
2010 წლის 13 აპრილს, 19:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება ტაო-კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგენა.
ტაო-კლარჯეთის ტურისტული რუკის შექმნის ძირითადი მიზანია საზოგადოებაში ისტორიული ტაო-კლარჯეთის შესახებ საბაზისო ცოდნის გაღრმავება, მოგზაურობის მოყვარულთათვის უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლების მონახულების გამარტივება.
ტაო-კლარჯეთის ტურისტულ რუკაზე წარმოდგენილია თურქეთში შემორჩენილი მნიშვნელოვანი ქართული ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების დიდი ნაწილი.
რუკაზე საექსკურსიო ობიექტების გარდა დატანილია აგრეთვე გზისპირა ძეგლები. თითოეულისათვის მოცემულია როგორც ისტორიული ქართული, ასევე თანამედროვე თურქული ტოპონიმები. რუკაზე აღნიშნულია ინფრასტრუქტურული და ტურისტულ-რეკრეაციული ობიექტებიც.
აქვეა წარმოდგენილი ტაო-კლარჯეთის მოკლე ისტორია და ინფორმაცია ჩვიდმეტი საექსკურსიო ობიექტების შესახებ.
ტურისტული რუკის წარდგინების დროს გაიმართება ტაო-კლარჯეთის ძეგლების ფოტო გამოფენა, რუკის ავტორთა ჯგუფის სიტყვით გამოსვლა, ანონსი გაუკეთდება სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებს.
წარდგენაზევე იქნება ტურისტული რუკის შეძენის საშუალება. შემოსული თანხა მიზნობრივად მოხმარდება ზაფხულში ტაო-კლარჯეთში ექსპედიციის დაგეგმვასა და მოწყობას.