ნელ-ნელა გიამბობთ ჩვენი მოგზაურობის ამბავს... ისტორიული ცნობები შარშანდელი გასვლის თემაში ისე უხვად არის, აქ აღარ დავწერ, მით უფრო, ამ საკითხში არ გამოვირჩევი ცოდნით...
მაშ, ასე...

უპირველეს ყოვლისა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ოთხი დღე, 8-11 აპრილი, ჩვენს ისტორიულ მიწაზე გავატარე და იმდენი ნათელი, ხალისიანი, თუნდაც ტკივილიანი მოგონება მომყვება, რომ ვერ დამითვლია! მით უფრო ბედნიერი ვარ, რომ ძალიან კარგ, ახლა უკვე უძვირფასეს ადამიანებთან ერთად ვიყავი!!!
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
8 აპრილს, გამთენიისას, 5:20 საათზე უკვე სამთო ქიმიასთან გახლდით, 10 წუთით ადრე მივედი (ასეთი რამ არ მჩვევია, როგორც წესი, ვაგვიანებ

), გამცილებლად მამა წამომყვა... წინა საღამო ძალიან დატვირთული მქონდა, სულ 3 საათი თუ მეძინა ამის გამო, თან უცნაურად აფორიაქებული ვიყავი... ეს ხომ ჩვეულებრივი გასვლა არ იქნებოდა, არამედ რაღაც სუუულ სხვა... სიტყვა გამიგრძელდა, ასე ბევრჯერ დამემართება, ვიცი, ამიტომ წინასწარ ბოდიშს გიხდით

ადგილზე მხოლოდ ერთი მგზავრი დამხვდა და ორივე სამარშრუტო თავის მძღოლებიანად. მძღოლებს ვკითხე, გზას კარგად თუ იცნობთ-მეთქი (ასეთი ინფორმაცია მქონდა წინასწარ და), მართალია, პირველად მივდივართ მაგ გზაზე, მაგრამ პრობლემა არ იქნებაო, დამამშვიდეს
თავიდან სულ უცნობები მოდიოდნენ, ბოლოს ჩვენებიც გამოჩნდნენ და სიხარულით ვივსებოდი! დაღლა და უძილობა სადღაც ზურგჩანთის ჯიბეში ჩავტენე, ეტყობა
მალე მოშორებით ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა, რომელსაც არ ველოდით (აწი ვიცი, სულ ყველგან უნდა ველოდეთ

) - წივწივა მოვიდა ამ უთენიაზე ჩვენს გასაცილებლად და, როგორც სჩვევია, ხალისით აგვავსო!