რადგან ეს ტაძარი ვერ გამოიცანით, ერთ-ერთი ბლოგის საინტერესო ნაწერს შემოგთავაზებთ... (შორენის ბლოგი)
=============================================================================
"დავიწყებდი ისე, როგორც ვახუშტი ამბობს:”მოდიმნახეს ქვემოთ არს მონასტერი უგუმბათო, მშვენიერ ალაგს, მის ქვემოთ, სადაც ქციას კლდეისის-ხევის წყალი ერთვის, რომელიც საწყისს ბენდერის მთაზე იღებს”. ვახუშტი ამ ადგილას მოიხსენიებდა მონასტერს (”ადგილი მონასტერი”). რუკაზე აღნიშნული აქვს ეს ადგილი ”ვარდის ჭალად”.
მონასტერი ფერდზე დგას, არც მაინცდამაინც მაღლა, ტყიანი მთებით გარშემორტყმულ მშვენიერ ხეობაში. ამის თავზეა ზურტაკეთის ველი, უამრავი ხუროთმოძღვრული ნაშთით. 1944 წლამდე ეს ადგილი უდაბური იყო, ხრამჰესის აგების შემდეგ აქ სოფელი გაჩნდა, ერთხანს მას ხრამჰეს ორს უწოდებდნენ, მერე დაერქვა ბედიანი.
ლეგენდის თანახმად, ამ მხარეში დავით აღმაშენებელი ნადირობდა. იმ დღეს განსაკუთრებით გაუმართლა. როცა ამ ადგილას მოხვდა კარგად უნადირია და აღტაცებულს უთქვამს:”რა ბედიანი ადგილიაო”, ძალიან მოსწონებია, აუშენებია ტაძარი და ამის შემდეგ ეწოდა ამ ადგილს ”ბედიანი”. ერთ-ერთი ცნობით, ბედიანის ტაძარი აფხაზეთში არსებული ბედიის მონასტრის ნაწილია, ფეოდალურ ხანაში ეკლესიებს უამრავი ტერიტორია ჰქონდათ სხვადასხვა კუთხეში და აქ ტაძრებს აშენებდნენ.
ცნობილია ისიც, რომ დავით აღმაშენებელს თავისი მეფობის წლებში აშენებდა სამკურნალო სახლებს და ბედიანშიც დაუარსებია ასეთი ქსენონი. ალბათ არც ის არის შემთხვევითი, რომ დღეს იქ არსებობს ფსიქიატრიული საავადმყოფო.
ჩემი სამყარო გრუხუნებდა და გადავწყვიტე გამესწრო, სანამ ამ სამყაროს ნამტვრევი გამჭყლეტდა. თან ვიფიქრე, სანამ გამოცდები დამეწყება ერთს კარგად დავისვენებ-მეთქი. ჩემი ლურჯი ჩანთა, ბოლომდე გავტენე გრძელი ქვედაბოლოებით და მუქი ტანსაცმლით. გეზი წალკისკენ, ბედიანის დედათა მონასტრისკენ. თუ ჰერმან ჰესეს ”ნარცისი და გოლდმუნდი” წაგიკითხავთ, მგონი აუცილებლად გაგიჩნდებოდათ სურვილი, რომელიმე მონასტერს სწვეოდით, თუნდაც არ იყოს მარიაბრონის მამათა მონასტრის მსგავსი, სადაც ნარცისი და გოლდმუნდი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. რომანის ძირითადი დედააზრი საკუთარი თავის პოვნაა. სწორედ ამას ეუბნება ნარცისი გოლდმუნდს :”ნუ ეცდები, მიბაძო მოაზროვნესა და ასკეტს, შენ შენი თავი იყაი, შენ შენი თავი განახორციელე”. და თუ გადაწყვეტთ წასვლას, მერწმუნეთ , გიცნობთ ყველა ხე, კარიბჭეები და ფანჯრები, დერეფნის ქის ფილები და დამჭკნარი ვარდის ბუჩქების გალერეა, წეროების ბუდეები ბეღელზე და სატრაპეზოზე-ეს პატარა ნაწყვეტია იმ ეპიზოდიდან, როცა გოლდმუნდი მარიაბრონის მონასტერში დაბრუნდა. ძალიან საინტერესო და გრძელი ისტორიაა, და აი, ამ ყველაფრის შემდეგ თუ გადაწყვეტთ წახვიდეთ, იქნებ ჩანთით ეს პატარა წიგნიც გაიყოლიოთ.
