ცაიში
სოფელ ცაიშის წარმოშობა:
ცაიშის შესახებ მეცნიერულ ლიტერატურაში მრავალი მოსაზრება არსებობს. კაკაბაძის აზრით, ტოპონიმს რელიგიური საფუძველი უდევს: “(კოლხები)“ ყველაზე მეტად თაყვანს სცემდნენ ურანიოსსა და გეას“ (ზეცასა და დედამიწას)“ ცაიში ღვთის კუთვნილებას ნიშნავდა.
კალისტრატე სამუშიას აზრით, “ცდ-იონი“ ცაიშად წოდებული სოფლის ძველი სახელიდან ჩანს. აქ აღმოჩენილი ლომის თავი, შუბლზე მზის გამოსახულებით, ზოგიერთ არქეოლოგს მზე-ღვთაების ქანდაკებად მიაჩნდა.
ამ მიდამოებში მზე-ღვთაების კერპის აღმოჩენა წარმართობის ხანაში, მზე-ღვთაების სამლოცველოს არსებობაზე მიუთითებს და ეს მიდამოა ის, სადაც ამჟამად ცაიშის ეკლესია დგას ან მის ზემო უბანზე, რომელსაც ციონს ეძახიან. მეცნიერი ასევე დასძენს:“ციურ ღვთაებათა შორის, მთვარესთან ერთად, მზე-ღვთაებაც ითვლებოდა.მისი კერპი აქ მდგარა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ცაიში(ცეში)უნდა ნიშნავდეს მზე-ღვთაებას.
ცისა... ასე, რომ გეოგრაფიული სახელები: ცაიში(ცეს) და ურთის მთა წარმართული პერიოდის მზე და მთვარის კულტთან დაკავშირებული სახელებია და წარმოსდგება სწორედ მზე-ღვთაების სალოცავ ხისგან-თელასაგან მეგრულად“ცდ“-გან.
ძველ აღმოსავლეთში საკმაოდ გავრცელებული იყო ხის კულტი. ხე ცოცხალი სიმბოლოა ორი სამყაროს შემაერთებელი ღერძისა - ზეცისა და მიწისა.
ამდენად, ტოპონიმი ცაიში უკავშირდება მზე-ღვთაების სალოცავ ხეს-თელას, მეგრულად “ცდ“-იონს, რომელიც, თავის მხრივ, მითრას კულტთან არის დაკავშირებული.
ცაიში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსოა, მისი მოხსენება მე-6 და მე-8 საუკუნეების ბერძნულ წყაროებში იმაზე მეტყველებს, რომ ცაიშის საეპისკოპოსო უფრო ადრე უნდა შექმნილიყო, მე-6 და მე-8 საუკუნეთა მიჯნაზე მაინც. მე-10 საუკუნისათვის იგი მცხეთის საკათალიკოსო ტახტს დაექვემდებარა და ერთ-ერთი უძლიერესი ქართული სასულიერო და კულტურული ცენტრი გახდა.
სოფელი ცაიშის ადგილმდებარეობა:
ზუგდიდიდან 10-15 კმ-ის დაშორებით, სოხუმ-თბილისის გზატკეცილზე საქართველოში ერთ-ერთი ახალგაზრდა კურორტი ცაიში მდებარეობს.
სოფელი ცაიში მდებარეობს საქართველოს მთათაშორისი ბარის შემადგენლობაში შემავალ კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ჯუმის ხეობაში, შავი ზღვიდან 18 კმ-ზე. ცაიშის ფართობია 15000 კვ.კმ.
ცაიში ემიჯნება ურთასა და ბოკოთას მთებს, განფენილია მდინარე ჯუმის ფერდობებზე და მდინარისპირა დაბლობზე.
ბუნებრივი რესურსები:
ცაიში მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბუნებრივი წყაროები. ცნობილი გეოგრაფის ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ცაიშის მინერალური წყლები, როგორც სამკურნალო საშუალება უძველესი დროიდანაა ცნობილი.
მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის ამ წყლის ღირსებები ხალხს უკვე აღარ სცოდნია, როგორც ჩანს, იგი დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა. ადგილობრივი მცხოვრებნი ამჩნევდნენ მხოლოდ, რომ ამ წყალს სასმელად განსაკუთრებით ეტანებოდა პირუტყვი.
ამ პერიოდში, ცაიშის მინერალურ წყალს ყურადღება მიაქცია იქ სტუმრად ჩასულმა მოქალაქე ჯაბა ჩხოლარიამ, მან ეს წყალი ფერით, სუნით და გემოთი პიატიგორსკის მინერალურ წყლებს შეადარა და რადგან რევმატიული დავადებებით იყო შეპყრობილი, დაიწყო აქ აბაზანების მიღება. რამდენიმე ხანში მკვეთრი გაუმჯობესება იგრძნო. ამის შესახებ უამბო ადგილობრივ პროვიზორს ილიკო მეუნარგიას, რომელმაც 1906 წელს მოსკოვში გააკეთებინა ამ წყლის ანალიზი, საიდანაც გაირკვა, რომ იგი შეიცავს გოგირდ წყალბადს და მასში სხვადასხვა სამკურნალო ნივთიერებათა დიდი მარაგია.
1951 წელს გეოლოგიურ საძიებო სამუშაოების წარმოებისას ცაიშში აღმოჩენილ იქნა 83 0 C ტემპერატურის რთული ქიმიური შედგენილობის მინერალური წყალი.
ცაიშში არსებობს ორი ტიპის მინერალური წყალი: 1.ცაიშის ახალი ჰიპერთერმული 83 0 C ტემპერატყრის მქონე, სულფატურ-ჰიდროკარბონატულქლორიდულ-ნატრიუმ-კალიუმინიანი წყალი. 1956 წელს ძველი მინერალური წყაროების რაიონებიდან 700 მეტრის დოშორებით ღრმა ჭაბურღილიდან (725მ) მიღებულიქნა ახალი ტიპის ცხელი მინერალური წყლის შადრევანი(830C ტემპერატურის).
გარდა აღნიშნული წყაროებისა, ცაიშში (ურთას მთის კალთებზე) არსებობს მინერალური წყალი, რომელშის გოგირდწყალბადის რაოდენობა 100 მილიგრამია ლიტრში. აქ არის აგრეთვე სოდიანი წყალი, კუჭის წყალი და ცივი აბანო.
ცაიშის ძველი მინერალური წყლების ამოსვლის რაიონში 2-3 მეტრის სიღრმეზე მიწის ფენა კუპრისფრადაა შეღებილი. ავადმყოფები ძველი დროიდანვე იყენებდნენ, როგორც სამკურნალო ტალახს. ეს ტალახი კონსისტენციით რბილია, აქვს გოგირდის სუნი.
ცაიშის წყალი კურნავს სახსრების ქრონიკული რევმატიზმით დაავადებულებს. ასევე ცაიშის მინერალური წყლების აბაზანებით ჩატარებული მკურნალობა დადებით შედეგს იძლება დისტროფიული და ტრამვული ათრიტების შემთხვევაში.ცაიშის მინერალური წყლების გავლენით იცვლება ნერვული სისტემის ფუნქცია, იგი იწყებს ნორმალიზებას, აღგზნებადობა მკვეთრად მცირდება, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.
ცაიშის მინერალური წყლების მოქმედება დადებითი აღმოჩნდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მთელ რიგ დაავადებათა შემთხვევაში.
ცაიშში საკმაო რაოდენობით მკურნალობდნენ ჰიპერტონული დაავადებით შეპყრობილი ავადმყოფები. ცაიშის მინერალური წყლების აბაზანებს კარგად იტანენ ისეთი ავადმყოფების კი, რომლებსაც წნევა 200-220 მმ აქვთ. ასეთ ავადმყოფებს აბაზანები ენიშნებათ მეტი სიფრთხილით.
