Post
by z g a r b i » 05 თებ 2010, 23:30
VII
ეს ერთობ არასასურველი მოვალეობა - დილის 7 საათზე მძინარე ნიკას გაღვიძება, უფრო სწორედ - გამოფხიზლება, მე დამეკისრა რაღათქმაუნდა. არ ვიცი ჩემი ბრალი იყო თუ ნიკასი, მაგრამ ფაქტია რომ მის გარდა ყველა გამოფხიზლდა.
ნიკა, ზურა, ჯონი და ქონგური - ამ ოთხის იმედზე ვართ ყველა, რომ მოწმენდილ ცაზე, მთიდან ჩამოსასვლელ ბილიკს იპოვნიან.
9 საათი იყო ქონგური და ზურა რომ დაბრუნდნენ.
- მთელი მთა დეკით მოფენილა და მერე ციცაბო ნაშალი ჩადის ყველა მხრიდან. ბედი ჩვენი რომ გზა არ გავაგრძელეთ და სადმე არ ჩავიჩეხეთ ნისლში! ერთი დაგანახათ გუშინ სად მივფორთხავდით.. -მომესმა ქოგურის აღშფოთებული ხმა. ზურა კვერს უკრავდა:
- მალე ადექით ყველანი! უკან ვბრუნდებით... დღეს ოხოჯემდე უნდა მივიდეთ.
კარვიდან კი არა, საძილედანაც არ მინდოდა თავის გამოყოფა ამ ამბის გამგონეს.
ალბათ ათიოდე წუთი გავიდა, ნიკას მხიარული ყიჟინა რომ მომესმა.
ყურები ვცქვიტე.
ყველაფერი მართალი აღმოჩნდა ქონგურის ნათქვამი, გარდა შემდეგი ორისა:
ერთი ის რომ ამ ციცაბო დეკა-ნაშალებს ერთი ქვიანი, კოხტა, მიხვეულ-მოხვეული ბილიკი მიუყვებოდა. და მეორე: ჩვენ კი არ ვბრუნდებით, არამედ ამ ბილიკს მივუყვებით, რომელიც ბოლოს მწყემსების ქოხთან მიგვიყვანს!
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ორივე ჯგუფს შეუმჩნევია ეს ბილოკი, რომელიც ძალიან ნათლად ჩანდა მოწმენდილ ცაზე.
ცხადად წარმომიდგა წყლიანი სულგუნი და კარვიდან გამოვხტი.
ჩვენს დილის საუზმეს, ანუ ერთ ჭიქა მუსლის, არჩილის დარჩენილი ნუშის ნამცხვრის ნარჩენებიც მიემატა. რას ამბობ, დღეს ვქეიფობთ - გზა გამოჩნდა!
***
ბილიკზე სიარული ძალიან გამიჭირდა. ძლივს მივჩანჩალებდი და ფეხებიც გვარიანად ამტკივდა. მერე როგორც მივხვდი ოდნავ დიდი ბატინკების ბრალი იყო, ფეხი რომ არამყარად მედგა შეგნით და მთელი დატვირთვა წვერებზე გადადიოდა.
სწორედ ამიტომ მიშველა ზურას მოცემულმა ჯოხმა თითებსაც იმდენი ძალა აღარ აწვებოდა.
***
ხელებგაშლილი გამოიქცა ქოხიდან ვიღაც ჩვენს დასახვედრად.
გაოცებული გვიყურებდა მოხუცი ტარიელი და რა ეთქვა აღარ იცოდა. ხან გოგოებს შემოგვხედავდა გაოცებული, ხან იმ კლდეებს, საიდანაც ჩემოვედით, ხან ყველას ერთად გადაგვავლებდა ბედნიერ თვალებს და სულ იმას იმეორებდა, რამდენი წელია მე აქ მწყემსი ვარ და იქიდან ჩამოსული ამდენი ხალხი ერთად არასოდეს მინახავსო.
ქოხიდან კიდევ რამდენიმე მწყემსი შემოგვეგება.
ეს დღე არასოდეს დაგვავიწყდებაო, გახარებულები შემოგვცქეროდნენ - მონადირის ან ვინმე ჩვენიანის მეტი ჩამოსული არავინ გვინახავს იქიდანო.
ეზოში ცხენი ფრუტუნებდა. ახლადნაშობი ბეკეკო, ჯერ კიდევ სისხლიანი, მორცხვად ატუზულიყო დედის გვერდით. ინტერესით გვაკვირდებოდნენ ცუგები...
ცოტა სულის მოთქმის შემდეგ, წასვლა დავაპირეთ. დღეს საკმაოდ ბევრი გვაქვს სასიარულო რომ დაკარგული დროის ნახევარი მაინც შევავსოთ.
მაგრამ, გაგვიგიჟდნენ მოხუცი მწყესები!
თურმე უკვე თუხთუხებდა ქვაბში ელარჯისთვის ფქვილი...
ოო! ელარჯი! ეს იყო ღვთიური სიტყვა, რამაც ყველა მონუსხულებივით შეგვაბრუნა ქოხში.
