Mrs. Robinson
და არა მხოლოდ...
თქვენ უნდა გენახა, მხოლოდ სველები კი არა სველ-წყლიანები, მდინარეს ასჯერ გადაბოტებულ-გადატოპილნი, წვიმის შვილებად ქცეულები, ფეხვეშ მიწა რომ გვისრიალებდა და კოჭის თავებს ბალახები და ხეთა ძირები, ხოლო მათზე მაღლა კლდის შვერილები გვსერავდა ტერფქვეშ...
მერე ნისლი ერთმანეთს გვაშორებდა ერთ მეტრშიც კი, უბრალო ბილიკი მისტიურ ზეცაში სვლად გვეჩვენებოდა, მზე თავს გვანატრებდა, წვიმა გვაბეზრებდა, ხელები გვეკრუნჩხებოდა, ზოგჯერ სიცივესაც ვეღარ ვგრძნობდით, საერთოდაც სხეულს უცხოვდებოდა ჩვენგან...
მერე... დილით ფეხი კარვიდან გაგვირბოდა - გონებაზე მეტად არ უნდოდა სველსა და ცივ ფეხსაცმელში შეძვრომა, საკუთარი თავიც გვეურჩებოდა, სადაც ცეცხლს ცხედავდით, გაშრობას ვლამობდით, ისიც მხოლოდ ნახევარი საათის პერსპექტივით... მალევე სისველე გვიტევდა ისევ და მთელ სხეულის ოკუპირებას გვიხდენდა...
ის კი არა, მგონი წვიმა სხეულის გარდა სულაც სულშიც გვიძვრებოდა, გვატალახიანებდა...
მერე...
საკვები...
პეჩენიის ნაფშხვენები ხუთი წლის სიცოცხლეში იცვლებოდა, პურის ნაფშხვენები კი ათი წლისაში...
ზოგჯერ მშივრები, ნაგვემ-ნაცემნი, სველ-მწყურვალნი, გულ-სულ ამოვარდნილნი, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარწამშლელნი, სადმე მუხლის მოხვრასა და რამე მოსაკვებო ელემენტის მოძიებას ვნატრობდით...
ისე ვიღლებოდით, რომ ზოგჯერ არყის დალევის თავის აღარ გვქონდა, სტინგერიც იმიტომ შემოგვენახა რამდენიმე დღე...
ჯიხვები ჩვენს ქვემოთ დახტოდნენ და არწივების ფრენას ზემოდან დავცქეროდით...
მოგვიანებით, სვანები გვეუბნებოდნენ, ჩვენი საღი თვალით ცხადად რომ არ გხედავდეთ, არავის დავუჯერებდით, რომ ამ ამინდებში ვინმემ გაბედა და ეს უღელტეხილები გადაიარაო...
რა გითხრათ...
სხვებს თუ მოლაშქრეობის გმირული წუთები ახსოვთ, ამ გუნდმა გმირული წუთები საათებად მიითვალა... განსაკუთრებით კი გოგოებმა...
ნინია ღიმილს არ იშორებდა თვალებიდან, იმ დროსაც კი, როდესაც ჩვენ სახეს მწუხრი გადასერავდა ხოლმე... თავისზე რამდენჯერმე უფრო მძიმე ჩანთას ატარებდა და ერთს არ დაიჩივლებდა...
თეომ, ამ გაბედულმა და შესანიშნავმა ადამიანმა, მუხლის დაზიანების შემდეგ ოცი კილომეტრი დასიებული მუხლით იარა, ერთი არ დაუწუწუნია, მხოლოდ იმას წუხდა, გაფერხებთო და არც მას მოუშორების ღიმილი მართლაც გმირულად მავალს...
თამუსია, მწვერვალზე რომ იდგა და სახეზე ციდან მოულოდნელად გამოჩენილი თოვლი ეფინებოდა, სახესა და ხელებზე კი წვილის წვეთები ეყინებოდა, სიცილის ისტერიკით გამოხატავდა, ეს გაბედული და ძლიერი ადამიანი მართლაც რომ გაკლდევებული ხვდებოდა ყოველ უსიამოვნო შეგრძნებას...
ზღარბი, ეს მეტად მშვიდი და მოკრძალებული ადამიანი, ისე დადიოდა, ნებისმისერს შურს აღუძრავდა მუდამ უშფოთველი გამოხედვით, თითქოს სადმე სოფლის შარაზე მისეირნობდა საღამოს კომფორტში...
ჩვენი გოგოების გმირობის შემხედვარეს ბიჭებზე ლაპარაკიც კი მეუხერხულება, მაგრამ... ნიკაზე და ზურაზე კი მცირედად მაინც უნდა ვთქვა... ნიკა, ღმერთმა მისცეს ძალა და ენერგია, არ ვიცი, საიდან მოიძიებდა ამდენ ფიზიკურ და სულიერ ენერგიას, რომ ამდენი ერბინა, გზები ეძებნა, უზარმაზარი ჩანთა ეთრია, წარუმატებელი ძიების შემთხვევაშიც კი მშვიდი და სიამოვნებაშერეული სახით მოსულიყო ბანაკში და სახის ერთი გამოხედვით ყველა განწყობაზე მოეყვანა... და ზურა, რომელიც დაზიანებული ფეხითაც კი ნიკას დაყვებოდა და საკუთარ თავს არ ჩიოდა, გუნდისათვის რომ გზა ოდნავ მაინც შეუმსუბუქებინა...
არ ვიცი, ქება ყველას არ აცდება ჩემგანაც და ერთმანეთისაგან...
ამაზე მერე კიდევ ვიტყვი...
ეს იმიტომ დავწერე რომ ამ მზიანი და მშვიდი ფოტოების მიღმა ოდნავ მაინც შეიგრძნოთ ის ურთულესი, მაგრამ უსაინტერესოესი მოგზაურობა, რაც ჩვენ გვხვდა წილად და პატივად...
