Post
by caucasica » 13 იან 2007, 16:15
ეს ვნახე ქართულ ინტერნეტ გვერდზე და ვფიქრობ გამოადგება "კარველებს" და არა მარტო მათ...
სოკოთი მოშხამვა
სოკოს გამოყენებას საკვებად დიდი ხიფათი ახლავს. სოკოს მოყვარულებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაიცვან შემდეგი წესები:
შეაგროვეთ ტყეში მხოლოდ ის სოკო, რომელთა შესახებ ზუსტად იცით, რომ ის ვარგისია საჭმელად;
სოკოს, რომელსაც არ იცნობთ ან ეჭვს იწვევს, ნუ გამოიყენებთ საკვებად და ნუ გაუსინჯავთ გემოს;
არასდროს შეაგროვოთ და გამოიყენოთ საკვებად სოკო, რომელსაც ფეხის ძირში აქვს ბოლქვის მსგავსი გასქელება (როგორიცაა, მაგ: თეთრი შხამა სოკო და წითელი შხამა სოკო);
სოკოს, განსაკუთრებით ხრაშუნას მოგროვებისას, ამოიღეთ იგი მთელი ფეხით;
თუ ტყეში აპირებთ ქამა სოკოს მოგროვებას, ყურადღება მიაქციეთ ქუდის გარსის ფერს. არასდროს შეაგროვოთ და ჭამოთ ქამა სოკო, რომელსაც აქვს თეთრი ფერის გარსი. საკვებად ვარგის ქამა სოკოს გარსი სწრაფად იღებს ვარდისფერს, შემდეგ კი მუქდება. შხამიან თეთრ შხამა სოკოს, რომელიც გარეგნულად ქამა სოკოს ჰგავს, გარსი ყოველთვის თეთრი ფერის აქვს;
თუ მარინადის დასამზადებლად აგროვებთ ნაბადას, სოინჯს, ნოშიოს, არყას, პაჭიჭას ან სხვა სოკოს, რომელიც შეიცავს რძისებრ წვენს, აუცილებელია წინასწარ მოხარშოთ ან დაალბოთ, რათა მათგან გამოიყოს მწარე, კუჭისთვის გამაღიზიანებელი ნივთიერებები;
არასდროს შეაგროვოთ და გამოიყენოთ საკვებად გადამწიფებული, ჭიანი და გაფუჭებული სოკო;
ნუ გამოიყენებთ საკვებად უმ სოკოს;
მცდარია წარმოდგენა, იმის შესახებ, რომ შხამიან სოკოსთან ხარშვისას ხახვი და მოვერცხლილი საგნები მუქდება;
· საკვებად ვარგის სოკოს ნუ შეაგროვებთ ქალაქის პარკებში, სკვერებში, ეზოებში, აგრეთვე საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების გასწვრივ. აღნიშნულ ადგილებში სოკოები შთანთქავენ მომწამლავ ნივთიერებებს და საკვებად უვარგისი ხდებიან.
სოკოები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: საკვებად ვარგის, პირობითად ვარგის (რომელთაც სჭირდებათ სპეციალური კულინარული დამუშავება საკვებში გამოყენებამდე) და შხამიანად, რომლებიც შეიცავენ სპეციფიკურ ტოქსინებს (შხამებს). მოშხამვებს ძირითადად შხამიანი ან პირობითად შხამიანი სოკოები იწვევს, იშვიათად საკვებად ვარგისი სოკოებიც, განსაკუთრებით ცხელი ამინდების შემდეგ.
პირობითად ვარგისი სოკოებიც იწვევს სასიკვდილო მოშხამვას. ასეთ სოკოებს უვნებელს ხდის 10-20 წუთი ხარშვა (ნახარში უნდა გადაიღვაროს) ან 2-3 კვირა შრობა. დუღილის დროს შხამი ნახარშში გადადის, ხოლო შრობისას _ იშლება. სოკოების ზოგი სახეობის დამუშავება კი ხდება მათი დამარილებით, დამწნილებით, დამუჟუჟებით. ამგვარი დამუშავების დროსაც შხამი იშლება.
პირობითად საკვებად ვარგისი სოკოთი მოშხამვის ნიშნები _ გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი _ თავს იჩენს რამდენიმე საათის შემდეგ მათი გამოყენებიდან. ადამიანის გამოჯანმრთელება ხდება 1-2 დღეში.
შხამიანი სოკო იწვევს ერითროციტების დაშლას (ჰემოლიზს). მოშხამვის Pპირველი ნიშნები თავს იჩენს საკამაოდ სწრაფად, რამდენიმე საათის შემდეგ, რასაც თან სდევს ტკივილი მუცლის არეში, პირღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი. მძიმე მოშხამვისას მე-2-3 დღეს ვითარდება სიყვითლეც. მოშხამვის გამოსავალი ხშირად სავალალოა.
გახსოვდეთ!
ნებისმიერი, ძალიან მსუბუქი, მოშხამვისას ან მოშხამვაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაშიც კი აუცილებელია ექიმთან ვიზიტი ან მოშხამულის საავადმყოფოში მოთავსება. მკურნალობის დაგვიანებით დაწყება შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს!
ექიმის მოსვლამდე ავადმყოფს უნდა გაეწმინდოს კუჭი და ნაწლავები. კუჭის გაწმენდა შეიძლება თბილი წყლით, სოდიანი ან კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარებით. ნაწლავების გამწმენდად გამოიყენება საფაღარათო საშუალებები, ოყნა.
აუცილებელია პირღებინებითა და ფაღარათით გამოწვეული სითხის დანაკარგის შევსება. ავადმყოფს უნდა მიეცეს მცირე ულუფებით მარილის სუსტი წყალხსნარი ან მაგარი ჩაი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ალკოჰოლიანი სასმელების გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს სოკოს შხამის ორგანიზმში უფრო სწრაფ შეწოვას.