”შეგეწიოს ღვთისმშობელი, ჩემო ჭკუის კოლოფო, ჩემო შორენიკო, ჩემო ბორენიკო, ჩემო ცხვირპირდახატულო ბარტყო! გაგახაროს ღვთისმშობელმა,დღეს ღვთისმშობლის შობაა, ამიტომ გილოცავ დღევანდელ დღეს და შევთხოვ ღვთისმშობელს, მალე ჩამოგიყვანოს ბედიანში. ძალიან გამახარა და მანუგეშა შენმა წერილმა. მიხარია, რომ უშედეგოდ არ ჩაუვლია შენს ყოფნას მონასტერში. ღმერთმა მოგცეს ძალა, უფრო სწორად იცხოვრო. სულიერებაში ჯერჯერობით ორიანი, მაგრამ ეგეც გამოსწორდება. გკოცნი ბევრს შენით მონატრებული დედა აგნია. ღმერთმა მალე შეგვახვედროს, ისე, ზამთარი არანაკლებ კარგია ზაფხულზე, მართალია მდინარეზე ვერ ვივლით, მაგრამ თოვლში ხომ მაინც გაგუნდავებ. თუ მოახერხე, ჩამოდი. ღმერთს ებარებოდე!”
ამის მერეა, ვფიქრობ: დათოვლილ ბედიანს ვენატრები და დედა აგნიას წერილი ნამდვილი გამოწვევაა იქ ჩასასვლელად, თან ამ დროს, ზამთარში, როცა მთელს სოფელს თოვლის ქუდები ახურავს , მონასტრის სატრაპეზოში კი ღუმელი გუგუნებს. დედა ანტონინა, დილიდანვე მორჩილებებს ანაწილებს, დედა სალომე კი ლურჯ სუფრას ქარგავს. ეს ალბათ, უფრო დღის პირველი მონაკვეთია, საქმე უამრავია, ზამთარი არ გასვენებს, ან საქმე…
გუგული ვარ და ჩემს დროებით ბუდე კელიაში ვცხოვრობ,მოცუცქნული დარაბით და ასკეტური ტახტით. ვცდილობ ჩემს და ცხოვრების ურთიერთობას, რაღაც ფორმა მოვარგო, სახურავებს გადავუფრინო. ვფიქრობ ყველაფერზე: ჩემს ოჯახზე, ბიძაშვილებზე, მშვენიერ რემედიოსზე და ბონდის ხიდებზე და ”ხიდზე”…ჩემს გადაცემაზე რადიოში და დღევანდელ შაბათზე, შობა რომ თენდება.
ვზივარ ფეხმორთხმული ჩემს ტახტზე და მოცუცქნული დარაბიდან ტყის კედლებს ვხედავ. ახლა გავიაზრე, რომ გავიზარდე და მოსაფერებელი და თავზე ხელის გადასასმელი დრო აღარ არის…დამაღონა.
