თავი IV
გზა წყალგამყოფისკენ
მხედარს მივუახლოვდით.
მოწითალო-ჟანგისფერ ჭაკ ცხენზე ამხედრებული ასე 60 წელს მიღწეული სუფთად ცაცმული და წვერგაპარსული კაცი წარმოგვიდგა, მონადირის ჟილეტი, პანამა ქუდი და მკერდზე სამხედრო ბინოკლი მკაცრ შესახედაობას აძევდა, ცხენის გარშემო 2-3 თვის დედისფერი კვიცი დახტუნავდა.
საით მიეშურებითო შეგვეკითხა მხედარი. შორიდან გაკვირდებით და გეტყობათ გზა აგებნათო.
რკონში მივდივართ, მაგრამ გზა არ ვიცითო ვეუბნევით. აქედან გზას უნდა გაყვეთ, მერე ტყე-ტყე ბილიკებზე იაროთ და მთის ძირში გასასვლელია, იმის იქით კი ნებისმიერ ხეობას შეგიძლიათ დაყვეთ, და რკონში ჩაგიყვანთ, ოღონდ დღეს დაღამებამდე ვერ ჩახვალთო.
გზას უფრო დაწვრილებით ჩავეძიეთ, საით და როგორო.
რაღა ბევრი გიხნათ, იქით მაქვს გზა და წამო მიგაცილებთო.
ვუყურებ ამ კაცს და კინოებში ნანახი სამხრეთამერიკელი გაუჩოები მიდგას თვალწინ.
სახელი შევეკითხე. ვალიკო მქვიაო. ეგერი ხართ ბატონო ვალიკო მეთქი? რაიო შვოლოო? მეტყევე ხართ-მეთქი?
არაა, ზევით ნახირს ვმწემსავთო.
გამეღიმა...
ნაპსტერს ვეუბნევი, გაუჩოს გავს ვიფიქრე და მართლა გაუჩო არ ყოფილაო.
თან ვალიკოს ვუხსნი, გაუჩო სამხრეთ ამერიკაში ცხენების მწყემსებს ქვია-თქო.
ეტყობა კარგად ვერ გაიგო...
იქ დიდი ადგილებია და აქ ცხენები სად უნდა გააჩეროოო....

მოიტათ ჩანთები უნაგირზე ჩამოვკიდოთ თორემ გაგიჭირდებათო. არა იყოსო დავიმორცხვეთ...
რა არა შენ ჩემო თავო, გეუბნევა გააკეთე რა...
მოტათ მოიტათო კიდევ კარგი დაიჟინა.
მოვიხსენით ჩანთები, შიგნით შენახული ვაგზალზე ნაყიდი წითელი კაპრონის თოკი გამოვაძრე, ჩემი და ნაპსტერის ჩანთები ერთმანეთს გადავაბით და მხედარს უკან შემოვუწყვეთ და უნაგირზე მივუმაგრეთ. ვალიკომ ჩანთები შეამოწმა და დავიძარით.

ჯერ პირდაპირ ვიარეთ, მთის ფერდზე, მერე ხელმარჯვნივ შეუხვია მცირე მდელო გაიდიარა და ტყის ტევრში შევიდა, ტყიდან მალე გამოვიდა და ისევ მინდვრებზე აღმა წავიდა.
მივდევთ უკან, ცხენი სწრაფად მიდის, გარშემო ენითაუწერელი სილამაზეა მაგრამ...
დიდი აღმართებია, ჩანთები კი მოხსნილი გვაქვს და მსუბუქად მივდივართ მაგრამ ამ აღმართებზე ჩქარი ნაბიჯით შეუსვენებლივ მიმავალ ცხენს არ გინდა ტემპი აუწყო?

ვალიკო ცუდ ხასიათზე არაა, გვებაასება, ოღონდ ის რას გვეუბნევა სანახევროდ არ გვესმის და ჩვენი ნათქვამიდანაც ეტყობა მთლად სწორად ვერ გამოაქვს აზრი. ასეა თუ ისეა, ცხენს და მხედარს მივდევთ და ხან მე და ხან ნაპსტერი ვცდილობთ აქა იქ მაინც გადავიღოთ სურათი მომავალი თაობებისთვის, მაგრამ შემდეგ როგორც აღმოჩნდა სურათების უმრავლესობა გაფუჭებულიყო.