ინტერესით და მშიერი თვალებით ვუყურებით ახალგაზრდა მწყემსის საქმიანობას - როგორ ურევდა მოთუხთუხე ქვაბს, როგორ ამოღო სულგუნებით სავსე საწნახელიდან ჯერ კიდევ ამოუყვანელი უშველებელი ყველი და გრძელ-გრძლად ჩააჭრა ქვაბში.
მერე გრძელი, დაბალი სკამი გამოიტანეს. ვინ ჭიქას ამზადებდა, ვინ თეფშს, მაგრამ ამ სკამის დანიშნულება მალევე გავიგეთ და სასწრაფოდ დავმალეთ რაც ხელში გვეჭირა.
დიდი, ხის კოვზით ამოიღო და ბრტყლად დააფინა მთელ სიგრძეზე. სკამს გარშემო შემოვეხვიეთ და თითები მოვიმარჯვეთ.
გრძლად იწელებოდა ყველი, საერთო მასას წყდებოდა თეთრი ნაკუწები და დაფჩენილ ხახებში ინაცვლებდა.
ალბათ ათი წუთიც არ გასულა, ფიცარი ერთიადან რომ მოსუფთავდა და ჩვენც უღონოდ მივესვენეთ ტახტზე.
***
არ ვიცი რა იყო ამ ელარჯში გარეული, მაგრამ გზა საოცარი ტემპით გავაგრძელეთ.
ერთი ხანი ბილიკს მივუყვებოდით. მაგრამ მალევე ეს ბილიკი ტყვეში შევიდა და ნელ-ნელა დაიკარგა.
აჰ.. მგონი ისევ აიბნა გზა. მგონი ისევ...
მაგრამ ჯერ ბედნიერები ვართ - ხეებს ვხედავთ, მწვანე ხეებს. ტყვეში ვართ! არ გვაინტერესებს დაბალია, გაბარდულია თუ რაარის, ტყეა და ხეები.
მაგრამ აღმოჩნდა რომ მალევე დაგვაინტერესა ამ ყველაფერმა.
უფრო და უფრო ღრმად, უფრო და უფრო იხლართებოდა ერთმანეთში ხეები, ტოტები, გაბურძგნული ეკალბარდები, ბუჩქები... უფრო და უფრო ჭირდა გადაადგილება.
მერე გამოჩნდა მინდორი, წელამდე ბალახებით, მაგრამ მინდორი!
თუმცა ეს უბრალოდ მინდორია და არა ბილიკი. მაგრამ რაღაცა ბილიკად მას შემდეგ იქცა, რაც ნიკამ ცხენის, დათვის ან ჯანდაბის ნაკვალევი შენიშნა და ვივარაუდეთ რომ ეს ბალახებით დაფარული ბილიკია.
ხელებაუწეული მივდიოდით დიყებში და ბებერ ჯინჭრებში. ალაგადაგ ისე იყო ბალახები გაქელილი, გეგონება ვიღაც წაქცეულაო. მალე მივხვდით რომ უბრალოდ მთვრალი დათვის ან რაღაც მაგდაგვარის ნაბოდიალევს მივუყვებოდით და არა ბილიკს.
მაგრამ რას იზამ, სად წავა, ვივლით და გამოჩნდება!
მთა ციცაბოდ ეშვება დაბლა.
სველი ბალახებით სავსე დაქანებაზე, სულ სრიალით და მჯდომარე ჩავცურდით. სწორედ აქ მოეღო ბოლო ამეთვისტოს შარვლის ნამეტანი საპატიო ადგილს. ამის ყურებაღა გვახალისებდა ჩვენც რომ არ ვიცოდით იქ მიმავლებს.
მდინარის პირას გავჩერდით ცოტა ხანი. ჩვენს წინ ატუზულს, წინანდელზე უფრო ციცაბო მთას შევყურებდით. თხელი, აქა-იქ სქელი ბალახებით დაფარულს.
ამ მთაზე უნდა ავსულიყავით, მაგრამ მგონი ზურამ და ნიკამაც არ იცოდა რატომ...
რუკაზე აღნიშნული ლეტნიკის იმედი ქონდათ ახლომახლო.
ჰმ.. რუკაზე ბილიკიც იყო აღნიშნული, მაგრამ მსგავსი არაფერი ჩანდა გარშემო.
ავაღწიეთ ამ ქედის წვერშიც.
პირდაპირ, მორიგი ქედის მეტი არაფერი ჩანს.
აი აქ კი აირია ჯგუფი - არჩილმა დაიჩემა, ამ ქედს მაღლა, დასავლეთსკენ უნდა ავუყვეთო და მართლაც დაადო თავი და აუყვა. ქონგურმა კი - პირდაპირ რო ქედია, ეხლა იმაზე უნდა ავიდეთო და ისიც გაუდგა გზას. დანარჩენები კი, როგორც ვიდექით და სადაც ვიდექით, იქვე ჩავჯექით და უაზრდ გავცქეროდით ქონგურს და არჩილს.
ნისლი წამოვიდა, უიმისოდ რომ არ მოგვეწყინა.
