდა.
"ხის სიმაღლე, შვილო, მიწის ზემოდან კი არა, მისი ფესვებიდან იზომება, ასევეა ადამიანიც", - ეს ფრაზა ყველას გვახსოვს ფილმიდან "ფესვები"...
ჩემ მიერ წარმოდგენილი ტურის შთაგონებაც ეს ფილმი გახდა...
საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც ხომ უამრავი ქართველია ფესვებს მოწყვეტილი და სხვაგან დაფუძნებული...
პირველი ტური შარშან პუტინას მივუძღვენი და იმ თავის ფესვებში გავემგზავრეთ. კარგად მახსოვს მაშინ, როგორ დავდიოდით მე, პუტინა და ელოიზა სოფელ ზნაკვაში კვახაძეების მიდამოებში, როგორ ვეძახდით ყველა სახლის კართან მასპინძელს...
როგორ გამოვიძიეთ სოფელში დარჩენილი ორიოდე წინაპარი ხათოსი...
წელს კი, 30 წლის ასაკში, პირველად დავდგი ფეხი მეც ჩემი წინაპრების მიერ ნავალ გზაზე...
ყველა ძაფი ჯერ ამ საფლავზე შეიკრა.
დიდი მადლობა ამისათვის სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარს, დედა ბარბარეს, რომელიც დამეხმარა ჯერ ჩემი სისხლისა და ხორცის მოძებნაში და შემდეგ გამზარდიების საგვარეულო სასაფლაოს მოძიებაში.
დავდიოდი საფლავ-საფლავ და ვეძებდი ჩემს წინაპრებს, ჩემ სისხლსა და ხორცს, ადამიანებს, რომელნიც აღარ იყვნენ, მაგრამ მათი სისხლი მიჩქეფს ძარღვებში, ადამიანებს, რომლებიც მე არ მიცნობენ, მაგრამ სწორედ მათი წყალობით მოვევლინე ამ ქვეყანას ამ სახელითა და ამ გვარით.
ამიტომაც დავიწყე რეპორტაჟი ამ საფლავის ჩვენებით. ერთი პატარა მიწის ნაგლეჯით, ჟანგიანი გისოსებითა და ბალახებით. საფლავით, რომელიც ჩემს გარდა, ალბათ არავისათვის არაფერს ნიშნავს, თუმცა დიდი ბებიას და დიდი ბაბუას ამჟამინდელი განსასვენებელი ჩემთვის ტაძარივით წმინდად და ძვირფასად იქცა.