მდელოები ავათავეთ და ისევ ტყეში შევედით, დაბურულ ტყეებში წყაროებით დასერილი და დატალახებული ბილიკი აღმართ-არმართ კარგა ბლომად ვზილეთ, ისევ გამოვედით ტყიდან, ისევ აღმართები, აქ ტალახები არ არის და ხის ტოტებიც ხელს არ გვიშლის, მაგრამ ცხელა, დაძაბული კროსისგან სისხლი დუღს, თვალებში გვასხავს, ვალიკოს ვეუბნევით, კარგი დიდი მადლობა ეხლა ჩვენით წავალთო.
ჩანთები მძიმეებია შვილებო, ცოტაც დარჩა, თან ადრეა არ მეჩქარება, მიგატანინებთო, მერე რა რომ მძიმეებია, მაგის თრევის ანგარიშით ვართ წამოსული გავუძლებთო მოვიწონეთ თავი და თან ერთი სული გვაქვს როდის ჩავიმუხლებით. არა იყოს წაგაღებინებთო. ისე ხომ კაი ადგილებიაო გვეკითხება... კიიო დავეთანხმეთ, აიო 58 წლისა მოვიყარე და ჯერ .... ვეღარ გავიგე რა თქვა, შევილებსაც ესე ვზრდიო და ტან მოტეხილი ნაძვის ტოტით ცხენს ბუზებს უქშევს.
ჩვენც რაღაცას ვეუბნევით.
ნაპსტერი კიდევ ყოჩაღადაა...
მე უკვე ფინიშზე ვარ.
ესღა მოვიფიქრე, თვალებით ცხენის უკანალი მოვძებნე და ამ ცხენის ტრაკს მივყვები, ვცდილობ არ დამეკარგოს, სად მივდივარ, რას ვაბიჯებ, რა ხდება ირგვლივ არ მაინტერესებს, მთავარი ცხენის უკანალი არ დამეკარგოს, წინ ცხენი უკან მე...
ვალიკო ისევ ტყეს მიადგა, მოტრიალდა და ცხენი გააჩერა. რა თავს იკალავთ შვილებოო, შეისვენეთო, ამ ცხენს რას უყურებთ ამის საქმე ეს არისო....
ვაააა.....
ახლოს მივედი და ჩავიკეცე, ნაპსტერმა ერთი ჩაიმუხლა, მერე ადგა და ჩემს ჩანთას მისწვდა, ჯიბიდან წყლის ბოთლი ამოაძრო, ჯერ ვალიკოს შესთავაზა, არ მინდა თბილი იქნებაო, თავი გააქნია ჩვენმა გაუჩომ, არა, არ არის თბილიო მიუგო ნაპსტერმა, მაგრამ აღარ დაუძალებია, წყალი მოსვა და მე მომაწოდა. ცოტა დავლიე და თავზე დავსხი, მე მომეჩვენა თუ სიგრილე წყალმა მართლა შეინახა, მაგრამ ცივი კი იყო, სანამ თავზე ზევიდან კისრამდე ჩამოვიდა კი ადუღდა წყალი.
ცოტა მოვსულიერდი, ამოვიფშვინე, ვალიკოს გაეცინა.
ზევით მთის წვერი დაგვანახა, აი იმ მთის წვერს მარცხნიდან მიუდგებით და გასასვლელიც მანდააო.
როგორც მერე რუკაზე დავადგინეთ ეს ნამტვრიანის მთა იყო, ხოლო გასასვლელი, უღელტეხილი ნამტვრიანის და მეორე მთას შორის გადიოდა.
5,6 წუთი შევისვენეთ და ისევ გზას ავუყევით, ტყეში კიდევ რამდენიმე კილომეტრი ვიარეთ. შუა ტყეში ვალიკომ ცხენი შეაყენა. აქედან ბილიკს ზევით აუყვებით და გახვალთ, აღარ შეგეშლებათო...
ჩანთები გადმოვიღეთ, თოკი აბლანდულიყო, გავჭრი მეთქი, დანას წავტანე, არ გინდა ნუ გაჭრი ცხენის დასაბმელად გამოდგებაო. მაშინ დაგიტოვებთო, გაგვიხარდა, რომ რამით მაინც შეგვეძლო მადლობის გადახდა. კარგიო, თოკი გავხსენით, დავახვით და გავუწოდეთ, გამოგვართვა და დაგვემშვიდობა.
თავქვე დაეშვა.
უკვე უკვე შეგვეძლო ჩვენს ნებაზე გვევლო.