ამ პოსტში ლაპარაკია რაჭაში დაგეგმილ ჰესების მშენებლობაზე.
არ ვიცი, ეს იგივე ხუდონჰესია თუ სხვა მშენებლობები, მაგრამ კარგად მახსოვს 80- ანი წლების ბოლოს ქართული ეროვნული მოძრაობა სწორედ ხუდონჰესის და ტრანსკავკასიური რკინიგზის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციებით დაიწყო.
ანტიხუდონჰესურ მოძრაობას მოთავეობდა ზურაბ ჟვანია მის მიერ დაარსებული მწვანთა პარტიის მეშვეობით და ამით მოიპოვა მან პირველი პოპულარობა.
ხუდონჰესის მშენებლობა შეჩერდა.
მალე საბჭოთა კავშირიც დაინგრა.
90 -იან წლებში, ზურაბ ჟვანია უკვე ენერგეტიკულ კრიზისში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე იყო და ისევ კარგად მახსოვს (ალბათ სხვებსაც ახსოვთ), როგორ საყვედურობდა იგი შევარდნაძეს და მთელ კომუნისტურ მმართველობას, თუ "რატომ დაუჯერეს მათ თავცხელ, არაკომპეტენტურ ახალგაზრდებს" (ჟვანიას სიტყვებია) ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის შეჩერებისას, როგორიც ხუდონჰესი იყო. იმჯერად იგი უკვე ხუდონჰესის მშენებლობისთვის ინვესტორების მოძიებაზე ზრუნავდა.
ამ ყველაფერს ვიხსენებ "თამუნა გუდარეხის" ზემოთ ქვოთირებული ბმულის გამო.
რატომ იდება ასეთი ბმული ამ ფორუმზე?
ასეთი სახის საკითხები ხომ პროფესიონალმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ და არა ნებისმიერმა, თუნდაც ძალიან პატრიოტულად განწყობილმა არაკომპეტენტურმა მოყვარულებმა?