სამაჭალოსკენ
ქვევით დავეშვით,
კალაპოტისკენ პატარა ბილიკივით ჩადიოდა,

მდინარის კალაპოტში ჩავდექით თუ არა, ასე 30 მეტრში მანქანის ნაკვალევიც გამოჩნდა, მაგრამ იქამდე ეს 30 მეტრი იყო გასავლელი...
წინ 2 თუ 3 კასკადად მცირე ჩანჩქერები იყო, მოპირდაპირე მხარეს ისევ ზევით მოგვიწია აბობღება, რამდენიმე მეტრი ფერდობზე ბორდღიალი, კალაპოტში ლაჯაობა და მანქანის ნაკვალევზე ვიდექით, უკან ვალმოხდილებმა და გამარჯვებულებმა მოვიხედეთ,მდინარის ხეობა, რომელიც ასე გვეზარებოდა რამდენიმე წუთის უკან, ეხლა თითქოს კეთილგანწყობით გვიყურებდა...

მდინარეს მარცხენა მხარეს ასე მეტრნახევარი სიგანის ბილიკი ადიოდა ფერდობზე, ეს ალბათ რუკაზე დატანილი ბილიკი იყო, მაგრამ თავს ვერ დავდებ...
ასე თუ ისე, გაკვალულ გზაზე ვიდექით, დაბნელებამდე 2-3 საათი იყო დარჩენილი, საშინლად დაქანცულები, სველი ბათინკებით და წინ 10-15 კილომეტრი გზა გვედო, უნდა გვეჩქარა, სამაჭალომდე დაბნელებამდე ჩაგვეღწია და ღამის სათევი მოგვეწყო...
დაღამებულზე შეიძლება ძაღლებთან შეგვქმნოდა პრობლემები, სამაჭალოში ზაფხულში ნახირი აყავთ ხოლმე და დიდრონი, მეცხვარიის ჯიშის ძაღლებსაც იმარაგებენ...
გზას გავუყევით...
ჩვეულებრივი ტყიან ხეობაში გაკვალული სამანქანო გრუნტის გზა...
აქა იქ მდინარე გზას კვეთდა და უნებლიედ თუ განზრახ დაგდებული 40-50 სანტიმეტრის სიგრძეზე დაჭრილი ხის ჯირკები ეყარა...
ვცდილობდით ფეხი მეტად არ დაგვესველებინა, რადგან წყალჩასული ბათინკით სიარული ზედმეტ დატვირთვას აკეთებს ფეხზე...
თუმცა არ გამოდიოდა, გზაზე ბევრი წყაროები იყო ფერდობებიდან გადმოსული და გზა შეტბორილი, რამდენიმედგან მდინარე გზაზე შედგარი, და ერთი-ორგან კი გადავედით მდინარეზე მშრალად, მაგრამ ერთგან ეს შეუძლებელი შეიქმნა და ჩავიქნიეთ ხელი.

მივდიოდით და მივლაჯუნობდით, მხოლოდ ეხლა დავიწყეთ ყურადღების მიქცევა, ძალიან ლამაზი ხეობა იყო, თავად მდინარე კლდიან ხეობაზე რამდენიმე ჩანჩქერს და კასკადს აკეთებს, დიდი არაფერი, მოდის და მოღოღუნობს თავისთვის მაგრამ ძალიან ლამაზია...



სველ ფეხებს ყურადღებას აღარ ვაქცევდით, ვხვდებოდით, რომ რამდენიმე მეტრის იქით ისევ მდინარეში უნდა გაგვეტოპა...
საერთოდ სამხედრო ბათინკს, ყოველ შემტხვევაში იმას, რაც მე და ნაპსტერს გვეცვა, კარგად, სწორად თუ შეიკრავ, შეუძლია ფეხი მშრალად შეინახოს, მუხლებამდე წყალში რომ გაიარაო, წყალი შიგნით არ შევა, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით, თუ ხშირად ჩადექი წყალში, ადრე თუ გვიან ყელიდან მაინც ჩავა, მით უმეტეს თუ თასმები კარგად არ გაქვს ამოჭიმული...
პატარა მანძილზე აზიზად სიარულის შემდეგ, გავთამამდით და ფონს აღარ ვეძებდეთი, პირდაპირ ვტოპავდით...
ეხლა მთავარი დრო იყო, სამაჭალომდე დაბნელებამდე უნდა ჩაგვესწრო.