რატომღაც დარწმუნებული ვარ, ”ტიპიკონი” ლათინური სიტყვაა და ქართულად განაწესს ან რაღაც ამდაგვარს ნიშნავს. ეს იმიტომ გამახსენდა, რომ მე ისევ ჩემი ”ერული დროით”ვცხოვრობ მონასტერში და ახლა ამიტომაც მეძინება. ვისაც ბედიანი უნახავს, დამეთანხმება, რომ ულამაზესი ცა აქვს და ღამის ცაზე ვარსკვლავები დედა სალომემ მოქარგა. ცისკრის ზარები გაუბედავად ირეკება, კარებზე დედა ანტონინამ უკვე დააკაკუნა და თქვა: ”შორე, ადექი.” მეც, თუკი რამე მაქვს თბილი, ლამისაა ყველაფერი ცავიცვა. გეოგრაფიის ცოდნით დიდად არასოდეს გამოვირჩეოდი, თან ახლახან პატარა კონფლიქტიც მქონდა გეოგრაფიის ლექტორთან, მაგრამ მორყეულ ფილაქანზე ნახევრად მძინარი სახით, ყოველი ცისკრის ლოცვის წინ ცაში დიდი დათვის თანავასრკვლავედს ვეძებ და ერთზე მაქვს ეწვი, ისაა. ჩავდივარ ტაძარში. სამეკლესიანი ბაზილიკაა, მესამე, პატარა ეკლესიის კედელზე ვეყრდნობი. ვცდილობ ლოცვას ყური დავუგდო, არ გამომდის და მერე დედა შუშანიკის ნაჩუქარ ფსკვნილზე იესოს ლოცვას ვმარცვლავ. ღუმელი გუგნებს, მე მზად ვარ, ნებისმიერ დროს ჩამთვლიმოს. ღამის 4-ზე დაწყებული ლოცვა შვიდის ნახევარზე ღვთისმშობლის დაუჯდომლით და სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე ლოცვით სრულდება.
დილის შვიდის ნახევრისთვის მაინც ძალიან ბნელა. ვცდილობ, უხმაუროდ ავიდე კიბეზე და უამრავ ქოთნის ყვავილს არ გამოვედო. მგონია, ჩემს კელიასაც ჰყავს ადგილის დედა, რომელიც თავისკენ მიხმობს. თვალდახუჭული სევდივარ, ძილის სურვილი, რომ არ განელდეს და უკვე ბალიშზე თავმიდებული, მაინც გადავწევ მინიატურული სარკმლის თეთრი ტილოს ფარდას, ვაკვირდები ელექტრონით განათებულ მონასტრის ზედა ტერასას და მუხტარას შემოღობილ ავტონომიას. ძაღლი ღამით წკმუტუნებს, ერთი გასეირნების დროს ყინულმა ფეხი ჩაჭრა და სისხლდენა არ შეუჩერდა.
სადღაც, ჩვენ ზემოთ, ზურტაკეთის ველია და ხელის გაწვდენაზეა ცა…
ბედიანის დროით 10 საათზე, ტრაპეზის ზარი ირეკება. წამოსვლის ბოლო დღეებში, ტრაპეზის დროს დედა აგნიას გვერდით ვზივარ. მონასტერი დაცარიელდა სტუმრებისგან, ჯერჯერობით, მხოლოდ მე შემოვრჩი, ამიტომაც არის ასეთი შეუსაბამო იერარქია დასხდომის დროს. მორჩილი კესარია მამა პაისი მთაწმინდელის ”სულიერ გამოღვიძებას” კითხულობს. თემები აქტუალურია, განსაკუთრებით ჩემთვის, როგორც ერის ადამიანისთვის. მგონია, რომ მამა პაისი ჩემს ჩაცმულობაზე ლაპარაკობს და მეცინება. ერიმება დედა აგნიასაც და მესმის ხმადაბალი ჩურჩული : ”შენზეა ლაპარაკი”
გამახსენდა, ერთ ზაფხულს მე და დედა აგნია ბოსლიდან ვბრუნდებოდით, სკების სიახლოვეს გავიარეთ და მე შიშინი მომესმა. სკა შრიალებდა თურმე, მე კი მეგონა სადღაც წყლის მილი გასკდა და წყალი იღვრებოდა. სიცხემ ფიჭა, რომ არ დაადნოს და სკაში სტაბილურად იყოს 32 გრადუსი ცელსიუსის სითბო, უტკრები თურმე სკის კარებთან სხედან, ფრთებს იქნევენ და ასე აგრილებენ ფიჭას-ეს დედა აგნიამ ამიხსნა.
