მოკლე მეტრაჟიანი მიმოხილვა ციკლიდან "სისუფთავე გზად და ხიდად"
ყველაფერი იმ ლამაზი დილის 08 საათსა და 08 წუთზე დაიწყო. ხმამაღალი განცხადების შემდეგ "მეტს აღარავის დაველოდებით"-ო, ყველამ 21 ადგილიან სატრანპორტო საშუალებაში ვდრუცეთ თავები და გავემგზავრეთ თბილისის დასავლეთით. პირველი გაჩერება ქ. კასპი იყო, სადაც მცირედი ვაჭრობისა და სურსათ-სანოვაგის შეძენის შემდეგ ჩვენმა ხომალდმა გეზი უფლისციხისკენ აიღო. გზა არც თუ ისეთი სახარბიელო იყო, თუმცა მანძილით მოკლე, მაგრამ ხანგრძლივი, იმაზე მეტადაც კი რომელიც გორის გავლით მიგვიყვანდა დანიშნულების ადგილას.
უფლისციხის შესასვლელი ჭიშკარი
ძეგლთან მისვლისა და ბატონი ირაკლის გაცნობის შემდეგ ჩვენი ეკიპაჟი ძეგლის დათვალიერებას შეუდგა და უფლისციხის წარმოშობის ბ-ნ ირაკლისეულ ვერსიას ეზიარა.
მოკლე ხანში კი ისევ გაისმა შეძახილი "მეგობრებო, ჩვენ აქ ექსკურსიაზე კი არა, დასალაგებლად ვართ მოსულები"-ო და საიდუმლო გვირაბით ყველა გავემართეთ შესასვლელ/გასასვლელთან, სადაც ჯგუფებად დავიყავით და საქმეს შევუდექით.
ჩემი გუნდი, რომელიც სამი ადამიანისგან შედგებოდა (ჩემი ორი ამერიკელი მეგობარი და მე), ძეგლის ადმინისტრაციის შენობის გარშემო ტერიტორიას მიგვამაგრეს, სადაც უკვე ადგილობრივი დამლაგებელი ფაციფუცობდა და ამიტომ ორ ტომარაზე მეტი ნაგავი ვერ შეგროვდა... თუმცა დამლაგებელმა კი წინასწარ გაგვაფრთხილა, რომ მას ყველაფერი აღებული ჰქონდა და ჩვენ იქ არაფერი გვესაქმებოდა.... მაგრამ ორი ტომარაც საქმეა.... მიწის ჩხრეკისას ამოღებული იქნა დაობებული და დასალპობად გამზადებული ქურთუქი, ძირ გამძვრალი ფეხსაცმელი, ბოთლები და ჭიქები, თეფშები და მაგიდის, თუ მიწის გადასაფარებელი ცელოფნის პარკები და სხვა მრავალი... მათ შორის ამერიკის საფოსტო სამსახურის კონტეინერებიც, რომელმაც ჩემი ამერიკელი მეგობრები ფრიად გააოცა
შემდეგ გარშემო ტეროტორიას შევუყევით, სადაც ჩვენი მეგობრები თავჩარგულები მიწას სასუნთ გზებს უხსნიდნენ. თუ ალბათ ოდესმე სადმე პლასტმასის ბოთლი, ჭიქა, თეფში, საჭმლის კონტეინერი და ამგვარი პროდუქცია ყოფილა წარმოებული, ყველაფერს აქ მოეყარა თავი.... ნაგავი ფენებად იყო გაშლილი მიწის საფარში, რაც უფრო ღრმად ჩადიოდი, მით მეტად დაძველებული საქონელი გხვდებოდა.... სუნიც შესაბამისად მძიმდებოდა... აღმოჩენილ იქნა რამდენიმე წლის დაძველების არაყი, ღვინო, ალბათ 3-4 წლის დაძველების მაიონეზი, პარკში გახვეული კვერცხის ნაჭუჭი და სხვა მრავალი.... მთლიანობაში გაწეული სამუშაოების შედეგად ერთი დიდი მანქანა ნაგავი დაგროვდა, დაიტვირთა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა...
დასრულდა რა დასუფთავება, იქვე სუფრა მილეულზე, ერთმა ქალბატონმა რამოდენიმე ნაჭერი ქათმის ხორცი, კარტოფილის ღვეზელი და ხაჭაპური გაგვიზიარა და დაგვლოცა.... ქათმის ძვლით კი ჩვენი ამერიკელი სტუმარი ადგილობრივ ძაღლს გაუმასპინძლდა (ნებართვა ჩვენგან აიღო).... სამწუხაროდ ძაღლი კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა.... შეიკრიბა ექიმთა კი არა და ვეტერინართა დიდი საბჭო და გადაწყდა ძაღლის დახმარება ფიზიკური ძალის დატანებით.... თუმცა შიშმა თავისი ქნა და ძაღლს პირი ვერავინ გააღებინა... არაფერი გამოვიდა.... მაგრამ ძაღლი გადარჩა, ჩვენ გაგვიხარდა!
მათ შემოევლოს ჩემი თავი, ჩვენმა ქალბატონებმა დღის ბოლოს ისეთი პურმარილი გაშალეს, ეს ჩემი ამერიკელები გაოცდნენ... რამოდენიმე ტკბილი სიტყვის მოსმენისა და კუჭის ამოვსების შემდეგ, ყველამ სატრანსპორტო საშუალებას მივაშურეთ და თბილისისკენ ავიღეთ გეზი ამჯერად გორის გავლით, რომელიც მანძილით გრძელი, თუმცა დროში მოკლე იყო!
ფრიად ღირშესანიშნავი გასვლა იყო.... სასარგებლო გარემოსთვის, სასწავლო მაყურებლებისთვის (იქვე ექსკურსიაზე წამოსულ ახალგაზრდებს და მათ მშობლებს ვგულისხმობ), სასიამოვნო ჩვენთვის.
ფოტომასალის ავტორი: კრისი
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