რუკაც დუმს - მე არაფერ შუაში ვარ აქ მომხდარ ამბავთანო.
გზას ვეღარ გავაგრძელებთ, უნდა დავბანაკდეთ. მაგრად სად? აქ ვერსად...
ამასობაში ქონგური ქედზე შუამდე ასულიყო და გაუნძრევლად იდგა. არჩილი კი, იმავე ქედის ძირში გაშეშებულიყო. ასე იდგნენ ათ წუთს ალბათ. ვეძახდით რომ იქით წასვლას აზრი აღარ ქონდა, რომ მობრუნებულიყვნენ და საბანაკე ადგილი გვეპოვნა. კაი ხანი გაგრძელდა ეს ქედიდან-ქედზე გადაძახილი, მაგრამ ქოგური ისე დარწმუნებით ამბობდა მანდ ვეღარ დავბრუნდებიო, რომ თამუსიას გადავხედე - მგონი ამაღამ უკარვოდ დავრჩით-მეთქი.
მერე როგორც იქნა დაგვიბრუნდნენ და გზა განვაგრძეთ. წავედით მდინარის იმ პირისკენ, სადაც კარვის გასაშლელ დაბლობს ვვარვაუდობდით.
ანუ ამისთვის ეს ქედი უკან უნდა გადაგვევლო. ქედზე უღრანი, დაბალ ხეება და ჩახლართულ ბუჩქება ტყე შემოგვცქეროდა. გვიხმობდა - მოდით, გამკაფეთ, ჯერ თავი შემოყავით, მერე ფეხებიო.
ნილს წვიმა დაემატა და გემრიელად დაასველა გაბარდული ფოთლები.
მივდიოდით ამ ბარდებში მოკუნტულები. ხელებით ტოტებს ვწევდი, ბუჩქებს შორის მივძვრებოდი. ფეხებში საწვიმარი მებლანდებოდა და მგონი შარვალიც მძვრებოდა. მაგრამ არც ადგილი მქონდა საამისო ამ ყველაფერის გასასწორბლად და არც ჩემს სველ და გაყინულ თითებს შეეძლო ამისთანა მოქნილი მოძრაობების გაკეთება.
პარტიზანებს ვგავდით ტყიდან რომ გამოვძვრებოდით პატარა შემხვედრ მინდორზე.
თავმოყვარე ცხოველი ამ ტყეში არ შემოვა, ეს რა ხდებაო?! - ჯონის ხმა მომესმა უკნიდან.
ნელ ნელა ყველაფერს ასველებდა პატარ-პატარა ფოთლები. არ ვიცი უკვე მერამდენე ტოტი შემეფეთა სახეში. გემრიელი სილა მტკიცა.
ის იყო მიმართულებამ მკვეთრად დაბლა ჩაინაცვლა და მდინარესთან, მინდორში ამოვყვაით თავი. ეს საბანაკე ადგილია.
მაგრამ ცვენი სიხარული მალევე ჩაიფუშა, ჰორიზონტზე ჩვენი ნაცნობი მწყემსების ქოხი რომ გამოჩნდა და დაბლა, რაღაც ბილიკისმაგვარი _ იმ ქოხისკენ მიმავალი. ვინ იცის გვხედავენ კიდეც და ფიქრობენ - ან რას ადიოდნენ, არ რაღას ჩამოვიდნენო...
ესეც მორე დაკარგული დღე.
კარავს ვშლი, საოცრად დაძაბული ვარ.
უცებ ამეთვისტოს შარვალზე მომხვდა თვალი და სიცილი წამსკდა. ისე სასაცილოდ მოუჩანდა რო მოდი და არ გაგეცინა ამის შემხედვარეს.
გამიბრაზდა დაჩი და ჩანთა აიფარა. გაჭირვებით გადაადგილდებოდა იმხელა ჩანთით.
-რა იყო ტრაკი არ გინახავთ?!
-რაღას წვალობ დაჩი, მაინც ყველამ ნახა რაც დასანახი იყოო - არჩილმა გასზახა.
-რას და ქინქლებმა დაიდეს შიგნით ბუდე! - საბოლოოდ გავმხიარულდით ყველანი.
ისე ქინქლები მართლაც აურაცხელი იყო. ძალიან მწარედ იკბინებოდნენ და ადამიანის უნახავები, დაუსრულებლად გვესეოდნენ.
ბიჭებმა ივაჟკაცეს შეშაზე და ნიკამ ლამაზი ცეცხლი დაგვინთო.
ცეცხლი! მონატრებული ცეცხლი... აქამდე სულ გაზის ბალონებით ნაცოდვილარებს, გვეღირსა როგორც იქნა მამა-პაპური კერა.
თითქმის ყველაფერი სველი იყო და ძნელი იყო არჩევანის გაკეთება, რომელი პირველი გაგვეშრო.
თუმცა ბევრი ვერც ვერაფერი მოვასწარით. წვიმამ მალევე შაახშო ჩვენი ბედნიერება.
Last edited by
z g a r b i on 06 თებ 2010, 12:38, edited 1 time in total.