საღამოა. მწუხრის ლოცვა, დაახლოებით ერთი საათია მორჩა. ვფიქრობ ჩემს ფუტკრებზე, რომლებიც ახლა კელიებში არიან. ადამიანი- ფუტკრები, რომლებიც თავიანთ სკა-კელიებში, თავიანთი ლოცვით აგრილებენ იმ სამყაროს, რომელზეც მამა პაისი წერს: ”უბედური სამყარო, სამოვარივით დუღს და სადაცაა გადმოვა.”
როცა მონასტერზე წერ, ყველა წერტილი და მძიმე მნიშვნელოვანია, თორემ შეიძლება რომელიმე უკიდურესობაში გადავარდნა, რასაც რელიგიურად ”ხიბლში” ყოფნა ჰქვია. ასე რომ, ძალიან უნდა მოგენატროს რაღაც და ვიღაც, ადგე და თეთრი კონვერტებით წერილები გაუგზავნო. დედაჩემს სჩვევია, ერთ ფურცელზე ჩამოიწეროს, რას გააკეთებს მომავალში. მაგ: იყიდოს სარეცხი საშუალებები, გამოიაროს ჟურნალის ასაწყობად და ა.შ. მეც იგივე დავიწყე და ჩემს ბლოკნოტშც გაჩნდა გეგმა, გასაკეთებელი საქმეების. თეთრი კონვერტები უნდა ვიყიდო და ყველას მივწერო წერილები, პირველ რიგში- დედა სალომეს, რადგან მითხრა, რომ ეს დღეს განსაკუთრებით საჭიროა, რადგან ურთიერთობის დეფიციტია და უწმინდესის კურთხევაცაა, ხშირად ვწეროთ წერილები. მეც დავწერ, თეთრ კონვერტში შევფუთავ და გავაგზავნი. ზაფხულში კი აუცილებლად უნდა ჩავირბინო ბედიანში. ჩემი ტრადიციული მორჩილება-ჭურჭლის რეცხვა-დამშრალება უნდა შევასრულო. იქნება, ბოსტნის კვლებიც გავასუფთავო და დედა აგნიამ ისევ მითხრას ხუმრობით ან ნაკლებად ხუმრობით, რომ მის თვალში ავმაღლდი. სკამ ძალიან იცის შეჩვევა,უკვე მენატრებიან ჩემი ადამიანი-ფუტკრები…
ჩვეულებრივ დღის სამ საათზე ,დავტოვე ბედიანი, წინა დღის ნაზიარებმა. დედა აგნიამ და მამუკამ გამომაცილეს. იმ წუთებში უკვე ზაფხულის ბედიანზე ვფიქრობდი, ცისკრის ლოცვის ზარებზე გააზრებულად, რომ წამოხტები და ეს ლოცვა, რომ დიდი ნუგეშია. ამ დროს აღარც მოდური ტანსაცმელი გიტრიალებს თავში და არც სასიყვარულო გატაცებები.
დამშვიდობება არ ყოფილა ძალიან ნაღვლიანი. ნაღვლიანი უფრო ის თვალები იყო, შობის დილას მონასტრის დედებთან ერთად, შობის მისალოცად ჩასულმა, რომ დავინახე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ყველა გადავკოცნე და უცებ შევხტი რეზოს ყვითელ ”მარშუტკაში,” იმ იმედით რომ ამ გამოცდებსაც ჩავაბარებ და ისევ წამოვალ-მეთქი. ფანჯრიდან ჩანდა პატარა, ვიწრო ხიდი და ტყეში ჩამაგრებული ულამაზესი ღილი- ბედიანის მონასტერი, თავში ჰოლდენ კოლფილდის სიტყვები ამიმოძრავდა :”თავში აზრადაც არ მომსვლია გუდ-ბაი მაი ლავ, გუდ- ბაი და ეგეთები-უბრალოდ, როცა მიდიხარ, უნდა გრძნობდე, რომ რაღაცას ”ტოვებ”. "
2007 წელი:)