ცაიშის მინერალური წყლების აბაზანები დადებითად მოქმედებს კანის მთელ რიგ დაავადებებზე(ეგზემა, ფსორიაზი, ნერვოდერმიტი, ქავილი, ჰიოდემიტები და სხვა). აგრეთვე იხმარება გინეკოლოგიურ დაავადებათა შემთხვევაში.
კურორტზე სამკურნალოდ ჩამოსულ ავადმყოფთა საკმაოდ დიდ კონტიგენტზე დაკვირვების შედეგად შემჩნეულია, რომ ცაიშის ორივე მინერალური წყლის გავლენით ჩქარდება, როგორც ჭრილობების შეხორცება ასევე დაზიანებული ძვლისა და ნერვული ღეროს აღდგენილი პროცესები.
ცაიშის მინერალური წყლის მოქმედება ეფექტური აღმოჩნდა ქრონიკული პარაპროექტიტისა და ბუასილით დაავადების შემთხვევებში. ასევე ეს წყალი დადებითად მოქმედებს თვალის ლორწოვანი გარსის ზოგიერთ ქრონიკულ დაავადებათა(კონიუქტივიტი, ბლეფარიტი) შემთხვევაში.
სოფელ ცაიშის კულტურული ძეგლები:
ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსი მე-8 საუკუნის ბოლოსა და მე-14 საუკუნის დასაწყისის ხუროთმოძღვრების პირმშოა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიეთი ნიშანი უკვე მე-8 საუკუნის დამდეგს ძირითადად მასში სამი სამშენებლო პერიოდი გამოირჩევა. აქვე გვხვდება უფრო ადრეული, კერძოდ მე-10 საუკუნის და უფრო გვიანდელი მე-17 საუკუნის ხუროთმოძღვრების ნიმუშებიც.
ცაიშის ტაძრის ფრესკული მხატვრობა დღეისთვის სრულიად შეუსწავლელია. ტაძრის შიდა სივრცის შემამკობელი, დიდ ფრაგმენტად შემორჩენილი ფრესკული მხატვრობა შესრულების თავისებური მანერით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. აღსანიშნავია მე-17 საუკუნის წმინდა გიორგის ფრესკა, პატრიკონის დასავლეთ კედელზე მე-17 საუკუნის დედოფალ ნესტან-დარეჯანის ფრესკა, მე-17 საუკუნის ცაიშის ტაძრის საკურთხევლის მოხატულობა, მე-17 საუკუნის სცენა წმინდა გიორგის ცხოვრებიდან.
ცაიშის ტაძარი მე-14 სუკუნეში დადიანთა საგვარეულოს საძვალე იყო. დადიანთა გარდა იქ იკრძალებოდნენ ცნობილი საზოგადო და საეკლესიო მოღვაწეები. ცაიშის ნეკროპოლი შეუსწავლელია. ბევრმა საფლავმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. დღეს ტაძრის შიგნით ექვსი საფლავია შემორჩენილი. საკურთხევლის მახლობლად, ამბიონთან განლაგებულია სამი საფლავი.
საფლავის ქვაზე აღნიშნული წარწერების მიხედვით, აქ დასაფლავებული ყოფილა დავითი, კონსტანტინე, ნინა დადიანი და უკანასკნელი მიტროპოლიტი გრიგოლ ჩიქოვანი. ეს საფლავი უნახავს ექვთიმე თაყაიშვილს, მაგრამ მეცნიერი არ მიუთითებს სადაა განსვენებული ეს იერარქი, ტაძარში თუ ეზოში. დღეს მისი საფლავი დაკარგულად ითვლება, რადგან საფლავის ქვაზე წარწერა წაშლილია. ცაიშში ასევე დაკრძალული ყოფილა ლევან მე-5 დადიანის სიძე მანუჩარ შერვაშიძე.
