შემდგომი ჩვენი გაჩერება სოფელი ხეთა გახდა... მძიმე სიცხეში გავიარეთ რამდენიმე კილომეტრი... როგორც ადგილობრივები გვიყვებოდნენ, ასეთი მძიმე სიცხე კარგა ხანია არ ყოფილაო...
ჩვენც ამ მძIმე და უსუნთქველ სიცხეში მივადექით სოფელ ხეთას.
ხეთა
ხეთა წარმოშობის ისტორია
,,ჩქიმი ხეთა, ჯგირი ხეთა
ირო ფალი გოლუაფირო!”
სოფელი ხეთა, დასავლეთ საქართველოში კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. სოფელს დასავლეთით ესაზღვრება სოფელი თორსა-დღვაბა, სამხრეთ-დასავლეთით დასახლება ,,ოქროს საწმისი”, სამხრეთით შუახორგის მასივი, სამხრეთ-აღმოსავლეთით სოფელი პირველი მაისი, ჩრდილო-დასავლეთით სოფელი ხამისკური, ჩრდილოეთით-ურთის მთები.
სოფელი გაშენებულია ურთის მთის სამხრეთ-დასავლეთი კალთის ძირას ზღვის დონიდან 50 მ-ზე.
სოფლის საერთო ფართობი 260 ჰექტარია.
ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი და რკინიგზა სოფელს თითქმის შუაზე ყოფს.
დაშორებები: ხობიდან-8კმ
თბილისიდან-305კმ
ზუგდიდიდან-21კმ
შავი ზღვის სანაპიროდან-19კმ
ხეთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია სამეგრელოში ფართობითა და მოსახლეობის რაოდენობით. სოფელი მდიდარი ისტორიული წარსულით გამოირჩევა.
პირველად ხეთა მოიხსენიება მალაქია კათალიკოსოს მიერ 1616-1621 წლებში შედგენილ ,,საცაიშლო გამოსავალი მოსაკრებლების დავთარში”. საცაიშლო სოფლების-დარჩელის, ჩოხათის, ჭალას-გვერდით დასახელებულია ხეთაც. ვახუშტი ბატონიშვილი ოდიშის აღწერისას აღნიშნავს, რომ ხორგისწყლის ,,ჩრდილოთ, მთისძირას, ველსა ზედა არს ხეთას ციხე და სასახლე დადიანისა”. (ვახუშტი 1973,გვ 778).
ისტორიულ წყაროებში ხეთა მოიხსენიება ლევან II დადიანის მიერ 1611-1657 წლებში ვაზირთუხუცეს ქორთოძესან (ამჟამად ქორთუების გვარი). ქორთოძე თავადი გახლდათ და მისი რეზიდენცია ,,ხეთი” ყოფილა.
1783 წელს ვახუშტის რუკაზე აღნიშნულია სოფ. ხეთა.
1923 წელს ივ. ჯავახიშვილის მიერ შედგენილ რუკაზე ხეთა, როგორც დაბა-ისეა აღნისნული.
არქეოლოგ ანდრო კუკავას ცნობით, ხეთის ტერიტორიაზე გვიან ბრინჯაოს ხანაშიც უცხოვრია უძველეს ადამიანს. არსებობს ამ ცნობის დამადასტურებელი ფაქტებიც-კოლხური ცულები, ,,კოლხური თეთრი”, რომელიც იწრებოდა ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში და მიმოქცევაში იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
ხეთის წარმოშობაზე სხვა მეცნიერული ჰიპოთეზებიც არსებობს. ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ხეთას ხეთების ტომის უძველეს საცხოვრისად მიიჩნევდნენ, რადგან ისტორიული წყაროებით დადგენილია, რომ ხეთების ამ ,,ათასი ღვთაების” ქვეყანას ურთიერთობები ჰქონდათ ძველ ქართულ სახელმწიფოებრივ გაერთიანებებთან: დიაოხსა და კოლხასთან.
ხალხში არსებობს ლეგენდებიც ხეთაზე. საერთოდ, ხეთა რამდენიმე უბნისგან შედგება და ამ უბნების უმეტესობის დასახელება მათ ადგილმდებარეობას ან ამ უბანსი კომპაქტურად დასახლებულ გვარებს უკავშირდება.
ხალხში არსებული ვერსიით _ ხეთის დაბლობი და მთა, რომელიც მას გადმოჰყურებს, დაბურული ტყით ყოფილა მოსილი, აქედან მოდის ,,ხეთა მთა – ხემთა”, შემდეგ ,,მ” ამოვარდა და მივიღეთ ხეთა.
სოფელი ხეთა გამოირჩევა თავისი უნიკალური მიკროკლიმატით, ბუნებრივი რესურსებით.
სოფლის ტერიტორიაზე გაედინება პატარა მდინარეები: მუნჩია, ოჩხომური. ღელეები: ჩეწყურგილე, ოხვარჩალაია, კინჩხურა, დარჩაღალი, პართენის წყარო, სახალიკო, ოწყანდე, ბაკვაღალი, ოკარკალაია, მიკიანწყუ.
ეს კი ხეთის ცენტრია, სადაც ჩვენ მორიგი შესვენება გვქონდა.