ამდენად, ცაიშის ნეკროპოლი საინტერესო ისტორიული ძეგლია, მაგრამ ბევრი საფლავი დაკარგულად ითვლრბა, რადგან ზოგიერთ საფლავზე წარწერა აღარ იკითხება. ტაძრის დასავლეთით, გალავნის გარეთ შემორჩენილია საეპისკოპოსო სასახლის ნანგრევები, რომლებსაც ადგილობრივნი დღესაც პალატს უწოდებენ. პალატი გამოიყენებოდა სატრაპეზო ღვინის შესანახად. პალატის შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს, ურთას მთასთან არის ვიწრო გამოქვაბული, რომელიც (ვარაუდით ) გადის სოფელ ნარაზენამდე.
ცაიშშია აგრეთვე
იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმი. იონა მეუნარგია დაიბადა სოფელ ცაიშში 1852 წელს. ის იყო საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. მარტვილის სასულერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაამთვრა თბილისის სასულიერო სემინარია. იყო ვეფხისტყაოსნის 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და კომისიის მდივანი. მას ეკუთვნის ვეფხისტყაოსნის პირველი სრული თარგმანი ფრანგულ ენაზე და პოემის მოკლე შინაარსის სრული თარგმანი.
იონა მეუნარგია
ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X – XI სს. მიჯნა, XII-XIV სს. მიჯნა)ცაიშის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარი და საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა.
VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე აქ უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა. 602-610 წლებს შორის შედგენილ საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხაში მოიხსენიება ცაიშის ეპარქია ლაზიკაში. ქართულ წყაროებში ამ საეპისკოპოსოს შესახებ უძველესი ცნობა X-XI საუკუნეთა მიჯნისაა. ეს გალავთ საწინამძღვრო ჯვრის წარწერა, სადაც „ბაგრატ აფხაზთა მეფე და კრაპალატი”-ის გვერდით მოიხსენიება ცაიშელი ეპისკოპოსი ეფრემი.
ცაიშის საეპისკოპოსოს სამწყსო მოიცავდა ხობისყწალსა და ენგურს შორის მიწა-წყალს, ზღვიდან უნაგირის ქედამდე. ცაიშვილის სამწყსო იყო ზემო სვანეთიც. მას შემდეგ, რაც აფხაზთა გააფსარების და გაწარმართების მიზეზით დრანდის, მოქვის და ზედა ბედიის საეპისკოპოსოები გაუქმდა, სამურზაყანოც ცაიშის სამწყსოდ იქცა.
ცაიშში დღეს მდგარი გუმბათოვანი ტაძარი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზეა აშენებული. მანამდე კი აქ X-XI საუკუნეთა მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია მდგარა. თუ როგორი იყო ადრინდელი ტაძარი არ ვიცით. წყაროებში შემონახულია ცნობები XI საუკუნიდან 1823 წლამდე ოცამდე ცაიშელი ეპისკოპოსის შესახებ. მათ შორის ყველაზე ღვაწლმოსილნი ჩანან მალაქია გურიელი (1612-1639) და გრიგოლ ჩიქვანი (1777-1823).
1614 წელს მომხდარი დიდი მიწისძვრის შედეგად დანგრეული ცაიშის ტაძარი მალე აღადგინა და შეამკო მეუფე მალაქიამ. მეუფე გრიგოლმა კი კაცია II დადიანის მხარდაჭერით შეძლო ეკლესიისათვის დაებრუნებინა თავადაზნაურთა მიერ მიტაცებული ყმა-მამული, ააშენა სამრეკლო და ტაძარს შემოავლო გალავანი. 1823 წელს რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს სხვა საეპისკოპოსოებთან ერთად გააუქმა ცაიშის საეპისკოპოსოც. ამის შემდეგ 1879 წლამდე აქ იყო მონასტერი, შემდეგ კი სადეკანოზო, რომელშიც შედიოდა ზუგდიდის მაზრის 20 ეკლესია. ცაიშის ტაძარი განათლების მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ ეკლესიასთან იყო სკოლა.
ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსის ერთერთი ძველი ნაგებობა გალავანის გარეთ მის დასავლეთ მხარეშია მოთავსებული და იქვე ფერდობზეა მიშენებული. მას „პალატს” უწოდებენ და ინტერიერის მიხედვით XI საუკუნის გვიან არ ათარიღებენ.
